ახალგაზრდა "კადიროველები" - როგორ უღვივებენ ბავშვებს "პატრიოტიზმს" ჩეჩნეთში
2023 წლის მაისში ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნეს - გამარჯვების დღე და ხსოვნისა და გლოვის დღე. ხსოვნის დღეს მთავარი ადგილი რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის გახსენებასა და პატივის მიგებას დაეთმო.
საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, „ხსოვნის კვირეულის“ ფარგლებში, ღონისძიებები გაიმართა. ჩეჩნეთში ამ დღეს პატარა ბავშვებს სამხედრო ფორმები ჩააცვეს და მარში მოაწყვეს. ისინი პატრიოტულ სიმღერებს ასრულებდნენ.
5 მაისს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რამზან კადიროვის უმცროსმა შვილებმაც. მათ ყვავილებით მორთეს ბაბუის საფლავიც. რამზან კადიროვმა ბავშვების „პატრიოტული წესით აღზრდისთვის“ განსაკუთრებული მადლობა შვილს - ხადიჯატ კადიროვას გადაუხადა, რომელიც გროზნოს მერიაში სკოლამდელ ბავშვთა განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
ჩეჩნეთში არასრულწლოვანთა სახელმწიფო პროპაგანდაში ჩართვის შესახებ საკითხი 2009 წლიდან განიხილება, როცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იქმნებოდა ორგანიზაცია „ახალგაზრდა კადიროველები“. მათი მთავარი მიზანი გახლდათ, ბავშვებისთვის „სასარგებლო საქმე“ ესწავლებინათ. „რადიო თავისუფლება“ იმ პერიოდში აღნიშნავდა, რომ ორგანიზაციაში მისაღებად ბავშვები სპეციალურ სიტყვას წარმოთქვამდნენ: „ამხანაგების წინ საზეიმოდ ვფიცავ: მთელ ჩემს ძალას, ცოდნას, გონებასა და ღირსებას სამშობლოს სამსახურს მოვახმარ! ყოველთვის შევასრულებ კადიროველთა წესებს“.
„ახალგაზრდა კადიროველთა“ ყველა ღონისძიება, ძირითადად, ახმატ კადიროვის მოგონებას უკავშირდება. როგორც ისინი თვლიან, ახმატ კადიროვი მომავალი თაობის საუკეთესო მაგალითია, ხოლო მისი ვაჟი, რამზან კადიროვი - ახმატის საქმის გამგრძელებლად მიიჩნევა.
აღსანიშნავია, რომ „ედინაია როსიას“ ადგილობრივ ვებ-გვერდზე, ჯერ კიდევ 2015 წელს იყო აღნიშნული, რომ „ახალგაზრდა კადიროველებმა“ და პარტიამ უნდა განმარტოს „ვლადიმერ პუტინისა და ახმატ კადიროვის როლი რუსეთის ერთიანობის შენარჩუნებაში“.
პოლიტიკოს ანატოლი კანიუკოვის თქმით, „ჩეჩნეთში ბავშვებს პოლიტიკაში მიათრევენ და მათ უფროსთა თამაშებში დასახურდავებელ მონეტებად აქცევენ“.
2016 წელს, იმის გამო, რომ რესპუბლიკის სკოლებში ბავშვებს აქცია მოაწყობინეს ლოზუნგით - „კადიროვი - რუსეთის გმირი“, კანიუკოვმა გენერალურ პროკურატურას მიმართა.
„რუსეთის გმირმა", ისევე, როგორც მთელმა პარტიამ, რუსული კანონები უნდა დაიცვან. არ არის კარგი საქციელი, როცა სკოლის მოსწავლეებს საკუთარი პიარისთვის აქციაზე მხარდაჭერისა და მონაწილეობისკენ მოუწოდებ“, - აღნიშნავდა პოლიტიკოსი.
ბავშვების აქციებზე მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოცემა Кавказ.Реалии-მ ის მშობლები გამოკითხა, რომლებიც კომენტარის გაკეთებას დათანხმდნენ.
ლიანა, სკოლამდელი ასაკის ბავშვის მშობელი:
„მე ვეთანხმები, რომ ბავშვებს სამშობლოს სიყვარული პატარა ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ, მაგრამ რა ხდება ჩვენთან? ჩემს შვილებს აიძულებენ, უყვარდეთ ხელისუფლება და არა - სამშობლო. მე ვეწინააღმდეგები ასეთ ძალადობას“.
ელიზა, ბაღის მოსწავლის მშობელი:
"ყოველ ჯერზე, როცა ბაღიდან მირეკავენ, რომ ბავშვს ღონისძიებისთვის ლექსი ვასწავლო, ჩემში უკმაყოფილებას იწვევს. როცა მე დავდიოდი ბაღში, ლექსებს დედაზე, ყვავილებზე, ჩიტებზე და კურდღლებზე გვასწავლიდნენ. რატომ უნდა სწავლობდეს ჩემი შვილი ლექსებს კადიროვთა დინასტიაზე?“
თემური, მე-10 კლასის მოსწავლე:
"მე-7 კლასამდე სკოლაში ფრიადოსანი ვიყავი. რესპუბლიკისა და რაიონის ყველა ოლიმპიადასა და კონკურსში მივიღე მონაწილეობა. მაქვს უამრავი ჯილდო და სიგელი. ეს ჯილდოები ჩემი ცოდნით მაქვს მოპოვებული და ეს სტიმულს მაძლევდა, კიდევ ბევრი მესწავლა. ახლა კი უპრობლემოდ შეიძლება მოიგო „აიფონი“, მხოლოდ იმიტომ, რომ ახმატ კადიროვის ან რამზან კადიროვის შესახებ ლექსს წაიკითხავ“.
რეჟიმის იდეოლოგიური პატიმრები
ჩეჩნეთში რამზან კადიროვის მამაზე ან დედაზე კარგი ლექსის წაკითხვის გამო ბავშვები სხვადასხვა ჯილდოს იღებენ. 2017 წელს ერთ-ერთი ღონისძიება სკანდალით დასრულდა. 9 წლის გოგონამ, რომელმაც პუტინზე მიძღვნილი ლექსის გამო „აიფონი“ მოიგო, პლაგიატში დაადანაშაულეს. ახმატ კადიროვზე მიძღვნილი ლექსის გამო კი სხვა გოგონამ მშობლებთან ერთად საჩუქრად 10 ათასი დოლარი და ბინა მიიღო.
გროზნოს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი გამოცემა Кавказ.Реалии-ს ამ საკითხებზე ვრცლად ესაუბრა და განაცხადა, რომ იდეოლოგიური შეხედულებების შესახებ მითითებები უმაღლესი ინსტანციებიდან მოდის და ეს მითითებები თავად სკოლის ხელმძღვანელობასაც არ მოსწონს.
„რაიონულ თათბირებზე გვეუბნებიან, - თქვენ უნდა იყოთ პედადოგებიც და იდეოლოგებიცო. ჩვენ იძულებულები ვართ, შევასრულოთ ასეთი „პატრიოტული“ საქმე. ყოველკვირეულად გვამოწმებენ. ადრე ბავშვების განათლებასა და პედაგოგთა პროფესიონალიზმს ამოწმებდნენ, რა ხდება ახლა? ამოწმებენ, გაქვს თუ არა კაბინეტში გერბი, ჰიმნი და კადიროვის პორტრეტი. ეს მარაზმია. პირად საუბრებში მშობლები გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ხელისუფლება სკოლისა და ბავშვების საქმეში ერევა, მაგრამ სიტუაციის შეცვლის ძალა ჩვენ არ გვაქვს“, - აცხადებს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი.
ჩეჩენი უფლებადამცველი ფატიმა გაზიევა, რომელიც ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს, აღნიშნავს, რომ „ახმატის გზის“ სწავლებით, ჩეჩნეთში ხელისუფლება კადიროვთა ოჯახის კულტის განვითარებას უწყობენ ხელს.
„კადიროვისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ყოველი სიტყვა - ეს „ახმატის გზაა“. ამის ტრანსლირება ხდება ყველგან: ქუჩებში, სამხედროებთან. მომავალი თაობა ამ საზოგადოებასთან ერთად ცხოვრობს, სადაც მათ ეუბნებიან, რომ არ არის სხვა გზა, „ახმატის გზის“ გარდა, რომელსაც ყველა უნდა მისდევდეს“ - აღნიშნავს უფლებადამცველი Кавказ.Реалии-სთან საუბრისას. (წყარო)