"იმდენ ტრენინგს გავდივართ, ყურის შუილები დამეწყო" - კვირის პალიტრა

"იმდენ ტრენინგს გავდივართ, ყურის შუილები დამეწყო"

ჩვენს რუბრიკაში მასწავლებლის პროფესიის ცნობილი და უცნობი მხარეებისა და განათლების სისტემის შესახებ ნანული­ ელიავა (სახელი და გვარი შეცვლილია - ავტორი) გვესაუბრება:

- პედაგოგობა ჩემი ბავშვობის ოცნება­ არ ყოფილა, როცა ჩემმა შვილმა დაიწყო სკოლაში სიარული, მაშინ გადავწყვიტე მეც ამ პროფესიაში თავის გამოცდა, მით უმეტეს­, ბავშვებთან ურთიერთობა კარგად გამომდიოდა. პროფესიით ეკონომისტი ვარ, შემდეგ მასწავლებლობისთვის ყველა საჭირო გამოცდა გავიარე და 15 წელია, პედაგოგი ვარ.

- როგორია დღეს მასწავლებელთან ბავშვების დამოკიდებულება? ის დრო წარსულს ჩაჰბარდა, როცა სჯეროდათ, რომ მასწავლებლები საპირფარეშოში არ დადიოდნენ...

- მე დაწყებითი საფეხურის პედაგოგი­ ვარ. ახლანდელი ბავშვები ბევრად განსხვავდებიან ჩვენი თაობისგან, ისეთი მიამიტები არ არიან. ჩვენთვის მასწავლებლის სიტყვა კანონი იყო - შავზე რომ ეთქვა, თეთრიაო, ვემორჩილებოდით. ახლანდელი ბავშვი თავდაჯერებულია, შემოგეკამათება, თავის აზრს გეტყვის და დაასაბუთებს კიდეც. თავდაჯერება და მაღალი თვითშეფასება კარგია იმისათვის, რომ განვითარდნენ და უფრო მეტს მიაღწიონ, ვიდრე ჩვენ. დღევანდელმა ბავშვებმა უფრო მეტი იციან, ვიდრე ჩვენ მათ ასაკში ვიცოდით.

- თუ ჩამოთვლით პლუსს და მინუსს, რასაც ამ თაობებს შორის ხედავთ?

- პლუსად მაღალ თვითშეფასებას ჩავუთვლი, თუმცა დღევანდელ ბავშვებს თავისუფალი აზროვნება, თავდაჯერება ზოგჯერ თავხედობაში გადასდით. დღევანდელი მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვავებული არიან, ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ჩვენ თითქოს დაშტამპული ვიყავით, ერთნაირად გვეცვა. ვინმე რომ შემოვიდოდა გაკვეთილზე, მაშინვე წამოვდგებოდით ხოლმე მისასალმებლად - ასე გვასწავლეს, ესენი ადგომითაც კი სხვადასხვანაირად დგებიან. ფოტო რომ ნახოთ, ისე თვალში საცემია - ჩვენ რომ ჩავმწკრივდებოდით, თავები ერთნაირად გვეჭირა, თითქოს მზერაც, ამათ კი ერთნაირად ვერ დააყენებ, როგორც უნდათ, ისე დგებიან.

- სწავლის ხარისხი როგორია ან გაჯეტდამოკიდებულება?

- ონლაინსწავლებისას იგრძნობოდა, რომ გაკვეთილების მერე დიდხანს რჩებოდნენ კომპიუტერთან, სოცქსელებსა და თამაშებზე იყვნენ გადართული. წელს მშობლების ჩართულობით ვცდილობთ ამ პერიოდის მინიმუმამდე დაყვანას.

- როგორ?

- შეთანხმებული ვართ მშობლებთან­ და ლიმიტს ვაწესებთ. ზოგს კი დააქვს­ სკოლა­ში მობილური, მაგრამ ვერ მოიხმარს.­ თუ მშობელს უნდა დარეკვა, ჩვენ უნდა დაგვირეკოს. ბავშვმა რომ მითხრას,­ დედამ თქვა, ადრე წამოდიო, არ დავუჯერებ­, თუ მშობელმა არ დამირეკა...

- ზეიმები კიდევ იმართება?

