"ვინ არის ფლორიდის შტატის გუბერნატორი რონ დესანტისი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარი მეტოქე ხდება"
როგორც ცნობილია, აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა რონ დესანტისმა ამერიკის ფედერალურ საარჩევნო კომისიაში ოფიციალურად შეიტანა განცხადება, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით. თუმცა ფლორიდელ გუბერნატორს იმისთვის, რომ ქვეყნის მეთაურის პოსტზე ნომინანტი გახდეს, ჯერ თავის მშობლიურ რესპუბლიკურ პარტიაში ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მეტოქეობა მოუწევს.
როგორც ბრიტანული "ბი-ბი-სი" (BBC) აღნიშნავს კომენტარში სათაურით - "ფლორიდის შტატის გუბერნატორი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარი მეტოქე ხდება", მოსალოდნელია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რონ დესანტისი საკუთარ თავს წარმატებულ კონსერვატიულ პოლიტიკოსად წარადგენს, კარგი კარიერული აღმასვლით და სკანდალების გარეშე, დონალდ ტრამპისაგან განსხვავებით. სხვათა შორის, გარკვეული დროის განმავლობაში გუბერნატორი ექსპრეზიდენტს რეიტინგში (საზოგადოებრივი გამოკითხვებით) წინ უსწრებდა და მას ჯო ბაიდენის ყველაზე უფრო პერსპექტიულ მოწინააღმდეგედ თვლიდნენ, თუმცა ბოლო დროს რონ დესანტისის პოპულარობა რესპუბლიკელებში თანდათან დაეცა და ამ მხრივ ის უკვე საკმაოდ ჩამორჩება დონალდ ტრამპს.
რესპუბლიკელი რონ დესანტისი ფლორიდის შტატის გუბერნატორი 2019 წელს გახდა, გასულ წელს კი იგი ტრიუმფალურად იქნა მეორედ არჩეული, ხმების რეკორდული რაოდენობით. სწორედ მაშინ დაიწყო რესპუბლიკელთა შორის ლაპარაკი, რომ მას უკვე პრეზიდენტობის ამბიციები გაუჩნდა და, ალბათ, შიდაპარტიული პრაიმერიზის დროს საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებსო. ასეც მოხდა - რონ დესანტისმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა საპრეზიდენტო ამბიციები.
ფლორიდის შტატის გუბერნატორისა და პრეზიდენტობის კანდიდატის შეხედულებები კონსერვატიზმით გამოირჩევა: მას როგორც მორწმუნე ქრისტიან-კათოლიკეს და სამი შვილის მამას (2010 წლიდან მისი ცოლია ყოფილი ტელეწამყვანი ქეისი ბლექი), თანმიმდევრული და მკაცრი პოზიცია აქვს გენდერული იდენტურობის მიმართ და კატეგორიულად ეწინააღმდეგება აბორტებს.
როცა ფლორიდის შტატის რესპუბლიკელებმა წინადადება წამოაყენეს, სკოლებში მასწავლებელებს მოსწავლეებისადმი სექსუალური ორიენტაციის საკითხებზე ლაპარაკი აკრძალვოდათ, რონ დესანტისმა ამ კანონპროექტს მხარი მტკიცედ დაუჭირა. მართალია, "ლგბტ-საზოგადოების" აქტივისტებმა გუბერნატორი მკაცრად გააკრიტიკეს, მაგრამ, როგორც ჩანს, რონ დესანტისის ელექტორატს მისი პოზიცია საკმაოდ მოსწონს: გამოკითხვების მიხედვით, ფლორიდის შტატის სამწლიანი ხელმძღვანელობის პერიოდში მან ყველა დემოგრაფიული კატეგორიის ამომრჩევლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
რაც შეეხება რონ დესანტისის დამოკიდებულებას უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ, პრეზიდენტობის კანდიდატის ხედვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გატარებული პოლიტიკისაგან შესამჩნევად განსხვავდება.
მიმდინარე წლის მარტში რონ დესანტისმა რუსეთ-უკრაინის ომს "ორ სახელმწიფოს შორის არსებული "ტერიტორიული დავა" უწოდა. მართალია, რადგანაც იგი მკაცრად გააკრიტიკეს, მოგვიანებით, მან თავისი პოზიცია ცოტა "გააუმჯობესა" და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის უფლება არ ჰქონდაო, მაგრამ იქვე მიუთითა, რომ [დაკავებულ ტერიტორიებზე] ბევრი "ეთნიკური რუსი ცხოვრობსო".
აპრილში ფლორიდის გუბერნატორმა, რომელიც ადრე სკეპტიკურად უდგებოდა ამერიკის სამხედრო დახმარებას უკრაინის მიმართ, რუსეთს და უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისაკენ მოუწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მანამდე რუსეთის ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და მოსკოვმა კიევს მისი კუთვნილი კანონიერი მიწა-წყალი უნდა დაუბრუნოს. რონ დესანტისმა იაპონური გამოცემისადმი - Nikkei Asia-სათვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის გასაგონად განაცხადა: "თქვენ შეიძლება ვერდენის ბრძოლის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეთ, როცა დიდი დანაკარგები გაქვთ, ომისთვის უდიდეს თანხებს ხარჯავთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც პატურ სიტუციაში ჩავარდებით". მას მხედველობაში ჰქონდა პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარი ვერდენის გაჭიანურებული ბრძოლები, როცა ორივე მხარემ 700 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. წყარო