"სახლის უკანა ეზოში დიდი ორმო გათხარა, შიგ რკინის ყუთი ჩადგა და იქ გადამალა წიგნები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია" - რატომ დადიოდა იოსებ გრიშაშვილი ქუჩაში ბაწრებით და რატომ ეძახდნენ ფირუზას? - კვირის პალიტრა

"სახლის უკანა ეზოში დიდი ორმო გათხარა, შიგ რკინის ყუთი ჩადგა და იქ გადამალა წიგნები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია" - რატომ დადიოდა იოსებ გრიშაშვილი ქუჩაში ბაწრებით და რატომ ეძახდნენ ფირუზას?

ხარფუხს წლების წინ ვესტუმრე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იოსებ გრიშაშვილის უნიკალური ბიბლიოთეკა ნადგურდებოდა, წყალი ჩამოდიოდა, კედლები ინგრეოდა, უნიკალური ექსპონატები ფუჭდებოდა. იოსებ გრიშაშვილის შთამომავალი, გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის ხელმძღვანელი ნოდარ გრიგორაშვილი ჩემთან საუბრისას წუხდა, - ვის აღარ მივწერე ბიბლიოთეკის შესახებ და არავინ მეხმარებაო... ავდექი და გაზეთში დავწერე, ძალიან დიდი გულისტკივილით. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ჩემმა წერილმა გამოიღო ნაყოფი. ვიღაც მისულა ამ გაზეთით ხელში და უთქვამს, ბიძინა ივანიშვილის ბანკიდან ვართ და ჩვენ დაგეხმარებითო. ამბის გაგრძელება აღარ ვიცი, აღარც რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა-მუზეუმი მინახავს, საზღვარგარეთ წავედი.

წლების შემდეგ, ახლაღა ვესტუმრე იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმს. უკვე გაკეთებულს, მომცინარე სახით შემომხვდა ბატონი ნოდარი. მთელი საღამო ძველი, მაგრამ თბილისური ცხოვრებისთვის საინტერესო ამბები გავიხსენეთ.

ეს ადგილი ხარფუხში ხომ გასული საუკუნის ათიანი წლებიდანვე იყო ცნობილი. ორ-სართულიანი, შუშაბანდიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა იოსებ გრიშაშვილი. ალბათ, არავინ იცით, რომ უბანში ფირუზას ეძახდნენ. მთელ ქვეყანაში კი მას „წიგნის კაცის“ სახელი დარჩა.

ნაკლებ გემახსოვრებათ ის ამბები, რომ "ფირუზას" ანუ იოსებს მამა ადრე გარდაეცვალა, დედა სხვაზე გათხოვდა და მარტო იზრდებოდა. რამდენიმე წელი ისწავლა სკოლაში და ობოლი ბიჭი, რომელსაც საშუალო განათლების მოწმობაც არ ჰქონდა, შემდგომში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოსი და საქართველოს სახალხო პოეტი გახდა. მთავარი კი ის არის, რომ მან თავი მოუყარა უიშვიათეს წიგნებს და შექმნა ისეთი სოლიდური ბიბლიოთეკა, რომლის მსგავსი საქართველოში არ არის.

„შორს არისო, არავინ თქვას! საჭიროებისამებრ ადამიანი ლენინგრადში და სხვა ქალაქებში მიემგზავრება და წიგნის გასაცნობად ხარფუხში ვერ ამოვა?“ - ასე ამბობდა, თურმე, პოეტი, - გვეუბნება ბატონი ნოდარი. მართლაც, თუ ვინმეს უნდა ნახოს სასურველი წიგნი, ქართული ჟურნალი თუ გაზეთი, ესტუმროს იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმს.

22132-1684841736.jpg

პოეტის სიცოცხლეშივე დაიწყო მისი დიდი სურვილის განხორციელება. ამის შესახებ საკუთარ ანდერძში ერთი პარაგრაფი დაურთო. ეს იყო მისი ნაღვაწის ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის შედგენა. დღეს ის არსებობს, რაც ერთობ მისასალმებელია.

