„პირველად საქართველოს ისტორიაში კარიკატურისტები ჩვენი ქვეყნიდანაც გავიდნენ მსოფლიოს ფესტივალზე“ - კვირის პალიტრა

„პირველად საქართველოს ისტორიაში კარიკატურისტები ჩვენი ქვეყნიდანაც გავიდნენ მსოფლიოს ფესტივალზე“

ორი კარიკატურისტი, ზალიკო სულა­კაური და კემო (ნიკა კემულარია), ახლახან მსოფლიოს კარიკატურისტთა ფესტივალიდან დაბრუნდა. `კვირის პალიტრა" ზალიკო სულაკაურს გურჯაანში დაუკავშირდა:

- თელავსა და გურჯაანში სახელოსნო მაქვს და ამის გამო ვარ კახეთში. მოკლედ, ხან აქეთ ვარ, ხან იქით. ახლახან თურქეთში კარიკატურისტთა ფესტივალზე ვიყავი, მე და კემო მიგვიწვიეს ქალაქ იზმირში. ფესტივალში 16 ქვეყნიდან 30 კარიკატურისტი მონაწილეობდა. პირველ დღეს 10-10-კაციან ჯგუფებად დაგვყვეს და სხვადასხვა ლოკაციაზე, ხალხმრავალ ცენტრალურ სკვერებში გაგვანაწილეს. ყველა მსურველს ვხატავდით. მეორე დღეს მეტროს ჩასასვლელთან­ მდებარე დიდ გალერეაში ვიყავით, სადაც ჩვენი ნამუშევრები გამოფინეს და ნებისმიერ მგზავრს ჰქონდა დათვალიერების საშუალება. სხვათა შორის, ფესტივალზე ჩვენი გაგზავნილი კარიკატურებით დიდი ბილბორდები გააკეთეს და ქალაქში გააკრეს. განსაკუთრებული მესამე დღე იყო - იზმირის თეატრში წაგვიყვანეს. შენობასთან დიდი კედელი იყო, დაახლოებით 3 მეტრი 30-ზე და გვითხრეს, თემატური ერთობლივი ნახატი დაგვეტოვებინა მასზე. ვიფიქრეთ და ავირჩიეთ თემა `ყოფნა არყოფნა, საკითხავი აი, ეს არის". შექსპირის ეს სიტყვები სილუეტად დავხატეთ (ესპანელმა კონკურსანტმა დახატა), უკან კი მაყურებლით გადაჭედილი­ თეატრის დარბაზი. შეგეძლო მაყურებლებს შორის ვინც გინდოდა, იმის პორტრეტი ჩაგეხატა. დაახლოებით ოთხჯერ მე დამხატეს. მე პირველად გივი ბერიკაშვილი დავხატე, ახლახან იუბილე ჰქონდა. ის ჩემი საყვარელი მსახიობი და ადამიანი იყო. მოკლედ, მსოფლიო კარიკატურისტების საუკეთესო წარმომადგენლები შეესივნენ კედელს და ძალიან­ მაგარი რაღაც დახატეს. პირველად საქართველოს ისტორიაში კარიკატურისტები ჩვენი ქვეყნიდანაც გავიდნენ ფესტივალზე. ამას ის მოჰყვა, რომ ზაფხულში რუმინეთში მიგვიწვიეს.

- საქართველოზე რა იცოდნენ?

- საქართველოს ისინი ახლა ჩვენი­ თვალით­ უყურებენ, ანუ ჩვენ მიმართ რა დამოკიდებულებაც გაუჩნდათ, ანალოგიური­ აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართაც. თქვეს, თუ საქართველოშიც გაიმართება ფესტივალი, სიამოვნებით ჩამოვალთო. ერთმა მკითხა, მანქანით რომ ჩამოვიდე, ხომ არ მომპარავენო. ვუთხარი, დაივიწყე, ჩვენში მანქანებს­ ბნელ 90-იანებში იპარავდნენ-მეთქი. საქარ­თველოზე ისიც იციან, რომ ღვინის ქვეყანა ვართ. აქაური ღვინო წავიღეთ მე და კემომ და რუმინელმა გაგვიძლო ყველაზე დიდხანს, დანარჩენებმა ერთი ჭიქა იკმარეს. ერთმანეთის კარიკატურებიც დავხატეთ. ერთხანს მუზად მაქციეს, იმდენი სამახსოვრო კარიკატურა დამიტოვეს ჩემმა კოლეგებმა. დაჯილდოების ცერემონიალზე­ ყველამ ერთნაირი ჯილდო მივიღეთ. კონკურსი არ ყოფილა და პირველი, მეორე და მესამე ადგილები არ გადანაწილებულა.

- გავიგე, კარიკატურისტობას ოჯახშიც აგრძელებთ.

- კი ბატონო... სააბაზანოს კარზე მაქვს დახატული კარიკატურა. მაშინ მოდური­ იყო სააბაზანოში სელფის გადაღება და მეც დავხატე, ვითომ სელფის ვიღებთ მე და ჩემი მეორე ნახევარი ნინაჩკა. ძალიან სახასიათო რამ გამომივიდა...

- შვილებსაც თუ გამოჰყვათ ხატვის ნიჭი?

- ჩემი უფროსი ვაჟი ჩემზე მაგარია, გოგონას კი უფრო უცხო ენები აინტერესებს. უმცროსები ჯერ პატარები არიან, მაგრამ სულ ხატავენ, მთელი სახლი მოხატეს. ხედავენ რომ მამა ხატავს და ისინიც მბაძავენ. მეც არ ვუშლი, დაე, ხატონ. სხვათა შორის, მე და ჩემმა ტყუპისცალმაც ასე დავიწყეთ ხატვა. სახლის კედლებიდან ჯადოსნურ სამყაროში გადავინაცვლეთ და დღეს ორივე მხატვრები ვართ.

ჟურნალ-გაზეთებს, მედიას კარიკატურისტი სჭირდება, მაგრამ მოთხოვნა არ არის. რატომ არ არის საქართველოში ბევრი კარიკატურისტი? იმიტომ, რომ ამ საქმით ოჯახს ვერ არჩენენ. შენ რომ ჟურნალ-გაზეთი ხარ, ერთ ნახატში არ უნდა მაძლევდე 5 ლარს, მაშინ როცა შენ ტირაჟში აიღებ, ვთქვათ, 80 ათასს... ჩემი ოცნებაა საქართველოშიც იმართებოდეს კარიკატურისტების ფესტივალები, მინდა ჩემს ქვეყანასაც ეწვიონ მსოფლიოში ცნობილი კარიკატურისტები.