"მარიამი ამბობდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოო" - 8 წლის მოჭადრაკე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებაში ambebi.ge-ს მკითხველი დაეხმარა, ჩემპიონი გახდა
13-21 მაისს, ალბანეთის ქალაქ დურესში ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 7-დან 17 წლამდე გოგონებსა და ჭაბუკებს შორის ჩატარდა. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 19 მოჭადრაკით იყო წარმოდგენილი და დიდი წარმატებით იასპარეზა - მოიპოვა 8 სხვადასხვა სინჯის მედალი (4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო). ნაკრებიდან პირველ ადგილი დაიკავეს: 15 წლამდე გოგონებში ანასტასია კირთაძემ (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე) 13 წლამდე გოგონებში კესარია მგელაძემ (მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე), 11 წლამდე გოგონებში ანასტასია ჭიჭინაძე (მწვრთნელი გია მენაბდე), 9 წლამდე გოგონებში მარიამ რეხვიაშვილმა (მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი).
ოთხივე მათგანი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერებში იყვნენ და ჩემპიონის ტიტული დამაჯერებლად მოიპოვეს. ჩემპიონატამდე ambebi.ge პატარა მოჭადრაკე მარიამ რეხვიაშვილის სპორტული მიღწევებისა და წარმატების შესახებ წერდა. მკითხველს სწორედ მაშინ ვაცნობეთ, რომ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე (ერთი წლით უფროსებში) მარიამ რეხვიაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა, რითაც ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ის ალბანეთში ქალაქ დურესში უნდა გამგზავრებულიყო, ბავშვის ჩემპიონატზე გამგზავრებას ჭადრაკის ფედერაცია აფინანსებდა, თუმცა ამ დაფინანსებაში მშობლის გაყოლა არ იყო გათვალისწინებული. მეორეკლასელი გოგონა კი ამ ტურნირზე ვერ მიდიოდა, რადგან ოჯახს იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ დედა საკუთარი ხარჯებით წაჰყოლოდა. გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ საზოგადოება გოგონას გვერდით დაუდგა. მან ჩემპიონატზე დედასთან ერთად გამგზავრება შეძლო და ჩემპიონიც გახდა.
ნატო ტოროშელიძე, მარიამ რეხვიაშვილის დედა:
- ჩვენი საზოგადოების დიდი დახმარებით მეც მოვახერხე ჩემპიონატზე წასვლა. მარიამმა ბევრი იბრძოლა. ტურნირი ყოველ დღე ტარდებოდა და სამ საათ-ნახევარს თამაშობდა. 7-დან 6 ქულა აიღო და 9 წლამდე გოგონებში პირველ ადგილი დაიკავა. ერთი წლით უფროსებს ეთამაშებოდა. ძალიან დიდი შემართებით იყო... მომავალ წელს ისევ ამ ასაკში მოუწევს ბრძოლა, რადგან ირლანდიაში უკონკურსოდ მიიწვიეს, სადაც მორიგი ჩემპიონატი ჩატარდება... მადლობა საზოგადოებას იმისთვის, რომ გვერდით დაგვიდგა. მარიამი იქ ცოტა შეუძლოდაც გახდა, მაგრამ თამაშზე ამას არ უმოქმედია. იმ პერიოდში 8 წლის ბავშვს გვერდით რომ არ ვყოლოდი, ალბათ, ჩემ გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა. ჩვენს ნომერში 7 წლის გოგონა იყო, რომლის დედამ უსახსრობის გამო ვერ შეძლო გამომგზავრება. ამიტომ ფედერაციამ ის ბავშვი მე ჩამაბარა. ასე რომ, თქვენმა მკითხველმა არა მარტო მარიამზე, იმ გოგონაზეც იზრუნა. ორ ბავშვს ვუპატრონე. პერიოდულად დედა ენატრებოდა. მე და მარიამი ვამშვიდებდით. გააგრძელეთ კითხვა