ნეტავ აქ რა ხდება?.. - კვირის პალიტრა

ნეტავ აქ რა ხდება?..

ბლოგოსფეროშიც თუ აღმოვჩნდებოდი ამის წარმოდგენა ნამდვილად გამიჭირდებოდა... ასე 10 წლის წინ ან თუნდაც 5-ის. . .

რამდენი წლის ვარ? ბევრის! და ამიტომაც მჯეროდა აქ ვერასოდეს მოვხვდებოდი, მაგრამ ეტყობა მართალია, რომ არასოდეს – არსდროს არ უნდა თქვა.

1996-ია. წინა საუკუნე, 90-იანები. . .

გაეროს პროექტში ლეპტოპები დაგვირიგეს. მორჩა, ამაზე უნდა იმუშავოთო! როგორც სასწაულს ისე ვათვალიერებდი, ამ საოცრებას. . .

და სევდიანად ვფიქრობდი - არ მინდა ასე, არა!

მე ფურცელი მიყვარს, ნაწერის თვალიერება. ფურცლის კუთხეში, ფიქრის დროს, ფიგურების ხატვა. არ არის ეს ჭკვიანი ყუთი ჩემთვის - არა ბატონო! არაფერიც არ გამომივიდა, მაშინ პროექტი ითხოვდა ამას – ახლა დრო! და მეც მომინდა - მოუსვენარი ინტერესი საშინელი რამეა! ამ სფერომაც დამაინტერესა!

ვიკიპედიას ჩაუჯექი და ბლოგზე მასალა კარგად წავიკითხე. ბლოგების ფუნქციას გავეცანი (აღარ მორჩა ჩემი სწავლა-განათლება), და აი თურმე რა ფუნქციები ჰქონია: კომუნიკაციის, თვითპრეზენტაციის, გასართობი, თვითგანვითარების, რეფლექსიის და ფსიქოთერაპიული – ვიცოდი, რომ პასუხსაც გადავაწყდებოდი...

ძველი ანეგდოტი გამახსენდა, მაშინ მარტო ერთი სფერო რომ იყო, მარტო საბჭოთა "შარიკი"...

მიხოს კითხეს - მსოფლიოს, რომ შეგეძლოს გააგონო, რას იტყოდიო? – დავიძახებდი "მიშველეთო" – უპასუხა.

ჰო და მიშველეთ! მგონი მართლა ფსიქოთერაპიული მიზეზით მომინდა ბლოგოსფეროში ხეტიალი.

და საერთოდ რატომ წერენ (ვწერ) ბლოგებს? იქნებ რამე სხვა მიზეზიც არის...

მითხარით რა? (ჩუმად მაინც – ამაში ფულსაც იხდიან?)