"მაშინ რუსეთის ლიდერი ტირანი პუტინი კი არა, რუსებს შორის ყველაზე ლიბერალ მმართველად მიჩნეული ელცინი იყო... ასეთი მზაკვრულია რუსეთის რეალური სახე" - კვირის პალიტრა

"მაშინ რუსეთის ლიდერი ტირანი პუტინი კი არა, რუსებს შორის ყველაზე ლიბერალ მმართველად მიჩნეული ელცინი იყო... ასეთი მზაკვრულია რუსეთის რეალური სახე"

რუსეთმა მორიგ ჯერზე გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციის საკითხი. თუ რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, რუსეთის მმართველებმა ეს თემა არა ერთხელ გამოიყენეს ქართველი პოლიტიკოსების სატყუარად. 2003 წლის მარტში ვლადიმერ პუტინი პირადად შეხვდა ედუარდ შევარდნაძეს სოჭში, რის შემდეგაც საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ასეთი რამ თქვა: „ამ შეხვედრის მიმართ მე უფრო სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ პუტინთან პირისპირ შეხვედრამ დადებითი შედეგი გამოიღო. ამით დაიწყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი“. შევარდნაძის თქმით, შეხვედრა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ეს იდეა თავად რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნოდა და განსახილველი თემა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება იყო. სხვათა შორის, ამ შეხვედრას აფხაზეთის "წარმომადგენელიც" ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეები აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედებასა და დევნილების დაბრუნების საკითხების მოგვარებაზე შეთანხმდნენ. ეს საკითხი დეკლარაციაში ჩაიწერა და მხარეებმა შეთანხმებას ხელიც მოაწერეს. რატომ არ შესრულდა ეს შეთანხმება, როგორია პუტინის ახალი "გამარჯობა" და რამდენად აქვს გააზრებული საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რა ტიპის თამაშის მონაწილე ხდება, - ამ საკითხებზე ექსპერტი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი გვესაუბრება:

- დეოკუპაციაზე საუბარი არის სატყუარა! რუსეთი არაფრის დამბრუნებელი არ არის! თუ ვინმეს 30-წლიანი გამოცდილება არაფერს ეუბნება, სომხეთის დღევანდელი მაგალითი მაინც გაითვალისწინოს. ხომ ნახეთ, რამდენი ხნის განმავლობაში ატყუებდა სომხეთს და მერე როგორ გადააგდო საკუთარი ინტერესების გამო?! რუსებმა მათთვის პატივსაცემი პიროვნება, „მოქალაქეთა კავშირის“ ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც კი გადააგდეს. ვერც სააკაშვილმა გააწყო ვერაფერი და „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც საკუთარი თავის და ჯიბის გარდა ვერაფერზე ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს?! ეს არის პუტინისა და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ერთობლივი მანიპულაცია. დიახ, პუტინი ეხმარება „ქართულ ოცნებას“, გადაფაროს საქართველოში რუსების მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულება. 7-8 მარტის მოვლენებმა ცხადყო, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას რუსეთი არ უნდა. ეს რუსეთმაც დაინახა. პუტინმა დაინახა, რომ საქართველოს კარგავდა და ამიტომაც შემოიღო უვიზო რეჟიმი. რუსეთთან უვიზო რეჟიმი საქართველოს ყველა ხელისუფლებას უნდოდა, მაგრამ პუტინი არ მოდიოდა ამაზე, ამბობდა, რომ სავიზო რეჟიმს მხოლოდ მაშინ გააუქმებდა, თუ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგებოდა. არ აღდგა, მაგრამ მაინც გააუქმა იმიტომ, რომ საქართველოს საბოლოოდ დაკარგვის შეეშინდა. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე - საქართველოსთვის. სწორედ ამ შიშის გამოა შემოგდებული დეოკუპაციის საკითხიც. ახლა რუსეთს სურს, გააჩინოს განცდა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემთხვევაში, აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი დადებითად გადაწყდება და „აზიმუტის“ დონეზე დაგვიყვანა. ქართველებიც გახარებულები არიან, „აზიმუტმა“ სიიდან ამოიღო აფხაზეთი, ცხინვალი და მათ ადგილზე საქართველო ჩაწერაო. მორჩა, ერი ბედნიერია! ილია ჭავჭავაძის „ბედნიერი ერი" მახსენდება. მართლა რომ აპირებდეს პუტინი რაიმე ნაბიჯის გადადგმას დეოკუპაციის მიმართულებით, იმას მაინც განაცხადებდა, ჯარს გავიყვან ოკუპირებული ტერიტორიებიდანო, მაგრამ - არა, მსგავსიც კი არაფერი უთქვამს! დამიჯერეთ, ხალხო, არასოდეს შეიტანს რუსეთი პოზიტიურ როლს ჩვენი კონფლიქტის მოგვარებაში, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ქართველებმა, რუსების გარეშე!

- თქვენი ვერსიით, რუსეთის დადგმულ ფარსში „ქართული ხელისუფლებაც“ ასრულებს როლს თუ უნებლიე მონაწილეა?

