"რუსულმა სამთავრობო არხმა საქართველოს ქალაქებს შორის სოხუმიც აჩვენა, ეს გააზრებული პროვოკაციაა - ქართველებს ცრუ მოლოდინი გაუჩინეს, აფხაზები კი გააღიზიანეს" - კვირის პალიტრა

"რუსულმა სამთავრობო არხმა საქართველოს ქალაქებს შორის სოხუმიც აჩვენა, ეს გააზრებული პროვოკაციაა - ქართველებს ცრუ მოლოდინი გაუჩინეს, აფხაზები კი გააღიზიანეს"

რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ სეპარატისტული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზეც დაიწყო საუბარი. პრორუსი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხიც აქტიურად დადგება დღის წესრიგში. ვის ინტერესებშია დღეს სეპარატისტული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, რა სარგებელი ან პრობლემა შეიძლება მოუტანოს ამან ჩვენს ქვეყანას? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- პროცესების განვითარების ლოგიკა გვკარნახობს, რომ მალე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხიც დადგება. ვფიქრობ, რომ უფრო ადრე, ნიადაგის მოსინჯვის მიზნით, დღის წესრიგში დადგება სოჭიდან ფოთამდე ან ბათუმამდე საზღვაო ტრანსპორტის ამოძრავება. ერთი შეხედვით, რუსეთს აფხაზეთის რკინიგზა სავაჭრო თვალსაზრისით აღარ უნდა სჭირდებოდეს, იმიტომ, რომ თავის დროზე უკვე ააწყო ჩრდილოეთ-სამხრეთის ლოჯისტიკა აზერბაიჯანის გავლით და დღეს აზერბაიჯანი-ირანის გავლით უკავშირდება ინდოეთს. თუმცა საქართველოსა და სომხეთზე გამავალი რკინიგზა უფრო აწყობს, ძალიან ბევრი მიზეზის გამო. მართალია, მოსკოვმა უკრაინაში შეჭრამდე ბაქოსთან სამეკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ აზერბაიჯანი რუსეთს ბევრ რამეში, მაგალითად, ყარაბაღის საკითხში ანგარიშს არ უწევს. ის უფრო თურქეთის საყრდენად მოიაზრება, სამხრეთ კავკასიაში. ამასთან, რკინიგზის გახსნა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს აფხაზეთს და რუსეთსაც ასეთი ძვირი აღარ დაუჯდება ამ რეგიონის შენახვა. მოსკოვს დღეს აფხაზეთის შენახვა ძალიან ძვირი უჯდება. ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფრენების აღდგენა იქნება ეს თუ საზღვაო და სარკინიგზო მარშრუტები, ყველაფერი კეთდება პოლიტიკური პროვოკაციის კონტექსტში.

- რას გულისხმობთ?

- ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო მაქსიმალურად დისტანცირებული იყოს ევროკავშირისგან. გავიხსენოთ, რა ნაბიჯები გადადგა პუტინმა უკრაინასთან მიმართებით და ისიც გავითვალისწინოთ, რომ, ძირითადად, ყოველთვის ერთი და იმავე ლოგიკით მოქმედებს. რატომ დაიწყო უკრაინული „მაიდანი“?! იმიტომ, რომ უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე. ეს მოულოდნელი იყო, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე - თავად უკრაინელი ხალხისთვის იმიტომ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე არსებობდა, წინამდებარე დოკუმენტი ხელმოწერილი იყო და უცებ იანუკოვიჩმა პოზიცია შეიცვალა. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, თუ რა დივიდენდებს დაჰპირდა პუტინი იანუკოვიჩს და თან, რა ტიპის მუქარის ფონი გასდევდა ამ ამბავს, ე.ი. მუქარაც იყო და დივიდენდებიც. დივიდენდი იყო 15 მილიარდი დოლარი, ეტაპობრივად, უკრაინის განვითარებისათვის, მუქარის შინაარსი კულუარებში დარჩა. „მაიდანი“ დაიწყო, იანუკოვიჩი გაიქცა და რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. ახლა ანალოგიურ პროცესს იწყებს მოსკოვი საქართველოში. ფრენების აღდგენა იყო თაფლაკვერი - საქართველოსთვის. ამ დღეებში მათრახის პრინციპი გამოიყენა მოლდოვაში - 14 მაისს გაგაუზიაში (ადმინისტრაციული ერთეული, მოლდოვას სამხრეთში) არჩევნები გაიმართა, სადაც გამოკვეთილად პრორუსულმა ძალამ, „შორიმ“ გაიმარჯვა. ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსეთი საკუთარი მიზნების მისაღწევად ერთდროულად მიმართავს მოთაფვლის, დაშინების და დაშანტაჟების მეთოდებს. დღეს ჩვენ ფრენების აღდგენითა და სავიზო რეჟიმის გაუქმებით უკვე გადმოგვიგდო თაფლაკვერი... ახლა ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ვეცადოთ, ოქროს შუალედი დავიცვათ. აბსოლუტურად მესმის „ქართული ოცნების“, თუ რატომ ცდილობს სიტუაციის დაბალანსებას. უარის თქმაზე ადვილი არაფერია, მაგრამ ჩვენ ახლა საერთო გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ.

