დაუსრულებელი კონფლიქტის დასასრული? - სომხეთი მზადაა ყარაბაღის აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად აღიარებისთვის - კვირის პალიტრა

დაუსრულებელი კონფლიქტის დასასრული? - სომხეთი მზადაა ყარაბაღის აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად აღიარებისთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ფაშინიანმა მართლაც რომ ისტორიული განცხადება გააკეთა და არა მარტო სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის - სომხეთი მზადაა აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა 86 600 კვ.კმ-ის ფართობში, რომელშიც, ასევე, შედის მთიანი ყარაბაღიც, სამაგიეროდ აზერბაიჯანმა უნდა სცნოს სომხეთის ტერიტორიული სუვერენიტეტი 29 800 კვ.კმ-ის ფართობში...

ფაქტობრივად, ერევანი ბაქოს მოუწოდებს, შეთანხმდნენ 1991 წლის ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში არსებულ საზღვრებზე, რაზეც აზერბაიჯანი სამი ათეულ წელი ოცნებობდა, მას შემდეგ, რაც 1992-94 წლებში სომხებმა შეძლეს სრული კონტროლის დამყარება არა მარტო ყოფილ „მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქზე“, არამედ მათ ხელს აზერბაიჯანის კიდევ შვიდი რაიონი „მიაყოლეს“, ბუფერულ ზონებად...

2020 წლის 44-დღიან ომში გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანმა დაიბრუნა ეს შვიდივე რაიონი და კონტროლი დაამყარა ყარაბაღის დიდ ნაწილზეც, მაგრამ დანარჩენ ყარაბაღში დარჩენილ სომხებს იარაღი არ დაუყრიათ და არც ტანკები ჩაუბარებიათ ჯართში, პირიქით, კონფლიქტის ზონაში რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების ჩაყენების შემდეგ (რაზეც იმ მომენტში ალიევი პუტინს ვერ შეეწინაღმდეგებოდა) ყარაბაღის კონფლიქტი, ფაქტობრივად, „გაიყინა“ და ასე წლები გაგრძელდებოდა, რომ არა პრეზიდენტ ალიევის ძალზე გააქტიურება თურქი კოლეგის, ერდოღანის მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის ფონზე...

გამომდინარე იქიდან, რომ ყარაბაღში ჩამდგარი რუსი ე.წ. სამშვიდობოების თვალწინ აზერბაიჯანის არმია ღია შეტევას ვერ დაიწყებდა სტეპანაკერტელ სომხებზე, ბაქომ უფრო ეშმაკურ ხერხს მიმართა - ჯერ ეკოაქტივისტებს ნახევარი წლით ჩააკეტინა შუშასთან ლაჩინი-სტეპანაკერტის საავტომობილო გზა აზერბაიჯანის ბუნების ეკოლოგიის დაცვის საბაბით, შემდეგ კი სომხეთიდან აზერბაიჯანის საზღვარზე გადასასვლელ ხიდზე, ლაჩინის დერეფნის დასაწყისში, მოულოდნელად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გახსნა, რითაც სრულ კონტროლზე აიყვანა სომხეთიდან სტეპანაკერტისკენ მიმავალი მგზავრებისა და ტვირთების ნაკადი.

ამით, ფაქტობრივად, გამოირიცხა სომხეთიდან ყარაბაღელი სომხებისთვის დამატებითი საბრძოლო მასალისა და მით უმეტეს - სამხედრო ტექნიკის მიწოდება, რამაც სრულიად არაპერსპექტიული გახადა ყარაბაღელი სომხების მიერ წარმატებული თავდაცვითი ბრძოლების წარმოება აზერბაიჯანის სტეპანაკერტზე შეტევის დაწყების შემთხვევაში.

უფრო მეტიც, ყარაბაღის ბოლო ომში გამარჯვებულ აზერბაიჯანს ტერიტორიული პრეტენზიები უკვე იქით გაუჩნდა სომხეთის მიმართ, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის უქონლობის გამო და აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სასაზღვრო ბოძები ასეულობით მეტრით, დასავლეთით, სომხეთის ტერიტორიაზე გადააჩოჩეს...

სომხეთის ახლანდელმა ხელისუფლებამ, გააანალიზა რა შექმნილი სიტუაცია, პირველ რიგში ის, რომ პუტინის რუსეთმა სომხეთის სტრატეგიული ინტერესები „გაყიდა“ 2020 წლის ყარაბაღის ბოლო ომის დროს და ერევანს არ აღმოუჩინა სათანადო სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა, როგორც რუსეთის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, პრემიერმა ფაშინიანმა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების ძებნა დასავლეთში, კერძოდ კი - აშშ-სა და საფრანგეთში დაიწყო, სადაც ისტორიულად ძლიერია სომხური ლობი.

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამასწინათ გამართულ რამდენიმედღიან მოლაპარაკებებზე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მიღწეული იქნა ის ისტორიული გადაწყვეტილება, რაც ფაშინიანმა ოფიციალურად გააჟღერა - აღარ გვინდა ომი, სომხეთი ცნობს აზერბაიჯანს ყარაბაღიანად და აღარ გვაქვს პრეტენზია ყარაბაღში მეორე, „პატარა სომხეთის“ შექმნაზეო...

თუმცა ფაშინიანი იმასაც აყოლებს, რომ აუცილებლად გარანტირებული უნდა იყოს ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოება და - დაცული მათი უფლებები, რისთვისაც ბაქო პირდაპირ უნდა მოელაპარაკოს სტეპანაკერტსო...

მაგრამ პრეზიდენტი ალიევი არ წავა ბაქო-სტეპანაკერტის პირდაპირ მოლაპარაკებებზე, რადგან ის არ ცნობს სტეპანაკერტელი სომხების რაიმე სახის ხელისუფლებას - ყარაბაღში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოსახლეობა ან იღებს აზერბაიჯანის მოქალაქეობას და აგრძელებს იქ ცხოვრებას, როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერი სხვა მოქალაქე, ან ტოვებს ყარაბაღს და სხვაგან ეძებს საცხოვრებელს - არაორაზროვნად, ყველასთვის გასაგებად განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ამ საკითხში ოფიციალური ბაქო არავითარ დათმობაზე არ წავა და ამას კარგად ხვდებიან ერევანში, მაგრამ სტეპანაკერტელი სომხები, რა თქმა უნდა, დიდ პროტესტს გამოთქვამენ, ოფიციალურ ერევანს „დიდი სომხეთის“ შექმნის ისტორიული იდეის მარცხში ადანაშაულებენ და ბრძოლის გაგრძელებით ემუქრებიან ბაქოს, მაგრამ დიდი ანალიზი არ უნდა იმას, რომ ყარაბაღელი სომხები, შეიარაღებული წინააღმდეგობის განახლების შემთხვევაში, უბრალოდ, განწირულები იქნებიან და მათ ვერც იქ მყოფი რუსი ე.წ. სამშვიდობოები დაიცავენ - ჯერ ერთი აზერბაიჯანელებმა იგრძნეს ქვეყნის სრული ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივის სიახლოვე და ამ შანსს ხელიდან აღარ გაუშვებენ და მეორეც - უკრაინასთან ომის ჭაობში ღრმად ჩაფლულ პუტინის რუსეთს მალე შეიძლება „ყარაბაღური სამხედრო-პოლიტიკური თამაშებისთვის“ (რაც კრემლმა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1987-88 წლებიდან დაიწყო) აღარ ეცალოს, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს თავად რუსეთი...

ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტის მოახლოების შემყურე, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი დიდი სატკივარი - რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი გვახსენდება, რომელთა დაბრუნება ბევრად უფრო რთული იქნება და ძირითად დამოკიდებულია რუსეთში პუტინის რეჟიმის მდგომარეობაზე და იმაზეც, ქართველი ერი მზადაა თუ არა გაიღოს სისხლი (როგორც ეს ყარაბაღის ბოლო ომში გასამარჯვებლად აზერბაიჯანის ერმა გააკეთა) ომებით დაკარგულის ომებით დასაბრუნებლად...