XXI საუკუნის შავი ჭირი
ჯანმოს სტატისტიკით, მსოფლიოში დაახლოებით 500 მილიონი კაცია დეპრესიით დაავადებული. XXI საუკუნის სტიგმა, შავი ჭირი, ეპიდემია - ასე უწოდებენ დეპრესიას, რომელიც კაცობრიობის მთავარ დაავადებად იქცა, სტატისტიკით ჩამოიტოვა გულისა და სისხლძარღვთა დაავადებებიც, მათ შორის, საქართველოშიც, სადაც დეპრესიით წელიწადში დაახლოებით 3 ათასით მეტი მიმართვა ფიქსირდება. ამ შედეგებს მეცნიერები უკვე გასულ საუკუნეში წინასწარმეტყველებდნენ და მასთან ერთად სუიციდის მაღალ სტატისტიკასაც.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2022 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 700 000 კაცი იკლავს თავს, შესაბამისად, მცირეა იმ ქვეყნების რიცხვიც, რომლებიც ბედნიერების გლობალური ინდექსის მაჩვენებელს აკმაყოფილებენ.F დეპრესიის მატების მიზეზების და დახმარების გზებზე ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ:
- უპირველესად იმ ქვეყნებზე გკითხავთ, რომლებიც დეპრესიის მასშტაბურობის მიუხედავად, მაინც ახერხებენ ბედნიერების გლობალური ინდექსის მაღალი მაჩვენებლის მიღწევას. მაგალითისათვის თუნდაც ფინეთს დავასახელებ. როგორ ხდება ეს?
- ბედნიერების გლობალური ინდექსი არასოდეს არ არის ისეთი ზუსტი, რომ რეალურად ასახავდეს ქვეყნის მოსახლეობის სუბიექტურ ბედნიერებას. დეპრესიული ფონი ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად გაზრდილია. ამასთან, სუბიექტური ბედნიერება მატერიალურ ღირებულებაზე არ არის დამოკიდებული - ბედნიერება ადამიანის პიროვნულ განცდებს ასახავს. მაგალითად, აქვს თუ არა მას მომავლის იმედი. ბედნიერების ინდექსი კი ეკონომიკური, სოციალური თუ გეოგრაფიული ინდიკატორების გათვალისწინებით კეთდება. თუმცა, კი ბატონო, ბედნიერების ინდექსს მიკუთვნებული ქვეყნების მოსახლეობა გაცილებით ნაკლებად გრძნობს დაძაბულობასა და სტრესს სხვა ქვეყნებთან შედარებით.
რა ქმნის დეპრესიას? თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქმნის სტრესები, რომლებსაც ადამიანი თანამედროვე ყოფაში სულ უფრო მეტად განიცდის. სტრესული ფონი გასული საუკუნიდან მკვეთრად გაძლიერდა. ამ ხნის განმავლობაში მეცნიერების ყურადღება არც ერთ მოვლენას ისე არ მიუპყრია, როგორც სტრესს. სწორედ ამიტომ იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ დეპრესია XXI საუკუნის ყველაზე ფართომასშტაბიანი დაავადება გახდებოდა, ქართველები კი ჩვენი გარემოს გამო სტრესისკენ მიდრეკილი აღმოვჩნდით. ამაზე მიუთითებს რადიკალურად გაზრდილი ონკოლოგიური და სისხლძარღვთა დაავადებების სტატისტიკა. თუ რატომ აღმოვჩნდით სტრესისკენ ასე მიდრეკილი, ვფიქრობ, ამას სპეციალური შესწავლა სჭირდება, ისევე, როგორც იმას, თუ რატომ გაიზარდა მძიმე დაავადებათა რიცხვი განსაკუთრებით გასული 90-იანი წლების შემდეგ. ამ წლების შედეგად ჩვენ არაერთი მძიმე სტრესი მივიღეთ, რის გამოც დაავადებების რიცხვიც გაიზარდა. ონკოლოგიური თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სწორედ ფსიქოსომატური, ანუ ფსიქოლოგიური წარმომავლობის დაავადებები რომ არის, ეს უკვე დადასტურებულია. სხეული და ფსიქიკა ერთი მთლიანობაა და რაც ფსიქიკაში ხდება, იგივე ხდება სხეულშიც, რაც ხშირ შემთხვევაში დაავადებით მთავრდება. ამას დავუმატოთ ისიც, რომ 90-იანი წლების სხვა სტრესებთან ერთად, ჩვენს ფსიქიკაზე იმოქმედა კიდევ ერთმა ძლიერმა სტრესმა, რისი გათვალისწინებაც გვავიწყდება, არადა, საფუძვლიანად შეგვარყია - ეს არის დაძაბული, ძალიან მკაცრი სამუშაო რეჟიმი, რომელსაც არ ვიყავით შეჩვეული. ეს სტრესი დამახასიათებელია ევროპული ქვეყნებისთვისაც. ევროპულ გზას, რომელიც ჩვენთვის ბუნებრივია და აუცილებელი, მოჰყვა ჩვენი გადასვლა ევროპის სამუშაო რეჟიმზე. ლოგიკურია ფიქრი, თუ სამსახური გვექნება, როგორღაც ამოგვასუნთქებს და ცხოვრების კეთილმოწყობაში დაგვეხმარებაო, მაგრამ ამის მიღწევა მარტივი არ აღმოჩნდა... მძიმე შრომა გვიწევს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი ანაზღაურებაც არ მოსდევს, განსხვავებით ევროპისაგან. წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესს იწვევს ასეთი რეჟიმი...
- ანუ, როდესაც ფიქრობ, რატომ უნდა იყოს ხშირი სუიციდი ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც მაგალითად იაპონიაა, პასუხი ამ კითხვაზე ძალიან დაძაბული შრომაა?..
- სუიციდი და დეპრესიულობის მაღალი მაჩვენებელი სხვა განვითარებულ ქვეყნებშიცაა, თუმცა დაძაბული შრომის რეჟიმი მნიშვნელოვანი პირობაა სტრესისთვის. შესაფერისი სამუშაოს ძიება თუ დაკარგვა და ამის გამო არასრულფასოვნების შეგრძნება ხშირად განაპირობებს დეპრესიას, მით უფრო იაპონიაში, სადაც შრომამ თავისებურად კულტისა და ლამის რელიგიური მნიშვნელობა შეიძინა. შესაბამისად, ამ კულტთან დაკავშირებული მარცხიც არცთუ იშვიათად იწვევს დეპრესიას და თვითმკვლელობათა სიხშირეს. არსებული სტატისტიკით, ამ ქვეყანაში სუიციდის 60% სწორედ ამ პრობლემაზე მოდის...
ასე რომ, თავდაუზოგავი შრომა და ცხოვრების კეთილმოწყობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სტრესი არ დაემართება. ვინც ფიჯის კუნძულების მოსახლეობას იცნობს, ყველამ იცის, რამდენად მშვიდი და სტრესებს მოკლებული გარემო აქვთ. იქაური მოსახლეობა ღარიბად არ ითვლება, მაგრამ მათთვის პრიორიტეტი ბუნებასთან ჰარმონიაა... ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ადამიანმა მატერიალურ კეთილდღეობაზე არ უნდა იზრუნოს, პირიქით, დადებითი ემოციებისათვის სწორედ რეალიზება და შრომაა საჭირო; მაგრამ საკითხი დგას ასე: შეუძლია თუ არა ადამიანს კმაყოფილება მიიღოს იმით, რაც მოიპოვა, თუ მომავალში მოსაპოვებლის გამო მუდამ შფოთვაში უნდა იყოს?> მიღწეულით მუდმივი დაუკმაყოფილებლობა და ამ ნიადაგზე გამუდმებული შფოთვა ადამიანს მუდმივად სტრესულ გარემოში ამყოფებს.
- ასე თუ ისე, საკითხი ასე დგას: 2022 წელს ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 85 000 ქცევითი აშლილობაა რეგისტრირებული, მათ შორის ბავშვებში, რომელთათვის დეპრესიულობა ჩვეულებრივ სტატუსად იქცა.
- ბევრჯერ მითქვამს, რომ ბავშვებში ფსიქოლოგიური პრობლემების უმთავრესი მიზეზი მათი მარტო დარჩენაა. ჩვენთანაც, ისევე როგორც ევროპაში, დედასაც და მამასაც თავიანთი საქმე აქვთ და აღარ სცალიათ ბავშვებისთვის, მას კი ძალიან სჭირდება სითბო. როდესაც ბავშვს ეს აღარ აქვს, ჩნდება ფსიქიკური თუ ქცევითი აშლილობის სტიმული, ჩანაცვლება კი ხდება ინტერნეტით, შემდეგ კაზინოებზე მიჯაჭვულობით და ა.შ., რაც ასევე ქცევითი აშლილობის ფორმაა. სხვათა შორის, აღმოსავლეთს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ამ თემისადმი, თუ გნებავთ, შორეულ აღმოსავლეთს - ჩინეთს ან ინდოეთს. ოჯახის კულტი იქ სხვანაირია, "მრავალსართულიანი", რამდენიმე თაობისაგან შემდგარი ოჯახები ჰყავთ. ბავშვების მიმართ ყურადღებაც სხვადასხვა თაობიდან მოდის. საქართველოში ამას აგვარებდა ბებია-ბაბუის ინსტიტუტი, რაც მეტ-ნაკლებად და საბედნიეროდ, ჯერ კიდევ მცირედ გვაქვს შემორჩენილი, განსაკუთრებით, რეგიონებში.
დეპრესია დამოკიდებულია ადამიანის თვითაღქმაზე, როგორ ხედავს საკუთარ თავს, ცუდად თუ კარგად მყოფს. ადამიანს შეიძლება ტანჯავდეს იმის განცდა, რომ ძალიან ცუდად არის და ამით ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანოს თავი, იმ დროს, როდესაც რეალურად მის ცხოვრებაში არაფერი ხდება... სწორედ სუბიექტური აზრის დამძიმებით, პანიკით, ვაი რა ცუდად ვართ და ამ ქვეყანაში ცხოვრება არ შეიძლებაო, ცუდ საქმეს ვუკეთებთ საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც, მას ვუბიძგებთ სულიერი კრიზისისკენ. ასეთ პროცესებს თავისი როლი აქვს იმაში, რომ ისტერიკულები გავხდით და არა მარტო საზოგადოება, არამედ პოლიტიკამაც კი ისტერიკის ფორმა მიიღო.
- თუკი არსებობს დეპრესიის დაძლევის საშუალებები, როგორ მივაღწიოთ ამას?
- ამის მიღწევა უფრო საკუთარ თავში ძალის მოძიებით ჯობს. დღეს განვითარებულ ქვეყნებში ფსიქოლოგებზე ძალიან დიდი მიჯაჭვულობაა, ყოველგვარი მიჯაჭვულობა კი გარკვეულად ქცევითი აშლილობაა. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიც საჭიროა, როდესაც ვერაფერს გავხდებით, მაგრამ მანამდე საკუთარ თავში ძალის მოძიება უნდა ვცადოთ...