"ყველა მაბულინგებდა, რადგან ყველას რუსი ვეგონე" - კვირის პალიტრა

"ყველა მაბულინგებდა, რადგან ყველას რუსი ვეგონე"

ინტერვიუ დიმუ მენაბდესთან:

ასაკი: 31 წლის.

განათლება: ხმის ინჟინერია (დაამთავრა London School of Sound).

ამჟამინდელი საქმიანობა: არის შეფ-მზარეული, აქვს საავტორო კულინარიული ტელეგადაცემა.

ჰობი: ვიდეოთამაშები.

ცხოვრების დევიზი: "როცა გთავაზობენ - მოდი, რამე გავაკეთოთო, ყოველთვის თქვი, - "კი".

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ: კარგ ხასიათზე მყოფს ისეთი განწყობა მაქვს, რომ ყველაფერი გამოვა და კარგად იქნება. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, "დაულაგებლობის" შეგრძნება მაქვს.

- "დაულაგებლობისას" გარშემო მყოფებთან თქვენი ურთიერთობა იცვლება?

- არა, არაფერი იცვლება. უბრალოდ, ეს შინაგანი განცდაა...

- კამერასთან უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს თუ სამზარეულოში?

- კამერასთან თავს კომფორტულად ვერასდროს ვგრძნობ, სამზარეულოში - კი.

- მაგრამ ტელეეკრანებზე მეტ-ნაკლებად ხშირად ჩანხართ...

- მომწონს იდეა, რომ სამზარეულოს შესახებ ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია: ბევრი რაღაც ვისწავლე და მინდა ჩემი ცოდნა, გამოცდილება ხალხს გავუზიარო. ამისთვის ყველაზე მარტივი გზა ეკრანია (ინტერნეტი, ტელევიზია...). ამიტომ, მიზნის მისაღწევად, ხანდახან საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო და რაღაც ისეთი გაკეთო, რაც არაკომფორტულია.

- მზარეულობის გარდა, ყველაზე უკეთ რა საქმე გამოგდით?

- ძილი (იცინის)... ალბათ - მუსიკა: პროფესიით ხმის ინჟინერი ვარ. მუსიკასთან დაკავშირებით, თითქმის ყველაფერი შემიძლია, წერის გარდა.

- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავთ?

- 6-8 საათი. ადამიანს 8 საათი უნდა ეძინოს - ეს მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს.

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- მოქმედებებით სავსეს: სულ რაღაც ხდება, ბევრი "ექშენია"... ძირითადად, ფანტასტიკური ჟანრის სიზმრებს ვხედავ, ფილმის მსგავსს.

- 1 თვის განმავლობაში მხოლოდ 1 კერძის ჭამის უფლება რომ გქონდეთ, რომელს აირჩევდით?

- თუ ზაფხულია, ალბათ, ხილის სალათს ავირჩევდი - ვიტამინებით სავსეა. ზამთარში თაშმიჯაბს ვამჯობინებდი.

- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ვის ესაუბრებით?

- ძირითადად - მზარეულებს. ყოველდღე რესტორანში ვარ. სარესტორნო საქმე ასეთია - ფაქტობრივად, იქ ცხოვრობ. ყოველდღიურად, ყველაზე ხშირად იმ ადამიანებს ვესაუბრები, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, პროდუქტს ვქმნი...

- ახლობლები მოფერებით რას გეძახიან?

- ჩემი ოჯახის წევრები "ედოს" მეძახიან, რადგან ედუარდი მქვია (იღიმის), მეგობრები - დიმუს.

- დიმუს რატომ გეძახიან?

- ასეთი მუსიკალური ჯგუფი - "დიმუ ბორგირი" არსებობს, რომელსაც ბავშვობაში ვუსმენდი. მისი გამოსახულების მქონე მაისურიც მქონდა. საქართველოში რომ ჩამოვედი, იმ დროიდან დიმუ შემარქვეს.

- ამჟამად რომელ სერიალს უყურებთ?

- ბევრ რამეს ვუყურებ: Demon Slayer-ის ახალი სეზონის გამოსვლას ველოდები, შტრანგერ თჰინგს-ს ხელახლა ვუყურე...

- როგორ ფიქრობთ, ადამიანს მეორე ნახევრის გარეშე შეუძლია, სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?

- გააჩნია, მისი თვითმიზანი რა არის. მიმაჩნია, რომ საერთოდ, ყველას შეუძლია, ცალკე იყოს სრულფასოვნად, მაგრამ ადამიანის მოთხოვნილებას გააჩნია - რა უნდა...

- სკოლაში პოპულარული იყავით?

- არა. ყველა მაბულინგებდა, რადგან უკრაინიდან რომ ჩამოვედი, ყველას რუსი ვეგონე. შემდეგ სასკოლო პროცესში დიდად არ ვმონაწილეობდი - მეცხრე კლასის დასრულების მერე ინგლისში გავემგზავრე, მუსიკალური განათლება მივიღე... საქართველოში დაბრუნებული ტელევიზიაში ხმის ინჟინრად ვმუშაობდი, შემდეგ კი ბარებისა და რესტორნების სამუშაო სფეროში წავედი...

- საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნიათ?

- არ ვიცი, ალბათ... მთავარია, ადამიანმა მსგავსი სიტუაცია გამოასწორო.

- წარმატებაში ხასიათის რომელი თვისება გეხმარებათ?

- უშუალობა.

- რა მავნე ჩვევა გაქვთ?

- მოწევა. ადრე ალკოჰოლის მიღება იყო, მაგრამ ახლა აღარ არის...

- თქვენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- ძალიან ნეგატიურთან ასოცირდება, რადგან როცა კომფორტის ზონაში ხარ ადამიანი, ჩერდები, არაფერს აღარ აკეთებ... ამიტომ თუ კომფორტის ზონაში ვჩნდები, მაშინვე გამოსვლას ვცდილობ.

- როცა არასასურველი ადამიანი გეფლირტავებათ, როგორ იქცევით?

- ბოდიშს ვუხდი და სხვაგან მივდივარ.

- უცებ დამისახელეთ ერთი ღირსეული, მოქმედი, ქართველი პოლიტიკოსი...

- ალბათ - ზურა ჯაფარიძე. ყველაზე დადებით პერსონად უცებ ის მახსენდება.

- რატომ?

- მიუხედავად იმისა, რომ არ მიმაჩნია, მისი პოლიტიკური შეხედულებები საქართველოს ამ ეტაპზე, ნორმალურად მოერგება, ვხვდები, ზურა ჯაფარიძე რასაც აკეთებს, ფიქრობს, რომ ეს მართლა კარგია. პრინციპში, რიგი იდეები, რისი დანერგვა და დაფიქსირებაც სურს, სწორია. უბრალოდ, ჩემი აზრით, საქართველო ამისთვის ჯერ მზად არ არის, რადგან ხალხს განათლება არ აქვს.

- ოქროს თევზის ამბავი რეალური რომ იყოს, რომელი 3 სურვილს ახდენას სთხოვდით?

- ძალიან შორ მომავალში მოგზაურობას, დანარჩენ 2 სურვილს იქ გამოვიყენებდი.

- ბავშვობაში თქვენი მომავალი როგორ წარმოგედგინათ, დღევანდელ რეალობას შეესაბამება?

- ამასთან დაკავშირებით, საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ მქონდა. ჩემი ცხოვრება ყოველთვის სპონტანურად ვითარდებოდა.

- დღეს საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ როგორ, სად წარმოგიდგენიათ?

- სამზარეულოში, ოღონდ - ბევრად განვითარებული და ძლიერი.

- როგორ ფიქრობთ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ?

- მსოფლიოსთვის საქართველოს კულინარიული შესაძლებლობების უფრო საინტერესოდ და გამართულად გაცნობა შემიძლია, რასაც დღეს ვაკეთებ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"