ფრინველების სამოთხე გეთსიმანიის ბაღში
რამდენიმე წლის წინ თვითნასწავლმა მეფრინველე გოგა შავშიშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში ნაგავსაყრელზე "სამოთხის ბაღის" გაშენება გადაწყვიტა. ჯერ ბიბლიური მცენარეები გაახარა, შემდეგ კი ფრინველების მოშენება დაიწყო. გოგამ ბაღს "ფრინველების აკადემია - ფრინველების კონტაქტური პარკი" უწოდა და მსურველებს მცენარეებისა და ფრინველების დათვალიერების საშუალებას აძლევს. - ბავშვობაში ყველას უცნაურად ეჩვენებოდა, რომ მხოლოდ ფრინველებს ვხატავდი. გამოხდა ხანი და ფრინველების სიყვარულმა შემაქმნევინა დედულეთში, სოფელ გურჯაანში "სამოთხის ბაღი", სადაც ბიბლიურ მცენარეებთან ერთად, ფრინველებსაც ვუვლი. ეს ინოვაციური პროექტია. ჩვენი პრიორიტეტი ფრინველების ბიოგარემოსთან ადაპტაციაა, რაც ხელს უწყობს მათი სტრესისგან განმუხტვას და ადამიანებთან კონტაქტს. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ ფრინველებს მოეფერონ, გამოკვებონ, ხელში აიყვანონ... გვყავს აბრეშუმის ჯიშის ქათამი, რომლის ბუმბული თივთიკს ჰგავს. ფრინველების სახლებს შორის ეტლით მოსარგებლეებისთვისაც გავიყვანეთ ბილიკები. ეტლით ვოლიერებში შესვლაც არის შესაძლებელი.
გოგა შავშიშვილი:
- ფრინველებს ძვირად ღირებული ვაქცინებით ვცრით და ადამიანს მათთან კონტაქტი საფრთხეს არ უქმნის. ისე ჰყავთ ვიზიტიორებს ჩვენი ფრინველები გათამამებული, ბატიბუტსა და მზესუმზირას ხელით აჭმევენ. ფრინველებს გამოჩეკვისთანავე ვაჩვევთ ადამიანთან ურთიერთობას, ამიტომ აღარ განიცდიან სტრესს. მაგალითად, ხოხობი ძალიან უფრთხის კატას და მის დანახვაზე სტრესში ვარდება.
ფარშავანგსა და ბატს მეფრინველეები ცოცხალ სიგნალიზაციას უწოდებენ - მათ არაჩვეულებრივი მხედველობა და ყნოსვა აქვთ. ძაღლზე უკეთესი ღამის გუშაგები არიან, რადგან ხმის დაბალ ტალღებსაც იჭერენ და ხმაურს იწყებენ.
სწორედ ამიტომ ამრავლებდნენ ამერიკული სამხედრო ბაზების საგუშაგოებზე ბატებს. ბაღის დამთვალიერებლების მოსვლა, კატის, ძაღლისა და სხვა ცხოველების გამოჩენა ჩემს ფრინველებს სტრესში აღარ აგდებთ, ეს კი დადებითად აისახება პროდუქციაზე, მეტად კვერცხისმდებლები არიან. ჩვენს ოქროს ხოხობს ძალიან უყვარს ადამიანის ხელიდან ჭამა.
- ბაღის გაშენება როგორ დაიწყეთ?
- იქ, სადაც ახლა ფრინველების აკადემია და ბაღია, ადრე ჯაგნარი, სოფლის ნაგავსაყრელი იყო. მის გაწმენდას რამდენიმე თვეს მოვუნდი. ჩვენი ბაღის ახლოს ყველაწმინდის სახელობის მონასტერია და ირგვლივ საოცარი მადლი ტრიალებს. ეს ის ტაძარია, სადაც შაჰის კარზე მიმავალი წამებული ქეთევან დედოფალი ეზიარა.
სასულიერო განათლება მაქვს მიღებული, პატრიარქის ქადაგებებს ყოველთვის ვუსმენ და მისი ნათქვამი გულთან ახლოს მიმაქვს. მან მოგვიწოდა მცენარეების დარგვა-გახარებისკენ და მეც ამ გასუფთავებულ ადგილას პირველად კვიპაროსები დავრგე. შემდეგ გამიჩნდა იდეა, ბიბლიური მცენარეები დამერგო. პატარა ვენახიც ჩავყარე და "შენ ხარ ვენახი" დავარქვი. ამ სახელობის ხატზე გამოსახული ყურძნის მტევანი მივამსგავსე ვაზის ჯიშს, რომელსაც ქალის თითებს ეძახიან და ვენახში სწორედ ეს ვაზი გავახარე. ქრისტეს ასაკის შესაბამისად, 33 ძირი მაქვს დარგული და მარიამობის დღესასწაულისთვის მწიფდება.
ზეთისხილით პატარა გეთსიმანიის ბაღი გავაშენე და შარშან პირველი მოსავალი ავიღე. ბაღის შესასვლელ კარს მოწყალების კარი დავარქვი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს როგორც ვთხოვთ მოწყალების კარის გაღებას, ჩვენც უანგაროდ ვუღებთ კარს ყველა მნახველს.
ქრისტიანული გადმოცემით, ღვთისმშობელი ქრისტეს პერანგსა და კვართს ლავანდის ბუჩქებზე აშრობდა. როზმარინიც კეთილსურნელებით გამოირჩევა. ერთ-ერთი გადმოცემით, ღვთისმშობელი ყრმა იესოთი ლავანდის ბუჩქთან იმალებოდა. ჩემს ბაღში ორივე მცენარეა. იასამანზეც საოცარი ლეგენდა არსებობს - ღვთისმშობელს იასამნის ხის ძირას ჩაეძინა, ხემ ფოთლები დაიცვივა და დედაღვთისას გადააფარა. ამისთვის ღვთისმშობელმა დალოცა ხე. ამიტომაც სააღდგომოდ ის სურნელოვანი და ლამაზი ყვავილებით გვატკბობს. იუდას ხე, იგივე არღავანი, აღდგომის წინ ყვავის. ლეღვის ხეც გვიდგას, რომელსაც ზაქეს ლეღვი დავარქვით. ბიბლიის მიხედვით, ზაქეს ქრისტე რომ დაენახა, ლეღვის ლამაზტოტებიან ხეზე ავიდა. ჩვენს ხესაც ტოტების საოცარი წყობა აქვს. ასევე გავახარეთ ლიბანის ნაძვი, ურთხელი, ანგელოზის საყვირი, ქრისტესისხლა, ქრისტეს ცრემლები...…
ამის შემდეგ გამიჩნდა აზრი, რომ გურჯაანულ "გეთსიმანიის ბაღში" ბიბლიური ფრინველებიც მომეშენებინა. დავიწყე ხოხბებით და ფარშავანგებით, შემდგომ სხვადასხვა ქვეყნის კოლექციონერი მეფრინველეებისგან ვიწერდი შესაბამისი ჯიშის ფრინველის საინკუბაციო კვერცხს და ჩემს ინკუბატორს ვაჩეკინებდი. პანდემიის დროს მოვაწყვე ვოლიერები, რომელთა დეკორი და დიზაინი ფრინველების გარემოსთან ადაპტირებას უწყობს ხელს - პატარა ხის სახლები ავუშენეთ ფრინველებს, კრამიტის გადახურვით.
ვკითხულობდი ყველაფერს: მეცნიერულ ნაშრომებს, მოვლის წესებს, დავუახლოვდი ამ დარგის ქართველ სპეციალისტებს და ასე, ნელ-ნელა გავხდი თვითნასწავლი მეფრინველე. ხშირად მარტოს მიწევდა შრომა, ფრინველის მოვლა, ვიზიტიორების გამასპინძლება. ამას ემატებოდა წყლის პრობლემა, გვალვა და ა.შ. საბოლოოდ, მონდომებამ და შრომამ ყველა პრობლემა დამაძლევინა. გასული წლის 1 ივნისს პარკი ოფიციალურად გავხსენით. ამჟამად მსოფლიოში ცნობილ ბევრ სელექციონერთან მაქვს კონტაქტი. მოსაზრებებს, ცოდნას, დაკვირვებების შედეგებს ერთმანეთს ვუზიარებთ. მათ უხარიათ, რომ საქართველოში შეიქმნა ფრინველების კონტაქტური პარკი, რომელიც უკვე ნახევარ ჰექტარამდე ტერიტორიას მოიცავს. ხშირად საინკუბაციო კვერცხებს საჩუქრადაც მიგზავნიან. მათი მიზანია, სხვადასხვა ქვეყანაში საუკეთესო საკოლექციო-საგამოფენო ჯიშის ფრინველები გაამრავლონ.
- თქვენი პარკის განსხვავებული ჯიშის ფრინველებზე მოგვიყევით...
- დეკორატიული, წყლის და შინაური ფრინველების 40-ზე მეტი სახეობა გვყავს. კონტაქტური პარკის განვითარებაში დიდად მიწყობენ ხელს თურქი მეფრინველეები. მათ იციან, რომ ფრინველებს საკოლექციოდ, საპრეზენტაციოდ ვამრავლებ. ჩემი პარკის ბინადართაგან განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე შავი - აიამ ცემანის ჯიშის ქათამი. მას ბუმბული, ხორცი და ორგანოები შავი აქვს, სისხლი კი მუქი წითელი. ტაილანდის რესტორნებში შავი ქათმის ხორცი ყველაზე ძვირად ღირებულია. ჰამბურგის ჯიშის საოცარ ქათამს დალმატინელსაც ეძახიან - ეს თეთრი ქათამია შავი კოპლებით. ამ ჯიშმა გაიმარჯვა 1800-იან წლებში ინგლისში გამართულ ფრინველების სილამაზის გამოფენაზე. ის მეტად პროდუქტიულია კვერცხის წარმოებაშიც - წელიწადში 200-ზე მეტ კვერცხს დებს.
იოკოჰამას ჯიშზე ზღაპრული ლეგენდებია გავრცელებული ჩინეთსა და იაპონიაში. მისი კუდი მეტრზე მეტია. ვიზიტიორებს ძალიან მოსწონთ მომწვანო-მოცისფრო შეფერილობის ფირუზისფერი კვერცხისმდებელი ქათმის ჯიშები: ამერაუკანა, არაუკანა, უჰეიილუი. მათი კვერცხი ნაკლებ ქოლესტერინს შეიცავს, ანტიალერგიული და დიეტურია, არ დაჰყვება გოგირდის სპეციფიკური გემოც, ამიტომ სასიამოვნო საჭმელია.
მარანსის ჯიშის ქათამი წითელ კვერცხს დებს, ამერაუკანა - ცისფერს, ვიანდოტის ჯიში - ვარდისფერს. მუქ ნაცრისფერ კვერცხს დებს კაიუგას ჯიშის შავი იხვი. კოლხური და მანჯურიული ხოხბის კვერცხი ხაკისფერია.
წინათ კახეთში ამრავლებდნენ ჩალისფერ ქათამს, რომელიც ძალიან განსხვავდება თანამედროვე ქათმებისგან, აქვს მოკლე კანჭი, მკვირცხლი და ჭირამტანია. დედალს აქვს ლამაზი ზურგი და ბიბილო. ცხადია, ეს ჯიშიც მოვაშენეთ. დასავლეთ საქართველოში მეგრულა ჯიშის ქათამი იყო პრივილეგირებული. სამწუხაროდ, მისი მოძიება უკვე ჭირს. კვერცხი ვიშოვე და ახლა წიწილებს ვზრდი.
ყველა ჯიშის ქათმისთვის შედგენილი გვაქვს ინდივიდუალური რაციონი და რეჟიმი. მარცვლეულის ასორტს თავად ვუმზადებ, ჭარხალში ვურევ ვერმიშელს ან ბრინჯს. დანამატებად გრანულირებულ საკვებსაც ვაძლევთ. ადამიანების მსგავსად, ფრინველებისთვისაც ხახვი და ნიორი ანტისეპტიკური საშუალებებია და სასარგებლოა. ამიტომ მოზარდ ფრინველს ნივრისა და ხახვის მწვანე ღეროებს ვაჭმევ. ციცრებს იმდენად უყვართ მწვანე ხახვი და ნიორი, როგორც კი გამოვუშვებ, მაშინვე გარბიან ვოლიერებთან დარგული ხახვისა და ნივრისკენ. ფარშავანგებს სალათის ფურცელი მოსწონთ და ეს მცენარეც ვოლიერთან დავურგეთ.
- მითხარით, ფრინველებმა სიყვარული და მოფერება იციანო...
- ევროპულ ჯუჯა და დეკორატიულ მომცრო ტანის მამალ ქათმებს, ე.წ. იაპონკებს ახასიათებთ მონოგამიური ურთიერთობები და გასაოცარი მზრუნველობა დედლებზე. ჩვენს პარკში სიყვარულის "ჯაჭვი" აქვთ ერთმანეთთან გაბმული მილფერის წყვილს, ასევე ჯუჯა კოჩინებს (კოხინხინი). მსოფლიოში ერთადერთი შინაური ფრინველი ციცარია, რომელსაც საკუთარი თავის გამოკვება დამოუკიდებლად შეუძლია და მცირედი საკვებიც ჰყოფნის.
ფრინველებს საოცარი მეხსიერება აქვთ, პატრონს ცნობენ და ხშირად გამოხატავენ მადლიერებასა და კმაყოფილებას.
- ფრინველებს მეტსახელებსაც არქმევთ?
- ერთ-ერთ ფართომკერდიან ინდაურს პამელას ვეძახდით. ამ ინდაურის მეორესთან შეწყვილების პრელუდია გადავიღეთ ვიდეოზე და "პამელას ქორწილი" დავარქვით. ვიდეომ სოციალური ქსელები მოიარა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფრინველების სიყვარულმა კარგი მეფრინველე გამხადა და იქამდე მივედი, მგონი, ფრინველების ენაც ვისწავლე.
პარკის ბიზნესისა და ტურიზმისთვის გამოყენების სურვილი არასდროს მქონია. მინდოდა მას რეკრეაციული და შემეცნებითი დატვირთვა ჰქონოდა. რამდენჯერმე ისეთ გაჭირვებაში ჩავვარდი, ფრინველებს მხოლოდ მაკარონს ვაჭმევდი, მაგრამ მათი გაყიდვა მაინც არ მიცდია.
- მითხრეს, ბუდის მსგავსი კაფეს გაკეთებასაც აპირებსო...
- უკვე შევიტანე "აწარმოე საქართველოში" განაცხადი. თუ დამაფინანსეს, ჩემს კაფეში ყველაფერი ბუდის ფორმის და კახურ ეთნოსტილთან შერწყმული იქნება.
ნელი ვარდიაშვილი