"როდესაც პატივს არ სცემ ადამიანს, როგორ შეიძლება გიყვარდეს ცხოველი?!" ანუ, კიდევ ერთხელ, ჩვენი უკიდურესი დამოკიდებულებების შესახებ
ამასობაში, ჩემი მეგობრის ბავშვი დაგლიჯეს ძაღლებმა ველოსიპედით სეირნობისას.
მეკითხება: „რაღად გვინდა ველობილიკები, თუ ბავშვის გაშვების მეშინია?“
საერთოდ, ცხოველთმოყვარულობა, რატომ ასოცირდება მხოლოდ ძაღლებთან? - ვფიქრობ.
თქვენი შვილები ფეხბურთის ბურთად კუს რომ იყენებენ, მაინც ცხოველთმოყვარული გქვიათ თუ ძაღლი ლოგინში გიწევთ?
საიდან ამდენი აგრესია? - "ცხოველთმოძულეებს გაუკარით სახლის კარზე, იქნებ დაწყნარდნენ", "მათი პატრონები უნდა გამოამწყვდიო თავშესაფარში, ან აუკრა პირი ალიკაპით“, "რატომ მიგყავთ ქუჩის ძაღლი, რამე დააშავა?..."
ანაც: „კარგი, უკბინა. რა ვქნათ ახლა, ძაღლები დავსაჯოთ?"...
ამ კომენტარების, თავდასხმის, სტრესის და წნეხის ფონზე (რაც ამ დღეებში მივიღე) არ მაქვს იმედი, რომ ვინმე ადეკვატურად და საფუძვლიანად ფიქრობს აღნიშნულ საკითხზე.
ევროპაში, ძაღლის კი არა, ადამიანის რომ შემშინებოდა, ზედმეტი კონფლიქტისა და მიზეზის გარეშე, რომელიც დისკომფორტს შემიქმნიდა სამსახურში, მენეჯერი გაარკვევდა, საიდან მოდის ეს შიში, ხომ არ არის ირიბი ზეწოლა, ხომ არ მოქმედებს შენი მუშაობის პროდუქტიულობაზე და ყველაფერს გააკეთებდა, რომ არც ერთი არ დავზარალებულიყავით და ჩემთვის პირობები შეექმნა.
ჩემს ქვეყანაში კი, სხვადასხვა მხრივ, ათასი ადამიანი მესხმის. რატომ დადე პოსტი? რატომ თქვი პრობლემაზე? ძაღლების გაქრობა გინდა? ამოვწყვიტოთ?
ცხოველთმოყვარულობა, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ დაიცვათ არა მხოლოდ ძაღლის, არამედ, ყველას უფლება. მე თუ ძაღლი მიყვარს, ეს არ ნიშნავს, რომ არ მაინტერესებდეს შენი დაკბენა, ან ფობია.
უკვე მერამდენე ადამიანისგან ვიგებ, რომ ვითომ "ცხოველთა უფლებების დამცველები" არაერთი უცხოური ორგანიზაციიდან ფინანსდებიან და იმ თანხების დაკარგვა არ უნდათ. სავარაუდოდ, ეს ხდით მათ ასე არაადეკვატურს.
ერთი საინტერესო ამბავი: ბორჯომში ერთი ღარიბი კაცი ცხოვრობდა. არ აინტერესებდა ძაღლები... ბოლოს მიიკედლა რამდენიმე. „გააპიარა“ თავისი „გულმოწყალება“ და სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიიღო თანხები. ეს ვრცელი ისტორიაა, ამ ე.წ. სიყვარულის საფუძველზე როგორ წამოჭიმა ორსართულიანი სახლი და... მერე, წარმოიდგინეთ ასეთი ადამიანის რეაქცია.
ისევ ევროპული ცხოვრების მაგალითს მოვიყვან. მშურს, როგორ შეუძლიათ ნებისმიერი პრობლემა აქციონ განხილვის საგნად! რატომ წამოიჭრა? რა გამომრჩა? როგორ შევამსუბუქო არსებული ვითარება? რა შევცვალო განვითარებისთვის? როგორ გავხადო მოქალაქე ინფორმირებული?.. და, არა - დაზარალებულს ხმა არ ამოაღებინო... შესაძლოა, მილიონები არ მქონდეს და უცბად პრობლემა ვერ მოვაგვარო, მაგრამ...
რად უნდა მტკიცება იმას, რომ საერთო სარგებლობის ქუჩები, სკვერები და სათამაშო მოედნები უსაფრთხო უნდა იყოს, პირველ რიგში, ბავშვებისთვის და ყველასთვის. რად უნდა მტკიცება იმას, რომ ყველა პატრონს ძაღლი კანონის მორჩილებით უნდა დაჰყავდეთ ქუჩაში და სწორედ კანონმა უნდა განსაზღვროს, როდის და სად გამოიყენოს ალიკაპი და საბელი. რად უნდა მტკიცება იმას, რომ ვინც არ უნდა იყო, შენი ნებაა, რაც გინდა, ის გიყვარდეს, მაგრამ აგრესია არ გამოხატო.
