"დედა პატარა ასაკში გავხდი...მეუღლე მეხუმრება ხოლმე, კონსტიტუციური სიმშვიდის გარანტი ხომ ვარ შენთვისო“ - ვინ არის ახალბედა პარლამენტარი ქეთი თურაზაშვილი
"მოქალაქეების“ სიის მესამე ნომერი ქეთი თურაზაშვილი მას შემდეგ გახდა პარლამენტის წევრი, რაც ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის პოზიციაზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ვიცე-სპიკერის აპარატში მუშაობდა, ამბობს, რომ სიახლესთან შეგუება იოლი არ იყო. "ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობას თუ გრძნობ, დეპუტატობა მარტივი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ახლა რთული და თანამშრომლობისთვის არახელსაყრელი პერიოდია, არის დაძაბულობა, პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, მაქვს პარლამენტის ტრიბუნა და უფრო ხმამაღლა შემიძლია ვილაპარაკო იმ პრობლემებზე, რაზეც მანამდე ისედაც ვმუშაობდი“.
მისთვის ურთიერთობაში მთავარი ერთგულება და კეთილსინდისიერებაა და ელოდება დროს, როდესაც ერთმანეთის არაჯანსაღი კრიტიკა და სიძულვილის ენის გამოყენება ცუდ ტონად ჩაითვლება ქართულ პოლიტიკაში.
სამი ვაჟის პარლამენტარი დედა და ჟურნალისტ გოგი ახალკაცის მეუღლე მის ცხოვრებაზე, გატაცებასა და ინოვაციურ წამოწყებაზე ambebi.ge-ს ესაუბრება:
"აღარ გავყევი დედას, ვერ გავბედე“...
- თბილისში დავიბადე, მაგრამ 6 თაობით გორელი ვარ. მე-10 კლასამდე გორში ვცხოვრობდი და უნივერსიტეტისთვის მოსამზადებლად თბილისში წამოვედი. მყავს ერთი და, მარიამი. მამა, ალექსანდრე თურაზაშვილი ეკონომისტია, დედა ნინო ხუციშვილი 35 წელი მღეროდა შალვა მოსიძის "გორის ქალთა გუნდში“, მეც ხშირად დავყავდი რეპეტიცია-კონცერტებზე და კარგად მახსოვს ყველა მათი წარმატება. როდესაც დედა გასტოლებზე იყო, ვრჩებოდით დედის დედასთან, რომელსაც დიდედას ვეძახით, ის დღეს 96 წლისაა და უმნიშვნელოვანესი ადამიანია ჩვენს ცხოვრებაში.სიმღერა მეც მიცდია, დედამ წამიყვანა კიდეც რეპეტიციაზე და როცა ჩემი ჯერი მოვიდა და შალვამ მითხრა, ახლა შენ წაგვიმღერეო, შემრცხვა და ვუთხარი, შემდეგ რეპეტიციაზე-თქო, თუმცა შემდეგ აღარ გავყევი დედას, ვერ გავბედე... მერე ვნანობდი.. როცა უკვე წლების შემდეგ ჩემი უფროსი შვილი - სანდრო ლაშხი "ვოისში“გავიდა და კარგად იმღერა, ეს სინანული სადღაც გაქრა. ძალიან მიხარია, რომ სანდროს უყვარს სიმღერა და წარმატებულია ამ სფეროში. შვილებს, სხვათა შორის, პატარობიდან ვუმღეროდი და როცა სანდრო პროექტში გავიდა, ბებო ეუბნებოდა, ეს დედას დამსახურებაა, ჩვილობიდან გიმღეროდა, ამიტომ გაქვს ასეთი კარგი სმენაო. სანდრომ სიმღერა რომ დაიწყო, რატომღაც არ მითხრა, 6 თვე ქუჩის მუსიკოსი იყო. არ ვიცი, რატომ დამიმალა... როცა შევიტყვე, უზომოდ გამიხარდა და ამ სფეროში განვითარებისთვის ხელი შევუწყე, ის ახლაც დადის ვოკალისტთან. როცა "ვოისში“ გადაწყვიტა გასვლა, მეცხრე ცაზე ვიყავი, გამიხარდა, რომ ჩემგან განსხვავებით, გაბედა და ხმა ამოიღო.
"საყვარელი პროფესია ვიპოვე“- როცა პროფესია უნდა ამერჩია, სამწუხაროდ, არ იყო ისეთი მრავალფეროვანი არჩევანი, როგორიც დღეს აქვთ ბავშვებს. იყო საბანკო საქმე, სამედიცინო ან იურიდიული. ამ მოცემულობიდან იურიდიულზე გადავწყვიტე ჩაბარება. ახლა რომ იმ ასაკში ვიყო, აუცილებლად ავირჩევდი ინტერიერის დიზაინს. იმხანად რთული იყო უფასოზე მოხვედრა, იყო დიდი კონკურსი, მაგრამ შევძელი, ჩავაბარე და დავამთავრე. შემდეგ ამ მიმართულებით გავაგრძელე მუშაობა - უზენაეს სასამართლოში დავიწყე სტაჟიორობიდან, ცოტა დიდხანს, 2 წელი მომიწია ამ პოზიციაზე დარჩენა, მაგრამ არ ვნანობ, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, არაჩვეულებრივ მოსამართლეებთან მომიწია მუშაობა. მერე, როცა ადვოკატთა ასოციაციაში პირველი სამსახური დავიწყე, 2005 წელს, შეკითხვაც არ დამისვამს, რა როგორ გამეკეთებინა. ადვოკატთა ასოციაციაში დაფუძნების დღიდან ვიყავი, იქ მაშინ 1000-ზე მეტი ადვოკატი იყო და ყველას პირადი საქმე ჩემს ხელში იყო, მათ მოტივაციაზე ზრუნვა და ბევრი ისეთი საკითხი მევალებოდა, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანური რესურსების მართვას დაუკავშირდა. მაშინ არ მქონდა გააზრებული, რომ ეს საქმე თურმე მომწონდა, მაგრამ მერე როცა მივხვდი, რომ რაღაცა სხვას ვაკეთებ, რასაც აშკარად სახელი ჰქვია, გაეროს სკოლაში გავიარე ეიჩარ-მენეჯმენტის კურსი (ადამიანური რესურსების მართვის). ამ პერიოდში, ტელეკომპანია "იმედიდან“ მივიღე შემოთავაზება კადრების სამსახურის უფროსის პოზიციაზე. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ მეორეს მხრივ იყო საშუალება, თუნდაც საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მე ამას შევძლებდი. ამ ორგანიზაციაში 7 წელი ვიმუშავე. გენერალური დირექტორი 7-ჯერ შეიცვალა, ფაქტობრივად, 7 სხვადასხვა კომპანიაში ვიმუშავე-მეთქი, ვამბობდი. ტელეკომპანიაში პროფესიულად ძალიან გავიზარდე, დღესაც ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს იქ და დღემდე მიყვარს. ბევრი კომპანია და ორგანიზაცია გამოვიარე, მათ შორის ტელეინდუსტრია, საცალო გაყიდვები, წარმოება, ასევე, ვიყავი საჯარო სექტორშიც და ყველა ჩემი პოზიცია უკავშირდებოდა ადამიანური რესურსების მართვას. ჩემს იურიდიულ მიმართულებაზე მთლად უარი რომ არ მეთქვა და არ დავშორებოდი, საკრებულოში იურიდიული კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის პოზიციას დავთანხმდი. თუმცა მალევე ისევ HR-ს დავუბრუნდი. საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა ამ სფეროში.