"აქ ადამიანებად არ გვთვლიან" - კვირის პალიტრა

"აქ ადამიანებად არ გვთვლიან"

დიდი ხანია ემიგრაცია საქართველოს უდიდეს პრობლემად იქცა. რაც დრო გადის,­ სულ უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე მიდის საქართველოდან. მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა წასვლის მსურველები ყველაზე ხშირად არასრულფასოვან სამედიცინო მომსახურებასა და უპერსპექტივობას ასახელებენ. თუმცა ბოლო ხანს ბევრმა ემიგრანტმა აღიარა, რომ ინანა წასვლა, რადგან თვეების განმავლობაში ლტოლვილთა ბანაკში უწევთ ყოფნა, სადაც მძიმე პირობებია, ხოლო ახალი ნაკადის მოსვლის გამო ისინი ბევრად მძიმე პირობებში გადაჰყავთ.

"იმედს თანდათან ვკარგავ"

ნათია ხატიაშვილი ერთ-ერთია იმ ასობით ემიგრანტიდან, რომელმაც ქვეყანა­ იმ იმედით დატოვა, რომ მცირეწლოვან შვილს, რომელსაც აუტიზმის სპექტრთან ერთად თანამდევი დაავადებები აქვს, ევროპელი­ ექიმები დაეხმარებოდნენ, თუმცა ბანაკში, სადაც დააბინა­ვეს, იმდენად მძიმე მდგომარეობაა, სამედიცინო მანიპულაციებისთვის ბრძოლა უწევს.

- გამოუვალი სიტუაცია რომ არ მქონოდა, არ წავიდოდი, რადგან ბევრმა მითხრა, უკრაინის ომის შემდეგ ვითარება­ ევროპაში ძალიან შეიცვალა. ჩემს 14 წლის ბიჭს აუტიზმის სპექტრი აქვს. მას შემდეგ, რაც გარდატეხის ასაკი დაეწყო, ძალიან შეიცვალა, ზოგჯერ უკონტროლო ხდებოდა,­ ძლიერი დამამშვიდებლების მიცემაც­ არ მინდოდა, რადგან ვიცი, რასაც იწვევს... ამიტომ გადავწყვიტეთ გერმანიაში წასვლა, მინდოდა ეს რთული პერიოდი კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობით გაგვეტარებინა... მის გარდა კიდევ გოგონები მყავს. მეუღლეს წამოსვლა არ უნდოდა, ბავშვებს მიმდინარე სასწავლო წელი მაინც ჩავამთავრებინოთო, მაგრამ ვიფიქრე, ომი რაც უფრო გაჭიანურდება,­ იქაურობას მეტი ადამიანი მიაწყდება-მეთქი და არ მოვასვენე. ტურისტად წავედით, იქ ჩემი ახლობელი მხვდებოდა, რომელთანაც რამდენიმე დღე უნდა დავრჩენილიყავით და შემდეგ ლტოლვილად ჩაბარების შესახებ გაგვეკეთებინა განაცხადი.

პირველი ეტაპი იყო ვუპერტალი - 25 დღის განმავლობაში რაღაც შენო­ბაში­, ალბათ, მანამდე საწყობი იყო, თხელი­ კედლებით დატიხრულ ოთახებში დაგვაბინავეს­. სასადილო და სველი წერტილი პირველ სართულზე იყო, ჩვენ მესამეზე ვიყავით. იმდენნაირი ეროვნების ხალხი ირეოდა, შვილებს საპირფარეშოსა და სააბაზანოში, რომელიც უმეტესად მოუწესრიგებელი იყო, მარტო ვერ ვუშვებდი. იყვნენ ისეთებიც, ვინც ონკანი და ნიჟარა პირველად ნახა. საკვების ოთახში ატანა არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც იპარავდნენ, თუმცა უმაცივრობის გამო უფუჭდებოდათ, ამიტომ მთელ სართულზე საშინელი სუნი იდგა. ლტოლვი­ლთა უმეტესობა ბავშვიანი იყო, სამშობლოდან სხვადასხვა მიზეზით გამოქცეული. წყვილები, ძირითადად, პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დევნილი, მარტოხელა დედები კი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ. ვნახე ისეთებიც, ვინც ბანაკში თავად ძალადობდა შვილზე - სცემდა.­ 11 წლის გოგონა მოგვეჩვია, დედა­ჩემი მე და ჩემს ძმას სულ გვცემს, როგორც კი გავიზრდები, გავიქცევიო, მეუბნებოდა. ბავშვებმა არ იცოდნენ ხელების დაბანა, ჭამა, პირადი ჰიგიენის დაცვა, იატ­აკზე ეძინათ და სხეული სულ დალურჯებული ჰქონდათ. სოციალური სამსახურის თანამშრომლებს­ რომ ენახათ, სხვისი შვილი ასე ახლოს იყო ჩემთან, აუცილებლად დეპორტით გამომიშვებდნენ, მაგრამ ბავშვი ძალიან მეცოდებოდა და ვცდილობდი დღეში რამდენიმე საათი მაინც ყოფილიყო ჩემთან, რომ ფრჩხილები დამეჭრა, თმა დამევარცხნა... მე ინგლისური არ ვიცი, არც მან იცოდა კარგად, მაგრამ ჩემს შვილებს უყვებოდა, დედას მამა სულ სცემდა, ზურგი სულ ამომწვარი აქვს, ხელი ორჯერ მოტეხა, ბოლოს კი ის და დეიდაჩემი ქვეყნიდან გამოიქცნენო. დედა მარიხუანას ეწევა, რომ დამშვიდდესო. იმ ხნის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მქონდა ექიმთან შეხვედ­რის საშუალება. არადა, მეგონა, ბავშვს თერაპიაზე, სპეციალიზებულ სკოლაში ვატარებდი, მაგრამ ექიმები სულ დაკავებული იყვნენ, ადმინისტრაცია კი გვეუბნებოდა, აქ დროებით ხართ, თქვენი შვილი მიღებაზე რომ ჩავსვათ, შეიძლება ხვალ სხვაგან წაგიყვანონ და ეს ადგილი გაუქმდება, რაც იმავე საჭიროების მქონე სხვა ბავშვს დააზარალებსო.

ექიმები ძალიან ხშირად იცვლებოდნენ და ერთთან რომ შევათანხმებდი ვიზიტს, მეუბნებოდა, რომ მხოლოდ 3 წუთი ჰქონდა, ჩემს შვილს კი რამდენიმეტომიანი სამედიცინო ისტორია აქვს, მხოლოდ მის გაცნობას სჭირდება 30 წუთი... ექიმმა ერთადერთხელ დაგვითმო 10 წუთი, ბავშვს გამოელაპარაკა და მითხრა, მისი დიაგნოზის კვალობაზე ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს, ეტყობა, კარგი ექიმები მეთვალყურეობდნენ, მის განვითარებას აქ ბევრს ვერაფერს შევმატებთო. შემეშინდა, უკან არ დამაბრუნონ-მეთქი და სანამ ბინაში არ გადაგვიყვანეს, აქტიურობა შევწყვიტე.

იმ ხნის განმავლობაში ორჯერ დაემა­რთა ჩემს შვილს კრუნჩხვა, სოციალურმა სამსახურმა მაშინვე გამოიძახა რეანიმობილი,­ კრუნჩხვის მოსახსნელი წამალი დაგვი­ტოვეს, ბავშვის გამოკეთებას დაელოდნენ და წავიდნენ ისე, რომ ერთ ზედმეტ კითხვაზე არ გამცეს პასუხი.

- რა უნდა გეკითხათ?

- მაგალითად, ასეთი ბავშვის პატ­რონს რისი მოთხოვნის უფლება მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა, რომ ცალკე სივრცე მომეთხოვა. მოკლედ მომიჭრეს, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არისო­. არადა, ვიცი, ითვალისწინებენ, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვს თავისი ოთახი სჭირდება.

- უმცროსი გოგონები ახერხებდნენ სწავლის გაგრძელებას?

- თავდაპირველად ონლაინრეჟიმში ცდილობდნენ გაკვეთილებს დასწრებოდნენ. რამდენიმე მასწავლებელს ვთხოვეთ, რომ ინტერნეტით დავურეკავდით და ბავშვები გაკვეთილს ყურსასმენებით დაესწრებოდნენ, მაგრამ სივრცეში, სადაც ყოფნა გვიწევდა, ისეთი ხმაური იყო, ვერ მეცადინეობდნენ. ვნანობდი, რომ წამოვედი, მაგრამ სამი თვე გასული იყო და ვფიქრობდით, გამოჩნდება საშველი და სხვაგან გადაგვიყვანენ-მეთქი.

