"თურქეთში კეფკენ ბაბალიში მემორიალის გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ე.წ. ოფიციალური დელეგაცია დაესწრება" - კვირის პალიტრა

"თურქეთში კეფკენ ბაბალიში მემორიალის გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ე.წ. ოფიციალური დელეგაცია დაესწრება"

პარტია „ლელოს“ გენერალური მდივნის, გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, თურქეთში კეფკენ ბაბალიში გამართულ მემორიალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას აფხაზეთის ე.წ. ოფიციალური დელეგაცია დაესწრება, რომლის შემადგენლობაში ე.წ. პარლამენტარები და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იქნებიან.

გეგელია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს მოუწოდებს, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„სამწუხარო და შემაშფოთებელია ცნობა, იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთში კეფკენ ბაბალიში გამართულ მემორიალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება აფხაზეთის ე.წ. ოფიციალური დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ე.წ. პარლამენტარები და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იქნებიან.

რამდენადაც მუხაჯირობა რუსეთის იმპერიის მიერ იქნა პროვოცირებული და მნიშვნელოვანია ისტორიულ მახსოვრობაში მისი ადგილი, საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, ე.წ. ოფიციალური დელეგაციების ღონისძიებებზე ვიზიტი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენულობის შელახვას.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთ-კავკასიის ომის მსხვერპლთა მემორიალი, რომელიც თურქეთში გაიხსნება, თურქეთის ქოჩაელის მუნიციპალიტეტის ჩართულობითა და თანამონაწილეობით გახდა შესაძლებელი. შესაბამისად, ბუნებრივად იბადება კითხვები ამ საკითხის ირგვლივ თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციაზე და გამოითხოვონ თურქეთის ოფიციალური პოზიცია ხსენებულ საკითხზე.

ბუნებრივია, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ თურქეთის რესპუბლიკა, როგორც საქართველოს მეზობელი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, იმედით მოველით, რომ თურქული მხარე კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის ტრადიციულ პოზიციებს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

Ipn