ფრონტის ხაზიდან დეზერტირებული 39 "კალაშნიკოვიანი" რუსი პატიმარი როსტოვს შეესია... - კვირის პალიტრა

ფრონტის ხაზიდან დეზერტირებული 39 "კალაშნიკოვიანი" რუსი პატიმარი როსტოვს შეესია...

როდესაც ფრონტის ხაზზე ჭირს, მეომარი ქვეყნები ყველა რესურს ეძებენ მებრძოლების რიცხვის გასაზრდელად და არც პატიმრების ციხიდან გამოყვანასა და წინა ხაზზე, ფრონტის ყველა რთულ მონაკვეთზე გადასროლაზე ამბობენ უარს...

ეს გზა სტალინმაც გაიარა, როდესაც ვერმახტი მოსკოვთან მიადგა, არც ჩვენ გვითქვია პატიმრების ბრძოლაზე უარი აფხაზეთის ომში და უკრაინელებიც აძლევენ საშუალებას თავის პატიმრებს დანაშაული წინა ხაზზე ბრძოლით გამოისყიდონ...

მაგრამ, რაც ხდება დღეს რუსეთში, ეს ყოველგვარ რეკორდს ხსნის, რადგან უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი რუსი ოკუპანტების რიგებში ციხეებიდან გამოყვანილი პატიმრების რიცხვმა ათასებს კი არა, ათი ათასებს გადააჭარბა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა პრიგოჟინმა (რომელსაც სხვათა შორის ორი „სროკი“ აქვს მოხდილი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში) არ დამალა, რომ მისი „ვაგნერის“ რიგები არანაკლებ 50 ათასი (!) ყოფილი მსჯავრდადებულით გააძლიერა, რომელთაგან 10 ათასამდე ბახმუტისთვის რამდენიმეთვიან ბრძოლებში დაეღუპა.

პრიგოჟინისთვის (რომლის „ვაგნერი“ რუსეთის ფედერაციის არსებული კანონების თანახმად არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირებაა და წესით იმავე კანონით უნდა იდევნებოდეს) ციხეების კარები ფართოდ შემთხვევით არ გაუღიათ და ეს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ბრძანების გარეშე არ მოხდებოდა.

სხვათა შორის, ესეც იყო მიზეზი პრიგოჟინსა და შოიგუს შორის პირადი დაპირისპირების გაღვივებისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მიაღწია იმას, რომ პრიგოჟინისთვის ასეთი „საზარბაზნე ხორცის“ მიწოდება შეეწყვიტათ-პრიგოჟინის „ვაგნერი“ პატიმრების ახალ-ახალი ნაკადების გარეშე დარჩა და ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ ბახმუტის ბოლოს და ბოლოს დაპყრობის შემდეგ, ქანცგაწყვეტილი და უზარმაზარი დანაკარგის მქონე „ვაგნერი“ იქაურობას ტოვებს, ზურგში გადის ძალების აღსადგენად.

პრიგოჟინის, როგორც კონკურენტის ჩამოცილების პარალელურად, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ და გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა თავად დაიწყეს ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გუშინდელი პატიმრებით დაკომპლექტებული დანაყოფების გადასროლა, რომელთა შორის არის Шторм Z -იც.

ეს მოირიშე რაზმი სპეციალურად შეიქმნა უკრაინელების ყველაზე გამაგრებული თავდაცვის ზღუდეების გასარღვევად და მასში გაერთიანებული არიან რუსეთის ციხეებიდან მოგროვებული ის პატიმრები,რომლებმაც გამოთქვეს სურვილი 18 თვე იმსახურონ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში,რის შემდეგაც მათი პატიმრობის დარჩენილი ვადა გაუქმდება.

მაგრამ, როდესაც გუშინდელმა პატიმრებმა, მათ შორის რეციდივისტებმა, იციან, რომ მათი ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ ფრონტის ყველაზე სასიკვდილო უბანზე გადაისვრიან, თანაც მინიმალური სამხედრო მომზადების შემდეგ, ისინიც აწყობენ გეგმებს ციხიდან თავის დაღწევის შემდეგ ფრონტის ხაზიდანაც გამოიქცნენ სრულ „სვაბოდაზე“...

რუსეთ-უკრაინის ომში უკვე არაერთი ფაქტი მოხდა, როდესაც იარაღიანი ყოფილი პატიმრები მარტო ან ჯგუფურად გამორბიან და თავის შეფარებას უკრაინის მოსაზღვრე რუსულ ქალაქებსა და სოფლებში ცდილობენ,თანაც არც მძიმე დანაშაულების ჩადენაზე ამბობენ უარს,მითუმეტეს,რომ მხარზე „კალაშნიკოვი“ ჰკიდიათ...

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა მართალია მალავს ყოფილი პატიმრების დეზერტირობის ფაქტებს ფრონტის ხაზიდან,მაგრამ ეს ბოლო შემთხვევა ვერ დაიმალებოდა,რადგან დიდი საფრთხის წინაშე რუსეთის როსტოვის მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ...

ჯერ კიდევ 24 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში არსებული Шторм Z -ის 39 შეიარაღებული მებრძოლი-ყოფილი პატიმარი,თვითნებურად მოიხსნა ლუგანსკის ოლქის ლისიჩანსკის ფრონტის ხაზის მონაკვეთიდან,გადაკვეთა საზღვარი და რუსეთის როსტოვის ოლქში აღმოჩნდა,თუმცა მანამდე მოასწრო ლუგანსკელი სეპარატისტი-ოფიცრის დახვრეტა, რომელიც მათ დეზერტირობაში ხელის შეშლას შეეცადა.

ამჟამად მთელ როსტოვის ოლქში რუსი პოლიციელები და სპეცსამსახურის თანამშრომლები გაფაციცებით ეძებენ ამ 39 „კალაშნიკოვიან“ პატიმარ-დეზერტირს, რაც ძალზე გაუჭირდებათ, რადგან მათ ალბათ უკვე სამოქალაქო ტანსაცმელი ჩაიცვეს,ავტომატები გადამალეს და საჭირო მომენტს ელოდებიან მორიგ „საქმეზე“ გასასვლელად, რომელშიც „კალაშნიკოვი“ მათი ახალი და ბევრისმთქმელი „მეგობარი“ გახდება...

ათასობით,შეიძლება ათი ათასობით ყოფილი პატიმარი, რომელთა დიდმა ნაწილმა რუსეთის ციხეებში სავარაუდოდ დიდი დამცირება გაიარა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან, ალბათ უარს არ იტყვის იმ სანატრელ მომენტზე, როდესაც უკვე თავად შეეძლებათ შური იძიონ თანამოქალაქე მეციხოვნეებსა და პოლიციელებზე,თანაც ავტომატებით ხელში,რაც საერთო ჯამში რუსეთის ფედერაციის დასუსტებას დააჩქარებს...