"პარადოქსია: ისინი რომ ერთი წლის წინ გვქონოდა, ომი უკვე დასრულებული იქნებოდა...უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე დღეა გრძელდება" - კვირის პალიტრა

"პარადოქსია: ისინი რომ ერთი წლის წინ გვქონოდა, ომი უკვე დასრულებული იქნებოდა...უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე დღეა გრძელდება"

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა დაწყებულია და უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

„კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, საზღვრის გასწვრივ 1500 კილომეტრზე ინტენსიური ომი მიმდინარეობს, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია", - განუცხადა პოდოლიაკმა იტალიურ ტელეარხ Rai-ს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიას არ დაარტყამენ და მათ მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის გამოიყენებენ.

„ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელება, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც თქვენ მოგვეცით მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში, რუსეთის ფედერაციის პოზიციების გასანადგურებლად“, - განმარტა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, ახლა უკრაინას აქვს შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები, Leopard-ის ტანკები და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები.

„F-16-ები საბოლოოდ მოგვცემენ საჰაერო სივრცის დახურვის საშუალებას. პარადოქსია: ისინი რომ ერთი წლის წინ გვქონოდა, ომი უკვე დასრულებული იქნებოდა", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

IPN