ბაიდენმა ზელენსკისგან ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიის არდაბომბვის გარანტიები მიიღო... - კვირის პალიტრა

ბაიდენმა ზელენსკისგან ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიის არდაბომბვის გარანტიები მიიღო...

საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე საბოლოოდ დაყაბულება ამერიკის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების პროცესის მორიგ პიკად იქცა, რამაც, წესით, მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს უკრაინის არმიის საბრძოლო შესაძლებლობები, როგორც საჰაერო სივრცის დასაცავად, ისე - ზუსტი საჰაერო დარტყმების მისაყენებლად რუსი ოკუპანტების სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებზე...

ეს ყველაფერი შეუძლიათ F-16 Fighting Falcon-ის ტიპის ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებს, განსაკუთრებით კი - მათ თანამედროვე მოდიფიკაციებს, თუმცა თავდაპირველად უკრაინის საჰაერო ძალები, სავარაუდოდ, უფრო მოძველებულ F-16-ების ერთ-ორ ესკადრილიას თუ მიიღებენ ნატოს წევრი იმ ევროპული ქვეყნებიდან (ნიდერლანდებიდან, დანიიდან, ბელგიიდან...), რომლებსაც ისედაც ჰქონდათ გადაწყვეტილი ამ, მეოთხე თაობის ამერიკული F-16-ების ჩანაცვლება თანამედროვე, მეხუთე თაობის F-35-ებით.

მიუხედავად ამისა, შედარებით მოძველებული F-16 -ების პარკიც, უკრაინელ პილოტებს საშუალებას მისცემს, არა მარტო თავისი ქვეყნის ცაში შეებრძოლონ და ჩამოაგდონ რუსი ოკუპანტების მიერ გამოშვებული ფრთოსანი „კალიბრები“ და კამიკაძე „შაჰიდები“, არამედ - საპასუხო „გასეირნებაც“ შეძლონ იმ მეზობელი რუსეთის ცაშიც, რომელიც მეორე წელია, უმოწყალოდ ბომბავს უკრაინის ქალაქებს...

და, აი, სწორედ ეს ფაქტორი აღელვებთ თეთრ სახლში და ამიტომაც აქამდე წელავდნენ უკრაინელებისთვის ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის გადაცემაზე თანხმობას, სანამ...

სანამ იაპონიაში, ჰიროსიმში გამართულ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე სტუმრის რანგში მიპატიჟებულმა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი პირადი შეხვედრისას არ დაარწმუნა, რომ უკრაინის არმია გადაცემულ ამერიკულ იარაღს არ გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმების განსახორციელებლად!

ვაშინგტონში, ისევე, როგორც ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში, ძალზე ფრთხილობენ, რომ უკრაინისთვის დახმარების სახით გადაცემული დასავლური შეიარაღების მორიგი პარტიის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რაიმე არაორდინარული ნაბიჯი არ გადადგას, იქნება ეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის ტერიტორიაზე თუ სხვა სერიოზული სამხედრო პროვოკაცია, მიმართული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ...

2-pgt-1684742814.png
აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინელი კოლეგისგან - ზელენსკისგან მიიღო იმის მტკიცე გარანტია, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ ამერიკული იარაღი არ იქნება გამოყენებული უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ...

ასეთ სიფრთხილეს დასავლეთი იჩენდა უკრაინის არმიისთვის ჯერ ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინებისა“ და საზენიტო „სტინგერების“ გადაცემისას, შემდეგ - 155 მმ-იანი ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარების და თვით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების - „ჰაიმარსების“ მიწოდებისას და ბოლოს - „ლეოპარდისა“ და „ჩალენჯერის “ ტიპის ტანკების უკრაინაში ჩატანისას.

მაგრამ საბრძოლო თვითმფრინავები სულ სხვაა, მათი გამოყენებით ბევრად უფრო მტკივნეული დარტყმების მიყენება შეეძლება რუსეთზე. კიევში, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო წრეებში ყოველთვის იქნება იმის დიდი ცდუნება, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინული ქალაქების მორიგი დაუნდობელი დაბომბვის შემდეგ, შურისძიების მიზნით, F-16-ების გამოყენებით საპასუხო დარტყმები მიაყენონ რუსეთის ქალაქებს - ბრიანსკს, კურსკს, ბელგოროდს, ვორონეჟს, როსტოვს ან სულაც თვით მოსკოვს...

ეს კი დიდი, მართლაც უდიდესი - მესამე მსოფლიო ომის დაწყების საწინდარიც კი შეიძლება გახდეს, რაც, ბუნებრივია, არც აშშ-ში სურთ და არც ევროპაში, რადგან რუსეთის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის ფაქტის წინაშე დამდგარი და კუთხეში მიმწყვდეული პუტინი რაზე წავა, არავინ იცის, მით უმეტეს, რომ კრემლიდან არა ერთხელ გაუჟღერებიათ - თუკი არ იქნება რუსეთი, დაე, აღარც მსოფლიომ იარსებოსო...

ეს გარემოებაა იმის მიზეზიც, რომ თეთრი სახლი, ასევე, ფეხს ითრევს უკრაინის არმიისთვის 300 კმ-მდე მფრენი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების იმ ბალისტიკური რაკეტების გადაცემაზე, რომელთა გაშვებაც „ჰაიმარსების“ სარაკეტო დანადგარებიდან შეიძლება - მართალია, უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრიდან მოსკოვის ცენტრამდე, კრემლამდე, პუტინის სამუშაო კაბინეტამდე უმოკლესი პირდაპირი მანძილი 450 კმ-ია და მას ეს ბალისტიკური რაკეტა ვერ მისწვდება, მაგრამ ის, სამაგიეროდ, უპრობლემოდ „ფარავს“ იმ რუსულ სამხედრო აეროდრომებს (პირველ რიგში კი, ვორონეჟის „ბალტიმორის“ საჰაერო ბაზას), საიდანაც აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები რაკეტებს უშვებენ და ბომბებს აგდებენ უკრაინის ტერიტორიაზე...

თავად განსაჯეთ, როდესაც უკრაინის საჰაერო თავდაცვას აქვს ოპერატიული ინფორმაცია (არადა დასავლეთის თანამგზავრული, საჰაერო და აგენტურული დაზვერვის მეოხებით, უკრაინელ მეზენიტეებს ბოლო პერიოდში ასეთ „ფუფუნებაზე“ სწრაფი წვდომის საშუალება გაუჩნდათ), რომ იმავე ვორონეჟის „ბალტიმორიდან“ აფრენილმა რუსული საფრონტო ბომბდამშენების - Су-34-ების წყვილმა გეზი უკრაინის ხარკოვის მიმართულებით აიღო ( რომელიც რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან მხოლოდ 30 კმ-ითაა დაშორებული) და უკრაინის ცაში შეუფრენლად, უშუალოდ რუსეთის საჰაერო სივრციდან ხარკოვისკენ „ჰაერი-მიწა“ კლასის Х-59Т ტიპის მართვადი რაკეტების გაშვებას აპირებენ, როგორ უნდა მოუთმინოთ გულმა, რომ უკრაინის ცაში მოდარაჯე F-16-ის პილოტს უკრაინულ ქალაქზე თავდამსხმელი რუსული ბომბდამშენების მიმართულებით AIM-120 AMRAAM ტიპის „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტების სროლა არ უბრძანონ?

მაგრამ სწორედ ამას - რუსეთის საჰაერო სივრცეში, ხმელეთზე და წყალზე ამერიკული იარაღის მკაცრად გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვდა და მიიღო თავისი უკრაინელი კოლეგისგან აშშ-ის პრეზიდენტმა...

მაგრამ აქაც არის ერთი დიდი ნიუანსი - კრემლი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიად მიიჩნევს არა მარტო 2014 წელს ანექსირებულ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულს, არამედ - 2022 წელს ოკუპირებულ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილებსაც!

მაშინ რა გამოდის?

თუკი დღეს უკრაინის არმია თავს იცავს ბახმუტთან თუ ავდეევკასთან, ის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „იბრძვის“ და პირიქით - უკრაინას აქვს „ოკუპირებული“ კრამატორსკი და სლოვიანსკი, რომელთა „განთავისუფლებასაც“ რუსეთის არმია ბახმუტის შემდეგ აპირებს?

საბედნიეროდ, ასე მხოლოდ მოძალადე რუსეთის ხელისუფლებაში თვლიან. დასავლეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მწვანე შუქი აუნთეს ქვეყნის მთელი ტერიტორიის დეოკუპაციისთვის და ისინი ყირიმის ნახევარკუნძულს უკრაინის კუთვნილებად მიიჩნევენ, თუმცა კიევს, ასევე, მკაცრად სთხოვენ, რომ მათი მხრიდან გადაცემული რაკეტები და ბომბები რუსეთის ფედერაციის ქალაქებში არ აფეთქდეს...