- არა, ახლა პედაგოგი იმდენად დატვირთულია, ღონისძიებებისთვის აღარ სცალია. ამას ფინანსებიც სჭირდებოდა. ადრე ფულს აგროვებდნენ, ახლა მასწავლებელს არაფრის მოთხოვნის უფლება არა აქვს.

- საჩუქრებს კიდევ უკეთებენ მასწავლებლებს სხვადასხვა დღესასწაულზე?

- კი, სიმბოლურად, მშობლები თავიანთი სურვილით აკეთებენ. ისე ლამაზად გეტყვიან, არ აიღო, არ გამოდის. სიმბოლური საჩუქრებია: ტკბილეული, ყვავილები, გულსაბნევი, მასწავლებელი რომ აწერია, ან "საუკეთესო დამრიგებელს"...

- მასწავლებლების დაყოფა რომ დაიწყო­ სტატუსებად თუ საფეხურებად ეს კარგია?

- არიან პედაგოგები, რომელთაც აქვთ გამოცდის ჩაბარების უნარი. მეც ჩავაბარე.­ თუმცა არიან პედაგოგები, რომლებიც­ გაკვეთილებს შესანიშნავად ატარებენ, მოს­წონთ ბავშვებსაც და კოლეგებსაც, ადმინისტრაციასაც, მაგრამ რატომღაც გამოცდა­ ვერ ჩააბარეს, ან დაბალი ქულა მიიღეს და მერე კრედიტებით შეივსეს. სტატუსების მიხედვით დაყოფა ხელფასზე აისა­ხე­ბა. მე წამყვანი პედაგოგი ვარ, ჩემ ზევით კიდევ ერთი საფეხურია. სტატუსების მინიჭებაც სხვადასხვაგვარად ხდება. წამყვანი პედაგოგის სტატუსი რომ მომნიჭებოდა, გამოცდა ჩავაბარე და გარე დაკვირვება გავიარე, მაგრამ ზოგმა ვერ გაიარა. ზოგიერთმა გარე დაკვირვება ჩაანაცვლა ახალი სკოლის მოდელით მიღებული კრედიტებით. ახალი სკოლის მოდელის დანერგვაში რამდენიმე სკოლა იყო ჩართული, მათ პედაგოგებს მიანიჭეს ქულები და ამის საშუალებით წამყვანი პედაგოგები გახდნენ.

- სწავლის ხარისხი მოგწონთ? მშობლის პოზიციიდან მიპასუხეთ და არა მასწავლებლის...

- ახალი სკოლის მოდელი თავიდან კარგ მოლოდინს ბადებდა, თითქოს კარგად მიდიოდა საქმე, მაგრამ ახლის მოლოდინში ისევ ძველზე დავედით - რასაც მანამდეც ვაძლევდით საშინაო დავალებად, ახლაც იმავეს ვაძლევთ. მაგალითად, ხომ გახსოვთ, "ვეფხისტყაოსანი" რომ ვისწავლეთ, დავალება რა იყო - პერსონაჟის დახასიათება...

- მეგობრობა "ვეფხისტყაოსანში", სიყვარული "ვეფხისტაოსანში"....

- ასეა. ახლა ამას კომპლექსური დავალება ჰქვია. დავალება ახლა საფეხურებად უნდა გაწერო: ჯერ ტექსტს დაამუშავებ, ინტერვიუს აიღებ გმირთან, რაღაც სიახლეებს მოიგონებ... ვითომ შემოქმედებითი პროდუქტი უნდა შექმნა, მაგრამ ისევ ძველ საშინაო დავალებამდე დადიხარ. ბოლო ხანს აპროტესტებენ, სკოლაში ქაღალდომანიამ დაისადგურაო - რაც გააკეთე, უნდა დაწერო, რატომ გააკეთე, მომავალში როგორ გააკეთებ... უნდა წერო და წერო. ეს რთული და არაფრისმომცემია. დროც არ არის ამდენი, კლასში 25 ბავშვია, ყველამ უნდა გააკეთოს პრეზენტაცია და სათითაოდ ყველა უნდა შეაფასო ისევ წერილობით. წარმოიდგინეთ, თითო მასწავლებელი რამდენ კლასში შედის, რამდენი მოსწავლე ჰყავს და ყველაფერი პუნქტობრივად უნდა ჩამოწეროს. შინ რომ მივდივართ, მერე იწყება ჩვენი მუშაობა...

