რა საიდუმლოს მალავს დიდუბის მიწისქვეშეთი
იცოდით, რომ ძველად დიდუბეს ცხენის ტერფი ერქვა? ის თუ იცოდით, რომ წერეთლის პროსპექტს 1958 წლამდე ბრძოლის ქუჩა ერქვა? ამ ყველაფერზე საუბარი პროსპექტზე გზის რეაბილიტაციისას სამარხების აღმოჩენას მოჰყვა. ადგილის შესასწავლად კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ მიავლინა პროფესორი, არქეოლოგი მერაბ ძნელაძე. ბატონი მერაბი დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია დიდუბესა და მის შემოგარენთან დაკავშირებული საინტერესო ამბებით.
- საფლავების აღმოჩენიდან მეორე დღესვე დავიწყეთ ადგილმდებარეობის შესწავლა და დაახლოებით 12 სამარხის ნაშთი გამოჩნდა. სამარხები უფრო სარკოფაგის ტიპისაა, აგურით ნაშენი, თაღოვანი, ოთხკუთხა, რაც მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის იყო დამახასიათებელი. ადგილი, სადაც სამარხები აღმოჩნდა, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზეა. თავის დროზე აქ სასაფლაო იყო. საფლავების უმეტესობა საბჭოთა წლებში წყლისა და საკანალიზაციო სისტემების გაყვანისას დაზიანებულა, თუმცა, როგორც ჩანს, რამდენიმე საფლავი ხელუხლებელი გადარჩა, მათ შორის ერთი ქალს ეკუთვნის, არის ბავშვის საფლავიც... სავარაუდოდ, საშუალო ფენის საფლავები უნდა იყოს. მაშინ, ვისაც საშუალება ჰქონდა, ამ ტიპის საფლავებს აგურით აგებდნენ. ნივთებს ქრისტიანული წესის მიხედვით არ აყოლებდნენ, ბუნებრივია, არც ამათ აქვთ. დიდუბის ეკლესია ძალიან საინტერესოა ჩვენი ისტორიისათვის. ამ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა.
- თუ მაგ ადგილას მდებარე ეკლესიაში?..
- დიახ, მაგ ადგილას ეკლესია იდგა. თბილისის ბედი კარგად მოგეხსენებათ, ვერც ერთი ეკლესია ვერ გადაურჩა დანგრევას - მტერი ანგრევდა, ჩვენ ვაშენებდით. წყაროების მიხედვით, ამ ეკლესიის ახლოს თამარ მეფის სასახლეც მდგარა. სამწუხაროდ, არ ვიცით, ზუსტად სად. ეს ადგილი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იმ პერიოდში (მე-10 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-14 საუკუნემდე) დედაქალაქი საკმაოდ დიდი იყო, როგორც ჩანს, მჭიდროდ დასახლებულიც. ეტიმოლოგიურად დიდუბის რაიონში ადრე ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ძეგლებია აღმოჩენილი... დიდუბე ასევე მოხსენიებულია ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროინდელ წყაროებში. მე-5 საუკუნეში ამ ადგილს ცხენის ტერფი ერქვა, მოგვიანებით - დიდუბე... დიდუბის ეკლესიამ დღევანდელი სახე 1884 წელს მიიღო, რუსი ეგზარქოსების დროს. თუ დააკვირდებით, დიდუბის ეკლესიის არქიტექტურაც რუსულია, "ხახვის თავი" ადგას. კიდევ მეტის დადგმა უნდოდათ, მაგრამ ქართველმა ქრისტიანებმა მხოლოდ ერთთავიანი გააკეთებინეს. მართალია, რუსული ტიპის ნაგებობა იყო, მაგრამ ქართულ ენაზე მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა.
- როგორც ვიცი, დიდუბე კარგა ხანს იყო დედაქალაქის გარეუბანი, როდის დასახლდა მჭიდროდ?
- 1878 წლიდან. ეს დაკავშირებული იყო თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლობასთან. რკინიგზამ საქართველოში ბევრი რამ შეცვალა ხალხის ცხოვრებაში. რკინიგზის გაყვანას, პატრონობას, მუშახელი სჭირდებოდა. რკინიგზამ დიდუბეზეც გაიარა და სწორედ ამ დროს იქმნება ორი საინტერესო უბანი რკინიგზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს - დიდუბე და ნაძალადევი. მშენებლობაზე ნებართვა ქალაქისთავსა და შესაბამის სამსახურებს უნდა გაეცათ. ამასთან, არსებობდა მეორე წესიც - სახლის დანგრევის უფლება არ ჰქონდათ... მუშებს მშენებლობის ახლოს სურდათ ცხოვრება, იქ, სადაც მუშაობდნენ, ანუ რკინიგზის გადაღმა ან გადმოღმა. შეიკრიბებოდა 10-15 მუშა. თითოს თითო ფიცარი რომ ჰქონოდა, უცებ დააჭედებდნენ, ტალახით შეფითხნიდნენ, მოვიდოდნენ რუსი ზედამხედველები და დახვდებოდათ სახლში კაცი, რომელსაც ღუმელი ენთო და საჭმელს შეექცეოდა, ჰოდა, ვეღარ ანგრევდნენ. ამიტომ დაარქვეს უბანს "ნახალნო პოსტროენოე", ანუ ნაძალადევად აშენებული. დიდუბეც სწორედ ერთ-ერთი ნაძალადევად აშენებული უბანია. ძირითადად, რკინიგზის გაყოლებაზე სახლდებოდნენ, მანდვე იყო გერმანელების დასახლებაც. საეტლე გზა რკინიგზის რელსების პარალელურად გადიოდა. სასაფლაო დიდუბის ეკლესიის მოპირდაპირედ იყო, გარშემო კი მინდვრები, საძოვრები... შემდეგ რკინიგზას დასახლებები მოჰყვა, გზების გაყვანა, რამაც ნელ-ნელა შეავიწროვა სასაფლაო. იმ ქუჩას, რომელსაც დღეს აკაკი წერეთლის პროსპექტი ჰქვია, 1958 წლამდე ბრძოლის ქუჩა ერქვა. 1958 წლიდან დაიწყო წერეთლის პროსპექტის დღევანდელ სიგანეში გაზრდა.
- პანთეონი 1915 წლიდან გაკეთდა...
- დიახ, საბჭოთა პერიოდში კი გაფართოვდა.
- ბერიამ სიები შეადგინა და სხვადასხვა ადგილას გადაასაფლავა პანთეონის ბინადრები.
- ეგ ჩვენს დროსაც მოხდა, მაგალითად, მთაწმინდის პანთეონიდან "გადაასახლეს" ორჯონიკიძე, მახარაძე, გეგეჭკორი...
- დავუბრუნდეთ ახალაღმოჩენილ სამარხების ფრაგმენტებს. რა ბედი ელის მათ?
- კარგია, რომ რამდენიმე უწყება ერთად გადაწყვეტს საქმეს - ქალაქის ხელისუფლება, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო და საპატრიარქო. გადაწყდა, რომ ძვლები შეგროვდება და ეკლესიის წესის მიხედვით ერთად დაიკრძალება.
იაკობ გოგებაშვილის ანდერძი
თურმე იაკობ გოგებაშვილი დიდუბის პანთეონს მთაწმინდის პანთეონზე მეტად ეთაყვანებოდა. სიკვდილის წინ ანდერძიც დაუწერია, არ დაემარხათ მთაწმინდაზე. მას დიდუბის პანთეონში ადგილიც ნაყიდი ჰქონია. მიუხედავად ამისა, 1940 წელს იაკობ გოგებაშვილი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს.
იაკობ გოგებაშვილის წერილი ლუარსაბ ბოცვაძისადმი:
"ძმაო ლუარსაბ, გეთაყვა, ინახულე დეკანოზი თალაკვაძე და სთხოვე, ღოღობერიძის გვერდით საფლავის ადგილი გზის პირად ჩემთვის დასტოვოს... ამასთანავე შემატყობინოს, რა ეღირება ეს ადგილი და ისიც, ფული ახლავე უნდა გადავიხადო თუ საკმარისია, ბე მივცე. ღოღობერიძის საფლავს და ჩემს საფლავს შუა უნდა დარჩეს მხოლოდ ვიწრო გასასვლელი, რათა ჩვენ შორის ვინმე ოხერი არ ჩაეჩხიროს. ბოდიშს გთხოვ, რომ გაწუხებ, მრავალი შეწუხებით დატვირთულსა.
თქვენი იაკობ გოგებაშვილი"
ბერიამ „მექარხნე“ დავით სარაჯიშვილის საფლავი „უცხო საფლავთა“ სიაში შეიტანა და მისი ცხედარი დიდუბის პანთეონიდან გადაასვენებინა
თავდაპირველად დიდუბის ღვთისმშობლის ახალაღდგენილ ეკლესიასთან სასაფლაო იყო. 1893 წლის აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გადაწყვეტილებით განჯიდან გადმოასვენეს და დიდუბის ეკლესიასთან დაკრძალეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი. 1915 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოიტანა განჩინება დიდუბის ეკლესიის გალავანში პანთეონის მოწყობის თაობაზე. ამისთვის ეკლესიის გალავანში 100 საჟენი ოთხკუთხა მიწა გამოყვეს. ნაკვეთი 50 ათას მანეთად იყო შეფასებული და საზოგადოებას წელიწადში 10 ათასი მანეთის გადახდის პირობით 5 წლით დაეთმო. 1938 წლის 22 ივნისს მთავრობის დადგენილებით გადაწყდა კედლით შემოეღობათ დიდუბის ეკლესიის ეზოში არსებული საფლავები და ხელმეორედ შექმნილიყო პანთეონი. შემოღობილ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ისეთი საფლავებიც, რომლებიც მაშინდელი მთავრობისთვის არასასურველი აღმოჩნდა, ამიტომ დაიწყო ნეშტების გადასვენება. სიას "უცხო საფლავები" ერქვა. პირველი სიაში იყო მეცენატი და ქველმოქმედი დავით სარაჯიშვილი, რომელსაც ბერია "მექარხნეს" ეძახდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, პანთეონისთვის გამოყოფილ ნაკვეთზე დაკრძალულ უნდა იქნენ ის პირები, რომელთა მოღვაწეობა ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში ცნობილია, დავით სარაჯიშვილი და მისი მეუღლე კი არ ეკუთვნიან ამ კატეგორიასო. ამიტომ ნათესავებს 10 დღე მისცეს მათ გადასასვენებლად. ამის შემდეგ ცოლ-ქმარი ჯერ ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს, წლების შემდეგ კი ქაშვეთის ეკლესიის ეზოში დაიდეს სამუდამო ბინა.