"ჩემ გადარჩენაზე ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. მახსოვს, გაგიჟებულმა მამამ ტუჩებზე დაფენილი სველი ტილო როგორ მომგლიჯა და მთელი სახე დამიკოცნა " - კვირის პალიტრა

"ჩემ გადარჩენაზე ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. მახსოვს, გაგიჟებულმა მამამ ტუჩებზე დაფენილი სველი ტილო როგორ მომგლიჯა და მთელი სახე დამიკოცნა "

"ჩემ გადარჩენაზე ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. მახსოვს, გაგიჟებულმა მამამ ტუჩებზე დაფენილი სველი ტილო როგორ მომგლიჯა და მთელი სახე დამიკოცნა. სასწაული მოხდა..."

მე ის "ჩემი ქალაქის ვარსკვლავით" გავიცანი. ამ ფილმში მედეა ბიბილეიშვილი მსახიობი ქალის როლს ასრულებს, რომელიც ქმართან გაშორების შემდეგ თავის პროვინციულ ქალაქს უბრუნდება და რეჟისორ ძმასთან ერთად თეატრის პროგრამის განახლებაზე იწყებს მუშაობას. მედეა აქ ისეთი ლამაზი, თავისუფლების წყურვილით სავსე, ჰაეროვანი და მიმზიდველია, პირველივე ნახვაზე მოვიხიბლე... მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი... დედას ვთხოვე, კოპლებიანი კაბა შეეკერა, ზუსტად ისეთი, როგორიც მედეას ამ ფილმში ეცვა.

გავიდა დრო და ჩემთვის ქალის იდეალად შერაცხილ მსახიობთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე. მედეა ბიბილეიშვილი უკვე აღარ იყო მარჯანიშვილის თეატრში. ის 90-იან მძიმე წლებში, თეატრებში მიმდინარე "რეორგანიზაციას" (უფრო ზუსტად, შემცირებას) "შეეწირა". დავურეკე, შევთანხმდით და მეორე დღეს უკვე მასთან ვიყავი. ნათქვამია, ლამაზი ქალი ლამაზად ბერდებაო და მართლაც, ასაკში შესული მედეა მშვენივრად გამოიყურებოდა. 1999 წლის ოქტომბრის მიწურული იყო. ფარდები ბოლომდე გადაწეული ჰქონდა და ოთახის ყოველი კუთხე-კუნჭული შემოდგომის მზის სხივებით იყო სავსე. - მიყვარს მზე, განსაკუთრებით, შემოდგომის. ასე მგონია, მზის ენერგიით ვივსები და სიცოცხლეც მემატებაო, - მითხრა მსახიობმა. ლარნაკში ჩადებული ჩალისფერ-წითელ-ნარინჯისფერი ფოთლები საოცარ სიმყუდროვეს, სიმშვიდესა და სილამაზეს სძენდა მედეას ოთახს. კედლებზე მისი ცხოვრების ფრაგმენტები ფოტოებში გაბნეულიყო და თითოეული საინტერესო ამბავს ჰყვებოდა. იქვე იყო ხატების კუთხე. ღვთისმშობლის ხატზე მითხრა, - ეს განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის, კათოლიკოს-პატრიარქმა, ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მაჩუქაო.

"ჩემი ბავშვობა ლამაზ ფერებში დახატულ უმშვენიერეს სურათს მაგონებს. მშობლები პროფესიით ექიმები იყვნენ. მამა - მეან-გინეკოლოგი კამოზე, მეორე სამშობიაროში მუშაობდა, მთავარი ექიმის მოადგილე გახლდათ; დედა ვენეროლოგ-დერმატოლოგი იყო. მათ თეატრი უსაზღვროდ უყვარდათ. ვორონცოვზე დიდი სახლი გვქონდა და ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები. თუკი რაიმე კარგი არსებობს ჩემში, ის ჩემი მშობლებიდან არის, ცუდი კი, საკუთრივ ჩემია... მე ერთი შეუხედავი, სასაცილო და კნაჭა გოგო ვიყავი (ამის თქმაზე ჩემი გაოცებული თვალები რომ დაინახა, გაეღიმა, - მართალს გეუბნებით, არაფერს ვამეტებ, ახლობლები ჩემზე ასე ხუმრობდნენ: მედიკო უშნო და საძაგელ იხვის ჭუჭულს ჰგავდა, რომელიც მოგვიანებით მშვენიერ გედად გადაიქცაო). ჩემი ბავშვობა ფათერაკებით იყო სავსე. სამჯერ დავუძვერი სიკვდილს. ერთხელ, 7 წლისას, საჩუქრად პატარა ბატკანი მომიყვანეს. სულ მის ფერებაში ვიყავი. ეტყობა, მისგან გადმომედო ჯილეხი - ციმბირის წყლული.

ჩემ გადარჩენაზე ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. მახსოვს, გაგიჟებულმა მამამ ტუჩებზე დაფენილი სველი ტილო როგორ მომგლიჯა და მთელი სახე დამიკოცნა. სასწაული მოხდა... იმ დღიდან სიცხემ დამიკლო და მოვმჯობინდი. მეორედ მორიელმა დამკბინა, მესამედ კი მუცლის ტიფი დამემართა. ეტყობა, ღმერთს არ ვემეტებოდი სიკვდილისთვის და ამჯერადაც "გამოვძვერი". მშობლების ნებიერას ფერადი ბავშვობა მქონდა. ჩვენთან ხშირი სტუმრები იყვნენ სესილია თაყაიშვილი, ირაკლი აბაშიძე, მარინე თბილელი და მისი მეუღლე, კაკო დვალიშვილი, ცნობილი ექიმი ზაზა კახიანი ("ცისფერ მთებში" დირექტორის სახე რომ შექმნა). მშობლებთან დაკავშირებით ერთი ეპიზოდი მახსენდება და გული მწყდება ჩემს საქციელზე. ერთხელ ახალი წლის ღამეს დიდი წვეულებით შევხვდით. მეორე დღესაც ველოდებოდით სტუმრებს, მე კი გვიანობამდე ძილი მიყვარდა. მამა შემოვიდა ოთახში, ფრთხილად ჩამომიჯდა საწოლზე და თმაზე მომეფერა. განაწყენებულმა შევხედე ცალი თვალით. არ მიყვარდა, როცა ძილს მიფრთხობდნენ. იქვე იდგა დედაც. მან ჩემ შესაღვიძებლად ფარდა გადასწია და ფანჯარა გამოაღო. სასწაული დილა იყო. ლამბაქისოდენა ფანტელები ცვიოდა ციდან, თან მზეც ანათებდა. შუქმა თვალი მომჭრა და ბუზღუნით კედლისკენ გადავბრუნდი. ახლა ვბრაზობ საკუთარ თავზე. იმდილანდელი მზის შუქი და თოვლის სიქათქათე არაფერი იყო ჩემი მშობლების სისპეტაკესა და სიწმინდესთან შედარებით. ხშირად მშობლებს გულს ვტკენთ და არც ვფიქრდებით ამაზე. სინანული მერე მოდის, როცა ასაკი გვემატება...

მეათე კლასში საშემოდგომო გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი გეომეტრიასა და ქიმიაში. სწორედ იმ დროს გვესტუმრა ბატონი კაკო დვალიშვილი, იმდროინდელი კულტურის მინისტრის მოადგილე. მამამ სთხოვა, გამონაკლისის სახით, ატესტატის გარეშე, რეკომენდაცია გაეწია ჩემთვის თეატრალურ ინსტიტუტში. მართლაც, ინსტიტუტის რექტორმა ილია თავაძემ დამიშვა მისაღებ გამოცდაზე. გამომცდელი მიხეილ თუმანიშვილი იყო და როცა მომისმინა, ხელები საქმიანად მოიფშვნიტა: ეს გოგონა გეომეტრიის გარეშეც მშვენივრად გაძლებსო..." იხილეთ სრულად