"ფოტოებზე აღბეჭდილი ერთ-ერთი ახალგაზრდა დამიკავშირდა და მითხრა, რომ..." - რას ჰყვება დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დედა?
"რადიო თავისუფლება" აქვეყნებს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დედასთან ინტერვიუს, სადაც ნატო ხუტაშვილი ამბობს, რომ მას დაუკავშირდა იმ ორი ახალგაზრდადან ერთ-ერთი, რომლის ფოტოებიც რამდენიმე დღის წინ სოცქსელში გაავრცელა.
ცნობისთვის, ნატო ხუტაშვილმა რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" ორი ახალგაზრას ფოტო გამოაქვეყნა და წერდა, რომ შესაძლოა მათ მისი შვილის გარდაცვალებაზე რაიმე ინფორმაცია ჰქონოდათ, რადგან კამერებმა ისინი სწორედ იმ ტერიტორიის სიახლოვეს დააფიქსირეს, სადაც უგონოდ მყოფი ანი იპოვეს. "მითხრა, რომ ფოტოზე ნამდვილად ის იყო და იმ საღამოს რამდენიმე მეგობართან ერთად გაიარა სწორედ იმ ტერიტორიაზე, თუმცა, მას არანაირი ხმა არ გაუგია. მითხრა, აუცილებლად დაგეხმარებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი საეჭვო ხმა არ გაგვიგიაო. ოთხი მეგობარი იყო ერთად, ხმაურით მიდიოდნენ, მეგობარს აცილებდნენ" - ამბობს ხუტაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ანი იანუშაიტიტეს ლიეტუვისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ამიტომ, ანის გარდაცვალების საქმე მაშინვე მოექცა ლიეტუვის გენერალური პროკურატურის ინტერესის არეალში. "რადიო თავისუფლება" ასევე აქვეყნებს ლიეტუვური მედია-პორტალის Delfi.lt-ის ვრცელს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურორსა და ლიეტუვის გენერალური პროკურორს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ შედგა შეთანხმება, რის შემდეგაც, საქართველოში ლიეტუვიდან ჩამოვიდნენ პროკურორი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი.