"ჩანდა, რომ ღელავდა, რადგან თვალებთან წამდაუწუმ მიჰქონდა ცხვირსახოცი და ცრემლს იმშრალებდა" - ვინ იყო ელენე გიორგობიანი, აკაკი წერეთლის ერთ-ერთი მუზა, მის მიერ "ღვთაებად" წოდებული - კვირის პალიტრა

"ჩანდა, რომ ღელავდა, რადგან თვალებთან წამდაუწუმ მიჰქონდა ცხვირსახოცი და ცრემლს იმშრალებდა" - ვინ იყო ელენე გიორგობიანი, აკაკი წერეთლის ერთ-ერთი მუზა, მის მიერ "ღვთაებად" წოდებული

"ელენე გიორგობიანი - აკაკი წერეთლის ერთ-ერთი მუზა, 1912 წელს, რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს, აკაკის მიერ "ღვთაებად" წოდებული. ხოლო ელენეს სილამაზით მონუსხულმა გრიგოლ რობაქიძემ დაწერა "ფიორდების ასულს", რომელიც 1913 წელს ჟურნალ "ოქროს ვერძში" დაიბეჭდა" - ეროვნული ბიბლიოთეკა, "ივერიელი", ციფრული ფოტომატიანე...

"ელენე გიორგობიანი იყო გრიგოლ რობაქიძის პოეტური მუზა, მას ლექსიც მიუძღვნა - "ფიორდების ასულს". ელენეს ბევრი იმდროინდელი ცნობილი პოეტი უძღვნიდა ლექსებს. ლილე ჯაფარიძეს უნდოდა, ერთად გამოეცა ეს ლექსები, მაგრამ სავარაუდოდ, ლადო ჯაფარიძემ გაანადგურა", - იუწყებოდა პრესა...

ელენე გიორგობიანის მეუღლის, პედაგოგის, მთარგმნელის, მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის, ლადო ჯაფარიძის მოგონებებიდან - "აკაკისთან ერთად რაჭა ლეჩხუმში":

"ჩვენი საყვარელი მგოსანი აკაკი წერეთელი პირველად ქუთაისში ვნახე, როცა ის 60 წლის ვაჟკაცი იყო, მე კი, გიმნაზიის მოწაფეს, მისი ხილვა ოცნებად მქონდა გადაქცეული. და მაინც, ბოლოსდაბოლოს, 1912 წელს, აკაკის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს, მასთან პირისპირ შეხვედრის ბედნიერებაც მეღირსა. მაშინ მგოსანი უკვე ჭარმაგი მოხუცი ბრძანდებოდა. ვიხილეთ თუ არა მგოსანი, მაშინვე ხმამაღალი "ვაშა" შევძახეთ და ამ, როგორც იმ ისტორიული მოგზაურობის მონაწილემ, მინდა ზოგი რამ გავიხსენო პირადად აკაკისა და იმ საზეიმო შეხვედრების შესახებაც, მგოსანს რომ რაჭა-ლეჩხუმში მოუწყვეს და ჭეშმარიტად სახალხო დღესასწაულის ხასიათი მიიღო. ეს, საერთოდ, ცნობილი ამბავი გახლავთ, მაგრამ მე ჩემი თვალით ნანახ ამბებზე გიამბობთ თქვენ, ვისაც დიდი აკაკი თვალით არასოდეს გინახავთ.

დავიწყებ იმით, თუ რა გაფაციცებით ვემზადებოდით დიდი თუ პატარა, ახალ ჩოხებს ვიკერავდით. ჩემს პატარა ძმას, უჩასაც კი, რომელიც მაშინ მხოლოდ ხუთი წლისა იყო, დედამ სირმით მოვლებული მშვენიერი ქულაჯა შეუკერა... სტუმარს ონიდან 12 კილომეტრის დაშორებით, სორის ჭალებში დავხვდით. სამასი ცხენოსანი ვეგებებოდით საპატიო სტუმარსა და მის თანმხლებთ. პირველი ეტლი, რომელშიაც აკაკის დიდებულ სახეს მოვკარით თვალი, სხვა ეტლებისაგან განსხვავებით, ცოცხალი ყვავილებით იყო მორთული. ვიხილეთ თუ არა მგოსანი, მაშინვე ხმამაღალი "ვაშა" შევძახეთ და ამ გუნდურ ძახილს ტაშის გრიალიც დავურთეთ თან. მან აღფრთოვანებული სალმითა და ქუდის მოხდით უპასუხა ჩვენს საზეიმო შეძახილს და როცა შენიშნა, რომ სიტყვით მიმართავდნენ, ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ დაღლილი ჩანდა და, ხალხის თხოვნით, ისევ ეტლის სავარძელში დაბრძანდა. სიტყვაც ქუდმოხდილმა და ეტლში მჯდარმა მოისმინა;

იარაღში ჩამსხდარ ცხენოსნებს გვადევნებდა თვალს. ჩანდა, რომ ღელავდა, რადგან თვალებთან წამდაუწუმ მიჰქონდა ცხვირსახოცი და ცრემლს იმშრალებდა. ამის შემდეგ მგოსნისა და მის თანამგზავრთა ეტლების უკან დავეწყვეთ და სიმღერის გუგუნით ავათქარუნეთ ცხენები...