- ბევრისგან გავიგე, რომ მასწავლებელი კარიერული წინსვლისთვის დიდ დროს ხარჯავს­ და ნაკლები დრო რჩება მოსწავლისთვის.

- ასეა. ამდენმა წერამ, წინსვლაზე ზრუნვამ, რათა ხელფასი და სტატუსი მოგემატოს, თითქოს მასწავლებლები მოსწავლეებს ჩამოგვაცილა. შენ წინსვლაზე ზრუნავ, ამიტომ მოსწავლესთან ბოლომდე ვერ იხარჯები. მასწავლებელს, მოსწავლეების სწავლების გარდა, სხვა საზრუნავიც აქვს, უნდა წეროს, რა გააკეთა და როგორ. გეგმებიც უნდა ჩამოწერო და შეასრულო, მაგრამ გეგმას განა ბავშვის საჭიროებას არგებ, თვითონ ირგებ...

- განათლების მინისტრი რომ იყოთ, რას დანერგავდით და რას გააუქმებდით?

- მაგალითად, ამ სქემას გავაუქმებდი. საბაზო ხელფასებს გავზრდიდი - ხელფასზე მეტი დანამატია. მაგალითად, ზოგმა არ იზრუნა საფეხურებრივ ზრდაზე. არადა, შეიძლება ჩემზე განვითარებული პედაგოგია, მაგრამ ვერ მოერგო ამ საბუთომანიას, ან მოსწავლეებს გადაჰყვა, ან კომპიუტერული უნარ-ჩვევები არ ეყო, რომ ამდენი რამ გაეწერა, ეტვირთა ეს რესურსები... ამიტომაც დაბალ საფეხურზეა. არიან ისეთი პედაგოგებიც, რომლებმაც გამოცდა­ ჩააბარეს, თეორიული ცოდნაც აქვთ და სტატუსიც, თუმცა კლასს ვერ იმორჩილებენ. მოკლედ, გავაუქმებდი ამ სქემას, რადგან მოსწავლეებს­ სარგებელი არ მოუტანა. გარდა ამისა, საფეხურებრივი ზრდაც სხვადასხვანაირი სამართლით მოხდა - მასწავლებლები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ და ამანაც გამოიწვია გაღიზიანება.

მე რომ საფეხურებზე გავზრდილიყავი, კვლევაც გავაკეთე: "გაწაფული კითხვის უნარის განვითარება დაწყებით საფეხურზე". გამოვიკვლიე, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ბავშვმა უკეთ წაიკითხოს. ვწერე და ვწერე... არადა, არ იყო საჭირო. ამას ხომ ისედაც ვაკეთებ, რა ჯობს და როგორ. კვლევის წერაც არ ვიცოდით კარგად და ტრენინგები გავიარეთ. ახლა პორტფოლიოს დაწერა­ არ იციან მასწავლებლებმა და ტრენინგებზე დადიან. იმდენ ტრენინგს გავდივართ, ყურის შუილები დამეწყო ყურსასმენებით ამდენი ონლაინმოსმენის გამო. დიპლომს ფასი დაეკარგა. რა აზრი აქვს იმ 5-წლიან განათლებას, თუ ამდენი ტრენინგით, საფეხურებითა და პორტფოლიოთი შეიძლება გახვიდე ფონს. ყველაზე მაღალი საფეხურისთვის აბარებ ძალიან რთულ, პედაგოგისთვის არასაჭირო გართულებულ უნარების გამოცდას. უაზროდ არის დატვირთული მასწავლებელი და ამის გამო მოსწავლეებს სცილდება. მასწავლებელს მეტი საბაზო ხელფასი და დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს, მეტი დრო უნდა დარჩეს მოსწავლესთან სამუშაოდ! ნეტავ იცოდეთ, რა ხდება მასწავლებლების ჯგუფებში, ერთმანეთს უზიარებენ აქტივობებს, რაღაცებს იწერენ, ქოფი-ფეისთით არიან დაკავებული... აბსურდად იქცა ეს ყველაფერი და რაც მთავარია, მასწავლებელი ბავშვს მოსწყდა.

ამბობენ, ახალი განათლების მინისტრი უსმენს პედაგოგებს, აქვს შეხვედრები. ახლა საფეხურებრივი გამოცდა უნდა გამართულიყო და ახალმა მინისტრმა ცოტა ხნით შეაჩერა. ვნახოთ, რას იზამს...