"დიდი შვიდეულის" წლევანდელი სამიტი "უსიყვარულო ლიდერების კლუბად" გადაიქცა" - NYT - კვირის პალიტრა

"დიდი შვიდეულის" წლევანდელი სამიტი "უსიყვარულო ლიდერების კლუბად" გადაიქცა" - NYT

ამერიკულმა გაზეთმა "ნიუ-იორკ თაიმსმა" (The New York Times) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "დიდი შვიდეულის" წლევანდელი სამიტი "უსიყვარულო ლიდერების კლუბად" გადაიქცა, რომელსაც დაბალი რეიტინგები აქვს" (ავტორი - პიტერ ბეიკერი).

"დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ჰიროსიმაში 19-21 მაისს სამდღიან სამიტზე იყვნენ შეკრებილები, განსხვავებებთან ერთად, ერთი რამ აერთიანებთ: არც ერთი მათგანი არ სარგებლობს პოპულარობით ამომრჩევლებში. შესაბამისად, მათი ამჟამინდელი შეხვედრა თითქოს "მარტოხელა გულების კლუბის" წევრთა სამიტად გადაიქცა, სადაც მათ ერთმანეთისათვის თავიანთი, შიდაპრობლემების გაზიარებაც შეუძლიათ.

"ისინი დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან არიან, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, სხვადასხვა იდეოლოგიას წარმოადგენენ, სხვადასხვა ასაკის არიან (43 წლიდან 80 წლამდე), მაგრამ შაბათ-კვირას იაპონიაში შეკრებილ ლიდერებს ერთი რამ აერთიანებდათ: თავიანთ სამშობლოში ისინი მაინცდამაინც პოპულარულები არ არიან".

ჯო ბაიდენისა და მისი კოლეგებისათვის, რომლებიც მსოფლიოს წამყვან და განვითარებულ ქვეყნებს მეთაურობენ, "დემოკრატიული უკმაყოფილების" ეპოქა დადგა, როცა ამომრჩევლები, როგორც ჩანს, თავის მიერვე არჩეული პრეზიდენტებით და პრემიერ-მინისტრებით უკმაყოფილონი არიან.

ყოველი ლიდერი სხვადასხვა მიზეზით რთულ სიტუაციაში იმყოფება, მაგრამ არის საერთო პრობლემები, რომლებიც ხაზს უსვამენ თავისუფალი საზოგადოების სიმყიფეს ღრმა პოლიტიკური და კულტურული უთანხმოებების ეპოქაში. ამის გამო ჰიროსიმას სამიტი, ერთ-ერთი ექსპერტის, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის - ჯონ კირტონის გამოთქმით, "მარტოხელა გულების" შეხვედრად იქცა, სადაც ისინი ერთმანეთს თავიანთ გულისტკივილს უზიარებენ და ბჭობენ, თუ როგორ მოიპოვონ ან აღიდგინონ ელექტორატის კეთილგანწყობა.

"შრომით დაღლილი" ლიდერების რამდენიმე დღით "სახლიდან წასვლა", კოლეგებთან შესახვედრად, მათთვის ერთგვარ სულის მოთქმას წარმოადგენს და იმის შანსსაც, რომ შემდეგ ამაყად აჩვენონ საკუთარი მიღწევები, შეასრულონ ისეთი სახელმწიფო ლიდერის როლი, რომელიც ისტორიას ქმნის".

კომპანია Morning Consult-ის მიერ სამიტის წინა დღეებში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მსოფლიოს მხოლოდ 22 ქვეყნის ლიდერს აქვს 50%-ზე მეტი რეიტინგი საკუთარ ქვეყანაში. ასეთია: ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, შვეიცარიის პრეზიდენტი ალენ ბერსე, მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს ობრადორი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე და სხვები.

მაგრამ რაც შეეხება "დიდი შვიდეულის" ლიდერებს, მათგან ვერც ერთი ლიდერი ვერ სარგებლობს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით. კოლეგებთან შედარებით უფრო მეტი პოპულარობა აქვს ჯორჯა მელონის, იტალიის პრემიერ-მინისტრს, რომელიც შარშან, შემოდგომაზე აირჩიეს და რომელსაც 49%-იანი რეიტინგი აქვს. მას მოსდევენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი - 42%-ით, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო - 39%-ით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი - 34%-ით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი - 33%-ით და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა - 31%-ით. "დიდი შვიდეულის" წევრთაგან ყველაზე მეტადაა "დაჩაგრული" საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი - მას პატივს სცემს და მხარს უჭერს ფრანგების მხოლოდ... 25%.

"ჩემი აზრით, გამოკითხვების ასეთი დაბალი შედეგები იმ მზარდ პოლარიზებას ასახავს, რომელიც რიგი ქვეყნების საზოგადოებაში არსებობს", - ამბობს მაიკლ აბრამოვიჩი, დემოკრატიის შემსწავლელი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის - "ფრიდომ ჰაუსის" (Freedom House) ხელმძღვანელი, - "დღეს ჯო ბაიდენმა ვაშინგტონისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ოქროს ფილაქნებიც რომ დააგოს, იმდენად არაპოპულარულია, რომ ქვეყნის ნახევარი მაინც არ მოიწონებდა. რასაკვირველია, დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებმა საქმე ავტორიტარებზე უკეთესად უნდა გააკეთონ".

მაიკლ აბრამოვიჩის მტკიცებით, "დიდი შვიდეულის" წევრთა პოლიტიკური პრობლემები იმავდროულად იმის დადასტურებასაც წარმოადგენს, რომ დემოკრატია მუშაობს: "ავტორიტარი ლიდერებისაგან განსხვავებით, თუ დემოკრატი ლიდერები თავიანთ საქმეს და მოვალეობას ვერ ასრულებენ, მათ არჩევნების დროს ხმას აღარ მისცემენ. ანგარიშგება - ეს დემოკრატიის ძალაა და არა - სისუსტე". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