„ფრენების აღდგენაში პრობლემა არ არის, პრობლემა ხელისუფლების დამოკიდებულებაშია“
ოპოზიციონერი ლიდერები აღიარებენ, რომ ოპოზიციურ ველზე უმძიმესი მდგომარეობაა და გადამწყვეტი ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობენ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევისას პარლამენტში პროცესები მოულოდნელად განვითარდა. კენჭისყრის დროს კვალიფიციური უმრავლესობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. არამოსამართლე წევრების ასარჩევად 90-ხმიანი უმრავლესობა იყო საჭირო, რაც ნიშნავს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი უნდა შემდგარიყო და კანდიდატები საერთო მხარდაჭერით აერჩიათ. პარლამენტში ასეთი პოლიტიკური შეთანხმება არ არსებობდა, თუმცა ფარული კენჭისყრის დროს 93, 91, 93 ხმის უმრავლესობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩიეს. ცხადი გახდა, რომ კანდიდატებმა ხმები ოპოზიციიდანაც მიიღეს. მართალია, ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და როსტომ ჩხეიძე დიდხანს არწმუნებდნენ კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ "ქართულ ოცნებასთან" გარიგებული არ იყვნენ და გაუგებრობა მოხდა, მათი არგუმენტები სარწმუნოდ არ იქნა მიჩნეული და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებამ მოუწიათ. პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის შემხვედრი ნაბიჯები, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები სწორად შეირჩნენ. ეს არის ის მოდელი, რომლითაც შესაძლებელი იქნება იუსტიციის საბჭოსა და, საზოგადოდ, ქვეყანაში ვითარების გამოსწორება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დავით უსუფაშვილი გვეუსაუბრება:
- კანდიდატები უნდა შეირჩნენ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით. უბრალოდ, უმრავლესობა თვლის, რომ თავად აწესებს კრიტერიუმებს და იმას, რაც მას მიაჩნია სწორად, ყველა უნდა დაეთანხმოს. უმრავლესობა თვლის, რომ ის მზად არის შეთანხმებისთვის, ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დაეთანხმება რაღაცას - ანუ კი არ შევთანხმდეთო, დაგვისახელეთ კანდიდატები და ვიღაცაზე შეიძლება დაგეთანხმოთო. ეს არ არის ის, რაც კონსტიტუციაში წერია. რაც შეეხება კრიტერიუმებსა და კრიტერიუმებით გამოვლენილი კანდიდატებისთვის მხარდაჭერას, ჩვენ გვახსოვს სახალხო დამცველის შერჩევის ეპოპეა. სწორედ კომისიის გამოვლენილი საუკეთესო კომპეტენციისა და სანდოობის კანდიდატები უარყო უმრავლესობამ. ამიტომ, ამ ტიპის პოლიტიკური და პიარული გადაძახილ-გადმოძახილებით ვერავის გავაკვირვებთ. საზოგადოება ხედავს, ესმის და, მგონი, მისი ინტერესია, რომ იუსტიციის საბჭოში სწორედ არამოსამართლე წევრები იყვნენ. პარლამენტში მაღალი კვორუმით იმიტომ არის ეს საკითხი შესარჩევი და კონსტიტუცია ამას იმიტომ გვავალებს, რომ შეთანხმება შედგეს და ამ ხალხს მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს.
- რამდენად დამაჯერებელი იყო იმ დეპუტატების განცხადებები, რომ გადაწყვეტილება არაინფორმირებულობისა და დაბნეულობის გამო მიიღეს?
- რეალობას და ზღაპრებს ერთმანეთისგან კარგად ვარჩევ. არ მსურს, ამ ადამიანებზე მეტად საუბარი.
- ამ გამოწვევებს შორის, ალბათ, საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ავიამიმოსვლის აღდგენას გულისხმობთ?
- რა თქმა უნდა. რაც დღეს საქართველოში ხდება, იმის საწინააღმდეგოა, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები წლების განმავლობაში გუნდურად და ინდივიდუალურად აკეთებდნენ. ნაცვლად იმისა, მსოფლიოში შექმნილი ახალი პოლიტიკური მოცემულობით ისარგებლონ და ჩვენი ტერიტორიების მიმტაცებელ რუსეთთან პრინციპული პოზიციები დააფიქსირონ, მის დაკრულზე ცეკვას იწყებენ. გამოდის, რუსეთს, ერთი მხრივ, ბელარუსი ჰყავს საიმედო საყრდენად, მეორე მხრივ კი საქართველო უმზადებს პლაცდარმებს სხვადასხვა გზით. ფრენების აღდგენაში მართლა არ არის პრობლემა. შეიძლებოდა ავიამიმოსვლა არც თავის დროზე შეწყვეტილიყო. პრობლემაა ხელისუფლების დამოკიდებულება, მათი ყიჟინა და ხელების ფშვნეტა. მათ და პუტინს ერთნაირად უხარიათ, როდესაც რაიმე ისეთი ხდება, რაც დასავლეთს უქმნის პრობლემას. დიახ, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთთან ურთიერთობის დათბობა."ქართული ოცნების" ლიდერებმა შესანიშნავად იციან, რომ რუსეთთან მეგობრობა, პარტნიორობა შეუძლებელია და მასთან ჩვენ მხოლოდ ტრაგიკული წარსული გვაკავშირებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის ერთადერთი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, დასავლეთისგან კი ლეგიტიმურ შენიშვნებს იღებენ, ისევ რუსეთთან ურთიერთობა ურჩევნიათ. რამდენიმე დღის წინ ისიც კი გვითხრეს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ გაუშვებენ ბრიუსელში, იმიტომ, რომ ცუდ რამეებს ილაპარაკებსო. ამგვარად მოლაპარაკე პირების ადგილი ევროპაში ნამდვილად არ არის. ასე მეტყველებენ იქ, საიდანაც ცოტა ხნის წინ ფრენები დაიწყო.
- სინამდვილეში რატომ არ აძლევს ხელს "ქართულ ოცნებას" პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიუსელში გამგზავრება, რისი ეშინია მმართველ გუნდს? საინტერესოა ისიც, როგორი იქნება ზურაბიშვილის პასუხი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ მისი ბრიუსელში ვიზიტი და განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ.
- ზურაბიშვილისგან ველი პრეზიდენტისთვის შესაფერის პასუხსა და ნაბიჯს. მან რამდენიმე ასეთი ნაბიჯი გადადგა კიდეც. ვფიქრობ, ზურაბიშვილი კობახიძეს საკადრის პასუხს გასცემს და ბრიუსელშიც იმ განცხადებებს გააკეთებს, რაც, წესით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. რაც შეეხება მმართველი გუნდის შიშებს, "ქართული ოცნების" ლიდერებს ეშინიათ ყველასი და ყველაფრის, ვინც და რაც მათ კონტროლს არ ექვემდებარება. შიშიანობა პარანოიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც აუცილებლად ემართებათ უსაზღვრო ძალაუფლებით აღჭურვილ ადამიანებს. ეს პოლიტოლოგების, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების კვლევებით არის დადასტურებული. ამ ადამიანებს თანაბრად ეშინიათ პრეზიდენტის, რომელსაც ვერ აკონტროლებენ, რიგითი მოქალაქეების, რომელთაც ვერ აკონტროლებენ. კობახიძემ რამდენიმე დღის წინ პირდაპირ საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოგვიცხადა, რომ არც ერთი "ნაციონალი" არ უნდა გააჭაჭანონ არც ერთ თანამდებობაზე. კობახიძეს აშკარად აქვს იმ ცნობილი დაავადების ნიშნები, რომელიც ემართებათ ცალკეულ ინდივიდებს ნერვიული აშლილობის დროს.
- რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე საუბრისას თქვენ აღნიშნეთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ ნაბიჯით საქართველოს ევროინტეგრაციას შეუქმნა საფრთხე. თუმცა პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა და ეს შემდეგ ირაკლი კობახიძემ და კახი კალაძემაც გაიმეორეს, რომ თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან პირდაპირი რეისები ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, ჩინეთში...
- ასეთი განცხადებები ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკის შემადგენელი ნაწილია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 55 წლის ვარ და გეტყვით, რომ მოვესწარი იმ დროს, როდესაც სახელისუფლებო დონეზე იგეგმებოდა ანტიევროპული და ანტიამერიკული კამპანიები. ესე იგი, ყველაფერი, რაც ხდებოდა დასავლეთში, იყო ცუდი, და ყველაფერი, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში, იყო კარგი. ასეთივე პროპაგანდას ეწევიან ახლა ღარიბაშვილი, კობახიძე და კალაძე. ევროპასთან რომ გვაქვს უვიზო რეჟიმი და ნახევარმა საქართველომ მოიარა ევროპა, ამის გამო ვინმეს მადლობა უთხრეს?! ან ის თუ უთხრეს ქართველ ხალხს, თბილისის აეროპორტიდან ფრენები ვისი კომპანიების საშუალებით სრულდება, "აირზენას" დაჰყავს ქართველები მთელ მსოფლიოში?! კობახიძემ იმაზეც დაიწყო საუბარი, რომ ამერიკელები ქართველ ახალგაზრდებს ვიზებზე უარს ეუბნებიან და ცუდები არიან. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები რომ ესმოდეთ აბონ ციციაშვილს და საბჭოთა საქართველოს დროინდელ "მოამბის" წამყვანებს, ძალიან შეშურდებოდათ. ამათ საბჭოთა პროპაგანდისტებსაც კი აჯობეს.
- მამუკა მდინარაძემ ასეთი რამ განაცხადა: "პუტინის დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვდა ყველა: ამერიკელები, ევროპელები, მაგრამ სანქციების მოხსნის შემდეგ ამბობენ, რომ ჩვენ დავაწესოთ. 2008 წლის ომი ომად არ მიაჩნიათ და თურმე მხოლოდ უკრაინის ომია ომი".
- ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სიღარიბისგან თავის დაღწევა და თავისუფლება სურს თუ გულში მჯიღის ცემა, ბოღმიანი ლაპარაკი და სიღატაკეში ცხოვრება. ყველამ კარგად იცის, ვინ შეაჩერა 2008 წელს რუსული სამხედრო აგრესია. ვინც არ იცის, შევახსენებ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოში სამხედრო ინტერვენცია დაიწყო, შავ ზღვაში შემოსული ამერიკული სამხედრო გემიდან თბილისისკენ გამოფრინდა ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული თვითმფრინავი და ამის შესახებ ვაშინგტონმა ოფიციალურად აცნობა მოსკოვს. აი, ამან გააჩერა რუსული აგრესია 2008 წელს. ამიტომ იმაზე ლაპარაკი, სად იყო დასავლეთი 2008 წლის აგვისტოში, ანტიდასავლური რიტორიკაა და სხვა არაფერი. რომელ ჭკუათმყოფელს ჰგონია, რომ საქართველო სამყაროს ცენტრია და როდესაც რა მოგვესურვება, ყველამ ის უნდა ვაკეთოთ?! ან რა ლოგიკაში ჯდება, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები ყველას ჭკუას არიგებენ?! ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსაც მისწვდნენ და შეთქმულებასა და კორუფციაში დაადანაშაულეს იმის გამო, რომ გაბედეს და ქართველი მოსამართლეები დაასანქცირეს. ვისაც ასეთი სისულელეებისა და ტყუილების დაჯერება სურს, ნება მათია. სამწუხაროდ, ასეთებიც გვყავს ქართველებს.
- გეოპოლიტიკა ერთია, მაგრამ ამასობაში ახლოვდება 2024 წლის არჩევნები. ხელისუფლების რიტორიკა თუ ოპოზიციონერი ლიდერების შეცდომები საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ოპოზიციის მიმართ უნდობლად განაწყობს. ამაზე მეტყველებს ბოლოდროინდელი კვლევები. პარტია "ლელოს" თუ აქვს იმედგაცრუებული ამომრჩევლის გულის მოგების გეგმა და სტრატეგია?
- პოლიტიკური პარტია არის დროებითი ორგანიზაცია, რომელიც ვიღაცისთვის მისაღებია, ვიღაცისთვის კი მიუღებელი. მუდმივი კატეგორიაა ქვეყნის თავისუფლება, განვითარება, დემოკრატიული პრინციპების უზრუნველყოფა. 8-9 მარტს მე ვნახე ქუჩაში გამოსული ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგული იყვნენ და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს ეს ხალხი და მათ ხმებს, თუ რომელიმე პარტია ან პარტიები მოიპოვებენ, გაინაწილებენ და კოალიციურ მთავრობაში შეაგროვებენ. ამაზე საუბარი ნაადრევია. ერთი რამ ცხადია - ამ ქვეყანაში აღარ, ვეღარ გამოჩნდება მორიგი ვარსკვლავბიჭუნა, რომელიც მოსახლეობის ნახევარზე მეტს ერთი პარტიის მხარდასაჭერად მოიყვანს საარჩევნო ურნასთან. მომავალი კოალიციური მთავრობისაა. მომავალი კოალიცია შედგება იმ ადამიანების რჩეული ძალებისგან, რომლებსაც სურთ და სჯერათ, რომ საქართველო იქნება ისეთივე წარმატებული და ძლიერი, როგორიც შავი ზღვის იქით არსებული ქვეყნები არიან. "ლელო" არ ეუბნება თავის ამომრჩეველს, მე ვარ და სხვა არავინო. "ლელო" ამბობს, კარგად გაიხედ-გამოიხედეთ, ნახეთ, რა ხდებოდა იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევის დროს, შარლ მიშელის შეთანხმების დროს, ვინ რა პოზიციაზე იყო და არისო. დინამიკაში უნდა დავინახოთ, ვის ვანდობთ ქვეყანას, შვილების მომავალს, იმის მიხედვით კი არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ერთ კონკრეტულ მომენტში ვინ აგვიჩქროლა ძარღვებში სისხლი და მოგვტაცა მზერა. ასეთი ემოციები შეიძლება გამოვხატოთ პოპულარული მომღერლის მიმართ, პოლიტიკურ პარტიებს კი გონებით უნდა დავუჭიროთ მხარი.
ხათუნა ბახტურიძე