"ყველაზე მეტად მერაბ კოსტავას ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა დამამახსოვრდა, კინოს სახლთან - მისი მქუხარე ხმა არ დამავიწყდება" - ხელოვანი, რომელსაც ესპანეთში არაერთი კედელი აქვს მოხატული - კვირის პალიტრა

"ყველაზე მეტად მერაბ კოსტავას ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა დამამახსოვრდა, კინოს სახლთან - მისი მქუხარე ხმა არ დამავიწყდება" - ხელოვანი, რომელსაც ესპანეთში არაერთი კედელი აქვს მოხატული

მხატვარი ზაზა პაპიძე წლებია ესპანეთში, ქალაქ არნედოში (ლა-რიოხას პროვინცია) ცხოვრობს და თავის საყვარელ საქმეს ემსახურება. საქართველოდან ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გაემგზავრა შორეულ ემიგრაციაში, როცა თბილისში ეროვნულ მოძრაობას სამოქალაქო დაპირისპირება და ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა... როგორც ყველა ემიგრანტი, ისიც თავდაუზოგავი შრომის, აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებისა და განვითარების შედეგად ახერხებს თავის დამკვიდრებას.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ერთი ნამუშევარი აქ, ჩვენს ქალაქშია, სკოლის ეზოს კედელზე, ესპანეთის ისტორიის, იმ დროის მსვლელობის ამსახველი სცენებით, პრეისტორიით დაწყებული, უახლესი ისტორიით დამთავრებული. გრძელი კედელია, სცენები კინოს ფირებივით მიჰყვება ერთმანეთს. ეს სამუშაოები შვილთან ერთად შევასრულე..."

"ჩემს ნამუშევრებში მთავარი ადამიანი და საზოგადოებაა, მისი მანკიერი მხარის კრიტიკა, ჩემებურად დანახული, ცოტა სატირით, ცოტა - ირონიით..."

papidze-1684995566.jpg

"ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ჩემი საყვარელი ლიდერები იყვნენ. მიტინგებზე ხშირად ვუსმენდი მათ. ვფიქრობ, ისინი ჩვენი თანამედროვეობის გმირები იყვნენ. ყველაზე მეტად მერაბ კოსტავას ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა დამამახსოვრდა, კინოს სახლთან - მისი მქუხარე ხმა არ დამავიწყდება... დანარჩენი კი, რაც გამოვიარეთ, მეც ისევე მახსოვს, როგორც ქართველების დიდ ნაწილს. 1990-იანი წლების იმედგაცრუება, მერე - უიმედობა, რამაც 1995 წელს ემიგრაციაში წასვლა მაიძულა..."

"მე დიდი ხნის წამოსული ვარ და აქედან მანდ სხვების განკითხვასა და შეფასებას ვერ დავიწყებ. ვფიქრობ, ამის არც მორალური უფლება მაქვს... 80-იანი წლების ბოლოს, ხალხის დიდ ნაწილს საერთო მიზანი, ოცნება ჰქონდა. თითქოს მეტი ერთობა იყო; 90-იანი წლების დასაწყისმა ბევრი რამ შეცვალა, მაშინდელი ლიდერების შემდგომი ბედიც... იმ იმედგაცრუებასა და უიმედობას მოჰყვა ნიჰილიზმიც.სამწუხაროა და გულსატკენი, რომ, როგორც თქვით, აღარ არის ის მუხტი, რომელიც იყო და რომ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები ხშირად დაპირისპირებასა და ერთმანეთის შეურაცხყოფაში გადადის. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ეს არასწორია და განსხვავებული აზრი არ უნდა გახდეს მიზეზი მტრობისა და სიძულვილის..."

papidze-2-1684995608.jpg

"ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე საქართველოს დავტოვებდი და სადმე სხვაგან ვიცხოვრებდი, მაგრამ მას მერე, რაც საქართველოში მოხდა, იქ დარჩენა არ შემეძლო, უფრო მეტად ემოციურად გამიჭირდა... მარტო წამოვედი, თუმცა აქ იყვნენ ქართველები, რამდენიმე ოჯახი გავიცანი და შეძლებისდაგვარად, გვერდში დამიდგნენ. ესპანელი მეგობრები მყავდა და მერე მათთან გადავედი. საბოლოოდ, აქ დავრჩი და ოჯახი შევქმენი ესპანელთან. ორი შვილი მეზრდება... ახლა სხვა მეუღლე მყავს, ისიც შემოქმედია, უამრავი საინტერესო, საერთო გეგმა გვაქვს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

თამთა დადეშელი