როგორ ცდილობდა "თეთრი რუსეთი" ბათუმისა და აჭარის მიტაცებას
26 მაისი ერთდროულად სიხარულის და ტკივილის დღეა. არ დაგიმალავთ, არ ვიცი რომელი სძალობს: საუკუნეების მანძილზე ნანატრი თავისუფლების გამოცხადების სიხარული, თუ თავისუფლების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.
მკითხველს შევახსენებ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის არასრული სამი წელი გარე და შიდა მტერთან მუდმივი ბრძოლის ისტორიაა. ჩრდილოეთიდან - ბოლშევიკები, აღმოსავლეთიდან ჯერ აზერბაიჯანის რესპუბლიკა (ოსმალოებისგან შეგულიანებული) გვედავებოდა ისტორიულ მიწებს, შემდეგ კი ბაქო გახდა ბოლშევიკების საქართველოზე შეტევის ფორპოსტი. 1918 წლის ბოლოს სომხებმა სამხრეთიდან ჩაგვცეს ზურგში მახვილი, ოსმალოს კი ტაო-კლარჯეთისა და ბათუმის მისაკუთრება სურდა და ხან ჯარით, ხან კი მოსყიდული ჯაშუშებით საქართველოს ძირძველი მიწების მიტაცებას ცდილობდა. არც დასავლეთის სივრცე და შავი ზღვის სანაპირო იყო საიმედო. 1918 წლის დასაწყისიდან ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი (თუმცა ერთიანი და განუყოფელი რუსეთის იმპერიის აღდგენის მომხრე) "თეთრები" უტევდნენ საქართველოს სანაპიროს: გაგრას, სოხუმს, ფოთსა და ბათუმს.
რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის ხელისუფლების დამხობის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა და გამოუცდელ ხელისუფლებას უხდებოდა კრაზანების ბუდესავით ავად აშლილი რუსეთის სხვადასხვა "მთავრობის" ინტერესების მხედველობაში მიღება. ეს უკანასკნელნი, ჩვენდა სამწუხაროდ, მრავალრიცხოვან შეიარაღებულ ფორმირებებს აკონტროლებდნენ და საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებს იყვნენ მომდგარნი. 1918-1921 წლებში საქართველოს ხელისუფლებას ბრძოლა უხდებოდა არამარტო საბჭოთა (ბოლშევიკური) " წითელი” რუსეთის, არამედ ე.წ. "თეთრი” (მონარქისტული) რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგაც. 1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელი კრების სხდომაზე საქართველოს შს მინისტრმა, ნ. რამიშვილმა განაცხადა: "არსებობს ბოლშევიკების საფრთხე . . დენიკინის საფრთხე . .დენიკინს აქ მრავლად ჰყავს თავისი არაოფიციალური აგენტები". შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებულ რაზმის უფროსის, მექი კედიას ხელმძღვანელობით ქართველი მზვერავები ცდილობდნენ მტრის გეგმების გამოაშკარავებასა და ჩაშლას. 1919 წლის მარტში მათ ხელში ჩაიგდეს "თეთრგვარდიელთა" სარდლობის რამდენიმე სრულიად საიდუმლო დოკუმენტი. კერძოდ, "რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების" მთავარსარდლობის შტაბის საიდუმლო სადაზვერვო დოკუმენტები, შტაბის უფროსის, გენერალ რომანოვსკისა (1877- 1920 ) და დაზვერვის განყოფილების უფროსის, პოლკოვნიკ რიასნიანსკის (1886- 1976 ) ხელმოწერებით.

ამ დოკუმენტების დაკარგვის შესახებ დენიკინის კონტრდაზვერვამ მხოლოდ ზაფხულის დასაწყისში შეიტყო და ისიც საქართველოს ხელისუფლების "დამსახურებით”. საქმე ის არის, რომ 1919 წლის 12 ივლისს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რუსულენოვან გაზეთ «Борьба”-ში გამოქვეყნდა დენიკინის წარმომადგენლის, გენერალ რომანოვსკის საიდუმლო მოხსენება გაგზავნილი თავისი შეფისთვის 1919 წლის მაისში. ამ ინფორმაციის ანალიზი საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ საქართველოს წინააღმდეგ დენიკინის არმიის დაზვერვის მიზნებს, მუშაობის მეთოდებსა და ხერხებს. გენერალი რომანოვსკი თავის მოხსენებაში, რომელსაც ზოგადად "პროგრამა აჭარის საკითხზე" შეიძლება ვუწოდოთ, ბათუმის, აჭარისა და მთლიანად საქართველოს შესახებ მრავალ საკითხს ეხება.

იმ პერიოდში, ბათუმი იყო მთელი ამიერკავკასიის ერთადერთი პორტი, საიდანაც მსოფლიო ბაზარზე ბაქოს ნავთობი გადიოდა. დოკუმენტიდან ჩანს, რომ თეთრგვარდიელებს ბათუმსა და ბათუმის ოლქზე რუსული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ზეგავლენის გაძლიერება სურდათ. რომანოვსკი დენიკინს სპეციალური საფინანსო (შეიძლება ითქვას, საფინანსო-დივერსიული) ოპერაციების ჩატარებას სთავაზობდა, რათა მზარდი ინფლაციით, ბათუმში სხვა ვალუტის შემოტანითა და მიმოქცევაში გაშვებით "მოეკლათ ქართული ვალუტა - ბონი". გენერალი რომანოვსკი რეკომენდაციას იძლეოდა, დაემყარებინათ პირდაპირი საზღვაო, საბანკო და საფოსტო კავშირი ბათუმსა და ჩრდილოეთ კავკასიის იმ ქალაქებს შორის, რომლებსაც თეთრი გვარდია აკონტროლებდა.
გენერალ რომანოვსკის რეკომენდაციები ძალზე მრავალფეროვანი იყო. ერთ-ერთი ითვალისწინებდა ბათუმში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთის "Наш Край”-ს დაფინანსების გაზრდას და ყოველმხრივ მხარდაჭერას. მისი აზრით, ქართულ პროპაგანდასთან ბრძოლის გაძლიერებისთვის აუცილებელი იყო, რომ გაზეთი გამოსულიყო თურქულ და ქართულ ენებზეც. აღნიშნულ საიდუმლო მოხსენებაში დენიკინის შტაბის უფროსი მეტად ნიშანდობლივ დასკვნას აკეთებდა: "ბათუმის ოლქზე ქართული ზეგავლენა რუსული საქმისთვის გაცილებით სახიფათოა, ვიდრე თურქული". საინტერესოა, რომ ამ საკითხში ბოლშევიკებისა და თეთრგვარდიელთა შეხედულებები სრულად ემთხვეოდა ერთმანეთს. ამიტომაც იყო, რომ მოგვიანებით, 1921 წლის თებერვალში, რუსმა ბოლშევიკებმა და "ანგორის მთავრობამ" საერთო ენა გამონახეს და საქართველოს ტერიტორია გაინაწილეს.
ბუნებრივია, გენერალი რომანოვსკი სამხედრო კომპონენტსაც ეხებოდა და წინადადებას იძლეოდა, ბათუმში შეეყვანათ არტილერიითა და ტყვიამფრქვევებით კარგად შეიარაღებული "თეთრი გვარდიის" 3-4 ბატალიონი. ხელქვეითის მოსაზრებებს ანტონ დენიკინი დაეთანხმა, თუმცა მის რეზოლუციაში აშკარა სინანულით იგრძნობა: "ჯერ ძნელია" - წერდა ის. რომანოვსკიმ არც ინგლისელები დაივიწყა და დენიკინს შესთავაზა ინგლისელებთან შეთანხმებით რუსეთის იმპერიის აღდგენა და საქართველოში, კონკრეტულად კი აჭარაში, რუსული გავლენის გაძლიერება. აქ ინგლისელები უფრო ქართველებს უჭერენ მხარს, ვიდრე რუსებსო, დანანებით წერდა რომანოვსკი. გარდა ამისა, რომანოვსკი მოითხოვდა, რომ ინგლისელებს მისთვის, როგორც თეთრი გვარდიის სრულუფლებიანი წარმომადგენლისთვის, უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღო ბათუმის ოლქის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. ამასთან, რომანოვსკის სურდა პირადად მას ჰქონოდა ბათუმიდან იმ ინგლისელი სამხედრო პირების გაძევების უფლება, რომლებიც რუსეთის ინტერესების გატარებას ხელს უშლიდნენ.
