შეხვედრა სტალინთან და ტრაგიკული 1937 წელი - როგორ აღმოჩნდა ქართველი ქალი უკრაინულ ფილმში - კვირის პალიტრა

შეხვედრა სტალინთან და ტრაგიკული 1937 წელი - როგორ აღმოჩნდა ქართველი ქალი უკრაინულ ფილმში

ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორი-ემერიტუსი ირინე აბესაძის საკვლევი ობიექტი ყოველთვის ისეთი მხატვრები იყვნენ, რომელთა შესახებ საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა ან საერთოდ არ ჰქონდა. ასე დაიწერა მონოგრაფია შალვა ქიქოძეზე, დიმიტრი შევარდნაძეზე, შალვა ძნელაძეზე და ა.შ. და შეიძლება ითქვას, არაერთი პიროვნება ჩვენი წარსულიდან სწორედ მისი წყალობით გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. გარდა ამისა, მას უახლოესი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენი ხელოვნებისა და მეცნიერების ბევრ წარმომადგენელთან. ქალბატონი ირინას ოჯახსაც არანაკლებ საინტერესო გზა აქვს გავლილი და ვფიქრობ, ეს ის ამბებია წარსულიდან, რომლის გახსენებაც ნამდვილად ღირს.

ირინე აბესაძე:

- დედაჩემი მედეა რაზმაძე მუსიკოსი გახლდათ, შემდგომში - მუსიკის მასწავლებელი. სათავადაზნაურო გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. მისი მშობლები ძალიან კულტურული, ძველი თაობის ინტელიგენტები გახლდნენ, იმ პერიოდში მოქმედი სხვადასხვა საზოგადოების აქტიური წევრები. საშუალო ფინანსური შეძლების ოჯახი იყო. ბაბუას იურიდიული განათლება ჰქონდა, ხოლო ბებიას, როგორც იმ თაობის უმეტესობას, უმაღლესი განათლება არ მიუღია, შვილების აღზრდაზე იყო გადართული და ამავდროულად საზოგადოebriv მოღვაწეობას ეწეოდა. სტიპენდიატები ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ: დავით კასრაძე, თედო სახოკია და სხვანი, რომლებიც ბებიას ყოველთვის პატივისცემით მოიხსენიებდნენ.

- როგორ აღმოჩნდა დედათქვენი უკრაინულ ფილმში?

- დედაჩემი 20 წლის იყო, როცა თავისი ცხოვრება ნიკოლოზ მიქაბერიძეს დაუკავშირა. არაჩვეულებრივი სულის, გარეგნობის და ინტელექტის მქონე ახალგაზრდა ეკონომისტი, ბონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნიკოლოზ მიქაბერიძე ცნობილი პედაგოგისა და ელინოლოგის - ალექსანდრე მიქაბერიძის და ასევე გამორჩეული პედაგოგის, ვერა ქართველიშვილის ვაჟი იყო (ვერას მკვიდრი ბიძაშვილიც გახლდათ ალექსანდრე ქართველი, ამერიკაში სახელგანთქმული ავიაკონსტრუქტორი).

საოცრად ლამაზი წყვილი იყო და დედას მეუღლე ძალიან უყვარდა. ნიკოლოზი გერმანიაში გადასვლას და ცოლთან ერთად იქ ცხოვრებას აპირებდა. წლების შემდეგ, დედა თავის ამბავს რომ მიყვებოდა, მითხრა: მუხედავად იმისა, რომ მეუღლე ძალიან მიყვარდა, მის გეგმასთან დაკავშირებით არაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ ჩემი სამშობლოს დატოვება არ მინდოდა და გადაწყვეტილი მქონდა საქართველოში დავრჩენილიყავიო.

1929 წელს დედაჩემი თავის პირველ მეუღლესთან ერთად შუა აზიაში, კერძოდ სამარყანდში იმყოფებოდა, სადაც ნიკოლოზი სამსახურიდან გახლდათ მივლინებული. სწორედ იმ დროს იქ, ფილმის გადაღების მიზნით, მოსამზადებელი სამუშაოების საწარმოებლად, უკრაინელ კინომატოგრაფისტთა ჯგუფი იყო ჩასული - კიევის დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის რეჟისორის გიორგი ტასინის ხელმძღვანელობით. მათ ადგილობრივ ფოსტაში შემთხვევით ნახეს დედაჩემი, რომელიც სამშობლოში თავის მშობლებთან გზავნიდა წერილს. იქაც ძალიან უჭირდა მშობლებისა და ძმის გარეშე ყოფნა და ოჯახზე მიჯაჭვული, მათ წერილებს ხშირად სწერდა. გადამღებმა ჯგუფმა სრულიად მოურიდებლად, დედას ალყა შემოარტყა, იმ იმედით, რომ წერილით, რომელსაც იგი სახელდახელოდ იქვე წერდა, შეეტყოთ, სადაური იყო ეს ლამაზი ქალბატონი, მაგრამ ქართულის არცოდნის გამო, დაბნეულები, თურმე რუსულ-უკრაინულად ხმამაღლა მარჩიელოbდნენ: უზბეკია თუ თათარი, ებრაელი თუ ყაზახი და სხვა. დედამ, მათი ასეთი დაჟინებული ქმედებით გაბრაზებულმა, რუსულად ხმამაღლა განუცხადა, რომ ის ქართველი იყო და ბოლოს და ბოლოს, მისთვის თავი დაენებებინათ. მაშინ ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა ცნობილი ოპერატორი მიხაილო ბელსკი იყო, თქვა, - მხოლოდ ქართველს შეუძლია, ასე ამაყად განაცხადოს, რომ ის ქართველიაო. დედას საქმის ვითარება გააცნეს მაშინვე და უთხრეს, რომ ისინი უკრაინიდან ფილმის გადასაღებად იყვნენ ჩამოსულნი, რომ ძალზე მოეწონათ დედას გარეგნობა და ჩათვალეს, რომ მათი მომავალი ფილმის მთავარი როლის - ავღანელი ქალიშვილის - რიქსის შესასრულებლად ის ზედგამოჭრილი იყო და ამიტომ, მისი გადაღებაზე მიწვევა სურდათ. მიუხედავად თავისი ძალიან ახალგაზრდა ასაკისა, დედამ წინდახედულoბა და სიდინჯე გამოიჩინა, ისინი შინ მიიწვია და უთხრა, რომ ასეთ საკითხზე მსჯელობას ქუჩაში არ აპირებდა. ის-ის იყო უნდა დაშლილიყვნენ, რომ ამ ჯგუფს ცნობილი უკრაინელი მსახიობი ვოლდემარ ცოპი გამოეყო, რომელსაც არაერთ ფილმში ჰქონდა მთავარი როლი ნათამაშები. იგი დედას ქუჩაში დაეწია და უთხრა, უარი არ თქვათ, რადგან ეს ძალზე მომგებიანი როლია, საუკეთესო გადამღები ჯგუფით და ხელშეკრულების კარგი პირობებით, ასეთი შანსის ხელიდან გაშვებას არ გირჩევთო. დედამ კვლავინდებურად ამაყად უპასუხა, რომ მეუღლესთან შეუთანხმებლად ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და ოფიციალურ შემოთავაზებას შინ დაელოდებოდა. მართლაც, იმავე დღეს, საღამოს, დათქმულ დროს, გადამღები ჯგუფი დედას სრული შემადგენლობით ეწვია. ესენი იყვნენ: რეჟისორი გიორგი ტასინი, რომელსაც იმ დროისთვის უკვე გადაღებული ჰქონდა ფართოდ გახმაურებული ფილმი „ღამის მეეტლე“, სცენარისტი უეტინგ ველდო, ფილმის კონსულტანტი აბდულ გაფური, ოპერატორი მიხაილო ბელსკი. მსახიობები: ვოლდემარ ცოპი და კამილ იარმატოვი, რომლებიც გადასაღებ ფილმში სხვადასხვა წამყვან როლზე უკვე დამტკიცებული იყვნენ. ასეთი ავტორიტეტული დელეგაციის ოფიციალური მოლაპარაკებისა და სერიოზული სჯა-ბაასის შედეგად, დედასa და მის მეუღლე ნიკოლოზ მიქაბერიძესთან შეთანხმება შედგა.

photo-1685105957.jpg

- სად წარიმართა გადაღებები და ფილმს რა ეწოდა?

- ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გადაღებები დაიწყო სამარყანდში, ხივასა და ბუხარაში. ერთი წლის თავზე, 1930 წლის 17 ივნისს ფილმის - „სტუმარი მექადან“ პრემიერა gaimarTa. კინოგაქირავებაში ფილმს „ცეცხლოვანი გზა“ ეწოდა, თუმცა სამწუხაროდ, ფილმი არ შემორჩენილა, მხოლოდ ფოტოკადრები. წარმატებული დებიუტის შემდეგ, დედა ოდესაში მორიგი ფილმის გადაღებებზე, ცნობილი უკრაინელი რეჟისორის - როშალის და მისი მეუღლის მიერ იქნა მიწვეული, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ ცოლ-ქმარი კიევში უნდა დარჩენილიყო. დედას და მის მეუღლეს საქართველო ენატრებოდათ, თან ნიკოლოზი სამსახურის გამო დიდი ხნით უკრაინაში ვეღარ დარჩებოდა, ამიტომ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ, შესაბამისად, ახალ ფილმზეც კონტრაქტი აღარ შედგა. თბილისში დედას სიკო დოლიძისa და სხვა რეჟისორებისგანაც ჰქონდა ფილმებში გადაღების შეთავაზება, მაგრამ მისი კინოკარიერა არ გაგრძელებულა.

1937 წელს დედა მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაშიც მონაწილეობდა. ის სტალინთან შეხვედრასაც იხსენებდა, როცა დეკადის ფარგლებში ქართული სიმღერა გაისმა და მათ შორის „გაფრინდი შავო მერცხალო“, თურმე სტალინი ხმას აყოლებდა და თან თვალზე ცრემლი ედგა. ბოლოს ყველამ ტაში დაუკრა და მათ შორის მეც ვიყავი, მაგრამ ცოტა აქტიურად და ხმამაღლა მომივიდა, პირდაპირ მის ყურთან, ის კი მოტრიალდა და მხარზე ხელი დამარტყა, რის შემდეგაც ყველა მეხუმრებოდა, შენ „ისტორიული მხარი“ გაქვსო. დრო გავიდა და დედას სტალინის სახელის გახსენებაც კი ცუდად ხდიდა, რადგან იმ ადამიანმა ქმარი დაუხვრიტა. იმავე წელმა დედაჩემს, ისევე როგორც მრავალ ადამიანს მთელი საბჭოეთის მასშტაბით, დიდი უბედურება მოუტანა. მის პირველ მეუღლე ნიკოლოზსა და მის ძმას - ირაკლის განათლება გერმანიაში ჰქონდათ მიღებული და უცხოეთთან კავშირის გამო, ისინი 1937 წელს დააკავეს და დახვრიტეს.

- რეპრესიების შემდეგ როგორ გაგრძელდა მედეა რაზმაძის ცხოვრება?

- ცხოვრება მუდმივი შიშის ქვეშ გაგრძელდა. მოგეხსენებათ, რეპრესირებულთა ცოლებთან კონტაქტს ყველა გაურბოდა და ეშინოდათ. ასე მოხდა დედას შემთხვევაშიც, მასთან ურთიერთობას მხოლოდ უახლოესი ადამიანები თუ აგრძელებდნენ. მაშინ ცოლ-ქმარი დღევანდელ აბაკელიას ქუჩაზე ცხოვრობდa. ქმრის დახვრეტის შემდეგ, დედა ბინიდან გამოასახლეს და მხოლოდ 1 ოთახი დაუტოვეს. მამამისი უკვე გარდაცვლილი იყო, დედა და ძმა ბარნოვზე ცხოვრობდნენ და მათთან ხშირად დადიოდა. ცოტა ხანში „ასპარეზზე“ მამაჩემი ბიძინა აბესაძე გამოჩნდა. დედა მეორედ გათხოვდა, რის შედეგადაც მათ ცხოვრებაში მე გავჩნდი. დედისერთა ვარ, მაგრამ დედაჩემის ძმისშვილი - ზურაბ რაზმაძე სულ ჩვენთან იყო, მარტოობა არასდროს მიგრძნია.

- მამათქვენი რა პროფესიის იყო?