... შემდეგ სხვა ბანაკში გადაგვი­ყვანეს, გამწვანებულ გარეუბანში, თევზებით სავსე ტბითა და გარეული ფრინვე­ლებით. 18-კვმ ოთახში ოთხი საწოლი და რკინის კარადა­ იდგა, რაც მთავარია, ჩვენი სველი წერტილები­ გვქონდა. ისევ დავიწყე ექიმებთან გზების ძიება. ენა არ ვიცი და დახმარების თხოვნა მეზობელი ქართველი ემიგრანტისთვის, ან რუსულენოვანი სოციალური სამსახურის თანამშრომლისთვის მიწევდა... მათი დახმარებით­ დავრეკე ექიმთან ვიზიტზე და მითხრა, რომ ოქტომბრის ბოლომდე ვერ მიმიღებდა...­ მერე გაგვაფრთხილეს, გადადიხართო. იმედი გამიჩნდა, რომ ბინაში შეგვასახლებდნენ, მაგრამ ვუპერტიდან­ 80 კილომეტრის დაშორებით, სკოლის სპორტულ დარბაზში შეგვიყვანეს და უკვე ნახევარ წელზე მეტია აქ ვართ. ოთახები ტენტებით არის გატიხრული, ისევ საერთო სველი წერტილი და სასადილო გვაქვს. იმედს თანდათან ვკარგავ, რადგან, როგორც ამბობენ, ბინები ძალიან დეფიციტური გახდა, უპირველესად უკრაინელებს აბინავებენ. მეგონა, ჩემს შვილს დავეხმარებოდი, ახლა კი აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ჩემი მეუღლე დეპრესიაშია, სამსახური დაკარგა. გოგონებიც ძალიან ცუდად არიან. რაც მთავარია, არ ვიცით, ხვალ რა იქნება.

"ზოგი ვერ უძლებს და თავად წერს სამშობლოში დაბრუნების განაცხადს"

მირანდა, 34 წლის:

- რვა თვეზე მეტია მეუღლითა და ორი შვილით საფრანგეთში­ ვარ. უკვე ხუთი ბანაკი გამოვიცვალეთ. ჩემს ძმისშვილს სასის სარკომა ჰქონდა და მათთან ერთად წამოვედით იმ იმედით, რომ აქ ჩემს შვილებს უკეთესი მომავალი ექნებათ. ჩემი ძმის ოჯახი რამდენიმე დღის შემდეგ მონპელიეში, ცალკე ბინაში გადაიყვანეს, ექიმი და სოციალური თანამშრომელიც დაუნიშნეს. ოპერაციაც გაუკეთეს და ახლა რეაბილიტაციას გადის, ჩვენ კი ისევ აღმა-დაღმა დაგვატარებენ. ზამთარში ისეთ ადგილას ვიყავით, სადაც წყალს გარედან ვეზიდებოდით.

- თქვენი იქ დარჩენის მიზეზი რა იყო?

