რუსეთში დივერსიული რეიდის შედეგები - რა მოიგო და რა წააგო ამით უკრაინამ?
22 მაისს რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ბელგოროდის ოლქის მონაკვეთზე, უკრაინის მხრიდან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეიჭრა "რუს მოხალისეთა კორპუსისა" და ლეგიონის - "თავისუფლება რუსეთს" სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი, გაძლიერებული ჯავშანტექნიკით. ორი დღე-ღამის განმავლობაში მან რუსეთის ბელგოროდის ოლქის რამდენიმე საზღვრისპირა დასახლებაში დივერსიული ქმედებები განახორციელა პუტინის სახელისუფლებო სტრუქტურების წინააღმდეგ, რის შემდეგაც სცადა გამაგრება უკვე დაპყრობილ რუსულ სასაზღვრო პუნქტში, იქ თავდაცვითი ზღუდის მოწყობის მიზნით, მაგრამ საბოლოოდ, ისევ უკრაინის ტერიტორიაზე მოუწია დაბრუნებამ...
დაახლოებით, ასე გამოიყურება ამ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის ორდღიანი "ეპოპეა" რუსეთის ტერიტორიაზე, რამაც დადებითი და უარყოფითი შედეგები მოიტანა უკრაინის მხარისთვის...
დადებითი მხარეები:
- უკრაინამ კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს რუსეთის ფედერაციის საზღვრების დაცვის სისუსტე.
- რუსეთის მოქალაქეები, განსაკუთრებით კი - უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის დასახლებულ პუნქტებში, მერამდენედ დარწმუნდნენ, რომ მათი ქვეყნის მეთაურის - პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ეს ომი რუსეთის ტერიტორიასვე უბრუნდება.
- ამ დივერსიული რეიდის შემდეგ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იძულებული გახდება ბევრად უფრო მეტი დანაყოფი და სამხედრო ტექნიკა განათავსოს უკრაინასთან, საზღვარზე, რაც მეტ-ნაკლებად შეასუსტებს რუსი ოკუპანტების შეტევისა და თავდაცვის შესაძლებლობებს უშუალოდ უკრაინაში, ფრონტის ხაზზე.
- უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელშეწყობით შექმნილი "რუს მოხალისეთა კორპუსისა" და "თავისუფლება რუსეთს" ლეგიონის ასეთმა გააქტიურებამ იდეაში შეიძლება, "გამოაფხიზლოს" პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე და უბიძგოს უფრო მეტი საბოტაჟური სახის მოქმედებებისკენ, მათ შორის, მათივე საცხოვრებელ ადგილებში, პუტინის რეჟიმის საბოლოო დამხობისთვის.
მაგრამ ამ სადაზვერვო-დივერსიულ რეიდს თავისი უარყოფითი შედეგებიც მოჰყვა უკრაინისთვის:
სადაზვერვო-დივერსიული ოპერაცია იმითაა უნიკალური, რომ ის უნდა შესრულდეს ელვისუსწრაფესად მოწინააღმდეგის ახლო თუ ღრმა ზურგში, რაც შეიძლება დიდი ზიანის მისაყენებლად, დროის უმცირეს მონაკვეთში, რის შემდეგაც ამ ჯგუფის წევრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, მცირე საბრძოლო დანაკარგით სამშვიდობოზე გამოსაღწევად.
ასე მოხდა მარტში, როდესაც იმავე "რუს მოხალისეთა კორპუსმა" დივერსიული რეიდი განახორცილა რუსეთის ბრიანსკის ოლქის სასაზღვრო სოფლებში და უკრაინაში უდანაკარგოდ დაბრუნდა.
მაგრამ ამჯერად, რატომღაც, სხვა ტაქტიკა იქნა არჩეული და საზღვრის სიღრმეში შეჭრისა და იქ დიდი "ალიაქოთის" მოწყობის შემდეგ ისინი სასწრაფოდ უკან კი არ გაბრუნდნენ, უკრაინის ტყეებში თავის შესაფარებლად, არამედ მანამდე დაპყრობილ რუსულ სასაზღვრო საგუშაგო "გრაივორონზე" რატომღაც თავდაცვითი ზღუდეების შექმნა და იქ ერთგვარი ბუფერული ზონის მოწყობა სცადეს, რისთვისაც დაისაჯნენ კიდევაც...
შეიძლება რუსეთის არმია არ გამოირჩევა დიდი ოპერატიულობით, მაგრამ მათთვისაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა "ნაჩუქარი" მთელი ღამე, რომ მოეხერხებინათ თავისსავე სასაზღვრო საგუშაგოს - "გრავორონის" ზუსტი საარტილერიო დაბომბვის ორგანიზება, იქ გამაგრებული დივერსანტებისა და მათი ჯავშანტექნიკის მიზანში ამოღებით...
შედეგად, "რუს მოხალისეთა კორპუსისა" და ლეგიონის - "თავისუფლება რუსეთს" სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფმა ამ დაბომბვებისას დაკარგა სხვადასხვა ტიპის რვა ჯავშანმანქანა, დაიღუპნენ მებრძოლებიც, ოღონდ - არა 70-მდე, როგორც ამას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აპიარებს.
არადა, დივერსიული რეიდის შემდეგ მათ სასწარაფოდ რომ დაეტოვებინათ რუსეთის ტერიტორია და უკრაინაში დაბრუნებულიყვნენ, ასეთი დანაკლისი არ ექნებოდათ.
ამ დანაკარგების შემდეგ რუსეთის პროპაგანდას მიეცა საშუალება, მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენება მის ტერიტორიაზე განადგურებული ჯავშანმანქანები უკრაინული ჯვრებით და ეამაყა იმით, თითქოს ეს დივერსიული ჯგუფი მთლიანად გაანადგურეს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

რაც ძალზე საყურადღებოა, ამ განადგურებული ჯავშანმანქანებიდან, რომელთა მეშვეობითაც სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა, ნაწილი ამერიკული წარმოების HMMWV ("ჰამვი") და MaxxPro ტიპისა იყო ანუ ამით ამ რეიდის დამგეგმავებმა და განმახორციელებლებმა ერთგვარ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს ამერიკული მხარე, მით უმეტეს, წინა დღეს იაპონიაში, ჰიროსიმაში გამართულ "დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე მიწვეულმა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირადად აღუქვა პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ამერიკული მხარის მიერ გადაცემულ შეიარაღებას უკრაინა რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ არ გამოიყენებდა...
და დღეს, როდესაც რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიები უჩვენებენ, თუ როგორ მიათრევს ბუქსირით რუსული "ურალი" რუსეთში შეჭრილ და ალაფად აღებულ უკრაინისდროშიან ამერიკულ "ჰამვის", ეს უკრაინის წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს...