"ფრთხილად, პედოფილია! "პედოფილები წარსულში თვითონაც იყვნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი"
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 46 არასრულწლოვანი გახდა. მათგან, გაუპატიურების მსხვერპლი 6 მოზარდი იყო, 40 კი - სხვა სახის სექსუალური ძალადობისა! არანაკლებ შემზარავია გასული წლის სტატისტიკაც: 2022 წელს საქართველოში 29 მოზარდი გააუპატიურეს, სულ, ქვეყანაში, სექსუალური ძალადობის 578 შემთხვევა დაფიქსირდა.
რა უნდა ვიღონოთ ამ შემაშფოთებელი სტატისტიკის საპასუხოდ და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა? - ამ შეკითხვით ფსიქოთერაპევტ მანანა სოლოღაშვილს მივმართეთ:
- ეს მართლაც შემაშფოთებელი მონაცემია, მაგრამ სრულ სურათს მაინც ვერ გვაჩვენებს: ძალადობის ფაქტები ხშირად იმალება სხვადასხვა მიზეზით, ამას ან ბავშვები მალავენ, ან მათი მშობლები. მით უმეტეს, აქსიომაა, რომ მოძალადე ხშირად მსხვერპლის ნაცნობი ან ახლობელია.
პედოფილია ფსიქოლოგიური აშლილობაა, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში მას ფსიქიკურ დაავადებადაც მიიჩნევენ. ის გამოიხატება სექსუალური ლტოლვით ბავშვების და მოზარდების მიმართ. პედოფილების უმრავლესობა მამაკაცია, რომელსაც არასრულწლოვანი გოგონები ან ბიჭები იზიდავს! არსებობენ სოციოპათი პედოფილები, რომლებიც ბავშვზე ძალას იყენებენ, მერე კი აშინებენ, რომ მსხვერპლმა სიმართლე არ გაამხილოს. დადგენილია, რომ პედოფილები წარსულში თვითონაც იყვნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.
დასავლეთის ქვეყნების კანონმდებლობა მათ მიმართ ძალიან მკაცრია. აშშ-ის რამდენიმე შტატში პედოფილებს ქიმიურ კასტრაციას უტარებენ, სპეციალური ბაზა აქვთ შექმნილი, სადაც მათი მონაცემებია აღრიცხული. პედოფილებს აკრძალული აქვთ სკოლასთან ან ავტობუსების გაჩერებასთან ცხოვრება. სადაც ცხოვრობენ, ახლომახლო ყველა ოჯახს უგზავნიან საფოსტო გზავნილს და აფრთხილებენ, რომ მათ მეზობლად პედოფილი ცხოვრობს. პოლონური კანონი პედოფილთა მიმართ საკმაოდ მკაცრია: მათ 15-20-წლიან სასჯელს უფარდებენ, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი მოითხოვს, რომ მათ ქიმიური კასტრაცია ჩაუტარონ. გერმანიაში პედოფილია ფსიქიკურ დაავადებად არის მიჩნეული და იქაც ქიმიურ კასტრაციას მიმართავენ, ოღონდ, პედოფილი 25 წელზე მეტი ხნის უნდა იყოს. ჩვენთან პედოფილიისთვის მაქსიმალური სასჯელი 7-9 წელია, ქიმიურ კასტრაციას კი ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რადგან ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
- ასეთი პაციენტები გყოლიათ?
- ჩემთან სეანსებზე მოდიოდა გოგონა, რომელზეც ბავშვობაში ოჯახის წევრმა იძალადა. ეს გოგო მაშინ 12 წლის იყო, ახლა 22-23 წლის არის, აშკარად გამოხატული მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით. დედამ და ბებიამ ლამის ძალით მოიყვანეს, მაგრამ სულ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. გოგონა სექსმუშაკი იყო. ყველაზე ცუდი იცით, რა იყო? - ის ვერ აცნობიერებდა, თუ როგორ დაენგრა ცხოვრება ბავშვობაში გადატანილი ძალადობის გამო და არც კი ცდილობდა, თავის ცხოვრებაში რაიმე შეეცვალა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ჩემთან აღარ მოსულა და ჩვეული ცხოვრება განაგრძო. ეს გოგონა თავის ცხოვრებაში პრობლემას ვეღარ ხედავდა, იმდენად ჰქონდა ფსიქიკა დამახინჯებული.
კიდევ ერთი შემზარავი შემთხვევა მახსენდება: 13 წლის გოგონაზე, ასევე, ოჯახის წევრები ძალადობდნენ, დაორსულდა და დედამ სიმართლე რომ გაიგო, ოჯახიდან გამოაგდო! ამ ქალმა გამაოცა. ყველაფერს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ შვილს აბრალებდა, რომელმაც ამხელა ტრაგედია გამოიარა! გოგონამ შვილი გააჩინა და მიატოვა.
ძალადობა მოზარდზე გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს, რადგან სექსუალურ ძალადობას აუცილებლად ახლავს თან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობაც. ფიზიკური ზემოქმედების შედეგები დროთა განმავლობაში გაივლის, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობის კვალი შეიძლება, ადამიანმა ვერასოდეს გადალახოს.
- რას ურჩევთ მშობელს, თუ მისი შვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია?
- პირველ ყოვლისა, არ უნდა ვაჩვენოთ, რომ შოკირებული ვართ იმით, რაც მოვისმინეთ. ამავე დროს, მისი ტკივილი არ უნდა გავაუფასუროთ: უადგილოა ფრაზები - "არა უშავს, ამაზე არ ინაღვლო..." ამგვარ ფრაზებს თუ მოვიშველიებთ, ბავშვი იფიქრებს, რომ მისი ტკივილი ბოლომდე არ გვესმის. არ უნდა ვეცადოთ, რომ გავამხიარულოთ, რადგან მოზარდი ამისთვის მზად არ არის: ასეთი ბავშვი დაბნეულია, მისი ფსიქიკა ტკივილით არის მოცული, ამიტომ, მისი გახალისება არ ღირს. არ უნდა ვუსაყვედუროთ, რომ ეს ყველაფერი ადრე არ გვითხრა, რატომ? - ბავშვისთვის ის, რაც მოხდა, შოკია და ბოლომდე გააზრებულიც არა აქვს. თანაც, პედოფილები ხშირად აშინებენ პატარებს: ან მისი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ან ახლობლების სიცოცხლით... ამავე დროს, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მისი ნაამბობის შინაარსს არ გავამხელთ, მაგრამ ძალადობის ფაქტი უნდა გამჟღავნდეს, რომ სხვებიც არ დაზიანდნენ...
ხშირად, მსხვერპლი თავს იდანაშაულებს იმაში, რაც მოხდა, ამიტომ უნდა დავარწმუნოთ, რომ მას არაფერი დაუშავებია.
- რა უნდა ვიღონოთ საიმისოდ, რომ ბავშვები პედოფილებისგან დავიცვათ?
- ამაზე ოჯახმა, სკოლამ, მთელმა საზოგადოებამ - ერთად უნდა იზრუნოს. როგორ უნდა შევნიშნოთ, რომ ბავშვზე ვიღაც ძალადობს? ასეთი ბავშვებისთვის დამახასიათებელია ჩაკეტილობა, დათრგუნულობა... შეიძლება ფიზიკური ძალადობის ნიშნებიც შევნიშნოთ.
პედოფილები საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყვნენ - ეს ყველაზე კარგი გზაა პრევენციისთვის.
ხათუნა ჩიგოგიძე