"თურქეთის ერთ მთიან სოფელში კარგა ხანს ისე ვიზრდებოდი, არც ვიცოდი, საქართველოში თუ არ ვცხოვრობდიო..."- თურქეთში მცხოვრები ცოლ-ქმრის ისტორია - კვირის პალიტრა

"თურქეთის ერთ მთიან სოფელში კარგა ხანს ისე ვიზრდებოდი, არც ვიცოდი, საქართველოში თუ არ ვცხოვრობდიო..."- თურქეთში მცხოვრები ცოლ-ქმრის ისტორია

ზოგჯერ ემიგრანტი ქართველი ქალები იმ წინაპრებს მაგონ­ებენ, ბედისწერა უცხოეთში­ სამშობლოს გამო რომ გაამწე­სე­ბდა და ისინიც ერთგულად­ ასრულებდნენ ამ მისიას. კი,…ყოველთვის იყვნენ და არიან ასეთი­ ქალები, ძალიანაც რომ იღლებიან,­ თავიანთი საქმეც რომ უფუჭდ­ებათ, მაგრამ გული და ხელი მაინც მუდამ­ სამშობლოსკენ აქვთ. მათ შორის არის მაია მჭედლიძე-უზალი, ქართველი ჟურნალისტი და მთარგმნელი თურქეთში, ბედმა მეუღლედ სამშობლოს მოყვარული კაცი რომ არგუნა - თურქეთში დაბადებული­ და გაზრდილი ფეჰმი უსტიაშვილი. ვიცი, აუცილებლად შეგძრავთ, როდესაც ამ კაცის ნათქვამს მოისმენთ, თურქეთის ერთ მთიან სოფელში კარგა ხანს ისე ვიზრდებ­ოდი, არც ვიცოდი, საქართველოში თუ არ ვცხოვრობდიო. ამ ფრაზითაც შეიძ­ლ­ება წამოიდგინო, რა ფიქრით ცხოვ­რობდნენ თურქეთს შეფარებული პატარა­ ქართველი ბიჭის წინაპრები.

- ქალბატონო მაია, თქვენი მეუღლის­ მოღვაწეობას რომ გადახედავ, აღმოაჩენ, რომ ისტორიული სამშობლოსთვის მთელი გულით იღვწის. თქვენთანაც ბედმა, ალბათ, ამიტომ შეახვედრა.

- ალბათ, მართლაც ბედი იყო. თურქეთში ხანმოკლე საქმიანი მივლინებით ვიყავი, მაგრამ როგორ შემეძლო ქართველთა სათვისტომო არ მომენახულებინა. იქ გავიცანი ფეჰმი. მას ამ დროს საქართველოში­ უკვე ჰყავდა უამრავი ახლო­ბელი. ისტორიული სამშობლო რომ ნახა, აღარც მოსცილებია. მას შემდეგ ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. თავდაპირველად მისი ვიზიტების მიზეზს ვერ ვხვდებოდი, თუმცა მერე მიზეზი რომ გავიგე, უცხოეთს ბედს მაინც არ ვუკავშირებდი. ამიტომ ძალიან ვიყოყმანე. ამასობაში, ისეთი ქართველები აღმოჩნდნენ ჩვენ გვერდით, რომ სიტუაციამ დამაფიქრა და ასე მოვხვდი სტამბოლში.

- წამიკითხავს თქვენი მეუღლის ნათქვამი,­ რომელმაც შემძრა: თურქეთში ისე ვიზრდებოდი, კარგა ხანს ვერც ვაცნობიერებდი, რომ საქართველოში არ ვცხოვრობდიო.

- მისი დიდი ბაბუა და მისი ძმები ჩაქვიდან თურქეთში XIX საუკუნის ბოლოს გადავიდნენ. მიზეზი, როგორც მუჰაჯირობის სხვა შემთხვევებში, რუსეთის იმპერიის უმძიმესი ზეწოლა იყო. ამ დიდმა ტრაგედიამ მაშინაც აურია ქართველებს გზა-კვალი. ჩემი ქმრის დიდი ბაბუა, გვარად უსტიაშვილი, თურქეთში სხვა მუჰაჯირ ქართველებთან ერთად გადმოვიდა. თუმცა უსტიაშვილების ნაწილი ჩაქვშიც დარჩა. ამ ამბის კიდევ ერთი სულისშემძვრელი ამბავი ჩემი მეუღლის ჩაქველი ნათესავების პოვნაა. რომელიღაც სახლის კარზე უსტიაშვილის გვარი ამოიკითხა და დაელოდა, სანამ ვიღაც გამოვიდოდა. როდესაც მასპინძელმა კარი გააღო და ჩემს მეუღლეს მოუსმინა, უთხრა, შე კაცო, აქ რას ვდგავართ, ჩვენს სოფელში წავიდეთ და უსტიაშვილებს იქ გაგაცნობო.

- აგეტირება ადამიანს, კადრიც წარმოვიდგინე.

- თავადაც აღელვებ­ული იხსენებს იმ დღეს. სამსუნგში მისი დიდი ბაბუა და სხვა ქართველები ისეთ ადგილზე დასახლდნენ, როგორზეც ჩაქვში ცხოვრობდნენ, მთაში, სადაც ადვილად ვერავინ ააღწევდა მათ ასაწიოკებლად. დიდი სოფელი შექმნეს და მხოლოდ ქართველზე­ ქორწინდებოდნენ. 7-8 შვილს აჩენდნენ,­ რათა არ გადაშენებულიყვნენ. დღეს ვითარება შეცვლილია, თურქეთელი ქართველების მთიანი სოფლები თითქმის დაც­ლილია, მაგრამ ენა და ქართული სული შეინარჩუნეს. იცით, თურქეთში რამხელა მნიშვნელობა აქვს ქართული ენის ცოდნას? Pპრაქტიკულად, სარწმუნოების დაკარგვის გამო ის ქართული იდენტიფიკაციის მთავარი განმსაზღვრელი გახდა! თავადაც ბევრჯერ შემკუმშვია გული იმ თურქეთელი ქართველების ნახვისას, რომლებიც ქართველობენ, მაგრამ ენა არ იციან. ამხელა კაცები რაღაცნაირად ბავშვებს ჰგვანან, თითქოს საყრდენი აქვთ დაკარგული. იყო ერთი დიდი თურქეთელი ქართველი, რომლის სახელი საქართველოში ბევრმა იცის - სიმონ ზაზაძე. უმდიდრესი­ და უგანათლებულესი ადამიანია, ამერიკულ მაღალპროფესიულ განათლებასთან ერთად, ცხრა უცხო ენა იცოდა. როდესაც­ გაიგო, რომ ისტორიული საქართველოდან­ ვიყავი, მითხრა, გთხოვ, ნამდვილ ქართულ ენაზე რაღაც პატარა ნაწყვეტი წამიკითხეო. ერთ-ერთი ლექსის­ სტრიქონს ვუკითხავდი და თავი რომ ავწიე, გავოგნდი: ტიროდა! მაშინ ვერ მივხვდი, რატომ, ახლა კი კარგად ვხვდები: ილიაQ ჭავჭავაძე რომ ამბობდა, "ენა, მამული, სარწმუნოებაო", ეს მართლაც არის ის ღვთიური სამება, საიდანაც ერთ-ერთის დაკარგვა ანადგურებს­ ადამიანს, მაგრამ ამ სამიდან თუნდაც ენა თუ შეინარჩუნა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს სამება მაინც მასთან არის. თუ ენაც დაკარგა, მაშინ სულიერ საყრდენს კარგავს, რომლის გარეშე ადამიანი­ არავინ არის. ძალიან ცდებიან ის ემიგრანტები, რომლებიც შვილებს­ ქართულს არ ან ვერ ასწავლიან. შეიძლება მათი შვილები მომავალში ამ საყრდენის გარეშე დარჩნენ. თურქეთში კიდევ ერთი გულმხურვალე და ცნობილი ქართველი გვყავს: ორჰან ბერიძე. ერთხელ ბატონმა­ ორჰანმაც მითხრა, ქართული ენა თავიდან შევისწავლე და საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდაო.

- ის საქმე, რომელსაც მეუღლესთან ერთად თქვენც აკეთებთ სტამბოლის ქართული კულტურის ასოციაციაში, საქართველოსთვის შეუფასებელია, რომ არაფერი ვთქვათ თარგმანსა და ენის შესწავლაზე. როგორ ახერხებთ, რომ სტამბოლში კრებთ საქართველოსთვის მოღვაწე მსოფლიოში გაფანტულ ქართულ ემიგრაციას, რათა ისევ და ისევ სამშობლ­ოსთვის იშრომოთ.

- საბედნიეროდ, ამაში ადგილობრივი­ მერიაც გვეხმარება. მთელი ჩვენი დრო, ენერგია, მართლაც ეძღვნება იმას, რომ საქართველოსთვის რამე გავაკეთოთ. ეს არ არის იოლი, მაგრამ აუცილებელია. ეს შეგნება ბევრ რამეს გვალახვინებს. ხანდახან იმასაც, რომ ერთადერთი შვილის საყვედურებიც მოვისმინოთ. ის ჯერ 7 წლის არის და ცხადია, მშობლებთან ყოფნა უნდა, ჩვენ კი ზოგჯერ ამის დრო არა გვაქვს. ჩემს მეუღლეს ლამის ღამე არ სძინავს ამ ფიქრებით. ხანდახან მეც მიკვირს მისი ენერგიულობის - ძნელია ნახო ადამიანი, რომელიც ასეთი­ მონდომ­ებით და უანგაროდ აკეთებდეს საქვეყნო საქმეს.

- ალბათ, ზოგჯერ საკუთარი ხარჯითაც.

- ასეა, მაგრამ ეს არსებითი არ არის. მთავარია, იცოცხლო იმისთვის, რაც არსებობის საფუძვლად მიგაჩნია. ჩვენთვის ეს ქართველობა და საქართველოა. მინდა ასეთი მხურვალე სიყვარულით სხვაც­ გამოჩნდეს, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას­ შვილების ზრუნვა სჭირდება, მით უფრო დღეს, როცა ცხოვრება ძალიან გართულდა.