იშვიათი სანახავი გახლდათ ონის მისადგომთან აღმართული ტრიუმფალური თაღი, რომელიც ყვავილებითა და ლოზუნგებით იყო შემკული. ამ თაღთან აუარებელ ხალხს მოეყარა თავი. ქალაქის წარმომადგენელმა ისევ მორიგი მისასალმებელი სიტყვით მიმართა მგოსანს. და, აი, ამ დროს ხალხის წიაღიდან, როგორც წყლის ჭავლიდან თეთრი გედები, ამოიმართა თეთრით შემოსილი და თაიგულებით ხელდამშვენებული სამი ულამაზესი გოგონა; ისინი მსუბუქად გამოეყვნენ ხალხის ტალღას და, როგორც მგოსნის მუზები, ფერიებივით მიეგებნენ მას, მერე კი ეტლში ჩაუსხდნენ ძვირფას სტუმარს. ამ ”მუზებთან” დაკავშირებით მინდა მცირედით გადავუხვიო მთავარ სათქმელს და თქვენი ყურადღება მათზე გადავიტანო.

აკაკის სამი პოეტური მუზა, სამი ულამაზესი ქალიშვილი ონის მოწინავე საზოგადოებიდან, ერთად სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში, რომელიც მათ ერთად დაამთავრეს 1912 წლის ზაფხულში...

ლენა გიორგობიანი იყო ულამაზესი ულამაზესთა შორის; სათნო და მორიდებული უფროსების მიმართ, ხოლო ამხანაგების წრეში - ხალისიანი და სიცოცხლით სავსე, გულღია და გულმხურვალე. მას ჯერ კიდევ სასწავლებელში ეძახდნენ „ღვთაებას“ და ეს ეპითეტი არა მარტო სილამაზის, იშვიათი გარეგნობისა და მაღალი ადამიანური თვისებებისათვის, არამედ, ქალური სინატიფისა და მომხიბვლელობისათვის, კეთილი ქცევისა და ყველასადმი სიყვარულით სავსე და სუფთა გულისათვის შეერქმიათ მისთვის.

ლენა ქუთაისში ცნობილი ექიმის დიმიტრი ნაზარიშვილის ქალიშვილთან - ისიასთან ერთად იზრდებოდა. ისიაც მთელ ქუთაისში ასევე სათნო და მომხიბვლელი გოგონა გახლდათ და ორთავე იქაურ მოწინავე საზოგადოებაში ტრიალებდა. პოეტები აღმერთებდნენ მათ. 1912-1913 წლებში ქუთაისის იმდროინდელ გაზეთებში ლენასადმი მიძღვნილი არაერთი ლექსია დაბეჭდილი; თუნდაც ლექსი „ფიორდების ასულს“, რომელიც „ოქროს ვერძის“ 1913 წლის მე-5 ნომერშია გამოქვეყნებული. აღარაფერს ვიტყვი გამოუქვეყნებელ წერილებზე და პაოლო იაშვილის ლექსზე - „მეორეს“, ისია ნაზარიშვილს რომ ეძღვნება. ასეთი სათაური პაოლოს ლექსს იმიტომ ჰქონდა, რომ მისი წარმოდგენით „პირველი“ ლენა გიორგობიანი იყო. მაგრამ ლენა ძალზე მოკრძალებული და კდემამოსილი გახლდათ და ამდენ ქებას ყურადღებას არ აქცევდა, თითქოს არც გაეგონოს და არც არაფერი სმენოდეს. ამიტომ იყო, რომ მას არც ერთი გაზეთი არ შეუნახავს, რომლებშიაც მისდამი მიძღვნილი ლექსებია დაბეჭდილი.

იმ დროს ჯერ კიდევ ახალგაზრდა პოეტმა ლელი ჯაფარიძემ მოიწადინა ყველა ამ ლექსთა შეკრება და ერთ წიგნად გამოქვეყნება, რათა იგი საჩუქრად მიერთმია ადრესატისათვის, მაგრამ ლენამ თავი შორს დაიჭირა და ყურიც არ ათხოვა ლელის სურვილს...

ლენა ცეკვისთვის იყო დაბადებული. მართლაც იშვიათი მომხიბვლელობით ასრულებდა როგორც ევროპულ, ისე ქართულ ცეკვებს, პრიზიც კი მიიღო „ნაურულის“ ცეკვისათვის 1913 წელს ქუთაისის კლუბში. „Кутаисский листок“-მაც აღნიშნა: „В конце бала исполнена наурская лезгинка Леной Гиоргобиани“.

რაჭა-ლეჩხუმში ლენას შეხვედრა დიდ აკაკისთან პირველი და უკანასკნელი არ ყოფილა; ქუთაისში მას კიდევ ელოდა მთელ საღამოს მგოსნის გვერდით ყოფნა. ლენას გასაოცრად, აკაკიმ თავად იცნო მისი ერთ-ერთი მუზა, გამოელაპარაკა და დარბაზში ვანო სარაჯიშვილსაც კი გააცნო, რომელიც იმ საღამოს კონცერტზე გამოდიოდა. ეს დაუვიწყარი შეხვედრა ლენა გიორგობიანს - იგივე ჩემს მეუღლეს - აღწერილი აქვს ერთ მცირე მოგონებაში და რემინგტონზე გადაბეჭდილი ჩვენს ოჯახში ინახება.

ლენას შემდგომშიც კარგად იცნობდნენ ქართულ საზოგადოებაში... მას მოხუცებულობამდე არ დაუკარგავს მომხიბვლელობა და იშვიათი ადამიანური თვისებები... ნათქვამია „ცოლის ქება რა რიგიაო“ და მეც აქ მინდა დავუსვა წერტილი..."

(სპეციალურად საიტისთვის)