"ბავშვობის ოთხმა მეგობარმა ისე გაიმეტა, მათ შორის ადამიანი არც ერთი აღმოჩნდა" - რა დეტალებზე საუბრობს ქობულეთში მოკლული 20 წლის ბიჭის ოჯახის ახლობელი? - კვირის პალიტრა

"ბავშვობის ოთხმა მეგობარმა ისე გაიმეტა, მათ შორის ადამიანი არც ერთი აღმოჩნდა" - რა დეტალებზე საუბრობს ქობულეთში მოკლული 20 წლის ბიჭის ოჯახის ახლობელი?

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვის თემის სოფელ ჩეხედანას სტადიონთან ახლოს 20 წლის გიორგი ალიხანაშვილის ცხედარი იპოვეს. პოლიცია მას 4 დღის განმავლობაში ეძებდა, თუმცა გარდაცვლილის აღმოჩენა შემთხვევით მოხდა. პოლიციამ დანაშაულში ბრალდებულის სამი მეგობარი და თანატოლი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. მკვლელობაში ბრალდებულმა კი საზღვრები დატოვა.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მკვლე­ლო­ბის ჩამ­დენ­მა პირ­მა, 20 წლის ბი­ჭის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბის შეს­ვლამ­დე, ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა.

დაკავებულები გიორგი ალიხანაშვილთან და მკვლელობაში ბრალდებულ ა.ბ-თან ერთად სოფელ სკურაში, მკვლელობაში ბრალდებულის ბაბუის სახლში ქეიფობდნენ, რა დროსაც ა.ბ. და გიორგი ალიხანაშვილი შეკამათდნენ. რის შემდეგაც ა.ბ-მ დანას დასტაცა ხელი და მეგობარს დანა რამდენჯერმე დაარტყა. დაჭრილი გიორგის დასახმარებლად მეგობრებს სასწრაფო დახმარება არ გამოუძახებიათ და არც პოლიციისთვის შეუტყობინებიათ. რის შემდეგაც მკვლელობაში ბრალდებულმა და ა.ა.-მ, ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და კვალის დაფარვის მიზნით სოფელ სკურადან სოფელ ჩეხედანაში გადავიდნენ. იქ გარდაცვლილი ტყეში, სტადიონთან ახლოს დამარხეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს.

შემზარავი დანაშაულის შესახებ გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი საუბრობს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- დამნაშავეებიდან ყველას არ ვიცნობდი, მაგრამ გიორგის ოჯახი ვიცოდი. ეჭვი მეპარება, რომ ეს ბიჭი თავად ასე არაადამიანურად მოქცეოდა მეგობარს. ის ოჯახიც ვიცი, სადაც ეს ამბავი მოხდა და სიბრალულთან ერთად შიში მიპყრობს. ჩვენმა ახალგაზრდობამ ადამიანობა დაკარგა. უკვე ყველაფერზე მიდიან. რაღაც საშინელება გვჭირს და აქ მხოლოდ კანონის გამკაცრება არაფერს უშველის. გონებისათვის ძნელად წარმოსადგენი დანაშაული ჩაიდინა ამ ხალხმა: ბიჭი ბავშვობის ოთხმა მეგობარმა ისე გაიმეტა, მათ შორის ადამიანი არც ერთი აღმოჩნდა. არც მკვლელის შეკავება მოინდომეს და არც სასწრაფო გამოიძახეს, დაუცადეს ბიჭი როდის მოკვდებოდა, მერე კი წაიღეს და დამარხეს. ჩემთვის ყველა მკვლელია, ვინც გიორგის საშველად არაფერი გააკეთა, მერე კი ისე განგრძო ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარიყო.

- გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული ქობულეთში, სოფელ სკურაში მოხდა, ბრალდებულ ა.ბ-ს ბაბუის სახლში.

- დიახ ასე იყო. ყველა ესენი ბავშვობიდან იყვნენ თანაშეზრდილები. ბათუმში ერთად სწავლობდნენ დაწყებით კლასში და შემდეგ დაიშალნენ. გიორგი ბათუმიდან დედამ კახეთში გადაიყვნა სასწავლებლად, სადაც გიორგის მამა ცხოვრობს. საბრალომ ალბათ იფიქრა, ბიჭია, მამის კონტროლი სჭირდება, გზა არ აერიოს და სჯობს, მამასთან იყოსო. ალბათ გული უგრძნობდა ცუდს, უნდოდა შვილი განსაცდელიდან დაეფარა, მაგრამ ვერაფერს გახდა. რას წარმოიდგენდა თუ ეს მოხდებოდა, თორემ არამზადებთან შვილს როგორ გაუშვებდა.

მკვლელობაში ბრალდებული, როგორც ვიცი, ინგლისში სწავლობს და სოფელში მხოლოდ დროებით იყო ჩამოსული დასასვენებლად. გიორგიც მანვე ჩამოიყვანა სოფელში დასასვენებლად სხვებზე ადრე. განუყრელი მეგობრები რომ არ ყოფილიყვნენ, ასე ხომ არ მოიქცეოდა. დანარჩენები მერე შეუერთდნენ. არ ვიცი, იმ დღეს რა მოხდა, რატომ შეკამათდნენ, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ბავშვობის მეგობარი დანით დაჩეხო, მაგრამ ასე მოხდა. რომ წარმოვიდგენ, რომ დანარჩენი სამი მეგობრიდან არც ერთმა არ მოისურვა ამ ჩხუბის გაშველება, არ ჩაერია, ძალიან ცუდად ვხდები. თანაც, ბიჭი რომ დამარხეს, უკან დაბრუნდნენ და ალბათ მხიარულება გააგრძელეს. ყოველშემთხვევაში, ბაბუა ამბობს, დილით რომ დავხედე ბიჭებს, მარტო ის შევემაჩნიე, რომ მათ შორის მეხუთე არ იყო, რომ მოვიკითხე, მითხრეს, ის უკვე წავიდა, რადგან საქმე ჰქონდა, ტაქსი გამოიძახაო. ეს ყველაფერი ისე შეთხზეს, თვალიც არ დაახამხამეს და ბაბუამ ვერაფერი გაიგო. ამას ვინ როგორ წამოიდგენდა. მით უფრო, რომ მისმა შვილიშვილმა მკვლელობის მესამე დღეს ბილეთი აიღო და ისევ ინგლისში გაფრინდა.

დიდი საცოდაობა მოხდა, მისგან დამარხული მეგობრის ცხედარი ტყეში ძაღლებმა იპოვეს . კანონი ასეთ დანაშულზე მკაცრია, მაგრამ ამ სიტუაციას მკაცრი კანონი ვერაფერს უშველის. რაღაც სხვა აქვს გასაკეთებელი სახელმწიფოს, მაგრამ საუბედუროდ, არაფერს აკეთებს.

(სპეციალურად საიტისთვის)