სასტუმრო... მცენარეებისთვის - კვირის პალიტრა

სასტუმრო... მცენარეებისთვის

რამდენი პროფესიონალი თუ მოყვარული მეყვავილე-მებაღეა, მაგრამ არ გვსმენია, საქართველოში მცენარეთა სასტუმრო შეექმნათ. არადა, მართლაც ხშირად პრობლემაა - არდადეგების, შვებულების თუ სხვა მიზეზით სახლიდან წასვლისას მცენარეები მოსავლელად ვის დაუტოვონ, რათა მათ ჩამოსვლამდე არ მოიწყინონ და კვლავაც მოვლილი იყვნენ, როგორც მზრუნველი პატრონის ხელში. ამ მხრივ პირველები აღმოჩნდნენ თამარ რაზმაძე, არჩილ ღოღობერიძე და მარია შეროზია. ამ ჯგუფმა შექმნა მცენარეების სასტუმრო, სადაც მათ განსაზღვრული ვადით მოსავლელად იტოვებენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჟურნალისტ თამარ რაზმაძეს პანდემიის პერიოდში იშვიათი ჯიშის სუბტროპიკული მცენარეების შეგროვების სურვილი გაუჩნდა...

თამარ რაზმაძე:

- პანდემიის დროს დავიწყე ინტერიერის მცენარეების იშვიათი ჯიშების შეგროვება, რაც მერე ჰობი გახდა, მოგვიანებით კი დაიბადა მეგობრების იდეა, შეგვექმნა მცენარეთა სასტუმრო. იდეა მოგვეწონა, დავამუშავეთ და დღესდღეობით ჩვენს საქმეს რა სახეც აქვს, ეს დიდი მუშაობის შედეგია.

- ამ საქმის საფუძველი მცენარეების სიყვარულია?

- ასეა. შემდეგ მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო პროექტში, რომელიც ახალგაზრდებს, სტარტაპერებს დიდად ეხმარება. გავიმარჯვეთ, მაგრამ ამას წინ რამდენიმეთვიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა, სადაც ჩვენთვის საჭირო კურსს მენტორთან გავდიოდით. ეს იყო იურიდიული საკითხები, ფინანსები, პიარი და მარკეტინგი.

- ანუ იდეა პროექტად აქციეთ, შემდეგ კი კრეატიულობითა და ინოვაციურობით გაიმარჯვეთ...

- პირველი ადგილი დავიკავეთ. ამის შემდეგ მიგვიწვიეს ვენაში, სადაც ევროპელი სტარტაპერები გავიცანით, გავცვალეთ კონტაქტები. ეს იყო პირველი ნაბიჯები, რამაც ხელი შეგვიწყო, რომ საქმიანობა უფრო აქტიურად დაგვეწყო. მოკლედ, ბიზნესში ამ პროექტით ჩავერთეთ და მალე საზოგადოებამაც გაგვიცნო - ყველაფერი ამ პროექტში გამარჯვების დამსახურებაა.

mcenare2-1684852216.jpg

- რას მოიცავს მცენარეების სასტუმრო?

- ერთ-ერთი ჩვენი დამფუძნებლის, მარია შეროზიას სასტუმროს იდეა-კონცეფცია მოიაზრებდა, რომ ადამიანები, რომლებიც ქალაქიდან გადიან და აქვთ ბევრი მცენარე, ვერავის პოულობენ მათ მისაბარებლად. მცენარეთა მოვლა მხოლოდ წყლის დასხმა არ არის, ამიტომაც სჭირდებათ ამგვარი სერვისი, რომელსაც თავიანთ მწვანე მეგობრებს ანდობენ. ეს იგივეა, როგორც ცხოველების სასტუმრო.

მოკლედ, საქართველოში ამ დარგში პირველი აღმოვჩნდით. ინტერნეტით მოძიება რომ დავიწყეთ, მსგავსი სასტუმრო მხოლოდ ლონდონში აღმოვაჩინეთ. შემდეგ მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, მივხვდით, რომ სხვადასხვა სერვისის დამატებასაც საჭიროებდა.

- რა სერვისები დაამატეთ?

- მებაღე გამოძახებით - მივდივართ ადგილზე და მცენარეს დიაგნოსტიკას ვუტარებთ. თუ საჭიროა, ვმკურნალობთ, სხვადასხვა პროცედურით ვეხმარებით. გვაქვს საგანმანათლებლო ვორკ­შოპებიც იაპონური მებაღეობის ტექნიკის შესასწავლად.

- რატომ იაპონური მებაღეობის?

- აქ კონკრეტულად კოკედამაზეა საუბარი. ეს ტექნიკა მარტივი, ლამაზი და ძალიან ეკომეგობრულია. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ეს გვესწავლებინა. დღესდღეობით კოკედამა (ბონსაის ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულება. - ლ.ფ.) ჩვენთან ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია. ყველაზე ხშირად ამ ვორკშოპებს ითხოვენ.

- როგორ მუშაობთ ამ ტექნიკით?

