ქართველმა "სპეცებმა" ამერიკელ კოლეგებთან ერთად ზღვის სანაპიროზე დესანტირებაში წაივარჯიშეს... - კვირის პალიტრა

ქართველმა "სპეცებმა" ამერიკელ კოლეგებთან ერთად ზღვის სანაპიროზე დესანტირებაში წაივარჯიშეს...

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მზადების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, როგორც წესი, მწირია, რაც არც არის გასაკვირი, რადგან ნებისმიერი ქვეყნის "სპეცები" (როგორც მათ შემოკლებით უწოდებენ) ცდილობენ ძალიან არ "გააპიარონ" მათი სპეციფიკური მოქმედებების ხერხები და ილეთები.

ამიტომაც ყურადღებას იქცევს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია, რომ გაიმართა საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სპეციალური დანიშნულების ჯგუფისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET).

სამკვირიანი სწავლების განმავლობაში პირადმა შემადგენლობამ სხვადასხვა სასწავლო კომპონენტში: სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება, სანაპირო ზოლში რეიდი, ჩასაფრება, იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლა - მოქმედების უნარები განავითარა და პრაქტიკული სავარჯიშოები შეასრულა. დასკვნით ფაზაში გაიმართა საჩვენებელი სწავლება: ოპერაცია მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიაზე მაღალი ღირებულების სამიზნის გათავისუფლებასა და უსაფრთხო ევაკუაციას ითვალისწინებდა.

სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო პარტნიორებთან, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებულ ერთობლივ გაცვლით წვრთნებს (JCET) რეგულარულად ატარებენ. სწავლებების მიზანია ელიტურ ქვედანაყოფებს შორის გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის გაზრდა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.

ამ ოფიციალური ენის უკან დგას მრავალწლიანი მუდმივი წვრთნები და სწავლებები, რომლებიც შეიძლება არცთუ შთამბეჭდავი ჩანს როგორც პოლიგონზე ნაჩვენები ტანკების შეტევებით, სროლებით თუ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების დივიზიონის ასობით რაკეტის ერთდროული ზალპით, მაგრამ "სპეცებს" თავიანთი კონკრეტული საბრძოლო ამოცანები აქვთ და თუკი მათ ერთი გასროლის გარეშეც წარმატებით შეასრულებენ, პირიქით, ეს მათ უმაღლეს "პილოტაჟზე" მიუთითებს.

რუსეთ-უკრაინის ომმა რამდენიმე ბოლო თვეა, მართალია, პოზიციური ბრძოლების სახე მიიღო (სანამ უკრაინელები გენერალურ კონტრშეტევას წამოიწყებენ), მაგრამ "ერთ ადგილას ომშიც" კარგად ჩანს "სპეცების" მოქმედებების ეფექტიანობა როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

"სპეცები", მიუხედავად უდიდესი საფრთხისა, მაინც შედიან "ნაცრისფერ ზონაში" (რომელზეც არც ერთ მხარეს არა აქვს დამყარებული კონტროლი და ორმხრივი სროლის სამიზნეა), ასევე გადიან "ნულზე" (ბრძოლის წინა ხაზი), საიდანაც შეაღწევენ მოწინააღმდეგის ზურგში მოენეს შესაპყრობად და შტაბში უვნებლად მისაყვანად (რაც ურთულესი ამოცანაა), რათა მისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია "ამოიღონ"...

ერთ "კარგ" სადაზვერვო-დივერსიულ რაზმს ხშირად ბევრად მტკივნეული დარტყმის მიყენება შეუძლია მოწინააღმდეგისთვის, ვიდრე შუბლა შეტევაზე გადასულ სატანკო ასეულს და ამიტომაც მისასალმებელია, რომ საქართველოში თავდაცვის ძალების გარდა, შსს-ს, სასაზღვრო პოლიციას, სანაპირო დაცვას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურს ჰყავთ ისეთი "სპეცები", რომელთა მომზადების დონე და აღჭურვა დიდად არ ჩამოუვარდება წამყვანი ქვეყნების ანალოგიურ სპეცდანაყოფებს, ზოგისას კი შეიძლება მთელი თავითაც სჯობდეს.

პატარა საქართველოს არ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ სატანკო დივიზიები თუ საარტილერიო კორპუსები შეინახოს და მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავდეს. სამაგიეროდ, შესაბამისი სპეციფიკის "სპეცების" მაღალ დონეზე მომზადების სახსრები ყოველთვის გამოიძებნება. მთავარია, იყოს სახელმწიფოს ნება და ყურადღება, ოღონდ კადრების მოძებნა, გაზრდა, ღირსეულების დაწინაურება, უღირსების დროულად მოშორება, ყოველთვის აქტუალურ თემად დარჩება, იმის აუცილებლად გათვალისწინებითაც, რომ გარიყული და გაბრაზებული ყოფილი "სპეცი" ძალიან საშიშ იარაღად შეიძლება გადააქციოს პირადი შურისძიებისა და დიდი ფულის უკანონოდ მოპოვების სურვილმა.