- ჩვენი­ შემოსავალი სულ ვალებში მიდიოდა, შვილებს­ სრულფასოვანი კვება­ და განათლება არ ჰქონდათ. აქ თავიდანვე ძალიან ბევრი ქართველი იყო, უმეტესად ჯანმრთელობა­შერყეული და სექსუალური უმცირესობის გამო შევიწროებული. ახლა ამ მიზეზით უამრავი რუსი შემოიყ­ვანეს. ზოგი ამბობს, რომ ომს გამოექცა. რამდენიმე დღის წინ ისეთი დაპირისპირება მოხდა ათამდე რუსსა და უკრაინელს შორის, სოციალურ მუშაკებს პოლიციის გამოძახება მოუხდათ. ვნახე აფხაზებიც, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდათ. ერთს შვილი ჰყავდა დაუნის სინდრომით. სექსუალური უმცირესობის თემა კარგად აქვთ აპრობირებული ქართველ ბიჭებსაც, მაგრამ სოციალური სამსახურები და ფსიქოლოგები მათ მკაცრად აკონტროლებენ. იყო შემთხვევები, როდესაც ტყუილში გამოიჭირეს და გამოასახლეს. ზოგი ვერ უძლებს და თავად წერს სამშობლოში დაბრუნების განაცხადს. ასეთი პერიოდი ჩვენც გვქონდა. ერთ ბანაკში იმდენად მძიმე პირობები იყო, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში ათ დღეში ერთხელ ჩემს ძმასთან მივდიოდით საბანაოდ. აქ კომუნალური გადასახადები ძალიან მაღალია, ამიტომ ჩემს ძმას სულ ბოდიშს ვუხდიდით. ახლა ახალ ბანაკში გადაგვიყვანეს, სადაც შედარებით ადამიანური პირობებია, მაგრამ დეპრესია გაუსაძლისია.­ ხანდახან მე და ჩემი მეუღლე თავს ადამიანებად არ ვგრძნობთ. ვისაც გაუმართლა, ბინაც მისცეს და მუშაობის უფლებაც, მაგრამ­ ბოლო ხანებში ასეთი­ ცოტაა. თვეების გადის, მაგრამ არაფერი იცვლება. ბევრი­ ამბობს, ცდილობენ გაიძ­ულონ, რომ თავად თქვა უარი დარჩენაზეო. ფრანგები ამბობენ, ცოტაც და, აქციები­ იფეთქებს, რადგან მათი გადასახადის უდიდესი ნაწილი ლტოლვილების შენახვას ხმარდება.­ რაც დრო გადის, ლტოლვილთა ნაკადი იზრდება­. ევროპის ქვეყნების­ პარალელურად, დღემდე ძალიან პოპულარულია ამერიკაში გადასვლა მექსიკით, პანამა-ნიკარაგუის, კანადის ან გერმანიის გავლით. საამისოდ არიან გადამყვანები, ადვოკატები, სპონსორები, ქეისის დამწერები. 12 მაისს აშშ-მა "კოვიდ 19"-თან დაკავშირებული სასაზღვრო შეზღუდვები­ დაასრულა, რამაც გამოიწვია მექსიკის საზღვარზე ბევრი მიგრანტის დაბლოკვა. თუმცა შეზღუდვები მაშინვე შეიცვალა თავშესაფრის მიღების ახალი წესებით, რომლებიც უკანონო გადაკვეთის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. მიგრანტებს შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მიღების ახალი წესები გაცილებით გაართულებს შეერთებულ შტატებში შესვლასა და დარჩენას. ახალი წესები ამერიკა-მექსიკის საზღვარზე უკვე მოქმედებს და ითვალისწინებს იმ პირების სისხლისსამართლებრივ დევნას, რომლებიც მესამე ქვეყანაში წესების დარღვევით შედიან. თუ მიგრანტი არ დაემორჩილება და უკანონოდ შევა ამერიკაში, მათ საზღვრის არალეგალურად­ კვეთის გამო დააკავებენ და აშშ-ისთვის თავშესაფრის თხოვნის უფლება ხუთი წლით ჩამოერთმევათ. ამერიკის საიმიგრაციო სამსახურის განმარტებით, ზოგიერთი დარღვევა პატიმრობასაც ითვალისწინებს. ქართველი ემიგრანტი,­ რომელიც ვაშინგტონის ტაკომის ციხიდან თითქმის შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ 10.000-დოლარიანი გირაოს სანაცვლოს გაათავისუფლეს, ამბობს, რომ ბოლო ორ თვეში საემიგრაციო ციხეში უამრავი ქართველი შეიყვანეს.

"ჯოჯოხეთი გამოვიარე"

ალექსანდრე ბახია, ემიგრანტი:

- ამერიკაში მექსიკით გადმოსვლა, სპონსორის პოვნა, რომელმაც ფული აიღო და დამაღალატა, შემდეგ შვიდთვიანი ციხე, ადვოკატები, ქეისის დაწერა, მერე კი ე.წ. ბონდით გათავისუფლება, ჩემს ოჯახს 40.000 დოლარამდე დაუჯდა. ერთი თვე ფეხზე სპეციალური სამაჯურით უნდა ვიარო და ნიუ-იორკის დატოვების უფლება არა მაქვს, შემდეგ იქნება სასამართლო და ჩემი ქეისი უნდა დავამტკიცო, ანუ დარჩენის უფლება­ მოვიპოვო. ისეთი ჯოჯოხეთი გამოვიარე, რომ არა ვალი, რომელიც ოჯახმა ჩემ გამო აიღო, დღესვე წავიდოდი საქართველოში. ერთი თვის შემდეგ მშენებლობაზე ან სადმე სამუშაო უნდა ვიშოვო, რათა ვალები გავისტუმრო. ციხეში ქართველების გამო, რომლებიც ბოლო ხანს უწყვეტად შემოჰყავდათ, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ყოფა გაუსაძლისი გახდა. ზოგი პირდაპირ ამბობდა, თუ სამუშაოს ვერ ვიშოვი, ვიქურდებო. შტატებში მექსიკით, საერთოდ, მესამე ქვეყნის გავლით შესვლა უკვე გამკაცრდა და კანონით დასჯადი გახდა, მაგრამ ამაზე საუბარს აზრი არა აქვს, სანამ თავად არ გამოცდიან, არ დაიჯერებენ, ისე, როგორც მე არ დავუჯერე სხვებს.