არც, სიძულვილის დროს!
ვიღაცას შესაძლოა სძულდეს, ან ეშინოდეს რომელიმე ცხოველის, მაგრამ აგრესიისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს და ყველა უნდა მოიქცეს კანონის შესაბამისად.
სიძულვილი არ ნიშნავს - ვაწამო ცხოველი!
რად უნდა მტკიცება იმას, რომ ნებისმიერი წამება და დაზიანება მკაცრად უნდა ისჯებოდეს. რად უნდა მტკიცება იმას, რომ მიუსაფარი ძაღლები უნდა იყვნენ თავშესაფარში. ხშირად უნდა ხდებოდეს აღრიცხვა, სტერილიზაცია-კასტრაცია, რომ შეჩერდეს მათი გამრავლება, თორემ ორ წელიწადში ქალაქში უკვე ოთხჯერ მეტი ძაღლი იქნება! - ჰკითხეთ სპეციალისტებს.
რად უნდა მტკიცება იმას, რომ შესაბამისმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება. დიახ, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო დაზიანების შემთხვევაში. არ ვიცი, რა მოვიმოქმედო აგრესიული ცხოველის დანახვის შემთხვევაში, როგორ ავირიდო უსიამოვნო ინციდენტი. დიახ, არ ვიცოდი, როდესაც ჩემი ძმის გამოგლეჯილი ფეხი ვნახე, რომ პირველადი დახმარება საპნით მობანაა. ყველაფერს ხომ ცოდნა უნდა.
რა პრობლემაა, რომ გამოეკრას საინფორმაციო ფურცლები უბნებში საჭიროების შემთხვევაში! რად უნდა მტკიცება იმას, რომ ყველა საკითხს უნდა რეგულირება და ერთიან წესში მოქცევა. რად უნდა ამას ირონია და ცინიზმი?!
დღეს, ჩემს ძმას მაღალი სიცხე აქვს და ცოფის მორიგი აცრა გადაიდო. ბევრს ვეღარაფერს ვიტყვი.
უბრალოდ, გთხოვთ, გულისყურით წაიკითხეთ წმინდა მამების დამოკიდებულება ცხოველებისადმი:
ამბა ისააკი ამბობს: "ლმობიერი გული, ესაა ადამიანის ამაღლება ყოველგვარ ქმნილებაზე. მათ შორის, ცხოველებზეც, თვით დემონებზეც კი... სულიერი ადამიანი თავის სიყვარულს ჯერ ღმერთს უძღვნის, მერე - ადამიანებს, ხოლო სიყვარულის ნარჩენებს უნაწილებს ცხოველებსა და ყოველგვარ ქმნილებას. ეს საღვთო სიყვარული განეცხადება ცხოველებსაც. ველურ მხეცებსაც კი შეუძლიათ გაარჩიონ მათი მოყვარული ადამიანი მონადირისაგან...“
მამა პაისი ამბობს, ასეთი ხატიც არსებობს, სადაც გამოსახულია ადამი სამოთხეში - ცხოველებთან ერთად. სამოთხის მადლის კეთილსურნელებას ცხოველებიც გრძნობდნენ. მამა თეოფილაქტე ველურ მხეცებთან მეგობრობდა. ისინი მის სიყვარულს გრძნობდნენ და საჭიროების შემთხვევაში მის სენაკშიც კი შედიოდნენ.
„ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა - თავისი პატრონის ბაგა. მათ შეიცნეს, ვინ იწვა ბაგაში და ამიტომ ათბობდნენ მას თავიანთი სუნთქვით! ანდა, ის სახედარი?! რაოდენი პატივი ხვდა წილად - ეგვიპტემდე იტვირთა ქრისტე!“
მამა პაისი ამბობს: „ არ ვიცი რას ნიშნავს გამოავლინო სიყვარული რაიმეს ან ვინმეს მიმართ! ჩვენში არის სიყვარული და გვამხელს ჩვენ - აი, ეს უკვე სიმართლეა! და, როდესაც შენ არ შეგიძლია ყური მიუგდო სხვის ტკივილს, თანაუგრძნო მას - იქ სიყვარული არ არის. როდესაც პატივს არ სცემ ადამიანს, როგორ შეიძლება გიყვარდეს ცხოველი?!...“
ყველა ძაღლს ვუსურვებ ჰყავდეს ნორმალური პატრონი. ყველა ადამიანს ვუსურვებ ჰყავდეს პასუხისმგებლობიანი პირები სათავეში.