- ბატონო ნოდარ, აქ, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია: წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების ამ ზღვაში უმრავლესობას შენიშვნა ან მინაწერი აქვს, რაც საინტერესო ამბებს შეიცავს, არა?

- გეთანხმებით, ასეთი ბევრია და თითოეული საკუთარ ისტორიას გვიყვება. აი, მაგალითად, 1956 წელს გამოცემულ ვაჟა-ფშაველას თხზულებათა მეშვიდე ტომის ფორმატზე მიწერილია: „306 გვ. ჩემთვის“ ქაღალდით ჩანიშნულ გვერდზე დასტამბულია ვაჟა-ფშაველას „მცირე შენიშვნა“. ამაზე იოსებ გრიშაშვილი წერს: „1910 წელს, მე და ვაჟა მიგვიწვიეს ქუთაისში ილიას საღამოზე. აქ მე წავიკითხე ლექსი, რომელიც ასე თავდებოდა: „ოღონდ მგოსანს ნუ მოჰკლავთ მეორედ..“

ვაჟა-ფშაველასა და იოსებ გრიშაშვილის ჩასვლას ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ხსოვნის საღამოში მონაწილეობისთვის, დიდი მითქმა-მოთქმა გამოუწვევია, რის პასუხადაც არის დაბეჭდილი ვაჟა-ფშაველას ღრმა შინაარსის წერილი სახელწოდებით „მცირე შენიშვნა“.

ასეთი ამბავი ბევრია. ერთ საღამოს, რომელსაც ოლივერ უორდროპი ესწრებოდა (ის თავისი დის, მაჯორის ანდერძისამებრ გულითადად მეგობრობდა ქართველ საზოგადოებასთან) გაზეთ "საქმეში“ გამოქვეყნებულ „ღალღას“ წერილს განიხილავდნენ. ვაჟა-ფშაველა სანდრო კავსაძეს შეხვედრია და დიდად მოხიბლულა მისი სიმღერით. არავინ იცის, რომ ვაჟას სანდრო კავსაძისთვის ლექსიც აქვს მიძღვნილი. გრიშაშვილის მინაწერით ვიგებთ, რომ ფსევდონიმ „ღალღას“ ამოფარებული ყოფილა სოციალ-დემოკრატი გრიგოლ ურატაძე და ილიას შესახებ მისი მკვლელობიდან სამი წლის თავზე კვლავ ცილისწამებას ავრცელებდა....

3233-1684843278.jpg
იოსებ გრიშაშვილის საწერი მაგიდა

- ბატონო ნოდარ, ალბათ, აღარ შემორჩა თაობა, ვინც მოწმე არის იოსებ გრიშაშვილი როგორ „მოინადირებდა“ წიგნს და მოჰქონდა სახლში. ყოველთვის თან ჰქონდა მცირე ბლოკნოტი, ფანქარი და ბაწრები.

- დიახ, მართალს ბრძანებთ, ბაწრები სულ თან დაჰქონდა. რა უცნაური იყო ვანქის ბაზარი! რამდენი ქუჩა ეჭირა. ქუჩაში გაფენილი იყო გაზეთები, ფარდაგები, ჭილობები. გამოტანილი იყო ჭურჭელი და ტანსაცმელი, ომებში მიღებული ჯილდოები, ძველი ნივთები... და ამ ფონზე, აქ იყო წიგნებიც - მრავალ ენაზე.

