უკრაინული ტანკი რუსულ სასაზღვრო პუნქტში შეიჭრა - "რუს მოხალისეთა კორპუსი" პუტინის ხელისუფლებას რუსულ ქალაქში თავს დაესხა...
ბოლო ორი საათია, უკრაინულ და რუსულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლებშიც კარგად მოჩანს რუსეთის ფედრაციის ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონში მდებარე რუსი მესაზღვრების სასაზღვრო პუნქტზე ტანკისა და ჯავშანმანქანების თავდასხმის კადრები, ასევე, უშუალოდ ამ სასაზღვრო პუნქტში მოკლული რუსი მესაზღვრე, ხოლო კადრს მიღმა ვიდეოგადამღები კომენტარს აკეთებს, რომ ისინი "რუს მოხალისეთა კორპუსიდან" არიან და გაანადგურებენ პუტინის რეჟიმის ყველა მომსახურეს, რუსეთში დიქტატურის დასამხობად...
"რუს მოხალისეთა კორპუსის" სახელით, შეიარაღებული ჯგუფების წევრებმა აქამდეც გაავრცელეს თითქმის ანალოგიური ვიდეოკადრები, როდესაც 2 მარტს უკრაინის საზღვრიდან ხუთიოდე კმ-ში, რუსული ბრიანსკის ოლქის სოფელში, 45-კაციანი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გამოჩნდა, რომელმაც სროლით გული იჯერა, ააფეთქა გაზის გამანაწილებელი სადგური, დაცხრილა როსგვარდიის მობილური ჯგუფის ჯავშანმანქანა და, რაც მთავარია, ამ რუსულ სოფელში გადაიღო პროპაგანდისტული ვიდეოები იმის დასადასტურებლად, რომ ეს ოპერაცია სწორედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩაატარა და უდანაკარგოდ დატოვა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი...
დღეს, 22 მაისს, ბევრად უფრო მასშტაბურ ოპერციასთან გვაქვს საქმე და მას მხოლოდ სადაზვერვო-დივერსიულს ვერ დავარქმევთ, რადგან ამჯერად "რუს მოხალისეთა კორპუსი" რუსეთის საზღვრისპირა ტერიტორიაზე შეტევისთვის იყენებს ტანკს და ჯავშანმანქანებს და მისი მებრძოლები დაფიქსირებულნი არიან უკვე დასახლებული პუნქტის, კოზინკის ქუჩებში, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან სამიოდე კმ-ის სიღრმეში მდებარეობს...

ჩვენ გავათავისუფლეთ კოზინკი, ეს მხოლოდ ჩვენი მოწინავე საბრძოლო ჯგუფებია, მივიწევთ წინ, რუსეთი თავისუფალი იქნება! - ამ სახის ვიდეოკადრებს ავრცელებენ სოციალურ ქსელებში "რუს მოხალისეთა კორპუსის" ის წევრები, რომლებიც ამ წუთებშიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებენ...
რუსეთის ხელისუფლება ასეთ "თავხედურ" და მოულოდნელ თავდასხმას შეიძლება, ნაკლებად მოელოდა (არადა პრიგოჟინიც და სტრელკოვიც პუტინს ამის შესახებ აფრთხილებდნენ, თავიანთ ღია გამოსვლებში) და ბელგოროდის ადგილობრივი მთავრობა, სამხედროებთან ერთად, შეიძლება პირველ წუთებში დაიბნა, მაგრამ შემდგომ ავიაცია და არტილერია ჩართეს თავდამსხმელების მოსაგერიებლად - რუსული შვეულმფრენები, ფაქტობრივად, სახლების სახურავების თავზე დაფრინავენ "სტინგერებით" ჩამოგდების შიშით, რითაც კიდევ უფრო აფრთხობენ ადგილობრივ მოსახლეობას...
რა თქმა უნდა, "რუს მოხალისეთა კორპუსის" ეს შეიარაღებული ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ტანკითა და რამდენიმე ჯავშანმანქანითაა აღჭურვილი, ვერ გაუწევს სათანადო წინააღმდეგობას მოგვიანებით მობილიზებულ რუსულ საარმიო დაჯგუფებას და თავს ისევ უკრაინის ტერიტორიას შეაფარებს...
მაგრამ, ეს უკვე მეორე და ბევრად უფრო სერიოზული განაცხადია "რუს მოხალისეთა კორპუსის" მხრიდან, რომელიც, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეებითაა დაკომპლექტებული და რუსეთში პუტინის რეჟიმის ძალისმიერი გზით ჩამოგდების არა მარტო იდეით გამოდის, არამედ - პრაქტიკულადაც ცდილობს ამის შესრულებას...
გასაგებია, რომ "რუს მოხალისეთა კორპუსის" შექმნაში, შეიარაღებასა და გაწვრთნაში უკრაინულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს მონაწილეობა, განსაკუთრებით კი - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ, მისი უფროსის, გენერალ ბუდანოვის ხელმძღვანელობით, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, მორიგ რეიდში, "რუს მოხალისეთა კორპუსის" მებრძოლებს თან ახლდათ "კრაკენის" სპეცრაზმელებიც, რომლებიც უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტატში არიან...
პუტინის რუსეთს უკან უბრუნდება ის, რისი "დათესვაც" უკრაინაში სცადა და რუსეთში საკმაოზე მეტად მოიპოვებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც ეზიზღებად პუტინის 23-წლიანი გაუთავებელი რეჟიმი, მაგრამ შიშის გამო აქამდე ხმას ვერ იღებდნენ, მაგრამ უკრაინის ფრონტზე რუსეთის არმიის "ბუქსაობის" ფონზე, ბევრმა მათგანმა შეიძლება სურვილი გამოთქვას, გაერთიანდეს "რუს მოხალისეთა კორპუსში", თანაც თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე და მათ მიერ განხორციელებული მასობრივი საბოტაჟი პუტინის "მუდმივ" რეჟიმს მართლაც წყალს შეუყენებს...
ბლოგი განახლებადია