"გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის..." - კვარაცხელია მამარდაშვილ-ვინისიუსის სკანდალზე
გასულ კვირას "ვალენსია" საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1-0 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "ვალენსიას" ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გახდა.
მართალია, მამარდაშვილისთვის ეს მატჩი იდეალური იყო და არაერთი საქები სიტყვა დაიმსახურა, თუმცა ამავდროულად, ურთულესი აღმოჩნდა - ყველამ ვნახეთ, როგორ იჩხუბა "მამარდამ" "რეალის" ვარსკვლავთან, ვინისიუს ჯუნიორთან.
ამის გარდა, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ "ვალენსიას" ქომაგი "ვინის" რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდა. გულშემატკივართა ნაწილმა მიიჩნია, რომ მამარდაშვილი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს რასისტულ ნიადაგზე ეჩხუბებოდა. ამის გამო გიორგის მიმართ სოციალურ ქსელებში არაერთი აგრესიული და შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერა, თუმცა რეალური მიზეზი მოედანზე ქართველი მეკარის გაცხარების, სულ სხვა რამ იყო. სინამდვილეში მან თანაგუნდელი დაიცვა.
გიორგი მამარდაშვილის გარშემო განვითარებულ ამბებს იტალიური "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ეხმიანება და "მამარდას" მხარდაჭერას უცხადებს:
"მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად.
გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, @vinijr შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს", - წერს კვარაცხელია. (წყარო)