- მამაჩემს - ბიძინა აბესაძეს, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატს, ყოველთვის სახელმძღვანელო თანამდებობები ეკავა; უმაღლესი საბჭოს დეპუტატი კარგად აფასებდა იმ ხინჯს, რომელიც პარტიული ნომენკლატურის მაღალი ეშელონების შიგნით ტრიალებდა, ამიტომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მთლიანად სამეცნიერო-კვლევით მუშაობაზე გადაერთო. იგი იყო რამდენიმე გამოგონების ავტორი, შემოქმედებითი ნიჭი ჰქონდა და უყვარდა ხელოვნება. ხშირად აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში წერილებს, ფელეტონებს, ხატავდა, ძერწავდა, უყვარდა პოეზია, მუსიკა და ამით ცდილობდა როგორც საკუთარი, ისე ახლობლების ცხოვრება გაეხალისებინა. ჩვენs ოჯახში მუდამ საინტერესო ხალხი იკრიბებოდა. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: 5 წლის ასაკში, ვაკეში, გეგეშიძის ბაღთან პირველ საბავშვო ბაღში დავდიოდი. ერთ დღეს ჩვენთან სტუმრად ამ ბაღის დირექტორი ნატალია უნაფქოშვილი იმყოფებოდა, როცა მამაჩემმა შინ გალაკტიონი მოიყვანა. კარგი მეხსიერება მქონდა, მამა ლექსებს მასწავლიდა და იმ ასაკისთვის შეუფერებელი არაერთი ლექსი ზეპირად ვიცოდი, მათ შორის „მე და ღამე“. გალაკტიონი უკვე შეზარხოშებული გვესტუმრა, სმა სუფრასთანაც გააგრძელა. მამამ მთხოვა, „მე და ღამე“ წამეკითხა, რაც სიამოვნებით გავაკეთე. როგორც ჩანს, სტუმარს ეს ამბავი მოეწონა და ექსპრომტად ნათქვამი, იქვე ჩამიწერა: „შენი სახელი ირინა, არის ძვირფასი, შენს წინა, მომავალია გაშლილი უდიდებულესს გვირგვინად“; ხოლო დედას ეს სიტყვები: „ჩემო მედეა, ჩემი გული მოიმედეა“... გალაკტიონს ძველი, შელახული ქუდი ეხურა, ზუსტად ისეთივე, მხოლოდ ახალი მამაჩემსაც ჰქონდა და პოეტმა ჩვენგან წასვლის დროს მასპინძლის ქუდი დაიხურა. მამაჩემმა შეაჩერა, შეგეშალათო. გალაკტიონი მოტრიალდა და იცოდა რა მან თავისi ფასი, თქვა: „გამოგადგება, ბიძიკო, გამოგადგება!“ გალაკტიონის ქუდი დაგვრჩა როგორც რელიკვია, მაგრამ მოგვიანებით, როცა მან თავი მოიკლა, კომისია შედგა სერგი ჭილაიას ხელმძღვანელობით და პოეტის მუზეუმის დაარსება გადაწყდა, გალაკტიონთან დაკავშირებული ყველა ნივთის, ლექსის თუ ჩანაწერის შეგროვება დაიწყეს და მამაჩემმა, როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა, სერგი ჭილაიას წაუღო და ჩააბარა ჩვენს ოჯახში დაცული გალაკტიონის ხელით ხელსახოცზე ექსპრომტად დაწერილი ორი ლექსი და ქუდი, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის სანაცვლოდ.

- როგორი იყო თქვენი მშობლების უკანასკნელი წლები?

- დედა წლების განმავლობაში მუსიკის პედაგოგი იყო და ჩვენთან შინ მოსწავლეები დადიოდნენ. 7 წლის განმავლობაში ფორტეპიანოზე დაკვრას მეც მასწავლიდა, თუმცა ამ კუთხით განვითარება არ გამიგრძელებია... ჩემი დაბადების შემდეგ, დედამ წონაში მოიმატა. ამას განიცდიდა, თავი არ მოსწონდა და ხალხში იშვიათად გადიოდა, თუმცა, ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ მისი მეგობრები და ურთიერთობის დანაკლისს არ განიცდიდა. პირდაპირი და სამართლიანი ქალი იყო. რამე თუ არ მოეწონებოდა, პირში თქმა იცოდა და არა დიპლომატიური ენით, თუმცა, მისი ასეთი მიდგომა არავის სწყინდა. ამ და სხვა თვისებების გამო, მას „ოთარაანთ ქვრივს“ ვეძახდი.

80 წლის ხდებოდა, როცა გარდაიცვალა. ფეხი მოიტეხა, საწოლიდან ვეRaრ დგებოდა. შემდეგ ინფარქტი დაემართა და საავადმყოფოში დალია სული. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მამაჩემმა დიდხანს იცოცხლა. მე შვილი დამეღუპა და ჩემი ვაჟის გარდაცვალება ვერ გადაიტანა. ფაქტობრივად, ამ ამბის შემდეგ ლოგინად ჩავარდა და 2 წელი იწვა, ძალიან განიცდიდა. სერგუნა 1993 წელს გარდაიცვალა, ხოლო მამა 1995 წელს. დედაჩემი და მამაჩემი ვაშლიჯვრის სასაფლაოზე არიან დაკრძალული...

ჩემმა აღმზრდელმა მშობლებმა ჩემს ადამიანად ჩამოყალიბებას დიდი ენერგია შეალიეს, დედა ჩემი დიდი მეგობარი იყო. მან მამაჩემთან ერთად, იმდენი სიყვარული მიწილადა, რომ დღემდე საგზლად მომყვება და ვცდილობ, შვილიშვილებს მათი წინაპრებიsgან გამოტაnებული ეს სითბო და სიყვარული გადავცე. 4 შვილიშვილი მყავს: 3 ბიჭი და 1 გოგონა. ახალგაზრდობაში დატვირთული რეჟიმი მქონდა, სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი, 20-მდე წიგნი მაქვს გამოშვებული და ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა. სამი შვილი შემეძინა: 1 ბიჭი და 2 გოგონა. ჩემს შვილებს რაც დააკლდათ, ახლა მინდა შვილიშვილებთან ავანაზღაურო...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"