ამ ბაზარმა დააწერინა პოეტს ლექსი: „ქვევით, ბაზარზე, კვირადღით, ვანქთან, მტვრიან ქუჩებში, დამპალ ჰავაზე, წონით ვიყიდე ექვსი გირვანქა: შოთა, აკაკი და ჭავჭავაძე...“

ვანქის ბაზრიდან - ხაზინასთან და ქაშვეთის ტაძართან, შემდეგ რუსთაველზე, ყველგან შევიდოდა, აარჩევდა, ბაწრით შეკრავდა და ხშირად ორი-სამი შეკვრა წიგნით ამოვიდოდა ხარფუხში და შეუდგებოდა მათ „გამოშიგვნას“ (ეს პოეტის გამოთქმა იყო და ნიშნავდა წიგნის საფუძვლიან წაკითხვა-შესწავლას). ჩაიხედეთ მისი ბიბლიოთეკის კატალოგში, გადაფურცლეთ ასობით კაბადონი და იქ ნახავთ გრიშაშვილისეულ მეთოდს წიგნის კითხვისას.

323-1684843760.jpg
იოსებ გრიშაშვილის საძინებელი ოთახი

- როგორ ფიქრობთ, თვითმიზანი იყო პოეტისთვის კოლექციონერობა?

- არა, არ იყო ასე. თვითმიზანი კი არა, იგი თავის ბიბლიოთეკას თვლიდა ისეთ სიმდიდრედ, რომელიც მომავალ თაობებს გამოადგებოდა, ამიტომ თითოეულ წიგნზე, ჟურნალსა თუ გაზეთზე მრავალი ძვირფასი ცნობა დაუტოვებია. ბევრი იმუშავა ცენზურისგან დამახინჯებული ტექსტების აღდგენაზე.

ბიბლიოთეკაში თავმოყრილია „ვეფხისტყაოსნის“ ყველა ქართული გამოცემა და პოემის ყველა თარგმანი. საზღვარგარეთ დასტამბული წიგნები. ისეთი წიგნებიც ინახება, რომლის მფლობელებიც ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, ვაჟა-ფშაველა, შიო არაგვისპირელი, შიო მღვიმელი და სხვა მსგავსი ადამიანი ყოფილა.

წიგნებთან ერთად დაცულია 800-ზე მეტი გრამოფონის ფირფიტა, ათობით სათეატრო აფიშა, 350-ზე მეტი თბილისის ყოფისა და კულტურის ამსახველი ნივთი... ყველაფერს ვერ ჩამოთვლის კაცი. თხუთმეტი წლის ყოფილა, პირველი წიგნი რომ შეუტანია სახლში. ასეთი უნიკალური წიგნები საბჭოთა ცენზურას ვერ გადაურჩებოდა, რომ არა მისი მოხერხებულობა. სახლის უკანა ეზოში დიდი ორმო გათხარა, შიგ რკინის ყუთი ჩადგა და იქ გადამალა არა ერთი წიგნი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია..

333-1684843622.jpg

- აქვე გაკრულ პოეტის ლექსს წავიკითხავ: „წიგნს შევწირე მე ოჯახი, გამიჩინა გულს იარა. მთხოვე, რაც გსურს, მთხოვე, რაც გსურს, პერანგს მოგცემ, წიგნს კი - არა..“ ამ უნიკალური წიგნების გატანა რომ არ შეიძლება, ვიცი, მაგრამ დაინტერესებული საზოგადოება მაინტერესებს თანამედროვე თბილისში...

- არა, დაინტერესება არის. ცოტა ხნის წინ, ვიდრე თქვენ გიმასპინძლებდით, ირანელი გოგოც იყო და მთელი გულისყურით დაათვალიერა მუზეუმი, მერე თავის ენაზე სამახსოვრო წიგნში რაღაც ჩაწერა. ქართულენოვანი სტუმრებიც, ადგილობრივები თუ ჩამოსულები, არც თუ ცოტანი მოდიან.

თუ ქალაქში ძველ წიგნს ვერ იპოვიან, აქ მოდიან, ასე რომ, წიგნის წასაკითხადაც დადის ხალხი და მუზეუმის დასათვალიერებლად ძველი ამბების გასახსენებლად.

- ეს ერთობ მახარებს, ბატონო ნოდარ. მადლობა გულთბილი მიღებისთვის.

ნინო ცხვარაშვილი სპეციალურად „კვირის პალიტრისთვის“