"ხახულის ტაძარს "ცრემლი სდის", წყალი დასდის კედლებს და ნანგრევებში ცეცხლი ანთია" - რას ჰყვება იუსუფელსა და ტაოზე ნათია ჯიმშელეიშვილი? - კვირის პალიტრა

"ხახულის ტაძარს "ცრემლი სდის", წყალი დასდის კედლებს და ნანგრევებში ცეცხლი ანთია" - რას ჰყვება იუსუფელსა და ტაოზე ნათია ჯიმშელეიშვილი?

„...მაპატიეთ ქართველებო, მაგრამ ქართველობა დანაშაულად მივიჩნიე, ისე შემებრალა თითოეული მათგანი. დანაშაულად მივიჩნიე იმიტომ, რომ ვერაფერს ვშვრებით საუკუნეების მცველთა ტყვეობიდან დასახსნელად, ხახულის ტაძარს "ცრემლი სდის", წყალი დასდის კედლებს და ნანგრევებში ცეცხლი ანთია. ნაგავსა და ნაგროვებ ფოთლებს ტაძრის თავშიშველა კედლებში წვავენ...“, - ჟურნალისტი, პოეტი, ხელოვანი, გამომცემლობა "უქიმერიონის" დირექტორი და ხელოვანთა საზოგადოების - "მზის თეატრის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი - ნათია ჯიმშელეიშვილი ათეული წლებია, საქართველოსა და თურქეთის ქართველობის დაახლოების მიზნით, მრავალ პროექტს ახორციელებს... იგი სულ ახლახან, ისტორიულ ტაოში იმყოფებოდა, საიდანაც ძალიან გულნატკენი დაბრუნდა...

როგორც ცნობილია, ისტორიულ ტაოში, ართვინის პროვინციაში, ქართველთა შთამომავლობის ქალაქი - იუსუფელი წყლით დაიტბორა... მდინარე ჭოროხი აქ, დაახლოებით, 270 მეტრ სიმაღლეზე დაგუბდა, რომლის თავზე ხიდმა გადაიარა... ტაოელ ქართველთა შთამომავლობა კერას დაემშვიდობა და ახალ იუსუფელში გადავიდა.

- ქალბატონო ნათია, ახალ რეალობაში მოგიხდათ ჩასვლა, დღეს იუსუფელი დატბორილია, როგორი დაგხვდათ ახალი იუსეფელი?

natia-3-1684910291.jpg

- ოქტომბერში ტაოს ვესტუმრე და ძველ იუსუფელს "დავემშვიდობე"... ეს ტკივილიანი და განწირული ბედის ქალაქი დღეს მთლიანად დატბორილი დამხვდა. ახალი იუსუფელიდან დანახული ტბის ქვეშ, თუკი ოდესმე სიცოცხლე არსებობდა, ვერც კი წარმოიდგენს მნახველი. მე კი ყველაფერი თვალწინ გამიცოცხლდა, თუ როგორ დავაბიჯებდი იმ მწვანეთი შემოსილ ქუჩებში, სადაც დღეს მხოლოდ მღვრიე წყალია.

234234-1684911493.jpg

- რას ამბობენ თქვენი ძველი მეგობრები ახალ იუსუფელზე, ეგუებიან იქ ცხოვრებას?

- ახალ იუსუფელში სტუმრობისას, ჩემი მეგობრები ისევ ისეთი გულღია მასპინძლები დამხვდნენ, მაგრამ - ახალ სახლებში. ახალი ქალაქის გაცოცხლებას შვიდი წელი ელოდნენ, შეგუებულები იყვნენ, რომ ცხოვრება იქ უნდა გაეგრძელებინათ და სხვა გზა არც ჰქონდათ.

natia-2-1684910357.jpg

- ქართული ძეგლებიდან რომელიმე უკვე დაიტბორა?

- კავკასიძეების ციხე იუსუფელში, მდინარე ჭოროხის პირას ერთ მაღალ კონცხზე იდგა, ამ ციხეს ოთხთა ეკლესიის მცველ ციხედ მოიხსენიებენ. სამწუხაროდ, კავკასიძეების ციხეც წყალში მოექცევა.

yusufelli-1684910692.jpg

- როგორც ვიცი, ქართულ სალოცავებს ეწვიეთ?

- ახალი იუსუფელის - "ნაცრისფერი ქალაქის" მონახულების შემდეგ ტაოში სამი ქართული სალოცავი მოვინახულე - ოთხთა ეკლესია, ოშკის ტაძარი და ხახულის მონასტერი... მაპატიეთ ქართველებო, მაგრამ ქართველობა დანაშაულად მივიჩნიე, ისე შემებრალა თითოეული მათგანი. დანაშაულად მივიჩნიე იმიტომ, რომ ვერაფერს ვშვრებით საუკუნეების მცველთა ტყვეობიდან დასახსნელად, ხახულის ტაძარს "ცრემლი სდის", წყალი დასდის კედლებს და ნანგრევებში ცეცხლი ანთია. ნაგავსა და ნაგროვებ ფოთლებს ტაძრის თავშიშველა კედლებში წვავენ. კავკასიძეების ციხეს ეს ბედი ეწია საუკუნეთა შემდეგ, მეციხოვნეები აღარ არსებობენ და ციხე, რომელიც ოთხთა ეკლესიას იცავდა, დღეს თავად გახდა დასაცავი, მაგრამ არ ეყო ძალა და სიმაღლე, რომ თავი გადაერჩინა.

1122-1684910394.jpg

- ამიერიდან ტაოში ისევ ძველებურად გაგიწევთ გული?

- ტაოში ყოველთვის გამიწევს გული, თუმცა ძველი იუსუფელი იმდენად მეჭირვარამება, რომ ტკივილი ყოველთვის შემახსენებს მას. ჩემი ემოციები ტაო-კლარჯეთზე ღრმა ბავშვობის განცდებს უკავშირდება, მაშინ მხოლოდ შორიდან ვიცოდი ამ მიწა-წყლის არსებობა, დღეს კი ჩემი ფეხით დავაბიჯებ, ფეხშიშველსაც გამივლია, რომ მიწის სითბო და ძალა მეგრძნო. არასდროს ვყოფილვარ ტურისტის განცდებით, ყოველთვის ორგანულად განვიცდი და მტკივა იქაურობა.

turq-1684911454.jpg

345881304-1684911583.jpg

მახსოვს, ხახულის მონასტრიდან გზად მომავლებმა, ერთ-ერთი უძველესი ციხე დავინახეთ გზის პირას, ეს იყო ციხე უნგუზექი. ასე მეგონა, კლდეს, რომელზეც ციხის ნანგრევები დგას, ნატანჯ ქართველთა სახეები ესახებოდა, იქნებ, არც მგონია და მართლაც აღიქმება ადამიანთა სახეები....

მოკლედ, ჩემი ემოცია ამ კუთხის მიმართ მუდამ გაუნელებლად მტკივნეულია.

(სპეციალურადა საიტისთვის)