- გადასარევად იციან, რომ არავითარი დეოკუპაცია არ იქნება, მაგრამ ეს არც ადარდებთ, მათი მთავარი საზრუნავი ძალაუფლებაა. სულ არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანას, რომელსაც მართავენ და გამდიდრებისთვის იყენებენ, საქართველო ერქმევა თუ ბოსელი. ფეოდალებივით ცხოვრობენ, რაში ანაღვლებთ, უნდათ ახლა მაგათ ამ მდგომარეობის დაკარგვა?!

- მოსახლეობის რა სეგმენტი დაიჯერებს იმას, რომ რუსეთმა შეიძლება, მართლა დაგვიბრუნოს წართმეული ტერიტორიები?

- არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელსაც უპირობოდ სჯერა „ქართული ოცნების“. ამ პოლიტიკურ ჯგუფს ჯერ კიდევ ჰყავს მხურვალე მომხრეები, ისევე, როგორც ბოლო წუთამდე ჰყავდა „მოქალაქეთა კავშირს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ 20%-ს „ქართულმა ოცნებამ“ რაც უნდა უთხრას, ყველაფერს დაიჯერებს. ამათთვის არც გარჯილა პუტინი. უვიზო რეჟიმის შემოღება და ფრენების აღდგენა იმუშავებს იმ სეგმენტზე, რომელიც ჯერ კიდევ ყოყმანობს, ვერ გადაუწყვეტია, ისევ უნდა დაუჯეროს თუ არა „ქართულ ოცნებას“.

- საქმე „ქართული ოცნების“ ნდობა-უნდობლობაზეა თუ ისტორიის უცოდინარობაზე და გვევალება თუ არა ჩვენ საზოგადოების უფრო კარგად ინფორმირება?

- ძალიან კარგია, ეს საკითხი რომ წამოჭერით. ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის საკუთარი ქვეყნის უახლესი ისტორია და ამის გამო არც წუხს. ქუჩაში რომ გააჩეროთ ვინმე, ჰკითხოთ დავით აღმაშენებლის ან თამარ მეფის დაბადების წლები და არ ახსოვდეს, შერცხვება, გაწითლდება, მაგრამ საერთოდ არ შეწუხდება, თუ აფხაზეთის ომის დაწყების და დამთავრების თარიღებს ვერ გაიხსენებს. არ მიიჩნევენ ამის ცოდნას საჭიროდ! იმ სტუდენტებმაც კი არაფერი იციან კონფლიქტების შესახებ, რომლებმაც პოლიტოლოგიაზე ჩააბარეს. მხოლოდ ის იციან, რომ რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი, ცხინვალი და მოუნდება - დაგვიბრუნებს, არ მოუნდება - არ დაგვიბრუნებს. მხოლოდ მეოთხე, მეხუთე კურსზე შეუძლიათ ამ თემაზე კომპეტენტური მსჯელობა. „ქართულ ოცნებას“ აწყობს საკუთარი ხალხის სიბნელეში ყოფნა. როცა მოუნდება, მაშინ ეტყვის მას, აი, რუსეთმა კი წაგვართვა ტერიტორიები, მაგრამ ახლა გვიბრუნებს. ასეთ საკითხებზე უნდა იმსჯელოს და ილაპარაკოს ხალხმა.

- საინტერესოა, რუსული პოლიტიკის კარგად მცოდნემ და რუსებისთვის პატივსაცემმა შევარდნაძემ რატომ ვერ მოახერხა რუსული ინტრიგების ლაბირინთებში გზის გაკვალვა?

- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი ხელშეკრულება 1992 წლის 3 სექტემბერს, გაგრის დაცემამდე ერთი თვით ადრე დაიდო. ამ ხელშეკრულების თანახმად, აფხაზეთიდან უნდა გასულიყვნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოყვანილი, დაქირავებული ბოევიკები. საქართველომ თავისი პირობები შეასრულა, რუსეთმა - არა! ამას მოჰყვა გაგრის დაცემა. ამის შემდეგ, ბრძოლების მიმდინარეობის პერიოდში, რუსეთმა არა ერთხელ მოატყუა ქართული მხარე და დაარღვია შეთანხმება. ყველაზე ვერაგული აღმოჩნდა, ბორის ელცინის შუამდგომლობით, ედუარდ შევარდნაძესა და ვლადისლავ არძინბას შორის 1993 წლის 27 ივლისს სოჭში გაფორმებული "თავდაუსხმელობის, ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ" შეთანხმების დარღვევა. შეთანხმების საფუძველზე ქართულმა მხარემ სრულად გაიყვანა საბრძოლო ტექნიკა, ჯარი, აფხაზმა სეპარატისტები კი ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებთან, კაზაკთა ფორმირებებთან და რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიის ნაწილებთან ერთად აფხაზეთში უიარაღოდ დარჩენილ ქართველებს შემოუბრუნდნენ და გადაუარეს. აი, ასეთი მზაკვრულია რუსეთის რეალური სახე. არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ რუსეთის ლიდერი ტირანი პუტინი კი არა, რუსებს შორის ყველაზე ლიბერალ მმართველად მიჩნეული ელცინი იყო. ზოგადად, რუსი ერია იმპერიალისტური ბუნების და - არა მხოლოდ პუტინი.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე