"რაც შეეხება [ქართველთა] მეომარ მამაკაცებს, ჭეშმარიტად, ისინი არიან ძლიერ ღირებულნი" - ქართველი და ევროპელი მოქირავნეები შუა საუკუნეებში
1088-89 წლის საიმპერატორო ედიქტის მიხედვით, ბიზანტიის არმიაში მოქირავნეებად მსახურობდნენ:
- ინგლისელები
- დასავლეთის ქართველები ("აფხაზი")
- გერმანელები
- ვიკინგები
ამ შენაერთების ბრძოლისუნარიანობა ემთხვევა დავით აღმაშენებლის მეფობის პირველ პერიოდს. შეიძლება თუ არა დავითის არმიაში მყოფი "ფრანგები" ანუ ევროპელები, რეალურად, სწორედ ეს ინგლისელი და გერმანელი რაინდები ყოფილიყვნენ ? შეიძლება, მაგრამ 1121 წლისთვის ეს მებრძოლები საკმაოდ ასაკიანები იქნებოდნენ და საეჭვოა, დიდგორის ბრძოლაში წინა ხაზზე ბრძოლა შეძლებოდათ.
ქართველთა და დასავლეთ ევროპელთა ურთიერთობების უპირველესი ასპარეზი ცხადია, ბიზანტიის იმპერია იყო. როგორც ცნობილია, ბიზანტიის იმპერატორები ხშირად იყენებდნენ უცხოელ სამხედრო მოქირავნეებს, რომელთა შორისაც ქართველთა და ნორმანთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო, რასაც მათ შორის, ბუნებრივია, ხშირად უნდა შეექმნა გადაკვეთის შესაძლებლობები.
1071 წელს იმპერატორმა რომანოზ მეოთხემ ხლათის ასაღებად გაგზავნა ქართული წარმოშობის (Cahen, C. "La campagne de Mantzikert d'après les sources musulmanes", Byzantion 9 (1934), pp. 630-631. The Encyclopaedia of Islam, 1991.243). სარდალი ტარხანეიოტესი (Ταρχανειώτης - სავარუდოდ, მომდინარეობს ქართული თარჴანიდან), ნორმანდიელ მოქირავნესა და თავგადასავლების მაძიებელ რასელ ბალიოლთან (Russell Balliol), იგივე Φραγγόπουλος, ანუ ფრანკის ძესთან ერთად.
ქართველები, რომლებიც თავიანთი მაღალი საბრძოლო თვისებებით გამოირჩეოდნენ და უძველესი დროიდან წყაროებში მოიხსენიებოდნენ, როგორც "ბრძოლის მოყვარენი", მოგვიანებითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბიზანტიურ არმიაში, ამ მხრივ გამორჩეულად ყურადსაღებია ბიზანტიელი ისტორიკოსის - იოანე კინამუსის (დაახ.1143-1185) ცნობები. იმპერატორ მანუელ პირველის კარზე. მას გრამატიკოსის თანამდებობა ეჭირა და უამრავი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის უშუალო თვითმხილველი იყო, მისი ისტორია მოგვითხრობს 1118-1176-წლების მოვლენების შესახებ.
ნორმანთა მეფე როჯერ მეორის სიკვდილის შემდეგ, 1154 წელს, როდესაც ტახტზე მისი ვაჟი უილიამ პირველი ავიდა, მანუელ პირველმა ჩათვალა, რომ ხელსაყრელი დრო დადგა იტალიაზე ბიზანტიის გავლენის აღსადგენად და ბიზანტიელ მებრძოლებთან ერთად, გერმანელ, ალან და იბერ მოქირავნეების თანხლებით, გაემართა იტალიისაკენ. მთლიანობაში ეს სამხედრო კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა თავდაპირველად იგი ბიზანტიელთათვის იმედისმომცემად წარიმართა.
საკუთრივ, იბერებს კინამუსი სამხრეთ იტალიური ქალაქის - ბრინდიზიუმის ალყის აღწერისას იხსენიებს, 1156 წლის მოვლენებზე იგი გადმოგვცემს: იოანიკე კრიტოპოლესი და ფერამესი, სპარსული მოდგმისა, იბერებთან და მასაგეტებთან (ალანებთან) ერთად წარგზავნილ იქნა შეტევისათვის, და როგორც კი მიუახლოვდნენ მტერს, რომელსაც ჰქონდა ბანაკი დაცემული ორმოცდახუთი სტადიონის მოშორებით, ეკვეთნენ მათ, როცა უკან იხევდნენ, მახლობელი ადგილებიდან, დახოცეს მრავალი, უკანამავალთაგან, დაატყვევეს ბევრი სატვირთო ცხენი და დაბრუნდნენ ბრინდიზიუმში, მათი ალმების ხელში ჩაგდების შემდეგ. (Sources on the Alans - A Critical Compilation, Agusti Alemany , 2000, 220-221).
ამდენად, როგორც ბიზანტიელი ისტორიკოსის ცნობებით ირკვევა, ქართველებმა ნორმანების დამარცხება არა მარტო საქართველოში, სასირეთის ბრძოლაში შეძლეს, არამედ ბრინდიზიუმშიც, საკუთრივ ევროპის კონტინენტზეც. ამ შეტაკებაში ქართველებმა ალანებთან ერთად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, ხელთ მტრის აღალი და მათი ალმებიც კი იგდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეუსტათიუსის გადმოცემით, ალანები და იბერები ბიზანტიელთა მხარეს, ნორმანთა წინააღმდეგ იბრძოდნენ 1185 წელს, თესალონიკის ალყის დროსაც.
მაღალი ბრძოლისუნარიანობის გამო ქართველ მოქირავნეებზე იმპერიაში მუდამ არსებობდა მოთხოვნა,
ქართველები და ევროპელები მე-11-12 საუკუნეებში გვერდიგვერდ იბრძოდნენ არა მარტო ბიზანტიის იმპერატორების, არამედ - სელჩუკი სულთნების და კილიკიის სომეხი მმართველების სამსახურშიც (20-ზე მეტი შემთხვევა წყაროებში, რაც ვიცით). კილიკიაში მთავარსარდლები სწორედ ქართველი და ფრანგი რაინდები - აბუქაბი და რემბო იყვნენ. ყველაფერ ამის მერე გასაკვირი არაა, რომ წაგრძელებული შუბით ბრძოლის ევროპული წესი ევროპაში და საქართველოში ერთდროულად გაჩნდა.
საქართველოს სამხედრო ისტორიის შესანიშნავ სპეციალისტს, მამუკა წურწუმიას მრავალრიცხოვანი წყაროებისა და თანამედროვე ევროპული სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით ნაჩვენები აქვს, რომ ქართველი ლაშქარი საუკუნეების განმავლობაში იყენებდა ამ ევროპულ-ბიზანტიურ სამხედრო ტექნიკას - შოკურ დარტყმას. იგი წერს: „საუკუნეების განმავლობაში ცხენოსანთა შეტევის სტილი არ იცვლება და შოკური შეტევა ქართველთა უსაყვარლეს ტაქტიკურ იარაღად რჩება”. ქართველთა ტრადიციული სამხედრო ტაქტიკის აღსანიშნავად მამუკა წურწუმიასაგან გამოყენებული ტერმინი „შოკური დარტყმა” თანამედროვე ევროპული სამეცნიერო ლიტერატურიდანაა მოტანილი. ეს ტერმინი აქტიურად გამოიყენება სამხედრო ისტორიის ევროპულ ისტორიოგრაფიაში, რაც ბუნებრივია, რადგან მოცემული სამხედრო ტაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული ძველ ევროპაშიც, რის გამოც აღნიშნული ტერმინი ძველ ევროპულ წყაროებში ჯერაც გვხვდება. ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველთა ამ ტრადიციული სამხედრო ტაქტიკის აღსანიშნავად ტერმინი „შოკური დარტყმა” გამოყენებულია ზოგიერთ ძველ, უცნობ ევროპულ წყაროში. ფრანსუა დე ბელფორეს უნივერსალურ ისტორიაში ქართველთა შესახებ გადავაწყდი ასეთ ჩანაწერს: „...რაც შეეხება [ქართველთა] მეომარ მამაკაცებს, ჭეშმარიტად, ისინი არიან ძლიერ ღირებულნი... ბრძოლაში შესვლისას, მწყობრში მდგარნი [მტერს] უტევენ შოკურად (ან, დასაშოკად. – ბ.ჭ.). „Mis en ranc preftz à chocuer”.