ქართული მოგზაურობის თავისებურებანი ვიეტნამში - კვირის პალიტრა

ქართული მოგზაურობის თავისებურებანი ვიეტნამში

(დასასრული, დასაწყისი #19)

31 მარტს დილის 07 საათზე ნახევრად გამოუძინებლები უამრავ ჩემოდანთან ერთად უკვე სასტუმროს წინ ვიდექით ავტობუსის მოლოდინში, რომელსაც ვიეტნამის მთიანეთში - საპაში უნდა წავეყვანეთ.

- აგერ ჩვენი ტრანსპორტიც, - შემოგვძახა თოომ, როდესაც ჩვენ წინ ერთი პატარა ნაცრისფერი ავტობუსი ჩამოდგა. "ეს, ალბათ, ჩვენი ბარგისთვის მოიყვანეს", - გავიფიქრე და არხეინად გავაგრძელე დგომა რაღაც უფრო დიდის მოლოდინში.

- ჩაჯდომას არ აპირებ? - მიჩურჩულა ქეთიმ - ამ ავტობუსით მივდივართ.

ამის გაგონებაზე შურდულივით ავვარდი ავტობუსში და პირველივე სკამზე მოვკალათდი. ჯგუფის წევრებიც ბუზღუნ-ბუზღუნით მომყვნენ. როცა გავიგეთ, რომ საპაში დიდი ავტობუსებით მოძრაობა აკრძალულია, ბედს შევეგუეთ და იმაზე დავიწყეთ ფიქრი, 6 საათი გზაში როგორ გაგვეტარებინა. როდესაც თოომ კიდევ ერთხელ გადაგვთვალა, წელში გაიმართა და ხომ არ იმღერებთო, დასჭექა მიკროფონში.

- ჯერ შენ გვიმღერე - დახვდა პასუხიც.

- მე არა მაქვს ხმა, თუმცა ვეცდები - მოკრძალებულად ჩაილაპარაკა და სიმღერაც ჩაირთო. ჩვენი გიდი ფეხზე წამომდგარი ისეთი გულმოდგინებით უმღეროდა სამშობლოს, რომ უნებურად ყველა გავისუსეთ. დიდი ტაშის შემდეგ მთელმა ჯგუფმა ერთხმად იყვირა, საქართველოს ჰიმნს ვიმღერებთო, და მუსიკაც ჩაირთო. მანამდე მე არასოდეს მიმღერია და არც ჯგუფის წევრების მუსიკალური მონაცემების შესახებ ვიცოდი რამე. საქართველოს ჰიმნის მოყვარულების მიერ ასეთმა სინქრონულმა შესრულებამ გამაკვირვა და თოოსა­ და ავტობუსის მძღოლის ტაშით გულმოცე­მულებმა კიდევ რამდენიმე სიმღერაც ვიმღერეთ. მე ჩვენს გიდს სიმღერების ტექსტებს ვუთარგმნიდი.

- "ნურც მოფრინდები, ნურც გაფრინდები" - ეს როგორ? - დაინტერესდა თოო. შენ კი არა, მეც არ ვიცი-მეთქი, გავიფიქრე გულში.

- ქართულ სიმღერაში ძალიან ღრმა აზრია ჩადებული - გავიკრიფე ენად - აი, ხომ არსებობს მათემატიკა? ჰოდა, "ჭრელო პეპელა" უმაღლესი მათემატიკაა - ვცდილობდი დამაჯერებელი ვყოფილიყავი. თოომ ერთხანს სათვალის ზემოდან მიყურა და შემდეგ ისეთი იერი მიიღო, თითქოს ყველაფერი გაიგო... როდესაც "მუსიკალური პაუზა" დამთავრდა, დრო ვიხელთე და თოოსთან მუსაიფი გავაბი:

- ვიეტნამში კორუფცია არის?

- რა თქმა უნდა, - დაფიქრების გარეშე მიპასუხა - ჰანოიში საჯარო მოხელის საშუალო ხელფასი 300 დოლარია. ამ ფულით დედაქალაქში ცხოვრება ძალიან ჭირს.

- ალბათ, სწავლა, მედიცინა უფასოა.

- არა, ყველაფერში ფულს ვიხდით.

- აბა, როგორი კომუნისტურია ვიეტნამი? - გავიკვირვე. პასუხად მხრები აიჩეჩა.

- ჩემი ძმის სიდედრს უნდოდა სიძეს კარგ სამსახურში ემუშავა, პოლიციაში.­ გაყიდეს მიწა, თუ რამე გააჩნდათ სოფელში და ფული (30.000 დოლარი) ერთ ჩინოვნიკს მისცეს, რომელსაც ჩემი ძმა ჰანოიში უნდა გადმოეყვანა. მერე იმ ჩინოვნიკმა გვითხრა, ის კაცი, რომელიც თქვენს საქმეში უნდა ყოფილიყო, სხვაგან გადავიდა და ამიტომ ვეღარაფერს ვიზამო. ფული არ დაუბრუნებია, ჩემი ძმა კი ახლა ჩვენს პროვინციაში მუშაობს 300 დოლარად და ოჯახს ძლივს არჩენს.

- გამოდის, ხო ში მინის იდეებიდან აღარაფერი დარჩა?

- ასეც ნუ ვიტყვით, ხო ში მინის იდეები დღესაც ბევრ რამეში ეხმარება ვიეტნამს. თუმცა არის ცუდი ხალხი, რომელიც ცუდ საქმეებს აკეთებს. შევატყვე, რომ თოოს ასეთ "სახიფათო" თემებზე საუბარი უძნელდებოდა და გაჩუმება ვარჩიე.

343262407-952063706102915-6301882247951681992-n-1684672645.jpg

საპა

6-საათიანი არცთუ ისე სასიამოვნო მგზავრობის შემდეგ (სხვათა შორის, ვიეტნამში გზებს წუნი არ დაედება) შავი ხმონგებისა და წითელი დაოს ხალხის სამშობლოში, საპაში მოვხვდით. სწორედ აქ მდებარეობს ინდოჩინეთის ყველაზე მაღალი მწვერვალი ფანსიპანი (3143 მეტრი). შავი ხმონგების უძველესი სამშობლო ჩინეთია, მაგრამ დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ ვიეტნამის იმპერატორმა მათ მიწები მისცა დასასახლებლად. ტრადიციის მიხედვით, შავი ხმონგები შავ სამოსს ატარებენ (წითელი დაოს ხალხი - წითელ მოსახვევს) და ტრადიციულ ძველ სახლებში სიღარიბეში ცხოვრობენ.

საპაში ჩასულებმა ფანსიპანის დასალაშქრავად გავწიეთ. მწვერვალიდან ბუდისტური მონასტერი გადმოგვყურებდა უზარმაზ­არი ბუდას ქანდაკებით. მისი ნაწილები­ ფანსიპანზე ხელით აიტანეს და ააწყვეს. მწვერვალზე მუდმივად ნისლი და სიცივეა, რაც მას უფრო მისტიკურს ხდის. 2016 წელს აქ საბაგირო გზა გაიხსნა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევი­და როგორც ყველაზე გრძელი (6 კმ) სამტრასიანი­ საბაგირო. ვიეტნამის ახალ საოცრებას ადგი­ლობრივი კომპანია სამი წლის განმავლობაში აშენებდა და 196 მილიონი დოლარი დაჯდა... თავად საპა პატარა, მაგრამ ძალიან განვითარებული ქალაქია. თავის დროზე ეს ადგილი სიცხით გათანგულმა ფრანგმა კოლონიზატორებმა აღმოაჩინეს და მისი გრილი ჰავის გამო აგარაკად იყენებდნენ. ფრანგული კვალი საპას დღესაც ეტყობა. სხვათა შორის, საპა ტურისტების დიდ ყურადღებას იპყრობს, ამიტომ აქ რა რჯულის ხალხს არ ნახავთ.

ღამე ქალაქის კომფორტულ სასტუმროში­ გავათიეთ. დილით ავტობუსში მოხითხითეებს წარმოდგენა არ გვქონდა, წინ რა გველოდა...

შავი ხმონგების ქატქატი

სოფელი ქატქატი (ფრანგული სახელია) თავისი ბრინჯის ყანებით საპას ძირში მდებარეობს. ერთ დროს ღატაკი სოფელი დღეს ტურისტების წყალობით ვიეტნამის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ქატქატში ჩასვლა ფასიანია (2.5 დოლარი). კილომეტრზე მეტი საფეხური, რომლებმაც სოფელში უნდა ჩაგიყვანოს, სულ კუნტრუშ-კუნტრუშით ჩავირბინე. თავი ზღაპარში მეგონა: ჩანჩქერები, უძველესი ხის სახლები, წყლის წისქვილები, ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი მოსეირნე ხალხი. წისქვილთან საქანელაზე ჩამოვჯექი, ისეთი განცდა მქონდა, რომ ცოტაც და, მოპირდაპირე ნაპირიდან ვინმე რაინდი მდინარეში ცხენს შემოაგელვებდა. რაინდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ცოტა ხანში ხიდზე თოო გამოჩნდა ქართული დროშით ხელში.

- უკან უნდა დავბრუნდეთ, ჰანოიმდე დიდი გზა გვაქვს - გამოვიდა სიტყვით, როცა გაბნეულები შევიკრიბეთ.

- შენ ოღონდ გზა გვაჩვენე - თვალის ჩაკვრით ვუთხარი.

- იქით! - ხელი საპასკენ გაიშვირა.

- როგორ? უკან უნდა ავიდეთ? - ყელი გამიშრა, როცა წარმოვიდგინე, რომ ის საფეხურები უკან უნდა ამევლო. უკმაყოფილო ჯგუფი აზუზუნდა, თუმცა­ თავს ზემოთ ძალა არ იყო და შევუყევით გზას.

- ვერ დაეტიე სასტუმროში, ჩანჩქერი არ გინახავს თუ ძველი სახლი? - ვლანძღავდი საკუთარ თავს და ქოშინით ავდი­ოდი საფეხურებზე. როგორც იქნა, არაქათგამოცლილებმა მივაღწიეთ ჩვენს ავტობუსს. ამასობაში თოო მოპედზე შემოსკუპებული მოგრიალდა.

ღამე ისევ ჰანოიში გავათიეთ და დილით, როდესაც თოომ ჩვენი გადათვლა დაამთავრა, ჰალონგის ყურის სანახავად გავემგზავრეთ... ჰალონგის ყურე იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაშია და ნიშნავს ადგილს, სადაც "დრაკონი ციდან ჩამოვიდა". ლეგენდის თანახმად, ღმერთმა ხალხის დასახმარებლად დამპყრობლებთან­ ბრძოლაში დრაკონი გამოგზავნა. გამარჯვების შემდეგ დრაკონმა შინ წასვლა აღარ ისურვა და წყალში ჩავიდა. ყურეში განლაგებული 2000-მდე პატარა კუნძული მართლაც წააგავს დრაკონის ზურგს. როდესაც ჩვენი გემი კუნძულებს შორის მიცურავდა, ისეთი სიმშვიდე იყო, თავი რატომღაც ჰომეროსის "ოდისეის" გმირად წარმოვიდგინე. ჰალონგში 6-საათიანი ექსკურსია ბუნების კიდევ ერთი საოცრების, "განცვიფრების მღვიმის" ნახვასაც ითვალისწინებდა. როდესაც ჩვენი გემი თეთრი ქვიშის ნაპირს მიადგა და მთაზე ასასვლელი საფეხურები დავინახე, ელდა მეცა. ფეხს არ ავადგამ - გადავწყვიტე, მაგრამ მაინც წამძლია სულმა და ჯგუფს შევუერთდი...

მღვიმე

343077479-192630457025465-3381991969310140656-n-1684672645.jpg

გამოქვაბულში ჩასულნი განცვიფრები­სგან სიტყვებს ვერ ვპოულობდით, თავი ფენტეზის ჟანრის ფილმში მეგონა - ჩვენ წინ უზარმაზარი დარბაზები იყო გადაჭიმული ბუნების საოცარი შედევრებით. როცა გონს მოვეგეთ, ყველას ერთხმად აღმოგვხდა: "ახალი ათონი". აფხაზეთი გაგვახსენდა. ამის შემდეგ თოოს არავინ უსმენდა, ყველა ახალ ათონზე ვყაყანებდით და პუტინს წყევლა-კრულვას ვუთვლიდით. ერთი სული მქონდა, უზარმაზარ ლოდზე შევმხტარიყავი და 3000-მდე ტურისტისთვის­ შემომეძახა, ეს არაფერია, ჩვენ აფხაზეთში უფრო მაგარი მღვიმე გვაქვს-მეთქი...

უკან ტურისტების ჯგუფი მომყვებოდა, აღტაცებას ვერ მალავდნენ ნანახით, მათ კადრებში რამდენჯერმე მეც მოვხვდი. გადავწყვიტე, თავი მომეწონებინა და თუკი ოდესმე ნასწავლი თუ გაგონილი ინგლისური სიტყვები მახსოვდა, ერთბაშად თავი მოვუყარე, ტელეფონი ჩავრთე და ვითომ შინ მყოფი მეგობრებისთვის გადაღება დავიწყე და თან ვითომ ჩემი ჩიქორთული ინგლისურით ხმამაღლა (იმ ჯგუფის გასაგონად) ვყვებოდი, რომ რა თქმა უნდა, მღვიმე ძალიან კარგია, თუმცა ეს არ არის "ის", ეს "ის" კი მხოლოდ ჩვენთან არის, საქართველოში, აფხაზეთში, რომ არ არსებობს მღვიმე ახალი ათონის მღვიმის მსგავსი, და ბონუსად პუტინიც ჩავდე მიწაში.

- ბოდიშს გიხდით - მომესმა უკნიდან­ - ახალი ათონი მართლაც შესანიშნავია, ჩვენ ნანახი გვაქვს - მითხრა, როცა მოვტრიალდი, ახმახმა ბიჭმა რუსულად... თურმე ის ჯგუფი, რომლისთვისაც ამდენი ვიმეცადინე, რუსები ყოფილან. უბრალოდ, გიდთან საუბრობდნენ ინგლისურად.

დავდიოდით ამ თვალუწვდენელ ქვის დარბაზებში თვალებში შუქჩამქრალნი. ჩუმად მოდიოდა თოოც ქართული დროშით.

- რა იქნება მოვესწრო აფხაზეთში დაბრუნებას - მოულოდნელად თქვა ქეთიმ და თითქოს ყველას სათქმელი თქვა.

- აფხაზეთს აუცილებლად დავიბრუნებთ - ვეცადე იმედიანი ვყოფილიყავი.

- ვიცი, დავიბრუნებთ, მაგრამ მინდა იმ დროს მოვესწრო, ჩემი თვალით ვნახო...

ბინდდებოდა, ჰალონგის ყურე რომ დავტოვეთ. გზა ნინბინამდე თითქოს გაიწელა. როცა გავიგეთ, რომ მეორე დღეს სისხამ დილით ადგომა არ მოგვიწევდა და ნინბინის შემოგარენში ვრჩებოდით, ხასიათზე მოვედით. ჩვენი სასტუმრო ტამკოკის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ტამკოკის მღვიმეები ნგოა ლონგის (მწოლიარე დრაკონი) მთასთან ერთად ვიეტნამის ცნობილ კულტურულ მარშრუტს ქმნის. ორივეს დათვალიერების შემდეგ ქანცგაწყვეტილი მივედით სასტუმროში. ვინაიდან საღამო თავისუფალი გვქონდა, მასაჟის სალონში გავიქეცი, სასტუმროში მობრუნებულს კი ცუდი ამბავი დამხვდა.

საავადმყოფოში

ჩვენი ჯგუფის ერთმა წევრმა თავი შეუძლოდ ჯერ კიდევ საპაში ყოფნის დროს იგრძნო. თუმცა მაშინ ეს მთის ჰავას დავაბრალეთ, მაგრამ მისი მდგომარეობა არც დაბლობში გაუმჯობესებულა. ვინაიდან ჯგუფში 10 ექიმი გვყავდა (ცუდად მყოფიც თავად ექიმი იყო) კონსილიუმი უცებ შეიკრიბა. პაციენტის ჩივილებიდან გამომდინარე, თითქოს საქმე დიზენტერიასთან გვქონდა. ეს სიტყვა მეხივით გავარდა სასტუმროში. თუმცა ჯგუფის სხვა წევრი ექიმები განსხვავებულ დიაგნოზს სვამდნენ (მოგვიანებით მათი პროგნოზი გამართლდა). სასტუმროს ჰოლში შესულმა შევიტყვე, რომ პაციენტის ნინბინის საავადმყოფოში გადაყვანა იყო საჭირო. საქმეს ისიც ართულებდა,­ რომ მეორე დღეს ნინბინიდან ღამის მატარებლით სამხრეთ ვიეტნამში, დანანგში მივემგზავრებოდით, რასაც ცუდადმყოფის მდგომარეობა შესაძლოა უფრო დაემძიმებინა... თავად პაციენტი ტაქსის მოლოდინში ჰოლში იჯდა ფერმიხდილი. მარტო წასვლის მეშინიაო, ერთი კი თქვა. მეც ხომ მოვდივარო, დამშვიდება სცადა თოომ, მაგრამ ამაოდ. მე წამოგყვები-მეთქი, ვუთხარი დაუფიქრებლად, როცა მისი ცრემლიანი თვალები დავინახე. უკვე შეკვეთილი ვახშამი როგორ გადავსანსლე, არ მახსოვს, მთელი დღის უჭმელს შიმშილით გზაში გული რომ არ წამსვლოდა. შემდეგ სასწრაფოდ ჩავსხედით ტაქსიში და ნინბიში ჩავედით. ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოს რომ მივადექით, უკვე ღამე იყო. კარი შევაღეთ და პირდაპირ მიმღებში­ აღმოვჩნდით. რეგისტრაციის მაგიდასთან გოგონები ისხდნენ­. ვუთხარით, რომ პაციენტისთვის ანალიზების გაკეთება­ გვსურდა. უცხოელები რომ დაგვინახეს, ცოტა დაიბნენ, მერე სადღაც დარეკეს და კარიდან, რომელიც დერეფანს შუაზე ყოფდა, ექიმი გამოვიდა (სამედიცინო პერსონალი ძალზე ახალგაზრდა იყო). თუ ანალიზებს­ გავუკეთებთ, ღამით აქ უნდა დარჩესო! აქ სად უნდა დავტოვო-მეთქი, შევიცხადე, როცა იქაურობა­ მოვათვალიერე. მიმღებისთვის ფოტოს გადაღება ვცადე. აკრძალულია! - გამომენთო დარაჯი. თოოსთან ხანმოკლე თათბირის შემდეგ გავარკვიე, რომ თუ არ ვიმოქმედებდით, მხოლოდ წნევის გაზომვას თუ გამოვტყუებდით აქაურებს.

- გადაწყვეტილების მიმღები პირი არა ჰყავს საავადმყოფოს? დამაკავშირეთ! - მივედი რეგისტრატორთან. ეტყობა, ჩემი ტონი ავად ენიშნათ, ისევ სადღაც დარეკეს და ცოტა ხანში იმ კარიდან გვანიშნეს, შემოდითო. დერეფნის იმ ნაწილში, მიმღებისგან განსხვავებით, ბევრი ავადმყოფი და ექიმი ირეოდა.

- მთავარი ექიმი, წარმომიდგინა თოომ ახალგაზრდა კაცი. ჩვენ აქ გამოკვლევებს ვერ ჩავუტარებთ, ამის საშუალება არა გვაქვს, ჰანოიში უნდა გადაიყვანოთ.

- იქნებ ეს ანალიზები მაინც აიღოთ - მივაწოდე ჩამონათვალი.

- პაციენტი ღამით აქ უნდა დარჩეს!

- არამც და არამც - ვჯიუტობდი მე. ბოლოს დაგვთანხმდა, ყველას ვერა, მაგრამ რასაც შევძლებთ, იმ ანალიზს გავაკეთებთო.

გავედით ისევ მიმღებში. ჩვენი პაციენტი­ სამედიცინო ტახტზე წამოაწვინეს და გვითხრეს, დაგველოდეთო. რეგისტრატურაში გავიგეთ, რომ უცხოეთის დაზღვევა ვიეტნ­ამში არ მოქმედებს, მხოლოდ ჰანოის ფრანგულ და ამერიკულ ჰოსპიტლებში(?!). მონაცემების შევსების დროს გოგონამ საქართველო ვერ იპოვა, არ იძებნებაო.

- როგორ თუ არ იძებნება, სწორად ჩაწერეთ? - პაციენტის პასპორტის ინგლისურენოვან წარწერაზე მივუთითე. ახლა თავად თოო დაჯდა კომპიუტერთან, მაგრამ მანაც ვერაფერი გააწყო (როგორც მერე გავარკვიე, ვიეტნამთან დიპურთიერთობა არა გვაქვს და შესაბამისად, არც აკრედიტაციაა გავლილი, ამიტომ მათთვის არ ვარსებობთ).

- რუსეთი რომ ჩავწეროთ? - გამოსავალი შემომთავაზა თოომ.

- რა რუსეთი, ხომ არ გაგიჟდით, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობას როგორ მივიწერთ? - ავქოთქოთდი მე. სულ დამავიწყდა, სად ვიყავი

- პასპორტს ფოტო გადაუღეთ და ჩადეთ მონაცემებში, რუსეთი­ არ გამაგონოთ!

ცოტა ხანში ექიმი გამოჩნდა და ჩვენს პაციენტს სისხლის ანალიზი პირდაპირ მიმღებში აუღო. პასუხები ორ საათში იქნებაო. პაციენტს გავხედე, ოჯახის წევრებს ელაპარაკებოდა თბილისში, რადგან მშვიდად იყო, ვიფიქრე, ცოტა ხანს თვალს მივლულავ-მეთქი, მაგრამ რამდენიმე წუთში სასწრაფომ მოაკივლა მიმღებს, კარი გაიღო­ და ერთმანეთის მიყოლებით შემოიყვანეს ავადმყოფები, რომლებსაც მუცლები ხელით ეჭირათ და ტკივილისგან იკლაკნებოდნენ. ყველანი ჩემ გვერდით სამედ­იცინო ტახტებზე დააწვინეს. ცოტა ხანში კვლავ გამოჩნდნენ სასწრაფოები, პაციენტებს ბოლო აღარ უჩანდა. ზოგს ფეხშიშველი ოჯახის წევრები მოჰყვებოდნენ. როგორც თოომ ამიხსნა, საქმე მასობრივ მოწამვლასთან გვქონდა (ქუჩაში ჭამის გამო მწვავე მოწამვლები აქ ჩვეულებრივი მოვლენაა). სულ 12 პაციენტი მოიყვანეს, მათ შორის ფეხმძიმე ქალიც.

ერთი სული მქონდა, ამ უბედურებისგან თავი დაგვეღწია. ბოლოს, როგორც იქნა, ანალიზების პასუხებიც მივიღეთ, საბედნიეროდ, საგანგაშო არაფერი იყო. "ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს", - გავიფიქრე, როდესაც საავადმყოფოდან გამოვდიოდით. შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, სასტუმროში რომ დავბრუნდით, ჩვენები ფეხზე დაგვხვდნენ, სხაპასხუპით ვუამბე ჩვენი თავგადასავლის შესახებ და დამშვიდებულები დასაძინებლად დავიშალეთ.

მეორე დღეს კიდევ რამდენიმე საოცარი ადგილი მოვიარეთ, რომლებიც ადრე ფოტოებში თუ მინახავს. ჩვენი პაციენტიც წამლების მიღების შემდეგ თავს უკვე კარგად გრძნობდა. საღამოს ნინბინის რკინიგზის სადგურზე თოოს დავემშვიდობეთ (ჰანოიში ბრუნდებოდა), ჩვენ კი ღამის მატარებლით ჩრდილოეთ ვიეტნამს ვტოვებდით და სამხრეთში დანანგში მივემგზავრებოდით.

"მატარებელი მიქრის"

343513564-793105612380286-8775420198022575481-n-copy-1684672645.jpg

ვიეტნამური მატარებლები ბავშვობას გაგახსენებთ, საბჭოურებისგან არაფრით განსხვავდება. კუპეები­ დავიკავეთ და ძილის წინ ბანქოს თამაში გადავწყვიტეთ. მალე მეზობელი კუპედან ჩვენი ჯგუფის წევრი ცოლ-ქმარიც შემოგვი­ერთდა ორი ბოთლი­ ღვინით და იდგა ვაგონში ერთი სიცილ-კისკისი. უცებ კუპეს კარი ქეთიმ შემოაღო: ხალხო, ჩვენს ვაგონში ამერიკელი გავიცანი, გიტარას უკრავს და თან წამოვიყვანე. ამ სიტყვებზე მაღალი, გამხდარი ტიპური ამერიკელი კაცი გამოაჩინა, რომელსაც დიდი ჟრიამულით შევხვდით. როგორც გვითხრა, ჰოიანში მიდიოდა შეყვარებულთან. თურმე გიტარის დაკვრას ერთი წელი თავისით­ სწავლ­ობდა, რათა საოცნებო გოგოსთვის ემღერა.­ როცა გაიგო, რომ ქართული ღვინო­ გვქონდა­ "სუფრაზე", აღტაცება ვერ დამალა და თავისი გიტარაც სიამოვნებით დაგვითმო. მატარებელში გავიგე, რომ ჩვენი გოგონები გიტარას კარგად უკრავდნენ. სიმღერებს ცეკვა-თამაშიც მოჰყვა და საქმე იქამდე მივიდა, ამერიკელი­ ჩვენს გოგონებს ეხვეწებოდა, გიტარის დაკვრა მასწავლეთო... ჩვენი მატარებელი კი "ჰარი პოტერის" მატარებელივით მიქროდა, რომ დილით სულ სხვა სამყაროში გაგვეღვიძა.

სამხრეთში

დანანგში ახალი გიდი, ტანია დაგვხვდა, შუახნის ვიეტნამელი ქალი, რომელიც ქალაქის უნივერსიტეტში რუსული ენის მასწავლებელი გახლდათ. სამხრეთი ვიეტნამი ჩრდილოეთისგან როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება, აქ აღარ იგრძნობა ჩრდილოეთის სიღატაკე. ქალაქები უფრო მდიდრული და განვითარებულია, ხალხიც - ბევრად დახვეწილი. დანანგთან ახლოს დავათვალიერეთ მსოფლიოში ცნობილი­ "ოქროს ხიდი", რომლითაც ვიეტნამელები ძალიან ამაყობენ... შემდეგ ჰოიანს ვეწვიეთ. ეს პატარა ქალაქი იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაშია. ჰოიანში ორი დღე დავრჩით და ისევ დანანგში დაბრუნდით. ვინაიდან ჩვენი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა, ჩვენმა ქეთიმ დანანგში დასვენების საუკეთესო ორი დღე მოგვიწყო - "რედისონში" ვცხოვრობდით, სამხრეთ ჩინეთის ზღვის პლაჟთან, და პირდაპირ აივნიდან გავყურებდით ზღვის მოქცევას.

BTS VS "ჩაკრულო"

დანანგში ახლა მშენებლობის ბუმია. სოკოებივით იზრდებიან ცათამბჯენები. ქალაქში ბევრ სამხრეთკორეელს გადააწყდებით, როგორც ჩანს, დანანგი მათთვის დასასვენებლად თუ შოპინგისთვის საყვარელი ადგილია. გვიან საღამოს მე და ქეთიმ პლაჟზე გასეირნება გადავწყვიტეთ, იქაურობა სავსეა ბარ-რესტორნებით. ერთ ადგილზე ყოველ საღამოს დიდ სცენაზე საცეკვაო შოუ იმართება, სტუმრებს ვიეტნამურ ფოლკლორს აცნობენ საზეიმო ვახშამთან ერთად. სწორედ ამ სცენას ჩავუარეთ და რამდენიმე ფოტოს გადაღება გადავწყვიტეთ.

- აქ გადაღება არ შეიძლება, მაყურებელს ეფარებით - მოგვაძახა ვიღაც ბიჭმა...­ - აქ ხალხი ფულს იხდის და მერე უკმაყოფილო დარჩებიან - მაგიდებთან მსხდომებს რომ გადავხედე, საუბარზე მივხვდი, სამხრეთკორეელები იყვნენ.

- ჩვენ მხოლოდ ფოტოს გადაღება გვინდოდა - ჩავიბურტყუნე და პლაჟისკენ გავწიე, თუმცა ნირწამხდარს დიდხანს არ დამიყოვნებია და უკან დავბრუნდი. გზად ისევ ის ბიჭი შემომხვდა.

- სამხრეთკორეელი ვარ, შოუს მეპატრონე.

- ვიცი, მივუგე უკმეხად.

- BTS .

- ეგეც ვიცი, არ დავახანე (BTS ცნობილი სამხრეთკორეული ბოისბენდია, რომელიც 2021-2022 წლებში "გრემიზე" იყო ნომინირებული).

- შენ საიდან ხარ? - არ მომეშვა.

- საქართველოდან - მოვუჭერი მოკლედ, თუმცა რომ შევხედე, მივხვდი, რაღაც კიდევ უნდა დამემატებინა. წამის მეასედში გავიფიქრე, ღვინო, ოქრო, ხორბალი, მედიცინა, პირველი ევროპელი, მაგრამ ამ ყველაფერს ახსნა სჭირდებოდა

- "ჩაკრულო" - დავამატე უცებ.

კორეელი შეფიქრიანდა, ვერ მიხვდა, ეს უცნაური სიტყვა რას ნიშნავდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა, ვიცი, ეგენიც კარგად მღერიანო... გულიანად გამეცინა და ის იყო, მინდოდა მეთქვა, "ჩაკრულო" სიმღერაა, რომელსაც Bთშ ვერასდროს იმღერებს-მეთქი, უცებ წარმოვიდგინე, რომ Bთშ-ის "აუგად" ხსენებაზე, როგორ წამოიშლებოდა შოუზე მყოფი 200-მდე კარგად ნავახშმები სამხრეთკორეელი და როგორ გამბდღვნიდნენ. ამიტომ გადავიფიქრე, ერთი მაცდურად გავუღიმე და გავეცალე.

- გელოდებით შოუზე, დამაწია გზაში.

ბოლო დღეს დანანგში, სანამ ჩვენი ჯგუფის წევრები ზღვაში თუ სასტუმროს ბოლო სართულზე აუზში ნებივრობდნენ, მე და ჩვენი გიდი ტანია ფინჯან ყავასთან ერთად სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით. ძალიან მაინტერესებდა, რას ფიქრობენ ვიეტნამელები იმ ყველასთვის ცნობილ ომზე.

მეჩვიდმეტე პარალელი

- მე ომი კარგად მახსოვს, ჩემი სოფელი სწორედ მეჩვიდმეტე პარალელზე მდებარეობდა, სადაც ფრონტის ხაზი გადიოდა.­ სოფელი ნავების კეთებით ირჩენდა თავს, ბრინჯიც მოგვყავდა. ომის დროს სოფლიდან­ საომრად ბევრი წავიდა. მანამდე გვირაბებს ვთხრიდით. იცით, რა სიგრძის იყო? შეგვეძლო მეორე-მესამე სოფელში ისე მისვლა, გვირაბიდან არ ამოვსულიყავით. გვირაბებში ვცხოვრობდით, თვეობით მზეს ვერ ვხედავდით. ერთ დღეს ამერიკელებმა ჩვენი გვირაბები ამოავსეს და ასეულობით ადამიანი, უმეტესად ქალები და ბავშვები გვირაბებში დაგვტოვეს (ვიეტნამის ომის ცნობილი ფაქტი - ავტ.). დედამ მოახერხა, მე და ჩემი და ამოგვიყვანა, მაგრამ ჩემი ძმის გადარჩენა ვეღარ მოასწრო, გვირაბში სხვებთან ერთად დაიღუპა. ზემოთ ამოსულებს გვეგონა, თუ ბუჩქებს თავს შევაფარებდით, გადავრჩებოდით, ბომბები კი ცვიოდა და ცვიოდა. უამრავი დაჭრილის ხმა გვესმოდა, შველას ითხოვდნენ. 21 წელი იომა ვიეტნამელმა ხალხმა.

- ახლა, როცა ამერიკელებს ხედავთ­ ვიეტნამში, მტრის განცდა არ გეუფლებათ?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად გვახსოვს. ახალგაზრდა თაობებსაც ახსოვთ,­ სკოლაში საფუძვლიანად ასწავლიან. ამას არც არასდროს დავივიწყებთ, მაგრამ ახლა ვიეტნამს ეკონომიკურად გაძლიერება სჭირდება. იმ ომის შემდეგ მშვიდობის ფასი კარგად ვისწავლეთ და ამიტომ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყეთ.

- ომის შემდეგ ვიეტნამი გაერთიანდა,­ თუმცა რაც აქა ვარ, მექმნება შთაბეჭდილება, რომ მეჩვიდმეტე პარალელი დღემდე­ გამყოფი ხაზია ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.

- კი, ასეა. ომის ჭრილობები იმაზე ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. დღეს ყველამ ვიცით, რომ არსებობს მხოლოდ ერთიანი ვიეტნამი და ამ ერთიანობას ყველა ჩვენგანი დაიცავს. მნიშვნელობა არა აქვს, სად ვცხოვრობთ, ჩრდილოეთსა თუ სამხრეთში.

და ბოლოს...

მოგზაურობის მეთორმეტე დღეს მივხვდით, რომ სადაც არ უნდა იყო, სამშობლო ყოველთვის გეძახის, ამიტომ დანანგის დატოვება არ დაგვნანებია, ისევე როგორც ვიეტნამის დედაქალაქის. დამშვიდობება გაგვიძნელდა თოოსთან, რომელიც ჰანოის ცენტრალურ აეროპორტშიც არ მოგვშორებია, სანამ ყველამ რეგისტრაცია არ გავიარეთ. იმედია, ამ ცხოვრებაში კიდევ შევხვდებით - მითხრა დამშვიდობებისას...

უკვე თვითმფრინავში ვფიქრობდი, რომ ჩემთვის ნამდვილი ვიეტნამი ჩრდილოეთია, თავისი სიღარიბით, თვალუწვდენელი­ ბრინჯის ყანებით, შავი ხმონგებით, საოცარი პეიზაჟებითა და რაც მთავარია, ჰანოის ხმაურიანი ქუჩებით, სადაც კიდევ დავბრუნდები.