"ის, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, ისტორიული "ტროას ცხენის" საქართველოში შემოყვანის ანალოგია" - კვირის პალიტრა

"ის, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, ისტორიული "ტროას ცხენის" საქართველოში შემოყვანის ანალოგია"

ის, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, პირდაპირი გაგებით, ისტორიული "ტროას ცხენის" საქართველოში შემოყვანის ანალოგია - რუსეთი ყველაფერს თავისთვის აკეთებს და ამას ევროპელები და ამერიკელები ხედავენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

„გამოთქმა არსებობს - „ფრთხილად იყავი საჩუქრისა ათენიდან“. ეს „ათენის საჩუქარი“ არის ე.წ. ტროას ცხენი. საერთაშორისო პოლიტიკაში არსებობს ასეთი ცნება - „ფრთხილად იყავი ნებისმიერი საჩუქრისგან, რომელიც შენი მტრისგან მოდის.“ ის, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, პირდაპირი გაგებით, ისტორიული ტროას ცხენის საქართველოში შემოყვანის ანალოგია. იმ ადამიანების [რუსების] ე.წ. რეკოლონიზაცია, მიწების ყიდვა, ბიზნესების გახსნა, პირდაპირი რეისები, უვიზო რეჟიმი... რუსეთი ამას თავისთვის აკეთებს. ამას ევროპელები და ამერიკელები ხედავენ“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მან გადაცემაში, ასევე, კატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ირაკლი ღარიბაშვილის უადგილო განცხადებები კატარში, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს პოზიციონირება არ არის დასავლეთზე, არამედ არის იმ სიტუაციის გაყინვაზე, რომელიც არის ე.წ. რუხი ზონა“.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, რომ ქვეყანა ე.წ. რუხ ზონაში დარჩეს და ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს დაშორდეს.

„მიზნები კონკრეტულია - „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკის აღქმა აქვს ასეთი. პირველი - საქართველო დარჩეს ე.წ. რუხ ზონაში, არც ბოლომდე რუსეთში, ამ ეტაპზე ასე ჩანს, იმიტომ რომ ნაბიჯი აქედან რუსეთამდე ძალიან მოკლეა. პუტინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს გაკეთდეს. მეორე - ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან დაშორება,“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ამასთან, როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, „ნატო-სა თუ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რომლებიც საქართველოში არიან, ამბობენ, რომ ეს არ არის ის რიტორიკა, რომელსაც ისინი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მომლოდინე ქვეყნისგან ელიან“.

IPN