"საქართველოში ემიგრანტები არავის ვჭირდებით, არავის უნდა ჩვენი დაბრუნება..." - რას ჰყვება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი?
დიანა ჭანკოტაძე ქართველი ჟურნალისტია, რომელიც უკვე 16 წელია, ოჯახთან ერთად, საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს. ვერსალის უნივერსიტეტში სამეცნიერო საქმიანობაშია ჩართული და პერიოდულად, ლექციებსაც კითხულობს. ამავდროულად, საქართველოს უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებს მულტიმედია ჟურნალისტიკას ასწავლის და სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს. თავადაც სტუდენტია, ადრეული განვითარების სპეციალობას ეუფლება და სკოლებში მუშაობას აპირებს. საფრანგეთში ცხოვრებაზე, ქვეყნებს შორის მნიშვნელოვან განსხვავებებსა და საკუთარი საქმიანობის შესახებ გვიყვება:
- 3 შვილი მყავს. კორონავირუსის პერიოდში, როდესაც სკოლები დაიკეტა, ბავშვებს ცვლილების მიღება ძალიან გაუჭირდათ. მაქსიმალურად ვეცადე, ჩემი შვილები ტელევიზორსა და ციფრულ მოწყობილობებს არ მიჯაჭვულიყვნენ და მათ "საშინაო" სკოლის ვერსია შევთავაზე. მე და ჩემმა მეუღლემ ერთი ოთახი სკოლად გადავაკეთეთ, შესაბამისად მოვაწყვეთ, მე მასწავლებელი ვიყავი და ბავშვები - მოსწავლეები. დილით, ჩვეულებრივ, დგებოდნენ და ემზადებოდნენ ისე, როგორც სკოლისთვის. ჩემს მეუღლეს სახლიდან გაჰყავდა და რამდენიმე წუთში ჩვენ მიერ მოწყობილ სკოლაში შემოჰყავდა. ასე ვთამაშობდით, ვსწავლობდით და თან დროც საინტერესოდ გაგვყავდა. როგორც გითხარით, ბავშვებს გაკვეთილს თავად ვუტარებდი და მაშინ ეს პროცესი ძალიან მომეწონა. ბავშვი ყველა ქვეყნის მომავალია და სახელმწიფო, განათლების სისტემა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებას ხელი შეუწყოს. ამიტომ, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუ თავადაც ბავშვების სამსახურში ჩავდგებოდი და ადრეული განვითარების სპეციალისტი გავხდებოდი. საკმაოდ რთული და ამავდროულად, საინტერესო გზა გავიარე და იმედი მაქვს, რომ შემდეგ წელს შესაბამისი დიპლომიც მექნება.ახლა ერთ-ერთ ინტეგრირებულ სკოლაში სტაჟირებას გავდივარ და ჩემთვის, ეს პროცესი ძალიან საინტერესოა.
- მოგვიყევით საფრანგეთში ცხოვრებაზე - რა სირთულეებს ხედავთ და რა მიმართულებით ფიქრობთ, რომ პროგრესია?
- ფრანგები ქართველებს ბევრ რამეში ჰგვანან. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენ ევროპულ კულტურასა და ცივილიზაციას ვეკუთვნით, თუმცა წინ განვითარების კიდევ დიდი გზაა. აქაც ცნობისმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ, ოჯახის ტრადიციაც ისეთივე აქვთ, როგორც ჩვენ - ბებია-ბაბუები შვილიშვილებს ზრდიან, სკოლაშიც დაატარებენ და არდადეგებზეც მიჰყავთ. ოჯახები ერთმანეთს მაქსიმალურად ეხმარებიან და ამავე დროს, ცდილობენ, ზედმეტად არავინ შეაწუხონ. თავისუფალი ადამიანები არიან, რომლებთანაც შემიძლია, ყველაფერზე ვისაუბრო. არ შემეშინდეს, რომ ზურგს უკან ჩემზე ილაპარაკებენ, განმსჯიან და სხვებსაც გაუზიარებენ. ძალიან ხშირად, როდესაც საქართველოში ევროპელების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, მათი უმეტესობა გადაჭარბებული, რეალობას აცდენილი და განზრახ დამახინჯებულია. აქ ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებმაც ზუსტად იციან როგორც საკუთარი, ასევე სხვისი დროის ფასი.