- მზადდება ხავსისგან, კანაფის თოკისგან, მიწისგან, მცენარის ნერგისგან. დაფესვიანებული მცენარე ხავსის ბურთში უნდა ჩაიდოს. ამისთვის ჯერ კეთდება ტალახის ბურთი, შემდეგ კი ქოთნის მაგივრად ხავსი უკეთდება. ხავსი კანაფის თოკით მაგრდება. კოკედამა შეგიძლიათ ქვაზე დადოთ, ან ჩამოკიდოთ. მარტივი გასაკეთებელია და მასში ყველა პროდუქტი ბიოდეგრადირებადია. ამიტომაც არის უფრო ეკომეგობრული, ვიდრე ქოთანში ჩარგული მცენარე.

კოკედამა სიტყვასიტყვით იაპონურიდან ასე ითარგმნება: "კოკე" არის ხავსი, "დამა" - ბურთი. მოსარწყავად წყლიან ჯამში უნდა ჩავდოთ და 20 წუთით დავაყოვნოთ. ქოთნისგან განსხვავებით, იმდენ წყალს იღებს, რამდენიც სჭირდება.

- კოკედამაში კარგად რა მცენარეები ხარობს?

- წლისა და ნესტის მოყვარული მცენარეები. კარგია, თუ მცენარე სუროს ოჯახიდან იქნება, ან სუბტროპიკული, - მათ შედარებით მეტი წყალი უყვართ.

- კოკედამებს ყიდით?

- მცენარეებს არ ვყიდით, უფრო ვორკშოპებსა და სერვისებს. ამ ვორკშოპებიდან თავიანთი შექმნილი კოკედამები მიაქვთ. სკოლებშიც დავდივართ. საინტერესო პროდუქტი გახდა და სხვებმაც დაიწყეს მსგავსი პროდუქტების შექმნა.

- ამ მიმართულებაში პიონერები კი ხართ, მაგრამ კონკურენტებს არ უფრთხით?

- სკოლებში ბევრმა დაიწყო მსგავსი სერვისების შექმნა, რაც ამ სფეროში ჩვენმა გამოჩენამ გაააქტიურა. ჯანსაღ კონკურენციას მივესალმებით და ძალიან მომწონს, რომ ვიღაცებისთვის მისაბაძი გავხდით. სხვათა შორის, რაღაცებს ჩვენზე უკეთესადაც დაეუფლნენ. როდესაც ამ კოლექციას ვაგროვებდით და მომსახურებაში რაღაცები გვაკლდა, რაც მცენარეებისთვის გვჭირდებოდა, ის სერვისები დავამატეთ. პრაქტიკოსი მებაღე ვარ, ეს ყველაფერი სწორედ პრაქტიკით ვისწავლე. ძალიან მაკლდა ის ადამიანები, რომლებიც ამ ცოდნას შემძენდნენ. დღესდღეობით ჩვენი მებაღეები, რომლებიც ვიზიტებით დადიან მომხმარებლებთან, მცენარეებს დიაგნოსტიკას უკეთებენ, პატრონებს ასწავლიან, როგორ მოუარონ სწორად, მინიკურსს უტარებენ.

- სასტუმროში რამდენი ხნით გიტოვებენ მცენარეებს?

- გვქონია ისეთი შემთხვევაც, როცა გასაღები და სახლიც დაუტოვებიათ, მაგრამ გვირჩევნია, სასტუმროში მოიტანონ მცენარე. სასტუმროსთვის უფრო აქტიური პერიოდი ზაფხულია, არდადეგების დრო, ასევე საშობაო არდადეგებიც. ჩვენი მომხმარებლები საშუალო ასაკის მოქალაქეები არიან, უმეტესად ქალები. მცენარეებს ერთი კვირიდან სამ თვემდე გვიტოვებენ.

- სასტუმროს ერთგვარი კლინიკის ფუნქციაც აქვს, ხომ?

- კი, ასეა. მობარებულ მცენარეებს მხოლოდ წყალს არ ვუსხამთ, თუ დახმარება სჭირდება, ვეხმარებით კიდეც. უმეტესად პარაზიტები და სოკოვანი ვირუსული დაავადებები აქვთ. ამიტომ ასეთ მცენარეებს ცალკე ოთახში ვათავსებთ, რათა ჯანმრთელ მცენარეებს არაფერი გადაედოს. ძირითადად ერთი კვირით ტოვებენ.

- იდეამ თუ გაამართლა, რა გეგმები გაქვთ?

- გვსურს სკოლა გავხსნათ, სადაც რამდენიმედღიანი საბაზისო კურსი გვექნება. მცენარეთა მოყვარულები შეძლებენ თავად გაუკეთონ დიაგნოსტიკა მცენარეებს. თავიდან, როცა მცენარეების შეგროვება დავიწყე, დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა. თანდათან მცენარეების მოვლით ბევრი დაინტერესდა. მცენარეების უკუკავშირიც საოცარია - ხარობენ, შრომას გიფასებენ, რაც ძალიან მსიამოვნებს. ისინი ადამიანის აურას გრძნობენ და ლაპარაკობენ. მეც ველაპარაკები, მუსიკასაც ვასმენინებ. ამიტომ ჩვენი საქმის უფრო გაფართოებასაც ვაპირებთ.