ბახმუტის დაპყრობამ "ვაგნერს" წირვა გამოუყვანა...
21 მაისის დილიდან რუსეთის მთელი პროპაგანდა ბახმუტის სრულ დაპყრობას ზეიმობს, რის შესახებაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა პრიგოჟინმა ოფიციალურად განაცხადა და უკვე მოასწრო თვით პრეზიდენტ პუტინის მილოცვის მიღებაც კი...
რუსებისგან განსხვავებით, უკრაინის ოფიციალური პირები ჯერჯერობით უარყოფენ ბახმუტის სრულ დაკარგვას და პირიქით იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ უკრაინული საბრძოლო დანაყოფები ბახმუტს ფლანგებიდან - ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან უვლიან და ბახმუტში მყოფი „ვაგნერელები“ შეიძლება საერთოდ ალყაშიც კი მოამწყვდიონ...
თუ რომელი მხარეა მართალი, ძალიან მალე გამოჩნდება, მაგრამ როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და დიდი ალბათობით, ბახმუტი მართლაც მთლიანად დაეცა, მით უმეტეს, რომ „ვაგნერელებს“, მხოლოდ რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსი და კერძო სახლები ჰქონდათ დასაპყრობად დარჩენილი ბახმუტის დასავლეთ ნაწილში...
ბახმუტს რუსები პირველად 2022 წლის 4 აგვისტოს მიადგნენ, ხოლო 8 ოქტომბრიდან ამ უკრაინულ ქალაქზე შეტევაში უკვე „ვაგნერი“ ჩაერთო მთელი ძალებით.
„ვაგნერს“ 224 დღე და ღამე დასჭირდა საწადელის მისაღწევად და ამისთვის უდიდესი ფასი გაიღო, რაც, ფაქტობრივად, „ვაგნერის“ სულის ღაფვაში გადაიზარდა, რის გამოც, პრიგოჟინი 25 მაისიდან „ვაგნერის“ ფრონტის ხაზიდან მოხსნას, ზურგში გაყვანას, დასვენებასა და ძალების აღდგენას გეგმავს.
მაგრამ შეინარჩუნებს კი რუსეთის რელურული არმიის დანაყოფები ბახმუტს, „ვაგნერის“ გარეშე, თუკი უკრაინის არმიამ შეპირებული ფართომასშტაბიანი კონტრშეტევები წამოიწყო მთელ ფრონტზე?
ფაქტია, რომ ბახმუტის ბრძოლის ცხრა თვემ ორივე მხარეს უდიდესი საბრძოლო დანაკლისი მიაყენა პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის სახით, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობა.
საერთო ჯამში, არც რუსი ოკუპანტებისთვის და არც უკრაინის დამცველებისთვის არ წარმოადგენდა ბახმუტი ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქს, რომლისთვისაც თვეობით ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ასე რომ შესკდომოდნენ.
მაგრამ ამ შემთხვევაში, წმინდა სამხედრო პრაგმატიზმი, პოლიტიკურმა ამბიციებმა გადაწონეს, როგორც მოსკოვში, ისე - კიევში...
რუსეთის ხელისუფლებას სურდა, ერთი ახალი უკრაინული ქალაქი მაინც დაეპყრო ხარკოვისა და ხერსონის მიმართულებებიდან სამარცხვინო გამოქცევის შემდეგ, ხოლო კიევში ასევე ჯიუტად მოითხოვდნენ უკრაინის გენშტაბიდან, რომ კიდევ ერთი ახალი უკრაინული ქალაქის დათმობას, მას შემდეგ, რაც ხერსონი გაათავისუფლეს, ვერც უკრაინის მოქალაქეები და ვერც - დასავლელი პარტნიორები ვერ გაუგებდნენ და ახსნიდნენ...
შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა - მიწასთან გასწორებული ბახმუტი, მართალია, რუსმა ოკუპანტებმა დაიპყრეს, მაგრამ მთავარი ბრძოლები მგონი, ახლა იწყება...
ამაზე მეტყველებს უკრაინის არმიის საარმიო კორპუსების თავმოყრა და კონტრშეტევების დასაწყებად გამზადება უშუალოდ ფრონტის ხაზის სიახლოვეს, სხვადასხვა მონაკვეთში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გენერალური კონტრშეტევები ხერსონის,ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში შეიძლება ერთდროულად დაიწყოს, რის შემდეგაც, ბახმუტისთვის უკვე ნაკლებად ეცლებად...
და მაინც, ბახმუტისთვის მრავალთვიანი ქუჩის ბრძოლები, მსოფლიო ომების ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი შეიარაღებული დაპირისპირება, რომელშიც მოწინააღმდეგე მხარეები იყენებდნენ განსაკუთრებული დამანგრეველი ძალის მქონე იარაღს საკუთარი მიზნების მისაღწევად.
შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ასეთი დიდი წვალებითა და მძიმე დანაკლისით, ბოლოს და ბოლოს დაპყრობილი ბახმუტი რუსმა ოკუპანტებმა საერთოდ... რამდენიმე საათშიც კი სრულიად უბრძოლველად დათმონ, თუკი უკრაინელები ფრონტის ამ მონაკვეთზე წარმატებული კონტრიერიშების სერიას განახორცილებენ და სხვა ტერიტორიებთან ერთად, მრავალტანჯული ბახმუტის ნანგრევებსაც გაათავისუფლებენ...