- სახელმწიფო სერვისების თვალსაზრისით, რა ტიპის ხელშეწყობას გრძნობენ მშობლები ჯანდაცვის, სოციალური საკითხების მიმართულებით?
- საფრანგეთი, გარკვეულწილად, ბიუროკრატიული ქვეყანაა, სადაც დადგენილ წესებსა და პროცედურებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და ზედმიწევნით ასრულებენ. მაგალითად, პასპორტის ასაღებად სამჯერ მივედით. პირველ ჯერზე, ფოტო არ მოეწონათ და შეცვლა გვთხოვეს, შემდეგ სხვადასხვა დოკუმენტი წარგვადგენინეს. თუმცა, სახელმწიფო ადამიანებს მაქსიმალურად ეხმარება და მათ ქვეყნის მთავარ ღირებულებად თვლის. ქუჩაში მცხოვრები მოქალაქეებსაც კი ყოველთვიური დახმარება აქვთ, რომელიც, დაახლოებით, 500 ევროს შეადგენს. არსებობს სოციალური საცხოვრებლები, სადაც ისინი უფასოდ ცხოვრობენ. ამ ქვეყანაში არც ერთი ადამიანი დახმარების გარეშე არ რჩება. თუმცა ზოგიერთი მოქალაქისათვის ქუჩაში ყოფნა მათი ცხოვრების სტილია. არსებობს დახმარების ცენტრები, უამრავი ასოციაცია, რომლებიც ხელს უწყობს და როგორც სოციალური, ასევე სხვა ტიპის პრობლემების დაძლევაში ეხმარება. 3 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, განურჩევლად სოციალური სტატუსისა, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვიურად ფულად დახმარებას იღებს. ქალებს კი მშობიარობის პრემია ერიცხებათ,რაც 1000 ევროზე მეტია. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, პერიოდულად, ბავშვისთვის აუცილებელ ჰიგიენის ნივთებს, საკვებს გადასცემენ. უამრავი სოციალური პაკეტია გათვალისწინებული, მარტოხელა დედები საკმაოდ დიდ დახმარებას იღებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის კი სახელმწიფო ბინის გადასახადის მნიშნელოვან ნაწილს აფინანსებს, ბავშვებს სკოლაში უფასოდ კვებავენ. ყველა უბანში პედიატრიული პაციენტებისათვის ე.წ. ამბულატორიული კლინიკებია გახსნილი, სადაც ყველა სერვისი, გამოკვლევა, გასინჯვა უფასოა. თუ ოჯახი არ მიდის, მაშინ ექთნები თავად მიდიან მათთან, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და განვითარებას ამოწმებენ. რეცეპტით გამოწერილი წამლები მათთვის უფასოა. ახალგაზრდები ძალიან ბევრი სტიპენდიით, სასწავლო დაფინანსებით სარგებლობენ. სახელმწიფო ცდილობს, მოქალაქეები დასაქმების მიღმა არ დატოვოს. სთავაზობს გადამზადების პროგრამებს, პროფესიულ ცენტრებს, სასწავლებლებს. არ არის სავალდებულო, ყველა იურისტი და ექიმი გამოვიდეს. ის ბავშვები, რომლებიც დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, მე-9 კლასიდან უკვე პროფესიულ სწავლებას გადიან და ეუფლებიან იმას, რაც აინტერესებთ. ეს სფერო ძალიან კარგადაა მოწესრიგებული, ამიტომაცაა, რომ ყველა მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრებია. ჩვენთან, სამწუხაროდ, თუკი მოსწავლე გამოცდაზე ძალიან მცირე ბარიერის გადალახვას მოახერხებს, უნივერსიტეტში ხვდება. მათ დიდ ნაწილს კი საკუთარი არჩევანი გაცნობიერებული არ აქვს. საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი იყოს ჯანმრთელი, თავისუფალი და ჰქონდეს განვითარების პერსპექტივა. რა თქმა უნდა, არის გარკვეული პრობლემები, კიდევ მეტია სამუშაო და ამიტომაცაა, რომ ადამიანები მთელი რიგი საკითხების, რეფორმების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოდიან. იხილეთ სრულად