ყველაზე საშიში ნარკოტიკები - კვირის პალიტრა

ყველაზე საშიში ნარკოტიკები

ნარკომანიის პრობლემა ისევ მწვავედ დგას ქვეყანაში. მართალია, ნარკოპოლიტიკა მკაცრია და ხმაურიანი სპეცოპერაციებიც ტარდება, მაგრამ ახალგაზრდებისთვის ყველა სახის ნივთიერება ისევ ხელმისაწვდომია. სტატისტიკა მართლაც საგანგაშოა, ამას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაც. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. ეს ინფორმაცია შს სამინისტრომ 18 მაისს გაავრცელა. უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ, სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. ისინი სარეალიზაციოდ კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს. დაკავებულთა შორის არიან ის პირებიც, რომლებსაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-კულტივირებაში ედებათ ბრალი. სამართალდამცავებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე შეიძინეს ნარკოტიკები, რაც ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერშია ასახული. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას მითითებული ადგილებიდან, ასევე, პირადი ავტომანქანებიდან და ბინებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება: "კოკაინი", "ჰეროინი", "სუბუტექსი", "ჰაშიში", "მდმა", "ალფა-პვპ", "სუბოქსინი", სინთეტიკური ნარკოტიკი "მეტამფეტამინი", "მეტადონი", "ტრამადოლი", "მეფედრონი", "ამფეტამინი", "მარიხუანა" და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. ასევე ამოღებულია მცირე ზომის ელექტროსასწორები, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად აღებული ფული...ინტერნეტის გზით ნივთიერებების გაყიდვის სქემებზე მუდმივად მიდის მსჯელობა. დღეს ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია. "ნეოგენის" კლინიკური დირექტორი, ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია ამბობს, რომ მდგომარეობა ურთულესია.

- ქვეყანაში ნარკოვითარება უფრო დამძიმებულია. უბედურება ის არის, რომ ძალიან გახშირებულია სტიმულატორების ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. ეს არის "ამფეტამინი", კოკაინი, სხვადასხვა ჰალუცინოგენი და ა.შ. ამ ჯგუფის ნარკოტიკების მომხმარებლების მართვა გაცილებით რთულია, შედეგიც გაცილებით ხანგრძლივი და მძიმე პროცესია. ყველაზე სავალალო ის არის, რომ ამ ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარება უფრო მძიმე ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს, ვიდრე ტრადიციული ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, ოპიუმი, ბუპრენორფინი და ა.შ. საგანგაშოა ისიც, რომ ერთი ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება შეიცვალა პოლინარკომანიით - ანუ ერთდროულად მოიხმარენ რამდენიმე ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებს. პრობლემა გაჩნდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ პაციენტებმა, რომლებიც "მეტადონის" პროგრამაში არიან ჩართული, დაიწყეს სტიმულატორების ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების დამატებაც და ეს ამცირებს ამ პროგრამის ეფექტიანობას. უფრო მეტად გაახალგაზრდავდა მომხმარებლების ასაკი და ძალიან გაიზარდა მომხმარებელი ქალების რიცხვი. 16, 17, 18 წლის ახალგაზრდებს უკვე სერიოზული დამოკიდებულება აქვთ. უდიდესი პრობლემაა ხელმისაწვდომობაც, ჩნდება გავრცელების ახალ-ახალი გზები და ამიტომ პოლიციას უძნელდება მათი გამოვლენა, იმის მიუხედავად, რომ ხშირად ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებას, აკავებენ მომხმარებლებს თუ გამსაღებლებს, ხელმისაწვდომობა მაინც მაღალია.

- ხშირად აკავებენ ნარკორეალიზატორებს, მაგრამ პრობლემა არ იწურება, რატომ არ ქრება ბაზრიდან ეს საშიში ნივთიერებები?

- გავრცელება ძალიან გაადვილდა, ახლა უმეტესად ინტერნეტით იყიდება. ისე აწვდიან ერთმანეთს მომხმარებელი და რეალიზატორი წამალს, რომ ფიზიკურად არც ხვდებიან ერთმანეთს. უკვე იმდენი ახალი ჯგუფის ნარკოტიკებია, შეიძლება იატაკქვეშა ლაბორატორიებიც არსებობდეს. "ამფეტამინის" ჯგუფის ნარკოტიკების გავრცელებამ არა მარტო თბილისში, დასავლეთ საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. ყველაზე საშიშია სტიმულატორების­ ტიპის ნარკოტიკული საშუალებები. ამფეტამინებს და ფენტალინებს დამოკიდებულების პოტენციალი უფრო ძლიერი აქვთ, ვიდრე სხვა ჯგუფის ნარკოტიკებს და მკურნალობის ეფექტური მეთოდი ამ დამოკიდებულებასთან საბრძოლველად რთულად მოსაძებნია. მეტამფეტამინური მოხმარება ადვილად დამოკიდებულებას, სწრაფ დესოციალიზაციას იწვევს. ამ ჯგუფის მომხმარებელთათვის სპეციფიკური მკურნალობაა საჭირო. ამ შემთხვევაში არ არსებობს ჩანაცვლებითი პროგრამები.

- ეს ნივთიერებები ზედოზირებას იწვევს?

- რა თქმა უნდა. ზედოზირების ალბათობა განსაკუთრებით მაშინ იზრდება, როცა ამ ნარკოტიკს სხვა ნარკოტიკთან ერთად მოიხმარენ. ამიტომაც ზედოზირების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ვგულისხმობ რეგისტრირებულ სტატისტიკას, ხოლო რამდენია არარეგისტრირებული, ვინ იცის. ასე რომ, გაცილებით რთული ვითარება გვაქვს, ვიდრე ოდესმე გვქონია.

- კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რას იწვევს სტიმულატორების მოხმარება?

- სწრაფ მენტალურ, მორალურ დეგრადაციას, სწრაფ სოციალურ დაღმასვლას, პიროვნებას ყოველმხრივ ანადგურებს. ყველაზე დამანგრეველი ნარკოტიკია პიროვნული ღერძის დანგრევის თვალსაზრისით.

- თქვენი აზრით, პრობლემის მოგვარების რა გზა არსებობს?

- სახელმწიფოს დონეზე მეტი კოორდინაცია სჭირდება ძალოვან უწყებებს, სამედიცინო სფეროს. გასატარებელია კარდინალური რეფორმები - საჭიროა ჩანაცვლებითი პროგრამების ეფექტურობის გაზრდა, ცნობიერების ამაღლება, პრევენციული ღონისძიებები სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში. მეხუთე წელია ყველა ინტერვიუში ვამბობ, გვაქვს სამი უმძიმესი გამოწვევა: ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე და წამალდამოკიდებულება. თუმცა რიგითობის მიხედვით ვერ გეტყვით, უპირველესი რომელია, მასშტაბებიდან გამომდინარე იმდენად უქმნის სამივე ქვეყნის მომავალს საფრთხეს. როგორც უკვე მოგახსენეთ, იზრდება მომხმარებლების რაოდენობა, მცირდება ასაკი, იცვლება გენდერული ბალანსი, თანდათან მატულობს მომხმარებელ ქალთა რაოდენობა.პოლინარკომანიის ასეთი მასშტაბის მიზეზი ადვილი ხელმისაწვდომობაა, იწყებენ ექსპერიმენტებით და მერე გადადის დამოკიდებულების იმ ფორმაში, რომლის აღმოფხვრა ათმაგად ძნელია. პიროვნების ფსიქიკა ისეა მოშლილი, მართვა ურთულესია.

ჩემი წინადადება იქნება, მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის სწრაფად შეიქმნას კომპლექსური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ პრობლემის ობიექტურ შეფასებასა და გადაწყვეტაზე. მერწმუნეთ, ყველაფერი გვერდზე დაგვრჩება, ეკონომიკის განვითარებაც და ბევრი სხვა პრობლემაც. ღმერთმა დაგვაბრუნებინოს ტერიტორიებიც, მაგრამ თუ მომავალი თაობა გაგვინადგურდა, მერე დანარჩენს ნაკლები ფასი ექნება.

- ბრძანეთ, "მეტადონის" პროგრამაში ჩართულები დამატებით სხვა ნივთიერებებსაც მოიხმარენო. "მეტადონის" პროგრამაში ჩართულებს არ აკონტროლებენ?

- ეს ძალიან ძნელია, როცა ერთ ექიმზე 50 პაციენტი მოდის. თუ ცივილიზებული ქვეყანა ხარ, უნდა არსებობდეს "მეტადონის" პროგრამა, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ ამ პრობლემის აღმოფხვრაზეც. ახალ-ახალი უცნობი ნივთიერებებით გაჯერებული ნარკოტიკული საშუალებები შემოდის, რომელთა მოქმედების თავისებურება ბევრმა მომხმარებელმა არ იცის და იმის ალბათობა, რომ ცუდად დამთავრდეს სიტუაცია, საკმაოდ მაღალია. კლინიკებში მომართვიანობა გაიზარდა. კვლავაც აქილევსის ქუსლია, რომ არ არსებობს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი სარეაბილიტაციო ცენტრები. მკურნალობა ეტაპობრივი პროცესია, როცა პაციენტი კურსს ჩვენთან გაივლის, მერე აუცილებელია გააგრძელოს. ცენტრების შექმნას დიდი დაფინანსება სჭირდება. იქ რამდენიმე თვე უნდა იყვნენ პაციენტები, მათ სჭირდებათ კვება და სხვა ბევრი რამ, მაგრამ ცენტრების გახსნა უკვე გადაუდებელი საჭიროებაა. ამაზე რამდენი წელია მიდის ლაპარაკი, მაგრამ ჯერ სიტყვა საქმედ ვერ იქცა. აუცილებელია სკოლის ასაკიდან დაიწყოს პრევენციაზე მუშაობა. უნდა მოიძებნოს აგიტაციის სხვა მეთოდები, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სარისკო ქცევებით გამოირჩევიან.

ასე რომ, ამ უმწვავეს პრობლემაზე კომპლექსური მუშაობაა საჭირო. აუცილებელია ბრძოლა და მოსაძებნია გზებია, რადგან ვითარება ძალიან სწრაფად მძიმდება.