როგორ მოვიპოვოთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება - კვირის პალიტრა

როგორ მოვიპოვოთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება

რედაქციაში ბევრი შეკითხვა შემოვიდა მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ. ბევრს აინტერესებს, თუ როდის დაიწყება მათ რაიონში თუ სოფელში მიწის სისტემური რეგისტრაცია. ამიტომ დაინტერესებულ პირებს კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ მათ შეუძლიათ მოიძიონ სრული ინფორმაცია იუსტიციის სახლის ვებგვერდზე: https://slr.napr.gov.ge/index, ასევე შეუძლიათ დარეკონ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე 2 405 405, სადაც მიიღებენ საჭირო ინფორმაციას. მიწის სისტემური რეგისტრაცია 2022-2024 წლების განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ფოთი). საკადასტრო სამუშაოების დაწყების თანამიმდევრობა განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: რეგისტრირებული ფართობის სიმცირე; დასარეგისტრირებელი ნაკვეთების რაოდენობა; მოსახლეობის რაოდენობა; გეოგრაფიული მდებარეობა; კლიმატური პირობები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2025 წლის 1-ლ იანვრამდე სისტემურ რეგისტრაციას ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს. საჯარო რეესტრი საკუთარი ინიციატივით წარმართავს რეგისტრაციის მთლიან პროცესს და მოქალაქეებს უფასოდ გაუწევს შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია. მიწის სისტემური რეგისტრაცია მოიცავს ეტაპებს: მიწის ნაკვეთების აზომვა; დოკუმენტების მოძიება; საჯარო გამოცხადება; მონაცემების გადამოწმება; რეგისტრაცია. მოქალაქეების განცხადე­ბებს უპასუხებს სისხლის სამართლის საქმე­ების, ასევე სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ­ ფირცხალავა:

  • თბილისში, ვარკეთილში, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, მამაჩემმა 1990 წელს თვითნებურად შემოღობა ტერიტორია,­ წინა წლებში რამდენიმეჯერ შეტანილი­ გვქონდა განცხადება მიწის დამტკიცებაზე,­ მაგრამ უარი მოგვივიდა. თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ. არა მაქვს პრეტენზია მშენებ­ლობის ნებართვაზე. მინდა სამეურნეო სარგებლობით დამტკიცდეს ეს მიწა და წართმე­ვის საშიშროება არ მქონდეს, რადგან ოჯახი ამ ნაკვეთზე ვართ დამოკიდებული, ბო­სტნეული მოგვყავს. შემოსავლის წყაროა ჩვენთვის. რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ მიწა დავირეგისტრიროთ?

- რეგისტრაციისთვის საჭიროა იუსტიციის სახლში დაწეროთ განცხადება და მას თან დაურთოთ აზომვითი ნახაზი. თუ მიწის უფლების დამდგენ დოკუმენტს არ ფლობთ, მაშინ რეგისტრაციის საკითხს განიხილავს თბილისის მერიის აღიარების კომისია და შემდეგ მათი გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაცია.

  • გთხოვთ მირჩიოთ, ვის მივმართო. მამაჩემს, როგორც ქალაქში მცხოვრებს, რაიონში მიწის ნაკვეთი მისცეს, მაგრამ ამის საბუთს ვერ ვპოულობ. სოფლის საკრებულოში კი ამბობენ, რომ ჩანაწერების წიგნი დაკარგულია. არიან მეზობლები, რომლებმაც იციან, რომ ეს მიწა მამაჩემს ეკუთვნოდა, მაგრამ ვერსად მივაკვლიე ჩანაწერს. როგორ უნდა მოვიქცე, რომ სამართლიანობა აღვადგინო? ვიცით ნაკვეთის ადგილმდებარეობა - ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორის ტერიტორიაზე.

- საჯარო რეესტრის არქივიდან შეგიძლიათ გამოითხოვოთ დოკუმენტები. თუკი არქივში დაცულია დოკუმენტაცია, ასლის სახით მოგიმზადდებათ, ხოლო თუ დოკუმენტებს ვერ მოიძიებთ უწყებაში, შეგიძლიათ მიწის რეგისტრაციისთვის მიმართოთ საჯარო რეესტრს და მოითხოვოთ აღიარება და მიწის გაფორმება, როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის.

  • გაუფორმებელ მიწაზე ავაშენე სახლი, რა გზას უნდა მივმართო მის გასაფორმებლად?

- მიწის რეგისტრაციისთვის იუსტიციის სახლში აზომვითი ნახაზი და უფლების დამდგენი დოკუმენტი უნდა წარადგინოთ. თუ უფლების დამდგენი დოკუმენტი არა გაქვთ, უნდა მოითხოვოთ გაფორმება როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის, თუ მას ფლობდით 2007 წლამდეც. შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვას ან ლეგალიზების აქტს გასცემს თბილისის მერია ან მუნიციპალიტეტი.

  • ვარ აფხაზეთიდან იძულებით გადა­ადგილებული და 2006 წლიდან თეთრიწყაროს რ-ნის სოფელ ირაგაში თვითნებურად გვაქვს აღებული მიწები და სახლი. გვსურს დავირეგისტრიროთ. როგორ მოვიქცე?

- უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის იუსტიციის სახლში უნდა დაწეროთ განცხადება და შეიტანოთ საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

  • კასპის რაიონის სოფელ გუდალეთში გაკეთდა აზომვები. ნაკვეთების ნაწილი დარჩა ასაზომი. როგორ უნდა მოვიქცეთ?

- შეგიძლიათ განცხადება დაწეროთ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში და დააფიქსიროთ თქვენი მონაცემები.

  • მარაბდაში მაქვს მიწა დასაკანონებელი და სად გავარკვიო, როდის მიწევს დაკანონება?

- თუ სისტემური რეგისტრაცია გსურთ, უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს განცხადებით. სისტემური რეგისტრაცია მარტში უნდა ყოფილიყო და თუ თქვენს სოფელში არ აუზომავთ თქვენი მიწის ნაკვეთები, დააფიქსირეთ განცხადება.

  • ჩემი შვილი წერია სოფელში კომლად, ახლა მინდა ამოვწერო. როცა სრულწლოვანი გახდება, შემიძლია მოვუზომო მიწის ნაკვეთი?

- კომლის წევრების საკუთრებაში თუ დარეგისტრირდა, მერე შეგიძლიათ რამდენ ნაწილადაც გინდათ, ისე დაყოთ თქვენი მიწის ნაკვეთი.

  • მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება მხოლოდ სოფლის ნაკვეთებს ეხება? მე ვცხოვრობ ქ. ქუთაისში, სახლის ახლოს­ გვაქვს ნაკვეთი, (დაახლოებით 600 მ), რომელსაც წლებია ვამუშავებთ, გავაშენეთ ხეხილი. დაინტერესებული ვართ ამ ნაკვეთის შეძენით, დაკანონებით. რამდენად რეალურია ჩვენი თხოვნის დაკმაყოფილება? (ჩვენი მისამართია ქ. ქუთაისი, მარჯვენა დასახლება, დ. აბაშიძის ქ. #4). ქუთაისში რომელ სამსახურს უნდა მივმართოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

- მიწის სისტემური რეგისტრაცია ქუთაისში არ მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით თვითონ უნდა წარმოადგინოთ აზომვითი ნახაზი და დაწეროთ განცხადება მიწის რეგისტრაციის მოთხოვნით.

  • 2007 წლამდე მამა ამუშავებდა ადგილს, მერე გარდაიცვალა. ახლა მე მოვძებნე ის მიწის ნაკვეთი და მინდა გაფორმება.­ ახლა ამ მიწას სახელმწიფოს კოდი ადევს. რამდენად შესაძლებელია ამის დაბრუნება? მომიხსნის თუ არა სახელმწიფო კოდს?

- მიწის ნაკვეთი თუ სახელმწიფოს საკუთრებაშია, უნდა მიმართოთ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, იქ უნდა დააზუსტოთ და გამოითხოვოთ ყველა ინფორმაცია. მათი საკონტაქტო ნომერია 1420. ზოგადად, ,,დაინტერესებული­ პირის" დეფინიციიდან გამომდინარე, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა შეუძლია როგორც იმ ფიზიკურ პირს, რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთი, ასევე მის სავარაუდო მემკვიდრეს ან უფლებამონაცვლეს. ამ ორ უკანასკნელ შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სავარაუდო მემკვიდრეობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

  • მეუღლემ დაიმტკიცა მიწის ნაკვეთი, შეტყობინება ოფიციალურადაც მოგვივიდა, ხოლო გაყიდვის დროს ვერ გადავუფორმეთ ახალ მესაკუთრეს, რადგან არ შეიძლება ერთ პირზე იყოს გაფორმებულიო. როგორ მოვიქცეთ?

- საკადასტრო კოდით უნდა ინახოს მიწის ნაკვეთი, რათა თქვენი სამართლებრივი პრობლემა სრულად იქნეს გაგებული. უძრავ ქონებას შესაძლოა ჰყავდეს ერთი მესაკუთრეც და რამდენიმეც. თქვენ რა პრობლემა გაქვთ კონკრეტულად, საბუთებით უნდა გაირკვეს.