გენერალ რომანოვსკის ამ საიდუმლო მოხსენებას წითელ ხაზად გასდევს აჭარის დანარჩენ საქართველოსთან დაპირისპირებისა და ამ მიზნით კონკრეტული ღონისძიებების სასწრაფოდ გატარების სურვილი. ის რეკომენდაციას იძლეოდა აჭარის მუსლიმანურ მოსახლეობაში მოეძებნათ გავლენიანი პირები, ჩაერიცხათ ისინი "თეთრ გვარდიაში", მიეცათ სამხედრო წოდება და დაენიშნათ ჯამაგირი. განსაკუთრებით ხაზგასმულია აჭარაში მცხოვრები ზოგიერთი მუსლიმი სასულიერო პირის მხარდაჭერა. რომანოვსკის ამ რეკომენდაციებიდან კარგად ჩანს, რომ დენიკინის დაზვერვა აქტიურად მუშაობდა აჭარის მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში აგენტურის გადაბირებაზე.
"სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების" მთავარსარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ანტონ დენიკინს ყურადღებით წაუკითხავს თავისი შტაბის უფროსის, გენერალ ივან რომანოვსკის #53 საიდუმლო მოხსენება. დოკუმენტის გვერდებზე მისი რეზოლუციები მკაფიოდ ჩანს: "ჯერ ძნელია", " პროგრამა და ხარჯთაღრიცხვა" და ა.შ. აქვეა დენიკინის თანაშემწის სამოქალაქო საქმეებში, აბრამ დრაგომიროვის რეზოლუციები: "პროპაგანდა", "ფინანსები", "ვაჭრობა და მრეწველობა" და ა.შ
ჩემი ვარაუდით, გენერალ ივან რომანოვსკის სადაზვერვო ცნობა პირველი და უკანასკნელი მოხსენება არ უნდა ყოფილიყო, სადაც რუსეთის იმპერიის აღდგენის იდეით შეპყრობილი თეთრი გენერლები საქართველოს საშინაო საქმეებში სამხედრო ძალითა და სადაზვერვო-დივერსიული სპეცოპერაციებით ჩარევას გეგმავდნენ. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის იმავე რუსულენოვან გაზეთ «Борьба”-ს 1919 წლის 12 აგვისტოს ნომრის შეყვითლებულ ფურცლებზე ძალზე საინტერესო დოკუმენტს წავაწყდი. აქ გამოქვეყნებულია დენიკინის არმიის არტილერიის გენერალ-მაიორ ა. ნათიევის (ა. ნათიშვილის) 1919 წლის აპრილში შედგენილი საიდუმლო მოხსენება, განკუთვნილი დენიკინისათვის. ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს დოკუმენტიც ჩაიგდო ხელში და პრესაშიც შეგნებულად გამოაქვეყნა. ა. ნათიევი საიდუმლო მოხსენებას საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების განქიქებით იწყებს და "შოვინისტურს" უწოდებს, რომელიც "არ სარგებლობს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით". მისი სიტყვებით, ქართული ინტელიგენცია და ოფიცრობა მზადაა "საერთო რუსული" საქმისთვის იბრძოლოს, თუ ამის საშუალებას მისცემენ. ამ ერთგვარი შესავლის შემდეგ გენერალი ნათიევი პირდაპირ საქმეზე გადადის და "თეთრი არმიის" მთავარსარდალს ქართველი, სომეხი, თათარი (ანუ აზერბაიჯანელი. - ბ.ა.) ეროვნების მოხალისეებისგან სპეციალური "ამიერკავკასიის კორპუსის" შექმნას სთავაზობს. საქართველოს ტერიტორიაზე, აჭარაში, ლაზისტანსა და აფხაზეთში, საუკეთესო დრო და პოლიტიკური სიტუაციაა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ამ კორპუსის შესაქმნელადო, ასკვნის ნათიევი. მისი აზრით, "ერთიანი რუსეთის" იდეისთვის საბრძოლველად აჭარაში 3 000 მებრძოლი სრულიად საკმარისი იქნებოდა.

გენერალი ნათიევი არ მალავს, ჯერ გენერალ-ლეიტენანტ ანტონ დენიკინის სანქცია არა გვაქვს და ეს აფერხებს "ამიერკავკასიის კორპუსის" შექმნასო. თუმცა ის პირადი ინიციატივით 1919 წლის 3 აპრილს შეხვედრია მოხალისეთა არმიის შტაბის უფროსს გენერალ რომანოვსკის და საკუთარი იდეის შესახებ მოუხსენებია. ივან რომანოვსკი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური სამხედრო შენაერთის შექმნას დაეთანხმა და დენიკინთან შუამდგომლობა აღუთქვა.
გენერალი ნათიევი წერს: "მე ქართველი ვარ და ვიცი, რომ ბევრი ქართველი იბრძვის რუსეთის მოხალისეთა არმიაში. სწორედ ისინი იქნებიან მყარი დასაყრდენი". მისი აზრით, კორპუსის შექმნა იმ პერიოდში განსაკუთრებით საჩქარო იყო, რადგანაც, მას მიაჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკური კურსი ბოლშევიკების სასარგებლოდ შეცვალა. ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ თანამოაზრედ ნათიევი არტილერიის პოლკოვნიკ სიმონ ნიკოლოზის ძე ავალოვს ( ავალიშვილს. - ბ.ა.) ასახელებს. მოხსენების ბოლოს კი, სასწრაფოდ ფინანსების გამოყოფას ითხოვს.
დოკუმენტს სამოქალაქო საქმეებში დენიკინის თანაშემწე აბრამ დრაგომიროვის ასეთი რეზოლუცია აქვს: "ნათიევის აზრებს ვეთანხმები. გამოყავით ასიგნება 1,5 მილიონი მანეთი. ნახევარი მილიონი მანეთი დაუყოვნებლივ. აპრილი, 1919 წ".
ამ საიდუმლო დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ქართული ანდაზა გვახსენდება: "ხემ თქვა, ცული რას დამაკლებდა, ჩემი თანამოძმე რომ არ ეხმარებოდესო" . გვარით ქართველი ბოლშევიკების ვერაგობით მოხდა საქართველოს ოკუპაცია და ახლა დავრწმუნდით, რომ გარუსებულ ქართველ გენერალ ნათიევს სურდა რუსეთის იმპერიის აღსადგენად ქართველი ქართველის წინააღმდეგ აემხედრებინა და, ფაქტობრივად, ძმათამკვლელი ომი გაეჩაღებინა. რა იყო ეს, ქართველობის ღალატი პიროვნული პატივმოყვარეობის გამო თუ "დიადი რუსეთის" იდეის მონური რწმენა? ეს მკითხველმა განსაჯოს. ერთი კია: საქართველოს მტრებს ერთნაირი დასასრული ეწერათ: გენერალი ა. ნათიშვილი 1919 წლის 28 ივნისს ბათუმში, ხოლო ი. რომანოვსკი 1920 წლის 5 აპრილს კონსტანტინოპოლში მოკლეს.
საუკუნე გავიდა მაგრამ რუსეთში არაფერი შეცვლილა, პირიქით: იმპერიული ამბიციები უფრო გაიზარდა. პუტინის დიქტატურის პერიოდში სახეზეა რუსეთის ნეოკოლონიალური პოლიტიკის რეანიმირება. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ერთი ისტორიული ფაქტი: რუსეთის იმპერია ყოველთვის შიგნიდან იშლებოდა - ასე ყო 1917 და 1991 წლებში. რუსეთის აგრესიამ და ფართომასშტაბიანმა ომმა უკრაინაში (რაც უკვე გასცდა მხოლოდ ამ ორი ქვეყნის კონფლიქტს) სავსებით რეალურია რუსეთის იმპერია ახალ სამხედრო-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ კრახამდე მიიყვანოს. ამას კი, როგორც წესი, სრული ქაოსი და ანარქია მოჰყვება ხოლმე. სამოქალაქო ომი რუსეთში ან სახელმწიფო გადატრიალება "პუტინის კარზე" ძალზე სერიოზული გეოპოლიტიკური რყევების მიზეზი გახდება, ამიტომ საქართველო მოვლენათა განვითარების ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს.