"თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლების სისტემა მოძველდა და საჭიროა მოდერნიზაცია" - "შეჭამა" თუ არა თეატრი ტელევიზიებმა, კინომ და ტოქშოუებმა - კვირის პალიტრა

"თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლების სისტემა მოძველდა და საჭიროა მოდერნიზაცია" - "შეჭამა" თუ არა თეატრი ტელევიზიებმა, კინომ და ტოქშოუებმა

6-დან 21 მაისის ჩათვლით, თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში კლასიკოსი ქართველი მწერლის _ ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღების“ საპრემიერო დღეები ჩაინიშნა. აფიშის გამოჩენისთანავე სპექტაკლის მიმართ დიდი ინტერესი გამოიკვეთა. მაყურებლის მიერ ინტერნეტსივრცეში განთავსებულმა მოკლე ვიდეოებმა მცირე დროში ათასობით ნახვა, დადებითი კომენტარი დააგროვა და ბილეთებზეც დიდი მოთხოვნაა. ახალ სპექტაკლთან დაკავშირებულ რეაქციებსა და თეატრალურ პროცესებზე საქართველოში, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობ, რეჟისორსა და დრამატურგ ოთარ ქათამაძეს ვესაუბრე.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"დუმბაძე ყოველთვის საინტერესო ავტორია და მას ახალი თაობაც კითხულობს. მის ნაწარმოებებს ჩემი შვილებიც კითხულობენ და მათზე დაკვირვება საინტერესო პროცესია. ეპოქები იცვლება, მაგრამ დუმბაძე სულ აქტუალური რჩება. თავდაპირველად, როცა მკითხეს, თუ რატომ უნდა დადგმულიყო ეს პიესა, მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არის გარკვეული პერიოდები, როცა დუმბაძე „მომწიფდება“ ხოლმე, ის მაყურებელს განსაკუთრებით სჭირდება და ასე ვთქვათ, გვიკვეთავენ..."

"მაშინ რთული პერიოდი მქონდა, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვერსად ვთამაშობდი და ვერაფერს ვდგამდი. ერთგვარ დანაკლისს განვიცდიდი. მინდოდა რაღაც გამეკეთებინა და აქედან გამომდინარე, პიესების წერა დავიწყე. პირველი პიესა იყო „აივანი“, რომლის გასაჯაროება მერიდებოდა. კონკურსებში მონაწილეობა მირჩიეს და ასეც მოვიქეცი. „აივანმა“ ორ კონკურსზე გაიმარჯვა და იმავე წელს დაიდგა, შემდეგ კი არაერთ თეატრში განხორციელდა მთელი საქართველოს მასშტაბით..." "ჩემი სტუდენტობისას და შემდეგ, ხშირად მესმოდა მოსაზრება, რომ ტელევიზიამ, კინომ და ტოქშოუებმა თეატრი „შეჭამა“, თუმცა ვთვლი, რომ ვინც ამას ამბობდა, ეს მხოლოდ მათი უმეცრების გამართლება იყო. თან, მაშინ სოციალური ქსელი ასე არ იყო ათვისებული. დღეს ინფორმაცია ყველას ჯიბეში მისდის: სმარტფონს ამოიღებ, დახედავ და ნახავ, სად რა ხდება. ვფიქრობ, სანამ მარკეტინგულ საკითხებში გავერკვეოდით, დიდი დრო მოვანდომეთ. ამ ხნის განმავლობაში გაიზარდა თაობა, რომელიც თეატრში ნამყოფი არ იყო. ამ თემასთან დაკავშირებით ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა: „ქალები 30+“-ის წარმოდგენისას, ჩემთან დაახლოებით 17-18 წლის გოგონა მოვიდა და მითხრა, აქამდე თეატრში ნამყოფი არ ვიყავი და აწი თუ ვივლი, იცოდეთ, ეს თქვენი დამსახურებააო. ამან ძალიან გამახარა. ეს სწორედ იმ პიარტექნოლოგიების შედეგია, რასაც ისინი ტელეფონებში ეცნობიან. რეკლამა ნახეს, დაინტერესდნენ, თეატრში მივიდნენ..."

"ერთი მთავარი პრობლემა, რაზეც არ მილაპარაკია, ეს არის სისტემა, რომელიც აუცილებლად შესაცვლელია. არ მომწონს თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლების სისტემა, ის მოძველდა და მოდერნიზაციაა საჭირო. ჩვენი სისტემა არ არის მიდრეკილი უნივერსალური მსახიობების ჩამოყალიბებაზე და ეს მოსაგვარებელია..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე