"ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე და დროულად შევჩერდი" - მოძალადე პირველი ქმარი, თავბრუდამხვევი კარიერა, აღიარება და ავადმყოფობით დასრულებული სიცოცხლე
ამერიკელი მუსიკოსი, როკ-ენ-როლის დედოფალი - ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში, შვეიცარიაში გარდაიცვალა. მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 24 მაისს უცხოურ მედიაში გავრცელდა.
მედიის ცნობით, მომღერალს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ის ალკოჰოლზე დამოკიდებულებასაც ებრძოდა და ღვიძლის პრობლემებიც ჰქონდა.
მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ტერნერის ინსტაგრამ-გვერდზე გავრცელდა:
„თავისი მუსიკითა და სიცოცხლის სიყვარულით მან მილიონობით გულშემატკივარი გაიჩინა და მომავალი ვარსკვლავების შთაგონების წყარო გახდა. დღეს ვემშვიდობებით ჩვენს მეგობარს, რომელმაც მემკვიდრეობად უდიდესი ნიჭი - თავისი მუსიკა დაგვიტოვა", - წერია განცხადებაში.
"ტინა ტერნერი, როკ-ენ-როლის დედოფალი დღეს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, შვეიცარიაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მასთან ერთად მსოფლიო კარგავს მუსიკის ლეგენდას და მისაბაძ ადამიანს", - ნათქვამია მომღერლის წარმომადგენლის განცხადებაში.
ამერიკელი მუსიკოსი, რომელიც საოცარი ხმის ტემბრითა და შესრულების მანერით გამოირჩეოდა, ყოველთვის ძალიან მიზანდასახული იყო.
ანა მეი ბულოკი 1939 წლის 26 ნოემბერს ტენესის შტატში, ქალაქ ნატბუშში დაიბადა. ის ბავშვობიდან გატაცებული იყო მუსიკით და სხვადასხვა კომპოზიციას რადიოში უსმენდა.
ძლიერი ხმის მქონე გოგონამ პირველი სასცენო გამოცდილება ეკლესიის გუნდთან ერთად მიიღო.
მომავალი ვარსკვლავი არ იზრდებოდა იდეალურ ოჯახში, მშობლები ჯერ კიდევ მაშინ დაშორდნენ, როცა ანა და მისი და პატარები იყვნენ. გოგონები აღსაზრდელად ბებიას დაუტოვეს, ბებოს გარდაცვალების შემდეგ კი - დედასთან გადავიდნენ საცხოვრებლად.
სენტ-ლუისში საცხოვრებლად გადასულმა ანამ ერთხელ კლუბ „მანჰეტენში“ The Kings of Rhythm-ის მუსიკა მოისმინა და სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერაც. ჯგუფის სოლისტმა - აიკ ტერნერმა იმ საღამოს მას სცენაზე ერთად სიმღერა შესთავაზა. ანა სულ მალე ქალთა ჯგუფის ვოკალისტი გახდა, აიკ ტერნერმა კი იწინასწარმეტყველა, რომ გოგონა დიდი ვარსკვლავი გახდებოდა და მისთვის კაბებს, ფეხსაცმელებსა და სხვა უამრავ ბრჭყვიალა სასცენო სამოსს ყიდულობდა.
1962 წელს ანამ და აიკმა დაქორწინება გადაწყვიტეს და სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა მომღერალი „ტინა ტერნერიც“. აიკის საყვარელი პერსონაჟი ჯუნგლების დედოფალი შინა იყო, შემდეგ ეს სახელი ტინად შეიცვალა. ახალმა სცენურმა სახელმა მომღერალს დიდი წარმატება მოუტანა.
როგორც ცნობილია, აიკი საკმაოდ მკაცრი პიროვნება იყო და ჯგუფში მუსიკოსები საკმაოდ ხშირად იცვლებოდნენ, თუმცა ტინა მისი ერთგული პარტნიორი იყო. წარმატების მისაღწევად გოგონა დღე და ღამე გაუჩერებლად შრომობდა.
ახალმა პროექტმა River Deep Mountain Hight ტინას უდიდესი წარმატება მოუტანა. ბრიტანულ ჩარტებში მან მესამე ადგილი დაიკავა, ცნობილმა ჯგუფმა - The Rolling Stones ტინა და აიკ ტერნერები მსოფლიო ტურნეში მიიწვიეს.
სწორედ ამ ტურნეს პერიოდში შეხვდა ახალგაზრდა მუსიკოსი მკითხავს, რომელმაც გოგონას წარმატებული მომავალი უწინასწარმეტყველა. ამის შემდეგ ტინამ დაიჯერა, რომ დიდი შესაძლებლობები ჰქონდა და გადაწყვიტა, ჯგუფი დაეტოვებინა.
დროთა განმავლობაში აიკთან ერთად მუშაობა შეუძლებელი გახდა, მისი სიმკაცრე ტირანიად იქცა. ამ ყველაფერს კი თან დაერთო ფიზიკური ძალადობაც. მეუღლე ტინას ფიზიკურადაც უსწორდებოდა... 1976 წელს ის სახლიდან წამოვიდა... მუსიკოსს ჯიბეში მხოლოდ რამდენიმე ცენტი ედო...
"შენ ყველაფერს მართმევ, მე კი მომავალს წაგართმევ", - განუცხადა ქალმა მეუღლეს.
იმ პერიოდში ცოტას თუ სჯეროდა, რომ ფერადკანიანი გოგონა წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ საოცარი ვოკალის მქონე მომღერალმა სულ მალე ძალიან გაითქვა სახელი და მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცა.
1984 წელს ჩაწერილი სინგლი - What's Love Got to Do With It არა მარტო ტინა ტერნერის, არამედ, მთელი მუსიკალური სამყაროს მემკვიდრეობად იქცა.
აიკთან განქორწინების შემდეგ მუსიკოსის რჩეული პროდიუსერი ერვინ ბახი გახლდათ. 1980-იან წლებში მუსიკოსი ამერიკიდან ევროპაში, ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. 1993 წელს წყვილმა ოფიციალურად იქორწინა და ისინი შვეიცარიაში გადასახლდნენ, აქ ტინამ მოქალაქეობაც მიიღო.
სიცოცხლის ბოლო წლები მომღერალმა სიმშვიდეში, ოჯახთან ერთად გაატარა.
„მუსიკალური კარიერა ჩემთვის მთავარი აღარ არის. ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე და დროულად შევჩერდი“, - განაცხადა ერთხელ მუსიკოსმა.
ლეგენდარული მუსიკოსი 24 მაისს შვეიცარიის ქალაქ კიუსნახტში გარდაიცვალა. 83 წლის მომღერლის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. მუსიკოსმა ინსულტიც გადაიტანა. მედიის ცნობით, ტერნერს კუჭ-ნაწლავის კიბო და თირკმელების ავადმყოფობა აწუხებდა.
„მშვიდად განისვენე დედოფალო, ლეგენდავ. ფრთხილად შევინახავ მოგონებებს შენზე“, - დაწერა სოციალურ ქსელში სუპერმოდელმა ნაომი კემპბელმა.
ცნობილმა მუსიკოსებმა ბიონსემ, ჯენეტ ჯექსონმა და სხვა პოპულარულმა მომღერლებმა პატივი მიაგეს ვარსკვლავს და განაცხადეს, რომ მათ ცხოვრებასა და კარიერაზე დიდი გავლენა სწორედ ტინა ტერნერმა იქონია.