"მშვიდობაზე, დოვლათზე უნდა ვთქვათ უარი და უკრაინის ომის გამო შევუერთდეთ სანქციებს? ვინ დააწესა სანქციები ჩვენი ომის გამო? - რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა?
მე მჯერა, რომ ჩვენი ამ მშვიდობიანი პოლიტიკით, სწორი და ეროვნული პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას გავიყვანთ მშვიდობის და გაერთიანების გზაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ფარგლებში განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების უგუნური, გაუაზრებელი და გაუთვლელი პოლიტიკის გამო, 2007 წელს საქართველოს ტერიტორიიდან გასული რუსული ჯარი რამდენიმე თვეში უკან დაბრუნდა.
„დღეს ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსული ჯარი დგას ორივე ჩვენს ძირძველ ისტორიულ ტერიტორიაზე - აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც. მე მინდა კითხვა დავსვა: ვის წარმოუდგენია, როგორ წარმოუდგენიათ საერთოდ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება?! რაც გააკეთა წინა ხელისუფლებამ ძალიან კარგად ვნახეთ. რუსული ჯარი ბოლოს 2007 წელს გავიდა. ეს ხომ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მათი ნება იყო გამოხატული და გაიყვანეს ჯარი. აბა, შეხედეთ, რამდენიმე თვეში ისეთი უგუნური, გაუაზრებელი, გაუთვლელი პოლიტიკა აწარმოა წინა ხელისუფლებამ რამდენიმე თვეში დააბრუნეს კიდევ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი ჩვენს ტერიტორიაზე, ჩააბარეს უბრძოლველად კოდორის ხეობა, საერთოდ არ ჰქონია მანამდე ვინმეს პრეტენზია, ვინმეს ჰქონდა პრეტენზია?! -ნული! არავის! დაარქვა ზემო აფხაზეთი ამ მავნებელმა კაცმა. ჩააბარეს კოდორის ხეობა, 100-ზე მეტი სოფელი და ათასობით ახალი დევნილი მივიღეთ ქვეყნის შიგნით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, დღეს უკრაინასთან დაკავშირებით მთელი კამპანია არის დაორგანიზებული და მთელ მსოფლიოსთან ერთად საქართველოც მათ გვერდით დგას.
„უკრაინას ვუჭერთ მხარს. კიდევ მინდა გავიმეორო, ჩვენ ძალიან მძიმე ისტორიებს ვისმენთ. უკრაინის ტერიტორიები იბომბება. ქალაქები, სოფლები, რაიონები მიწასთან ნადგურდება. თქვენ ამის კადრები ნანახი გაქვთ. არაფერი აღარ რჩება. დღეის მდგომარეობით, უკრაინის ტერიტორიის 20% არის უკვე ოკუპირებული და განადგურებული არის მთელი ქალაქები და ათასობით ადამიანი არის დაღუპული. 20 მილიონი ადამიანის მიგრაცია მოხდა. ამბობენ, რომ 10 მილიონმა დატოვა უკრაინის ტერიტორია და მეორე 10 მილიონი ქვეყნის შიგნით არის იძულებით გადაადგილებული. 20 მილიონი, თქვენ გესმით რამხელა კატასტროფაზე გვაქვს საუბარი?! ამის თაობაზე დაორგანიზებულია მთელი საერთაშორისო კამპანია, სანქციების თემაზე. ჩვენი ხელისუფლება გამოვიდა თავიდანვე ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს აი, ეს მოცემულობა. ჩვენ ჩვენი პრობლემები გვაქვს ჯერ მოსაგვარებელი, 20% არის ოკუპირებული, ჩვენ ამაზე ვფიქრობთ ჯერ. არ მომერიდება ამის თქმა, დიახაც, ასეა! ჯერ თუ ვინმეზე უნდა ვიფიქროთ, ჯერ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე. ჩვენ ქვეყანაზე, საქართველოს გამთლიანებაზე, ჩვენს ხალხზე უნდა უნდა ვიფიქროთ ჯერ, მეგობრებო. მე ასე მჯერა. ყველა ნორმალური, პატრიოტი ადამიანი ასე უნდა ფიქრობდეს - ჯერ ქვეყანას რა უნდა გაუკეთოს. მერე დავეხმაროთ სხვებს, რა თქმა უნდა. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, უკრაინას, ძალიან გული მტკივა და საშინელება ხდება და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა, ჩემი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ამ ომის მალე დასრულება მინდა ვუსურვო და ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოპოზიცია და სხვებიც ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ დაუწესონ რუსეთს ეკონომიკური სანქციები და შეწყვიტონ მასთან ვაჭრობა.
„ახლა ჩვენი ოპოზიცია და სხვებიც გვეუბნებიან, რომ დააწესეთ სანქციები, რუსეთს დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები, შეწყვიტეთ ვაჭრობა, ფრენები რატომ აღადგინეს, ჩვენ არ აღგვიდგენია, შეწყვეტილი იყო მანამდე სხვათა შორის ოპოზიციის გამოისობით, უვიზო რეჟიმი რატომ შემოიღეს. ეს ეკონომიკური აღმავლობა რაც გვაქვს და ეკონომიკური განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა, ამაზე ჩვენ უნდა ვთქვათ უარი და გადავყაროთ ყველაფერი, და ამდენი ათასობით სამუშაო ადგილი, რომ იქმნება და ხალხმა, რომ ამოისუნთქა და დოვლათი იქმნება ქვეყანაში, ამაზე უნდა ვთქვათ უარი და უკრაინის ომის გამო უნდა შევუერთდეთ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. ვინ დააწესა სანქციები ჩვენი ომის გამო? ვინმემ დააწესა სანქციები, მეგობრებო? თქვენ გახსოვთ რამე ან წინა ხელისუფლებიდან ვინმე გამოვიდა და თქვა, რომ არ გვინდა ვაჭრობა რუსეთთან, პირიქით, ახლა გავყვეთ ქრონოლოგიურად შევახსენოთ ამ მავნებლებს რა გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, რამხელა ღალატი ჩაიდინეს, გარდა იმისა, რომ ტერიტორიები ჩააბარეს, 20%, კოდორის ხეობა, ასზე მეტი სოფელი, ამდენი ჯარისკაცები, ბიჭები, წაიყვანეს ჩახოცეს, ჩაახოცინეს და არც კი გამოიყვანეს, რომ არა პატრიარქის და მეუფეების დამსახურება, ჩვენი სამხედროების ცხედრებიც კი არ გამოიყვანეს და მიწაზე გართხმული ვნახეთ ჩვენ მაშინდელი მთავარსარდალი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.