"ქართველი ხალხის ამოცანა და მიზანია, საქართველო გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი"
ჩვენს მეგობრებს ძალიან კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხის ამოცანა და მიზანია, საქართველო გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი. მოღალატეობრივი რეჟიმი ყველაფერს ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ აკეთებს, საქართველოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე აბრუნებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნატო-სა და ევროკავშირში კარგად იციან, რომ ქართველი ხალხი ერთიანია.
"ჩვენი მეგობრებისთვის, როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის წევრებისთვის, ძალიან კარგად არის ცნობილი, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ის, რომ საქართველო რუს ოლიგარქს აქვს მიტაცებული, ის, რომ საქართველოს მთავრობაში რუსეთის მაფიის ქართული ფილიალი მოქმედებს, რომელსაც ტყვეობაში ჰყავს პუტინის ტყვე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელია, საქართველოს მყარად დამყენებელი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამ ოლიგარქს ჯიბეში აქვს ჩადებული საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, ებრძვის თავისუფალ მედიას და ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნებით არ იყოს შესაძლებელი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა.
ჩვენ მეგობრებს ძალიან კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხი ერთია, ქართველი ხალხის ამოცანა და მიზანია ის, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი. მოღალატეობრივი რეჟიმი ყველაფერს ქართველი ხალხის და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აკეთებს, საქართველოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე აბრუნებს. ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს მეგობრებს, იციან ისედაც და მაქსიმალურად იმოქმედებენ რამდენადაც მათი შესაძლებლობა მისცემს საშუალებას, რომ ეს ყველაფერი აისახოს მათ დოკუმენტებსა და განცხადებაში, ასევე მოქმედებაში“,- აღნიშნა ბარამიძემ.
"ინტერპრესნიუსი"