პრიგოჟინ-ბუდანოვის ურთიერთდითირამბები ანუ მართლაც გახდა თუ არა უკრაინის არმია ერთი-ერთი საუკეთესო მსოფლიოში? - კვირის პალიტრა

პრიგოჟინ-ბუდანოვის ურთიერთდითირამბები ანუ მართლაც გახდა თუ არა უკრაინის არმია ერთი-ერთი საუკეთესო მსოფლიოში?

ევგენი პრიგოჟინი რუსული კერძო სამხედრო კომპანიის - "ვაგნერის" შემქნელი და ხელმძღვანელია, კირილ ბუდანოვი კი - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანუ უკრაინის არმიის სამხედრო დაზვერვის უფროსი და ისინი, წესით, მოსისხლე მტრები უნდა იყვნენ რუსეთ-უკრაინის ამ საშინელ ომში...

პრინციპში, ასეც არის, მაგრამ პრიგოჟინი და ბუდანოვი ერთმანეთს "დითირამბებს უგალობენ" და ერთმანეთის პროფესიონალიზმს სახალხოდ აღიარებენ.

საერთოდ, ყოველთვის ჯობს ომში მოწინააღმდეგის ძალისა და შესაძლებლობების დაფასება და არა - იგნორირება, თუმცა არც გადაფასებაა საჭირო - პრიგოჟინ-ბუდანოვის "დუეტის" შემთხვევაში კი ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ისინი პატივს სცემენ ერთმანეთის ძალას და პატივისცემით მოიხსენებენ ერთმანეთსაც...

უკრაინის მთავარი სამხედრო მზვერავი ბუდანოვი ინტერვიუში აცხადებს, - ჩემთვის რთულია ამის აღიარება, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ყველაზე დიდი პრობლემები სწორედ "ვაგნერმა" გაგვიჩინა, ისე, როგორც "ვაგნერი" იბრძვის, რუსეთის არც ერთ სხვა სამხედრო შენაერთს არ შეუძლია (ბრძოლა)...

თავის მხრივ, არც პრიგოჟინი ერიდება მოწინააღმდეგის შექებას - უკრაინის არმიამ ამ ომში ისეთი საბრძოლო გამოცდილება შეიძინა, რომ საუკეთესო ხდება მთელ მსოფლიოში, ხოლო უკრაინის სამხედრო დაზვერვაში ნამდვილი პროფესიონალები მსახურობენ, რომლებიც წარმოუდგენელ სპეცოპერაციებს გეგმავენ და წარმატებით ახორციელებენ რუსეთის არმიის წინააღმდეგ...

პრიგოჟინსა და ბუდანოვს შორის გაცვლილმა ამ "თავაზიანმა დადებითმა შეფასებებმა" დასავლეთის მასმედიაში ეჭვიც კი აღძრა, რომ პრიგოჟინი საკუთარ, დიდ თამაშს ეწევა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში თავად პუტინის ჩასანაცვლებლად, რის შემთხვევაშიც, ის რუსეთ-უკრაინის ომს მაშინვე შეწყვეტს, რაშიც უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან არსებული საიდუმლო კავშირები გამოადგებაო...

ეს ვერსია შეიძლება სულაც თითიდან გამოწოვილი გახლდეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პროფესიონალური სამხედრო განათლებიდან ძალიან შორს მდგარი პრიგოჟინი ბევრად ადეკვატურად აღიქვამს და პატივს სცემს მოწინააღმდეგის ძალას, ვიდრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომელიც დღემდე აგდებულად ეკიდება უკრაინელ მოწინააღმდეგეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომში უკვე არა ერთი მტკივნეული დარტყმა იგემა მისი მხრიდან...

გარდა ამისა, პრიგოჟინი, განსხვავებით რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, არ ერიდება, გააჟღეროს "ვაგნერის" საბრძოლო დანაკარგები ბახმუტისთვის მიმდინარე ცხრათვიან ომში.

მისი განცხადებით, ბახმუტზე შეტევებისას "ვაგნერს" დაეღუპა 10 ათასი საშტატო მებრძოლი და, ასევე, 10 ათასი ყოფილი პატიმარი იმ 50 ათასი მსჯავრდებულიდან, რომლებიც პუტინის ბრძანებით ციხეებიდან გამოუშვეს "ვაგნერის" რიგების გასაძლიერებლად.

თუმცა პრიგოჟინის დაუძინებელ მტერს, არანაკლებად ცნობილ რუს ოკუპანტს - იგორ სტრელკოვ-გირკინს მიაჩნია, რომ პრიგოჟინი მნიშვნელოვნად ამცირებს დანაკარგს და ბახმუტის დაპყრობის მრავალთვიან ოპერაციაში "ვაგნერმა", არანაკლებ, 40 ათასი მებრძოლი დაკარგა...

გამოდის, რომ არც ჩვენ ვცდებოდით, როდესაც ვწერდით, რომ მიწასთან გასწორებული ბახმუტის ბოლოსდაბოლოს ძლივს დაპყრობა რუს ოკუპანტებს მართლაც "პიროსის გამარჯვებად" დაუჯდათ და დღეს "ვაგნერის", როგორც ცალკეული შენაერთის, ბრძოლისუნარიანობა მინიმუმამდეა დასული, რითაც, წესით, უნდა ისარგებლოს უკრაინის არმიამ, რომელმაც შემოინახა ახლადშექმნილი ბრიგადები მომავალი გენერალური კოტრშეტევისთვის, რომელშიც გამოჩნდება, თუ რამდენად მართალია ერთ-ერთი ღირსეული დაუძინებელი მტრის - პრიგოჟინის შეფასება, რომ უკრაინის არმიამ ამ ოში მსოფლიოში ყველაზე დიდი საბრძოლო გამოცდილება შეიძინა და საუკეთესო გახდა...

P.S. მიუხედავად ერთმანეთის მიმართ გამოხატული პატივისცემისა, უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ პრიგოჟინი პუტინთან ერთად კვლავ რჩება უკრაინის პირველი მტრების სიაში და მათი ფიზიკური ლიკვიდაცია დღის წესრიგიდან არ მოხსნილა...

ბუდანოვის მოადგილის ამ განცხადებას პრიგოჟინი ძალზე მშვიდად შეხვდა. "მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მოწინააღმდეგეს პატივისცემით უნდა მოექცე. მათ ამ გადაწყვეტილებას ვაფასებ. რა თქმა უნდა, პრიგოჟინი, როგორც ამ ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუბიექტი, ლიკვიდირებული უნდა იყოს. ეს ასპროცენტიანი სიმართლეა, ამიტომაც ისინი სრულიად სწორ ნაბიჯებს დგამენ", - უპასუხა მას პრიგოჟინმა მისთვის დამახასიათებელი სარკაზმით...