- დასავლელი პარტნიორების ლანძღვა-გინებასაც გეოპოლიტიკური ვითარება მოითხოვს?

- რიტორიკულ კითხვას დავსვამ - დასავლელ პარტნიორებს ლანძღავენ თუ ცალკეულ ინდივიდებს?

- ამ ცალკეული ინდივიდებისგან შედგება პოლიტიკური სპექტრი.

- სხვა კუთხით შევხედოთ ამ საკითხს. 17 მაისს ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი გაიმართება, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენ ვნახეთ ვიდეო, სადაც ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერის - ოლაფ შოლცისა და საფრანგეთის პრეზიდენტის - მაკრონის შუაში ზის. თქვენც ხომ იცით, რომ ასეთ ღონისძიებებში ადგილები წინასწარ არის გადანაწილებული? ეს უბრალო ამბავი არ არის, ისევე, როგორც უბრალო ამბავი არ არის სტრასბურგის გადაწყვეტილება (უარი სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანაზე). სტრასბურგის სასამართლოს მიკერძოებაზე ვერავინ ვერაფერს იტყვის, ყველამ იცის, რომ დღეს მსოფლიოში პოლიტიკური კონიუნქტურა მუშაობს. შეიძლება ვიღაცებმა, ქართული მთავრობიდან, საკუთარ თავს უფლება მისცენ, გაუთავებელ კინკლაობაში ჩაებან ფოტიგასთან და დეგნანთან (პირადად მე ეს სულაც არ მომწონს), მაგრამ ეს ხალხი არ ქმნის მსოფლიო პოლიტიკას. მსოფლიო პოლიტიკას ვინც ქმნიან, ისინი არ ჩანან.

- მთავარ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე ქართველი ხალხის რეაქციამ რა დასკვნები შეიძლება გამოატანინოს პუტინს და როგორი შეიძლება იყოს მისი მორიგი ნაბიჯი?

- ავიამიმოსვლის აღდგენამ ქართველ საზოგადოებაში სხვადასხვა სახის განწყობა გამოაჩინა. მე ერთის მეშინია - ქართველი ხალხის ნაწილს იმედი მიეცა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ხელს არ შეუშლის. ეს არის ცრუ მოლოდინი, ეს არ მოხდება, გამორიცხულია! რუსეთი უკან მხოლოდ მაშინ დაიხევს, როდესაც დამარცხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, თუ რა რეაქციები გამოიწვია პუტინის გადაწყვეტილებამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით აფხაზეთში. ისინი არიან უაღრესად გაღიზიანებულები და შეშინებულები. იცით, ყველაზე მეტად აფხაზები რამ გადარია? როდესაც რუსული სამთავრობო არხი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით სიუჟეტს გადმოსცემდა და საქართველოს ქალაქებს შორის სოხუმიც აჩვენეს. ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული და წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია - ქართველებს ცრუ მოლოდინები გაუჩინეს, აფხაზები კი გააღიზიანეს. ქართული პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლება იქნება ის თუ ოპოზიცია, საკითხს უნდა მიუდგეს ისე, როგორც რუსეთის მიერ დაგეგმილ პოლიტიკურ პროვოკაციას.

- თქვენ ისაუბრეთ, იმ დივიდენდზე, რასაც მოსკოვი იანუკოვიჩს ევროინტეგრაციაზე უარის სანაცვლოდ დაჰპირდა. როგორი შეიძლება იყოს პუტინის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დაპირებული დივიდენდები?

- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკური პრეფერენციები. დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენთვის მეზობლებთან ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საომარ ვითარებაშია და, წესით, ამისთვის არ უნდა ეცალოს, შეუძლია კონფრონტაციული ველი შექმნას საქართველოში - ერთი მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიების, განსაკუთრებით - ცხინვალის მხრიდან, რომელიც ერთ დიდ სამხედრო ბანაკად არის ქცეული და, მეორე მხრივ, ეკონომიკური თვალსაზრისით. სამწუხაროდ, მოსკოვს ჩვენზე ზემოქმედების დიდი ბერკეტები აქვს. რუსეთს არ უნდა, რომ მის საზღვრებთან ევროკავშირის და მით უფრო - ნატოს წევრები იყვნენ და ეს რომ ასე არ მოხდეს, ყველაფერს გააკეთებს. საქართველოს კი, ისევე როგორც უკრაინას, რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შეიძლება დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე არ ვართ, მაგრამ ძალიან სერიოზულ გეოპოლიტიკურ სუბიექტს წარმოვადგენთ. დიდ პოლიტიკას ვერ ვქმნით, მაგრამ რუსეთს კი ვეჩხირებით ყელში, როგორც სამხრეთის, ასევე - დასავლეთის მიმართულებით. ეს უნდა გავიაზროთ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საქართველო გეოპოლიტიკური სუბიექტიდან გეოპოლიტიკურ მოთამაშედ იქცეს, მაგრამ ამისთვის სხვა ტიპის პოლიტიკის კეთებაა საჭირო, რისი უნარიც ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს არ აქვს.

- გასაგებია, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, უფრო სწორად - ხელისუფლებას დიდი პოლიტიკის კეთების უნარი არ აქვს, მაგრამ როდესაც რუსეთის მიერ შემოთავაზებულ დივიდენდებზე ვსაუბრობთ, ნუთუ შეიძლება, ვერ ამოიცნონ პუტინის ზრახვები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ცრუ მოლოდინების შექმნასთან დაკავშირებით?

- ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება ძალიან კარგად ხვდება პუტინის ზრახვებს, მაგრამ უჭირთ ამ სირთულეებისთვის თავის გართმევა. საქმე ისე მარტივად არ არის, როგორც ოპოზიცია ლაპარაკობს და ყველაფერს „ქართული ოცნების“ პრორუსულობით ხსნის. ვინ შეარჩენს ჩვენს ხელისუფლებას იმ ნაბიჯებს, რომელიც უკვე გადადგა ან ახლა დგამს ევროინტეგრაციას კუთხით?! ვინ შეარჩენს ღარიბაშვილს რეიკიავიკის სამიტში მონაწილეობას, შოლცისა და მაკრონის შუაში ჯდომას და იმ განცხადებებს, რაც იქ გააკეთა? თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სწორედ რეიკიავიკის სამიტის შემდეგ გააქტიურდა პუტინი საქართველოს მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე ამბებიც. რუსების მიერ ბახმუტის (უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინული ძალები ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილში ზოგიერთ შენობას კვლავ აკონტროლებენ - რედ.) დაკავებამ გარკვეულწილად შეცვალა პოლიტიკური ვითარება. 15 მაისს ზელენსკი ჩინეთის ელჩს შეხვდა, შემდეგ დაესწრო G7-ის სამიტს და, ზოგადად, მოიარა ნახევარი მსოფლიო. ძალიან აქტიური პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. საქართველოს თემაც ამ კონტექსტშია. პროვოკაცია პროვოკაციაზეა მოსალოდნელი. დღევანდელი გეოპოლიტიკა ნამდვილი ჭადრაკის დაფაა, რომელზეც ძალიან სერიოზული და აქტიური თამაში მიმდინარეობს. ქართველებს ახლა ძალიან დიდი სიფრთხილის და სიბრძნის გამოჩენა გვმართებს. პროცესში მხოლოდ ხელისუფლება კი არა, საზოგადოებრივი რესურსიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული. სამწუხაროდ, ამას მმართველი გუნდი არ აკეთებს. მეორე მსოფლიო ომის დროს ვიღაცამ წინააღმდეგობა გაუწია მტერს, ვიღაც მაშინვე დანებდა. სხვადასხვა სვლები გათამაშდა. საფრანგეთის და ინგლისის ლიდერების დიდმა ნაწილმა, მათ შორის - ერის მამებად წოდებულებმა, უკან დახევა არჩიეს, მაგრამ ჩერჩილმა და დე გოლმა არ დაიხიეს, კონტრთამაში წამოიწყეს და გაიმარჯვეს კიდეც. გასაგებია, რომ საქართველო ამ წონის ქვეყანა არ არის და არც ჩერჩილის და დე გოლის მსგავსი პოლიტიკოსები გვყავს, მაგრამ ახლა არც კრემლში არიან ასეთი პოლიტიკოსები და არც რუსეთია დღეს ისეთი ძლიერი, როგორიც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე